შოუბიზნესი

გიორგი შერმადინი: არ მინდა არც თქვენი კალათბურთი და არც არაფერი, წავედი სახლში-მეთქი

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 27.07, 2021 წელი

გიორგი შერმადინი
დაკოპირებულია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და „ტენერიფე ლენოვოს“ წევრმა გიორგი შერმადინმა ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო ლიგის – ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა.

გიორგი შერმადინი: უმაგრესი სეზონი გვქონდა, რომელიც ახლახან დავასრულეთ. სამჯერ დამასახელეს თვის საუკეთესო მოთამაშედ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო ჩვენი ქართველი გულშემატკივრის თანადგომით მივიღე – წლის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს ესპანეთის ჩემპიონატში. ეს ძალიან დიდი აღიარებაა პირადად ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული კალათბურთისთვის და ყველას ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის.

– ესპანეთში როგორ გამოხატავენ სიყვარულსა და მხარდაჭერას?

– ძალიან მაგარი შეგრძნებაა, ქუჩაშიც იგრძნობა მათი სიყვარული, რა გააკეთონ, აღარ იციან ხოლმე. ვინც ესპანეთის ჩემპიონატს ადევნებს თვალს, ყველამ იცოდა, რომ საუკეთესო მაჩვენებლები მე მქონდა და ველოდით ამ შედეგს, მაგრამ მაინც სანერვიულო იყო და ყველა გვერდით დამიდგა.

– ანი, ეს პერიოდი შენთვის როგორი იყო?

ანი ამაშუკელი: როგორ ვეზიდები ამ ჭაპანს? (იცინის) მადლობა ღმერთს, მისი წყალობით ვახერხებ. მარტივი არ არის, სპორტსმენებს განსხვავებული ხელშეწყობა სჭირდებათ, სახლის ატმოსფეროდან დაწყებული, კვებით გაგრძელებული. ბავშვებიც კი განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადასულები და იციან, მამიკო რომ მოდის, არ უნდა ვიხმაუროთ, საკვები თავის დროზე უნდა იყოს მზად, კალორიები – დათვლილი. შეიძლება, ითქვას, რომ არა მარტო მე, მთელი ჩვენი ოჯახი გიორგის რეჟიმით ვცხოვრობთ.

– გიორგის არ საყვედურობთ ხოლმე, შენ გამო ყველაფერი გვერდზე გადავდეო?

– არა და არც მესმის, როცა ამას ამბობენ. ამ ნაბიჯს რომ დგამ, გააზრებული უნდა გქონდეს, რომ ან შენ უნდა დათმო ყველაფერი და მის ცხოვრებას მიჰყვე, ან მან უნდა დათმოს ყველაფერი და შენს ცხოვრებას მოჰყვეს. მე რომ ასეთი ხედვა არ მქონდეს, ჩვენი ოჯახური ურთიერთობა ვერ შედგებოდა. ამიტომ ვაპროტესტებ კი არა, ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახის გამო. პირიქით, სულ ვცდილობ, ყველას ყველაფერი შევუმსუბუქო და მაქსიმალურად ბევრი ავიღო საკუთარ მხრებზე. თუმცა, ოთხი ბავშვის უცხოეთში მარტო მიხედვა პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. დახმარების გარეშე ფსიქოზი მექნებოდა (იცინის).

– თან, ყოველთვის კარგად გამოიყურებით.

– დიდი მადლობა. ამასაც ვცდილობ. ღვთის წყალობით. მთავარია, ჯანმრთელობა გვიწყობდეს ხელს. როცა ეს ბედნიერება გაქვს, ისიც გარკვეული პასუხისმგებლობაა ნორმალურად გამოიყურებოდე. ვცდილობ, დროის ნაწილი თავის მოვლას დავუთმო, თუმცა, რა თქმა უნდა, ძირითადი დრო ბავშვებსა და გიორგიზე მიდის. ვაღიარებ, რომ გიორგის მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ბავშვებს (იცინის).

– როცა ყველა ერთად ხართ და ერთობით, მგონია, რომ ოჯახში ძალიან დიდი მხიარულება გაქვთ.

– გიორგი, თუ ძალიან დაღლილი არ არის, აუცილებლად ეთამაშება ბავშვებს. ძალიან აქტიურები არიან, ყველანი იატაკზე მოთავსდებიან, ახტებიან გიორგის და არის ერთი ჟრიამული. ვამბობ ხოლმე, კიდევ კარგი, კერძო სახლში ვცხოვრობთ და ახლოს მეზობლები არ არიან, თორემ აუცილებლად გვიჩივლებენ-მეთქი. ძალიან დიდი ხმაური გადის ჩვენი სახლიდან – ხან ძალიან მხიარული, ხან ჩხუბი, ზომიერების ფარგლებში ესეც სჭირდებათ ბავშვებს (იცინის). გიორგი გოგოსთან უფრო სათუთია, მაგრამ თუ რამე ოდნავ უხეშად მოუვიდა, ის მაშინვე ცრემლებად იღვრება (იცინის). ნიკოლოზთან უფრო ვაჟკაცური საუბრები აქვს, ტყუპები ჯერ პატარები არიან და ნაკლებად, მაგრამ გაბრაზება არც მათთვის არის უცხო.

– ბავშვებს როგორი რეაქცია აქვთ, როცა ხედავენ, რამხელა სიყვარულია თქვენი ოჯახის მიმართ?

– ვერ ხვდებიან სხვაობას, ასე არიან მიჩვეულები და ნორმა ჰგონიათ. გარეთ რომ გავდივართ გიორგის ყველა ფეხის ნაბიჯზე ავტოგრაფსა და ფოტოს გადაღებას სთხოვენ, ეფერებიან და სიყვარულს გამოხატავენ. თუმცა, ნიკოლოზმა მკითხა ცოტა ხნის წინ: დედიკო, ასე რომ აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ცნობილები ვართო? (იცინის) ვუთხარი, მამიკოს ცნობენ და უყვართ-მეთქი.

– ეჭვიანობთ ხოლმე ერთმანეთზე?

– ეჭვიანობისთვის არ მაქვს დრო (იცინის). ბუნებით საერთოდ არ ვარ ეჭვიანი და არც გიორგი მაძლევს საბაბს. არც თვითონ არის ეჭვიანი, თუმცა, ძალიან დაკვირვებული და ყურადღებიანია. რაღაცებში მაკონტროლებს – არის დეტალები, რომელიც შეიძლება, მე გამომრჩეს, მაგრამ მას არასდროს გამორჩება და ყველაფერს მახსენებს. მგონია, რომ ამით ერთმანეთს ვაბალანსებთ. ეჭვიანი არ არის, მაგრამ უნდა, იცოდეს სად ვარ, ვისთან და როგორ.

ერთმანეთის აზრს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. არ მახსენდება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გიორგის გარეშე მიმეღოს ან გიორგის ჩემ გარეშე გადაედგას გადამწყვეტი ნაბიჯი. ყველაფერს შეთანხმებულად ვაკეთებთ.

– ბევრი ახალგაზრდისთვის მისაბაძი ხართ. გაუზიარეთ მათ, რა შრომა დევს თქვენი წარმატების მიღმა?

გიორგი: ჩემი განვლილი გზა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ბევრს ჰგონია, რომ ეს შედეგები ადვილად მოდის, მაგრამ ასე არ არის. ბევრი შრომაა საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ ძლიერი ხარ და მერე დაინტერესდებიან შენით. დიდი მოთმინება არის საჭირო, ნებისყოფა უნდა გამოიმუშაო. მახსოვს, ერთხელ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ქუდი დავიხურე და გავიქეცი – არც თქვენი კალათბურთი მინდა და არც არაფერი, წავედი სახლში-მეთქი. ემოციებისგან გადაღლილს შეიძლება, ასე დაგემართოს, გგონია, რომ აღარაფერი გინდა, მაგრამ ცოტას რომ დაისვენებ, მერე ისევ მთელი ძალით უტევ და ამას დიდი მოთმინება სჭირდება. მადლობა ღმერთს, ეს შევძელი და ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ შრომა დაგვიფასდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი