შოუბიზნესი

გიორგი სუხიტაშვილი: არავის პოლიტიკური კუთვნილება არ ვარ, მაგრამ ძალიან ბევრ პრობლემას წავაწყდი

№22

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 20.01, 2021 წელი

გიორგი სუხიტაშვილი
დაკოპირებულია

გიორგი სუხიტაშვილი ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის, ვინც პანდემიის გამო მთავარი შემოსავლის წყარო დაკარგა და დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ვირუსთან გამკლავება მოუხდა მისი ოჯახის წევრსაც, რის გამოც უამრავ პრობლემას შეეჯახა, რაც სამწუხაროდ, ძალიან ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა.

გიორგი სუხიტაშვილი: თუ ვინმეს დეტალურად აინტერესებს ამ სიტუაციას როგორ გავუმკლავდით, შეუძლია, სოციალურ ქსელში დამიკავშირდეს და ყველანაირად დავეხმარები. მე არ ვარ ექიმი, მაგრამ საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა და შემიძლია, სხვებსაც გავუზიარო. ფაქტია, რომ სისტემა ძალიან გადატვირთულია და ბევრ რამეს ვეღარ უმკლავდება. ვიცოდი, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამხელა დატვირთვას ვერ გაუძლებდა, მაგრამ სანამ ეს პრობლემა პირადად ჩემს ოჯახს არ შეეხო, მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი კრიზისი იქნებოდა.

სამწუხაროდ, არსებული პრობლემების შესახებ მწვავე განცხადებას თუ გააკეთებ, ჩვენთან ამას აუცილებლად პოლიტიკურ ქვეტექსტს მოუძებნიან და ვიღაცისტობას მოგაწერენ. მგონი, ამის მიზანი ისაა, რომ საერთოდ აღარ ამოვიღოთ ხმა. მე არავის პოლიტიკური კუთვნილება არ ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ბევრ პრობლემას წავაწყდი – იქნება ეს არაკვალიფიციურობა თუ უპასუხისმგებლობა და საბოლოოდ, საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე მეგობარი ექიმების რეკომენდაციებით გავედით ფონს. დედა რთულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მათი დახმარებით კოვიდი დაამარცხა.

მე და ჩემს ოჯახს გვყავს ისეთი სამეგობრო, რომელსაც კვალიფიციური ექიმის რჩევაზე მიუწვდება ხელი. უმრავლესობას არ აქვს ეს შესაძლებლობა და მათი მდგომარეობა ორმაგად რთულია. რა ქნან ამ ადამიანებმა?! ისე დაასრულა დედაჩემმა მკურნალობა, ვერ გავიგეთ, ვინ იყო მისი მკურნალი ექიმი. მაშინ, როცა ხუთი დღე ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, ყველანაირად ვცდილობდი, მეპოვა ეს ადამიანი ისე, როგორც წესი და რიგია. მაგრამ ყველა მპასუხობდა, lრომ ეს საკითხი მათ არ ეხებოდათ და იმავე პრობლემის წინაშე უამრავი ადამიანი დგას.

– დედა კლინიკაში არ გადაგიყვანიათ?

– მოვერიდე მის კლინიკაში გადაყვანას. დედას საკმაოდ რთული ანამნეზი აქვს. ამ ვითარებაში, შეიძლება, მისი თანმდევი დაავადებებისთვის ვერ მიექციათ ყურადღება. არადა, ამ დროს, დედას გადატანილი აქვს გულის ოპერაცია, ზურგის ტვინის იშემიური ინსულტი, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. შესაბამისად, ორგანოები არ აქვს მწყობრში და არც ყველა მედიკამენტის გადამუშავება შეუძლია მის ორგანიზმს. რომ გავაცნობიერე, როგორ ქაოსში მუშაობენ ექიმები, მივხვდი, რომ კლინიკაში გადაყვანით შეიძლებოდა, დედა საფრთხეში ჩამეგდო. შესაძლოა ამ ქაოსში მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამორჩენოდათ, რამე შეშლოდათ ან პროტოკოლით ისეთი მედიკამენტი მიეცათ, რომელიც მისთვის საზიანო იქნებოდა. ყველანაირი ანამნეზის მქონე პაციენტის ერთსა და იმავე პროტოკოლით მკურნალობა იმ მიზეზით, რომ მას კოვიდი აქვს, გაუმართლებელი მგონია. მე არ ვარ პროფესიონალი ექიმი, მაგრამ იმის გამო, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე, ლოგიკურად ვხვდები, რომ ამ ნაბიჯით დედა შეიძლებოდა, დიდი რისკის წინაშე დამეყენებინა. კიდევ კარგი, რომ სუნთქვის აპარატი არ დასჭირდა და მისი სახლში დატოვების საშუალება მოგვეცა. საბედნიეროდ, წარმატებით ჩავაბარე უდიდესი გამოცდა, რომელიც ცხოვრებამ მოგვიმზადა.

– ალბათ, მატერიალური პრობლემებიც შეგექმნა.

– მთელი ერთი წელია გაჩერებული ვარ, სამაგიეროდ, მაქვს ფინანსური ვალდებულებები და ბუნებრივია, პრობლემები შემექმნა. განსაკუთრებით ჩვენი სფერო აღმოჩნდა უიმედო მდგომარეობაში. არავინ იცის, როდის გაიხსნება საკონცერტო სივრცეები. ერთი და ორი კონცერტი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. შეიძლება, ვიღაცას ამის გამოც პროტესტი გაუჩნდეს და მითხრას, შენ რა გენაღვლება, შეიძლება, ერთ კონცერტში აიღო, პირობითად ათასი ლარი და ახლა უმუშევრად დარჩენილ ხალხს ორას და სამას ლარს აძლევენო. გულწრფელად მესმის მათი, მაგრამ იმედი მაქვს, სწორად გამიგებს მკითხველი. ყველა ადამიანს რაღაც მოცემულობა გვაქვს, რომელსაც ვერგებით. როდესაც ხუთასი ლარია შენი თვიური შემოსავალი, ისეთი საბანკო ვალდებულებები გაქვს აღებული და ყოველდღიური ხარჯები გადანაწილებული, რომ როგორღაც იმყოფინო ეს თანხა, მართლა მესმის ამ ადამიანების და მიკვირს, როგორ ახერხებენ ამას. მაგრამ როდესაც მე, პირობითად, ათასი თუ ორიათასი ლარი მქონდა შემოსავალი და ბანკიდან სესხი ამ თანხაზე დაყრდნობით ავიღე, მაგრამ უცებ უშემოსავლოდ დავრჩი, გულწრფელად ვამბობ, ორასი ლარით დამეხმარებიან თუ სამასით, ეს ვერაფერს შემიცვლის. იმხელა საბანკო ვალდებულება მაქვს, ეს ვერაფერში დამეხმარება. შეიძლება, ამ სიტყვებით ვინმე გავაღიზიანო, მაგრამ ეს რეალობაა. სამწუხაროდ, ჩვენი შემოსავალი უფრო მცირეა, ვიდრე გასავალი. ჩემი ახლანდელი შემოსავალი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საბანკო გასავალი. ბანკის გარდაც ხომ გვაქვს ყოველდღიური საჭიროებები?!

– როგორც ვიცი, პრობლემების მოსაგვარებლად მანქანის გაყიდვასაც აპირებდი.

– დღესაც დევს ჩემი მანქანა ინტერნეტში გასაყიდად, მაგრამ არ იყიდება. მარტო მე არა, ჩემი მეგობრებიც ყიდიან მანქანებს, მაგრამ მყიდველი არ ჩანს. ჯერჯერობით მე, ავად თუ კარგად, თავს ვართმევ ჩემს პასუხისმგებლობებს. მაგრამ ხომ არიან ადამიანები, ვისაც საერთოდ არ დარჩა შემოსავლის წყარო და არც გვერდით მდგომი ჰყავს ვინმე, რომ დაეხმაროს?! მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი არ გამოგვადგება. მარტო ერთი ადამიანის კარგად ყოფნა სისულელეა, კიდევ ვერ გავაცნობიერეთ ის, რომ თუ ყველას ნორმალური პირობები არ გვექნება, ისე ვერავინ ვიქნებით კარგად. საოცარი ამბავია, მართლა მაკვირვებს რითი არსებობენ ადამიანები?! ჩემ გარშემო ბევრია ისეთი, ვისაც სამსახური არ აქვს და შესაბამისად, არც შემოსავალი. დედას გეფიცებით, მართლა არ ვიცი, რას შვრებიან. მართლა ჯადოქრები ვართ. ყველას უნდა ვთხოვო, მოეშვით ყველაფერში პოლიტიკური სარჩულების ძებნას. ადამიანი რომ რამე პრობლემას აწყდება და ამის შესახებ ხმამაღლა ამბობს, ბოდიში და მართლა „ფეხებზე ჰკიდია“ ვინ ვისი მომხრეა. მხოლოდ ის მინდა, ისეთი საზოგადოება გავხდეთ, რომელსაც ეცოდინება, რას აპირებს ერთი თვის შემდეგ და რას აჭმევს შვილებს ხვალ.
ქეთი მოდებაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი