შოუბიზნესი

გიორგი წერეთელი: სამი წელი მე და ჩემი ცოლი რესტორანში, პატარა ოთახში ვცხოვრობდით

№40

ავტორი: ნონა დათეშიძე 14:37

გიორგი წერეთელი
დაკოპირებულია

გიორგი წერეთლის ცხოვრება არ ყოფილა მარტივად გასავლელი, თუმცა, ღმერთის წყალობითა და საკუთარი შრომით მიაღწია წარმატებას. უკვე 13 წელია, გიორგი რესტორან „სამი საუკუნის“ მასპინძელია და იქ მისულ საზოგადოებას, გემრიელ საკვებთან და სასმელთან ერთად, ისეთი სიმღერებით ატკბობს, რომელიც დღემდე პოპულარულია.

გიორგი წერეთელი: დამოუკიდებელი ცხოვრება საკმაოდ ადრეული ასაკიდან დავიწყე. 14 წლიდან ვმუშაობდი, ვეხმარებოდი დედას ბიზნესში. სკოლა ექსტერნად დავამთავრე, წითელ ატესტატზე. ფრიადოსანი ვიყავი და ფაქტობრივად, 16 წლის ბიჭი ოჯახს ვინახავდი. ჩემი პირველი სამსახური იყო ტელევიზია, სადაც ტექნიკური ოპერატორი ვიყავი და იმავდროულად, კულტურის სახლის ანსამბლში, სოლო გიტარაზე ვუკრავდი, ანსამბლის მუსიკალური ხელმძღვანელი გახლდით. ტექნიკურად განვითარებული ბავშვი ვიყავი, კომპიუტერული ტექნიკა კარგად ავითვისე და „თრიალეთის“ გადამცემი ანძა, პრაქტიკურად, ჩემი აწყობილია. 16-17 წლის ასაკში, ამ პატარა ბიჭს უკვე იმხელა შემოსავალი მქონდა, ოჯახს დიდი კაცივით ვინახავდი. რადგან მამა ცოცხალი არ იყო, სულ ვამბობდი: დედას არაფერი უნდა მოვაკლო-მეთქი. და, მართლაც, ყველაფერი ჰქონდა. ჩვენს ოჯახში სულ სუფრები იშლებოდა, დედა პოლონელია, კარგი დიასახლისი იყო, კარგ საჭმელებს ამზადებდა და რესტორატორი რომ გავხდი, ალბათ, მისი დამსახურებაა. ნახევარ საათში ისეთ ოცკაციან სუფრას გაშლიდა, მიკვირდა, როგორ ასწრებს-მეთქი. ჩემს მეგობრებს ძალიან უყვარდათ ჩვენს სახლში მოსვლა და ქეიფი.

–სამწუხაროდ, მამა ადრეულ ასაკში გარდაგეცვალა. დედა მეორედ გათხოვდა და ძმასთან ერთად, დედაქალაქიდან ქარელში მოგიწია საცხოვრებლად გადასვლა. თუმცა, მამინაცვალიც გარდაიცვალა. როგორი დამოკიდებულება გქონდა მამინაცვალთან?

– ექვსი წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. ინფარქტი დაემართა და ჩემ თვალწინ დაიღუპა. ვერც მივხვდი, რა მოუვიდა, ვერ ვაცნობიერებდი, რომ გარდაიცვალა. არ ვიცოდი, სიკვდილი რა იყო. იმ მომენტში რა განცდა მქონდა, არ ვიცი, უფრო დანაკლისი და მონატრება იყო. უფრო მეტად განვიცადე მისი დანაკლისი, როცა 16 წლის ასაკში სცენაზე პირველად გამოვედი და მამა არ ესწრებოდა. დედა სულ ჩემ გვერდით იყო, ჩემს წარმატებაზე სიხარულის ცრემლი სდიოდა, მგულშემატკივრობდა, მაგრამ მამის ოვაცია სულ მაკლდა. უფრო მამის ბიჭი ვიყავი და სულ ვფიქრობდი: ნეტა, ახლა მამა მხედავდეს-მეთქი. დღეს მამა ასაკოვანი იქნებოდა და სულ მეფიქრება მასზე. მინდოდა მოხუცებული მენახა, მომევლო და არაფერი მომეკლო. დედას არაფერს ვაკლებდი და ვაკლებ და ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს. დედა მამის გარდაცვალებიდან წელიწად-ნახევარში გათხოვდა და ყოველთვის ვუწონებ ამ გადაწყვეტილებას. არაჩვეულებრივი მამინაცვალი მყავდა, მე და ჩემი ძმა საკუთარი შვილებივით გაგვზარდა. დედა საბურთალოზე გაიზარდა და გადასარევად შეეგუა ქარელში ცხოვრებას, არც მე და ჩემს ძმას გაგვჭირვებია იქ გაზრდა. დედას ბიზნესი ჰქონდა, გახსნა ფერმა და ფინანსურად არ გვიჭირდა. ზაფხულობით მე და ჩემი ძმა თბილისში ჩამოვდიოდით. სამწუხაროდ, 18 წლის რომ ვხდებოდი, მამინაცვალი სიმსივნით გარდაიცვალა. ძალიან განვიცადე მისი გარდაცვალება.

– პატარა ასაკიდან შრომა, მამის გარდაცვალება, შემდეგ – მამინაცვლის, იმ პერიოდში, როცა ცხოვრებას იწყებდი, არ იყო ადვილი.. როგორ ფიქრობ, მიუხედავად ამდენი სტრესისა და განცდისა, რამდენად ძლიერი ადამიანი გამოდექი?

– ცხოვრება კიბეა და ამ კიბეზე ღირსეულად უნდა ეცადო ასვლას. ჩემს ცხოვრებაში წარმატებაც ყოფილა, ტკივილიც, განცდაც, დაღმასვლაც და აღმასვლაც, მაგრამ ვფიქრობ, ძლიერი გამოვდექი. არაფერი მაშინებს, სულ პოზიტიურ განწყობაზე ვარ. პანდემიის პერიოდმა კი უფრო კარგად დამანახვა საკუთრი თავის შესაძლებლობები. იმ სამი წლის პერიოდში, გარდა ოჯახისა, ამხელა ბიზნესის შენარჩუნება, შენახვა და თანამშრომლებზე ხელფასების გაცემა, ადვილი არ იყო. უკრაინაში წავედი, იქ ვმუშაობდი რესტორნებში, ღამის კლუბებში და იქიდან ვაგზავნიდი ფულს, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასები მიმეცა. ლოკდაუნის პერიოდში ყველა ჩემი ბინზესი დახურული იყო, არავის ერესტორნებოდა და მითუმეტეს, ემღერებოდა. სახლის გაყიდვაც კი მომიწია, რომ ბიზნესი შემენარჩუნებინა. თამილა გვერდით დამიდგა და სამი წელი, მე და ჩემი ცოლი რესტორანში, პატარა ოთახში ვცხოვრობდით. მერე, შევიძინეთ საკუთარი ბინა, ჩვენი გემოვნებით მოვაწყვეთ და დღეს იქ ბედნიერად ვცხოვრობთ. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში წარმატება ადვილად არ მოდის. სხვა ადამიანს თუ ცოტა მარტივად გამოსდის რაღაც, მე თუ თავდაუზოგავად არ ვიშრომე და თუ ნებისმიერ საქმეში თავიდან ბოლომდე არ დავიხარჯე, ისე არაფერი გამომივა. გვერდიდან ყურება მარტივია და ალბათ, ბევრს ჰგონია, რაც მაქვს, მარტივად მოვიპოვე. ასე არ არის, ამისთვის კოლოსალური შრომა დამჭირდა და დღესაც მჭირდება. თუ სხვა მომღერალი სცენაზე ორი-სამი საათი დგას, მე ზოგჯერ, დახურულ ღონისძიებაზე 6 საათზე რომ ვდგები სცენაზე, დილის 6 საათამდე მიმყავს. რა თქმა უნდა, სხვებთან შედარებით, ანაზღაურებაც სხვანაირი მაქვს, მაგრამ შრომაც სხვანაირი მიწევს, მთელს ჩემს ენერგიას, გულსა და სულს ვდებ. დილის 6 საათზე ვდგები, რომ მზარეულთან ერთად, რესტორნისთვის ახალი ხორცი შევიძინო, დავაფასოვო, დავახარისხო, საღამოს კი სცენაზე ავიდე, დავიჭირო მიკროფონი და გვიანობამდე ვიმღერო. მე, არ შემიძლია, ფეხი ფეხზე გადადებული, კაბინეტში ვიჯდე, რადგან ასე არასოდეს არაფერი გამომდიოდა და არც გამომივა.

– როგორ ფიქრობ, ცხოვრებაში ყველაზე მეტად რაში გაგიმართლა?

– დიდი სამეგობრო წრე მყავს, წლებია, ერთად მოვდივართ, ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე სწორედ ესაა, მათში გამიმართლა. გამიმართლა ოჯახში, ვის გვერდითაც დღეს ვარ, ისეთ მეორე ნახევარს ყველას ვუსურვებ. რამდენიმე ოჯახი დამენგრა და ალბათ, იმ პერიოდში ვერ ვიპოვე ის ადამიანი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ჩემ გვერდით იქნებოდა. თამილა და მე 6 წელია, ერთად ვართ და არაჩვეულებრივი, ჯანსაღი და ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრება გვაქვს. გადასარევი დისახლისი და მეუღლეა, ყველა ჩემს პრობლემას იზიარებს და გვერდით მიდგას. დღე და ღამე ფუსფუსებს და თავს დამტრიალებს. სასწაული მშობლები ჰყავს. მე და მამამისი გადაბმული მეგობრები ვართ და ხასიათებითაც ვგავართ.

– სულ კარგ განწყობაზე ხარ, სცენაზე დგახარ და ირგვლივ მთელს შენს ენერგიას და პოზიტივს ასხივებ. თუმცა, ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ადამიანს არ ემღერება და არც ხალისი აქვს. ასეთი მომენტი და განცდა ყოფილა?

– როგორ არა. ერთ-ერთი რთული მომენტი მართლაც მქონდა ცხოვრებაში და ეს ჩემს ახლო მეგობარს, ნუკრი კუხიანიძეს უკავშირდება. მომღერალი იყო, ჩემი კოლეგა, წლები ერთად ვიდექით სცენაზე და ძმებივით ვიყავით. უეცრად გარდაიცვალა. არადა, წინა დღეს ვისაუბრეთ, გეგმები დავსახეთ. რთულად გადავიტანე ნუკრის სიკვდილი. ახალ სიმღერას რომ ვწერდი, პირველი მას ვენდობოდი შეფასებაში და მას ვაჩვენებდი. „პეპელა“ რომ დავწერე და მოვასმენინე, მითხრა: გიორგი, მოდი, „იფრინე და ინარნარე“, „იკეკლუცე ინარნარეთი“ შეცვალეო. რა თქმა უნდა, შევცვალე და დღემდე ასე ვმღერი. მოკლედ, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის მისი გარდაცვალების ამბის გაგება, არადა კონცერტი მქონდა დანიშნული. სცენაზე, თან, ცრემლი მომდიოდა და თან, ვმღეროდი. მემღერება თუ არ მემღერება, როცა სცენაზე ვდგავარ, ვალდებული ვარ, მსმენელს პოზიტივი გადავცე. არასოდეს მიმღერია იმისთვის, რომ გამოვჩენილიყავი და მეჩვენებინა, რა კარგად ვმღერი-მეთქი. მთელი ცხოვრება მსმენელისთვის ვმღერი და ვიმღერებ და დავიხარჯები მანამ, სანამ დავინახავ, რომ ხალხს ჩემი სიმღერა სიამოვნებს. ბევრჯერ, 39 გრადუსი სიცხე მქონია და მიმღერია, ვერავის გაუგია, რომ ავად ვიყავი.

– რომ არა მომღერალი, როგორ გგონია, ვინ იქნებოდი, კიდევ რა ნიჭი გაქვს?

– რომ არა მომღერალი, მზარეული ვინქბოდი. ეს საქმე კარგად გამომდის. დედას უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი, მე კი ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი და არ მქონდა გადაწყვეტილი, რა კუთხით წავიდოდი სამომავლოდ. თავისუფალ ჭიდაობაზეც დავდიოდი, მონაცემები მქონდა და კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ სპორტის ამ სახეობაში, მაგრამ მე არ მიყვარდა. სპორტი არასდროს იყო ჩემი. 12-13 წლის ასაკიდან დავიწყე დაკვრა, ჯერ გიტარა, შემდეგ – დასარტყამი ინსტრუმენტი, შემდეგ – ფორტეპიანო. ამ მხრივ, მამის ნიჭი დამყვა. ისიც კარგად უკრავდა, მღეროდა, ნიჭიერი კაცი იყო. მამის მხრიდან იმერელი ვარ და ამ კუთხის ადამიანებისთვის დამახასიათებელი სითბო და სტუმართმოყვარეობაც დიდი დოზით გამომყვა.

– ბევრმა არ იცის, რომ სამსახიობო ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული. რატომ არ წახვედი ამ კუთხით?

– კი მაქვს მსახიობის დიპლომი, მაგრამ ამ კუთხით, რატომღაც, არ წავედი. იმ პერიოდში ოჯახს დახმარება სჭირდებოდა, მქონდა მიზანი, ფული მეკეთებინა. უცხოეთში წასვლა და მუშაობა მომიწია. მაშინ, დაუსწრებელზე ვსწავლობდი. სწორედ იმ პერიოდში გადავდგი ბიზნესში პირველი ნაბიჯები და აქედან გამომდინარე, ვერ შევძელი სამსახიობო კუთხით კარიერის გაკეთება. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, გამიჩნდა სურვილი და ვამბობდი: კინოში სიამოვნებით ვითამაშებდი როლს და ალბათ, გამომივიდოდა-მეთქი. ზოგადად, ბიზნესი სულ იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან მხოლოდ მომღერლის შემოსავლით არ ვიყავი კმაყოფილი. მჭირდებოდა უფრო მეტი. საღამოს რესტორანში ვმღეროდი, დღისით კი ბიზნესის კუთხით მიწევდა მუშაობა.

– ვიცი, არაერთი შემოთავაზება გქონდა უცხოეთიდან, საკმაოდ სოლიდური და სტაბილური შემოსავლით, თუმცა უარი თქვი. რატომ?

– უზომოდ მიყვარს საქართველო და გამოუსწორებელი პატრიოტი ვარ. ამიტომ, მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში მქონდეს ის ბიზნესი და შემოსავალი, რაც მაქვს. მართალია, უცხოეთიდან მქონდა საკმაოდ კარგი შემოთავაზებები და დღემდე მაქვს, რესტორნის სფეროში თუ სასიმღერო კარიერის კუთხით, მაგრამ მე საქართელოს გარეშე არ შემიძლია. ვერც წარმომიდგენია სხვაგან ცხოვრება, მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში ვიშრომო და დავიხარჯო. ზოგადად, იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან ბევრ რამეში გამიმართლა და ღმერთი ყოველთვის მეხმარება. მთავარია, ადამიანმა სწორად იცხოვრო და გააზრებული ნაბიჯები გადადგა. სულ მალე 50 წლის ვხდები, ნახევარი საუკუნე განვვლე და ახლა უფრო მეტად ვარ წინსვლის ეტაპზე. ვერ ვგრძნობ, რომ ასაკში შევდივარ, წლებს ვერ აღვიქვამ, თავი ისევ პატარა ბიჭი მგონია (იცინის). არასდროს მიცხოვრია წარსულზე დამოკიდებულებით, ის იყო ისეთი, როგორიც იყო და როგორიც მეკუთვნოდა. ჩემს ცხოვრებაში რაღაც რომ ხდება, კარგი თუ ცუდი, ალბათ, ასე არის საჭირო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა