შოუბიზნესი

გიორგი რუხაძე: ვიძირებოდით და ანსამბლი რომ გადაგვერჩინა, ოჯახებისა და ქვეყნის დატოვება მოგვიწია

№31

ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 08.08, 2022 წელი

გიორგი რუხაძე
დაკოპირებულია

ემიგრაციაში დაწერილი „საქართველოს იავნანა“ და პანდემიის დროს მოპოვებული საოცარი პოპულარობა, რომელიც საქართველოს საზღვრებს დიდი ხანია, გასცდა. საუბარი ანსამბლ „ბრავო მეტეხზეა“, რომელიც თითოეულმა ქართველმა, და არა მხოლოდ, ძალიან შეიყვარა. „ბრავო მეტეხის“ წარმატებაზე, მის ცხოვრებასა და კარიერაზე გულწრფელად გვესაუბრა ჯგუფის ვოკალისტი, მათი შემოქმედების ტექსტისა და მუსიკის ავტორი, გიორგი რუხაძე.

გიორგი რუხაძე: ქუთაისში დავიბადე და ამ ქალაქშივე დავამთავრე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური ტექნიკუმი და შემდეგ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალის ვოკალური ფაკულტეტი. მუსიკასთან შეხება ბავშვობიდან მქონდა. დედა მიყვებოდა, თურმე, ძალიან პატარა ვყოფილვარ – 3-4 თვის, როცა საკუთარ ხმას რაღაც ბგერებს ვაყოლებდი. სწორედ, დედას სურვილი იყო, რომ მემღერა და ბავშვობიდან ამ მიმართულებით ცდილობდა ჩემს დაინტერესებას. მას ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემი შემოქმედების განვითარებაში. სკოლის პარალელურად, დავდიოდი „პიონერთა სასახლეში“, სადაც დათო ჯანელიძე საოცარ ანსამბლს ხელმძღვანელობდა. იქ იმდენად საინტერესო მუსიკოსები იკრიბებოდნენ, არ შეიძლებოდა, „მათი სკოლის“ გავლის შემდეგ მუსიკის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა არ დაგუფლებოდა. 1990 წელს „ოსტანკინოში“ ვიმღერეთ და ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა დიდ სცენაზე, მაშინ 8 წლის ვიყავი, თუმცა ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. ასევე დავდიოდი ფორტეპიანოზე. სამუსიკო სასწავლებელში ირინა ლომიძის კაპელაში ვმღეროდი. ჩვენმა გუნდმა მთელი საქართველო მოიარა და სწორედ აქ გავიცანი „მეტეხის“ ბიჭები, კურსელები ვიყავით და დღეს უკვე, 22-წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს.

– „ბრავო მეტეხის“ სულისჩამდგმელი ხართ. როგორია თქვენი შეკრების ისტორია?

– ვფიქრობ, ანსამბლის თითოეული წევრია „მეტეხის“ სულისჩამდგმელი და წლებთან ერთად, მეც მათთან ერთად ვვითარდებოდი. როცა ჩვენ შევიკრიბეთ, მაშინ არ ვწერდი მუსიკას, თუმცა ეს საქმეც შევითავსე და ჩვენი შემოქმედებისთვის მუსიკასაც და ტექსტსაც თავად ვწერ. 2004 წელს შევქმენით ანსამბლი და გადავწყვიტეთ ბედის საპოვნელად დედაქალაქში ჩამოვსულიყავით, ასეც მოხდა. ქალბატონმა რუსუდან მილორავამ მოგვამზადებინა რამდენიმე სიმღერა ისე, რომ ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში, რომელ სცენაზეც დავდგებოდით, მსმენელზე დიდ შთაბეჭდილებას ვახდენდით.

– რატომ „მეტეხი“?

– იმ პერიოდში არაერთი ანსამბლი შეიკრიბა და თითქოს მოდაში იყო მსგავსი სახელწოდებები. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ჟანრი ფოლკლორსაც შეიცავს და ქართულ ხალხურ ელემენტებს ვიცავთ, გვინდოდა, ჯგუფს წმინდა სახელი რქმეოდა, მაგალითად: ბაგრატი, მოწამეთა და ასე შემდეგ. საბოლოოდ დავარქვით მეტეხი, რადგან თბილისში მეტეხთან ახლოს ვცხოვრობდით. ნებისმიერი ქართველისთვის, ეს მნიშვნელოვანი ადგილია, აქ ხომ 100 000 ქართველი იმის გამო ეწამა, რომ ხატს არ დააბიჯეს და რამდენიმე დღე მტკვარი სისხლისფერი მოედინებოდა. ჩვენც ასეთი უტეხები გამოვდექით, ისტორიებიც დადიოდა ამაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ სცადეს ჩვენი დაშლა, დღემდე ერთ გუნდად დავრჩით.

– ვინ და რატომ ცდილობდა?

– ჩვენ გზად ვეკვეთებოდით ძალიან საინტერესო ადამიანებს, როგორც შოუბიზნესში, ასევე სხვა სფეროში. თავიდან რესტორნებში ვმუშაობდით და განსაკუთრებით, რესტორნის დირექტორები ცდილობდნენ ჩვენს დაშლას – 7-8 ბიჭი ვიდექით სცენაზე, ამიტომ სურვილი ჰქონდათ 3-4 ამოერჩიათ და დაეტოვებინათ. მიუხედავად მათი არაერთი მცდელობისა, ეს ვერ შეძლეს, თუმცა მათი ჩარევით ბევრი ჯგუფი დაიშალა.

– ემიგრაციის წლებმა განსაკუთრებული პოპულარობა მოგიტანათ. თქვენი სიმღერა „საქართველოს იავნანა“ ინტერნეტჰიტად იქცა...

– „საქართველოს იავნანა“ მართლა ემიგრაციაში ყოფნისას დაწერილი სიმღერაა, რომელშიც დიდი მონატრება და სიყვარულია ჩადებული. როცა უცხოეთში გავემგზავრეთ, იმ პერიოდში დაიწყო პანდემია და უცხო ქვეყანაში ჩავიკეტეთ. მაშინ ინტერნეტი ერთადერთი საშუალება იყო, რომლითაც საზოგადოებისთვის ხმის მიწვდენას შევძლებდით. ამიტომ სასტუმროშივე მოვაწყვეთ სტუდია და შევქმენით პროექტი – „მოძმე ერები“. საქართველოს სახელით უამრავ ერს მივუძღვენით მათ ენაზე შესრულებული სიმღერების ჩვენებური ვერსიები და უცებ მოვიპოვეთ დიდი პოპულარობა. როცა პანდემია დასრულდა, 40 000 გამომწერი გვყავდა და ბევრი გვცნობდა. ამ ყველაფერს მოჰყვა მოწვევები სხვადასხვა ქვეყნიდან და მათი მოთხოვნიდან გამომდინარე, დღემდე ვმოგზაურობთ.

– კონკრეტული პროექტი გქონდათ თუ ბედის ანაბარა წახვედით უცხოეთში?

– ასეთი დიდი ინტერვალით ეს ჩვენი პირველი გასვლა იყო. წავედით ბედის ანაბარა, არანაირი პროექტი არ არსებობდა. ვიძირებოდით და ანსამბლი რომ გადაგვერჩინა, ოჯახებისა და ქვეყნის დატოვება მოგვიწია, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ასე მოხდა – „მეტეხს“ ახალი სისხლი გადავუსხით.

– თქვენი ოჯახი გაგვაცანით.

– ჩემს მეუღლეს ნინიკო ჰქვია და პიანისტი გახლავთ. ერთად დავამთავრეთ კონსერვატორია. პირველი კურსიდან გვიყვარდა ერთმანეთი და ოთხი წელი ვიყავით შეყვარებულები. როგორც კი თბილისში წამოვედი, მაშინვე შევირთე ცოლად. გვყავს ორი შვილი, უფროსი – ბათო, რომელიც ძალიან კარგად ხატავს და უმცროსი – ანანო, რომელიც ასევე, ძალიან კარგად მღერის.

– მუსიკაზე მუშაობის პროცესში თუ გეხმარებათ თქვენი მეუღლე?

– როდესაც თბილისში ვცხოვრობდით, აქ არავინ გვყავდა. ნინიკო გმირი დედაა – ყველაფერი დაივიწყა და ბავშვები მარტომ აღზარდა და გაზარდა. მე სულ გასული ვიყავი – წარმატების მიღწევა მარტივი არ ყოფილა. ნინიკო ჩემს შემოქმედებაში ოფიციალურად არ ჩანს, თუმცა, ნამდვილად მეხმარება. ჩვენი ერთ-ერთი პირველი სიმღერა – „წვიმა მოდის“, მისი დაწერილია. როდესაც რაღაცას დავწერ, პირველი ნინიკოს ვასმენინებ ხოლმე, ის და „მეტეხის“ ბიჭები, თავიანთი მეუღლეებითურთ, ჩემთვის საუკეთესო ექსპერტები არიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი