შოუბიზნესი

გიორგი ნაზღაიძე: ჩემს ჭკუაზე გადამყავს ყველა

№44

ავტორი: ნონა დათეშიძე 19:00

გიორგი ნაზღაიძე
დაკოპირებულია

სოციაურ ქსელში სულ მალე გიორგი ნაზღაიძის ახალი გადაცემა გამოჩნდება, რომელსაც თავის მეგობართან, ერთ-ერთ ცნობილ სახესთან ერთად წაიყვანს. მართლია, მის ვინაობას ჯერ არ ამჟღავნებს და სიურპრიზად ტოვებს, მაგრამ გადაცემის ფორმატზე ამბობს, რომ სახალისო და საინტერესო იქნება და ბევრი ადამიანი, დამღლელი დღის შემდეგ, სასიამოვნოდ გაერთობა. მიუხედავად იმისა, რომ თავს ზარმაცად მიიჩნევს, გიორგი საკმაოდ მშრომელია და ამის წყალობით, წვალებითა და დამოუკიდებელი მოქმედებებით, ბევრს მიაღწია.

გიორგი ნაზღაიძე: დამოუკიდებელი ცხოვრება პატარა ასაკში დავიწყე, როცა მეგობრები ცალკე გადავედით საცხოვრებლად. მაშინ 18 წლის ვიყავი. მოკლედ, ხუთმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, ერთად, დამოუკიდებლად გვეცხოვრა და ერთ-ერთი მეგობრის ბინაში დავიწყეთ თანაცხოვრება. ფანტასტიკური პერიოდი იყო, მოვალეობები გადანაწილებული გვქონდა და ვცხოვრობდით ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. სულ მარტო, დამოუკიდებლად კი, უკვე მესამე წელია, ვერაზე ვცხოვრობ.

– როცა თვრამეტი წლის ასაკში ცალკე, დამოუკიდებლად, მეგობრებთან ერთად გადაწყვიტე ცხოვრება, ოჯახის წევრებისგან წინააღმდეგობა არ შეგხვდა?

– ჩემი ოჯახისგან არასოდეს ყოფილა წინააღმდეგობა, რადგან ზუსტად იცოდნენ, რასაც ვაკეთებდი. ცუდს არასდროს ჩავიდენდი. არც მაშინ ყოფილან წინააღმდეგი, როცა თურქეთში წავედი საცხოვრებლად და სამუშაოდ. მათ იცოდნენ, რომ ვშრომობდი იმისთვის, უკეთესი მე ვყოფილიყავი და ვფიქრობ, გამომივიდა. ზოგადად, ადრეული ასაკიდან დამოუკიდებლად ცხოვრებამ ჩამომიყალიბა ის, რომ გავითავისე – როცა მარტო ხარ, უნდა იზრუნო როგორც ფინანსურ მხარეზე, ასევე შენს დამოუკიდებელ განვითრებაზე და ეს განვითარება უნდა მოხდეს სწორად. ჩემი პირველი სამსახური იყო სიგარეტის გაყიდვა და დღიურად 5 ლარი მქონდა. მაშინ, 17 წლის ვიყავი, ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი და ძალიან სჭირდებოდათ ჩემი თანადგომა. ამ ფულით მე ოჯახის კისერზე არ ვიყავი, თავად ვუზრუნველვყოფდი სწავლის თანხის მოგროვებას, ჩაცმას, ტრანსპორტის ფულს და დამატებით, სახლისთვისაც ვყიდულობდი რაღაცებს. მაშინ 5 ლარი ფული იყო. ამას წინათ ვფიქრობდი – იმდენი სამსახური გამოვიცვალე, სათვალავი ამერია (იცინის). სად არ მიმუშავია და რა სფეროში არა – გაყიდვები, რესტორნის სფერო, სატელევიზიო, რადიო, სამოდელო, სარეკლამო, უძრავი ქონება, ანიმატორი, გამყიდველი... დღეს რთულია, მაგრამ შეგიძლია, ასე თუ ისე, შენი პროფესიით დასაქმდე, მაგრამ ადრე ასე არ იყო და თავისთავად, ყველაფერს ეკიდებოდი, რომ ფუნქცია გქონოდა, შემოსავალიც გქონოდა და გეცხოვრა. არ იყო არჩევანი, პროფესიით გემუშავა თუ სხვა კუთხით. გინდოდა თუ არა, ნებისმიერ სფეროში უნდა ყოფილიყავი რეალიზებული, რომ თავი გერჩინა. მეგობრებთან ცალკე ცხოვრების მერე, ისევ ოჯახში დავბრუნდი და ნაცნობები მეუბნებოდნენ: აუ, ისევ მშობლებთან ცხოვრობ? კაი, რაა, ვარკეთილში ცხოვრობ? დაკნინებითი ფორმა ჰქონდა მათ ამ საუბარს. ჯერ ერთი, უბანს რა მნიშვნელობა აქვს, ვისაც სად შეგვიძლია, იქ ვცხოვრობთ და მეორე, სად იყვნენ ისინი, მე რომ ჩემი შრომითა და დანაზოგით შევიძინე ბინა „ცენტრ პოინტში“, რომელიც არა და არ დასრულდა. არც ვაპირებდი ვინმესთვის რამე ამეხსნა, ასეთი ხალხის აზრი არ მაინტერესებს. ახლა კი, რომელ ბინაშიც ვცხოვრობ, ვერაზეა. პროექტ „პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებული რომ გავხდი, ბინა გადმომეცა, კვადრატულობით დიდი იყო, მაგრამ არა ჩემთვის მისადგომ ადგილას. გავყიდე და შედარებით პატარა ბინა შევიძინე ვერაზე. ანუ, ესეც ჩემი შრომითაა – იმ პროექტში, ბევრი ვიშრომე.

– პროფესიით ვინ ხარ?

– პროფესიით იურისტი ვარ, სამოქალაქო სამართალმცოდნე და ეკონომისტი, ნავთობისა და გაზის მიმართულებით. ასე რომ, ორი განხრით მაქვს უმაღლესი განათლება და ყველა სფეროში ვიმუშვე, გარდა ამ ორისა. თუმცა, იურისტობა გამომადგა – დამაჯერებელი საუბარი და კანონები ცხოვრებაში წამადგა. ეკონომისტობა კი არ იყო ჩემი არჩევანი, მშობლებს უნდოდათ.

– ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება რთული პერიოდები, როცა უკან იყურები და თავად გიკვირს, როგორ შეძელი, გადალახე და გამოიარე. ასეთი რთული პერიოდი როდის იდგა შენთვის?

– რთული პერიოდი ბევრჯერ მქონდა ცხოვრებაში. თუმცა, ერთ-ერთი რთული პერიოდი იყო ჯანმრთელობის პრობლემა, როცა ნერვული ეპილეფსია მქონდა 11 წლის განმავლობაში. ის 11 წელი ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემთვის, მით უმეტეს, მაშინ, როცა საზოგადოება არ იყო გაცნობიერებული და ჩემი დაავადება მათთვის საშიში ეგონათ. არადა, რეალურად, ის, რაც მჭირდა, მე მჭირდა, მხოლოდ ჩემი პრობლემა იყო, და არა მათი შიშის საფუძველი. სკოლის პერიოდში, უნივერსიტეტში, სამსახურის კუთხით ის 11 წელი ძალიან გამიჭირდა, მძიმე იყო და ბევრი სირთულის გადალახვა მომიწია. შემდგომ რთული პერიოდი იდგა, როცა მთავრობა შეიცვალა და მოქმედი, ცნობადი სახეები დაიბლოკა. მაშინ დადგა ჩემთვის რთული რვაწლიანი პერიოდი.

– ახლა, რა პერიოდია შენს ცხოვრებაში?

– ახლა, უფლის წყალობით, ჩემს ცხოვრებაში მშვიდი და კარგი პერიოდი დგას. ეს არ ეხება, ფინანსურ მხარეს, რადგან გავიზარდე იმ კუთხით, რომ უკვე მხოლოდ ფინანსები არ არის ჩემთვის მთავარი. ამ ცხოვრებაში მთავარია, სულიერად იყო მშვიდად და შინაგანად ბედნიერი, დააფასო ყოველი მომენტი, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, ძმების, რძლებისა და მეგობრების წარმატება, ძმისშვილების კარგად ყოფნა და ასე შემდეგ. ეს ქმნის იმ სიმშვიდესა და ბედნიერებას, რაც ადამიანს სჭირდება.

– თქვი, სამი წელია, რაც ცალკე, მარტო, დამოუკიდებლად ვცხოვრობო. თუმცა, დღეს მარტო აღარ ცხოვრობ, სიმარტოვე ოჯახის ახალმა წევრმა დაგირღვია, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა შენს ცხოვრებაში.

– ჩემი უდიდესი სიყვარულია ჩემი ოჯახის ახალი წევრი (იცინის). ეს ძაღლი არ არის, პიროვნებაა. დიდი ხნის წინ გვყავდა სახლში ძაღლი და მისი სიკვდილი იმხელა სტრესი იყო, მას შემდეგ ჩვენს ოჯახში ძაღლის ყოლა აიკრძალა. ზოგადად, ძაღლი არის ოჯახის წევრი, პატრონისთვის სულ პატარა ბავშვია, რომელიც არასოდეს იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა გადაწყვიტა, იმ სტრესის გამო სახლში ძაღლი აღარ ყოფილიყო, მე ძალიან მიყვარს ცხოველები და სულ მინდოდა, მყოლოდა. ვამბობდი: როცა მე მექნება საკუთარი სახლი, აუცილებლად მეყოლება ძაღლი-მეთქი. ასეც მოხდა. ბოლო სამი თვეა, თავში მიტრიალებდა, საბოლოოდ ვიყიდე და ახლა მე და ბუბუ ერთად ვცხოვრობთ. ბუბუ მალტიზისა და პუდელის ნაჯვარია, მოდური ძაღლია, საშუალო სიმაღლის და ბეწვი არ სცვივა. რომ ვუყურებ, მგონია, მულტიკიდან ახლახან გადმოვიდა (იცინის). გოგოა, მაგრამ მე ბუბუ დავარქვი. ამ არსებამ ჩემს სახლში უდიდესი სიხალისე და ჟრიამული შემოიტანა. მარტო რომ მეზარებოდა სიარული, მაიძულებს, ყოველდღე მასთან ერთად გავიდე და ვისეირნო. მოკლედ, ახლა ორნი ბევრს დავდივართ. მისი ოჯახში შემოსვლით, საზრუნავი მომემატა და ისიც გააზრებული მაქვს, რომ ის სულ პატარა იქნება ჩემთვის.

– მის გამო, ადრე ადგომაც გიწევს?

– არა. ჩემს ჭკუაზე გადამყავს ყველა და ვერც ბუბუმ შემიზღუდა თავისუფლება, როცა მე ვიღვიძებ, მაშინ იღვიძებს ესეც და როცა მე ვჭამ, მაშინ ჭამს. პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ არ გვაქვს (იცინის). ჩემთვის იმდენი რამ ვიყიდე და იმდენი დამიგროვდა, მობეზრებული მქონდა და აღარაფერს ვყიდულობდი, ახლა კი ჩამჯდარი ვარ საიტებზე და ბუბუს ხან რას ვუწერ და ხან რას. დამიჯერეთ, ვისაც არ გამოუცდია, ის ვერ გაიგებს, რამხელა ბედნიერება შემოაქვს ძაღლს სახლში. ასეთი ერთგული ვერცერთი ადამიანი ვერ იქნება. ასე რომ, ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში იყო, ბუბუმ კი სიხალისე შემოიტანა.

– გარდა ბუბუს განებივრებისა, დღეს ყველაზე ბევრი თანხა რაში გეხარჯება?

– ადრე სამოსში მეხარჯებოდა დიდი თანხა, დღეს კი დიდ თანხებს აღარაფერში ვხარჯავ. თუმცა, მიყვარს მოგზაურობა და დიდი თანხა ამაში მეხარჯება. ტრადიცია მაქვს, რომ ბოლო დროს უცხოეთში ვხვდები ახალ წელს. საქართველოში ვერ ვერთობი ან თუ ვერთობი, კოლოსალური თანხა ჯდება. ამიტომ, მირჩევნია, რომელიმე უცხო ქვეყანაში გავემგზავრო რამდენიმე მეგობრთან ერთად და იქ ყოფნით „ვიკაიფო“. წელს ამსტერდამში შევხვდი, მომავალ ახალ წელსაც რომელიმე ქვეყანაში შევხვდები. ჯერ არ მაქვს დაგეგმილი, ვფიქრობ.

– მერე, ბუბუს ვის უტოვებ თუ თან წაიყვან?

– ან წავიყვან, ან ჩემებს დავუტოვებ. ყველას ისე უყვარს, არჩევანი დიდია, მთავარია, თვითონ სად მოინდომებს (იცინის).

– როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად ცხოვრებაში რაში გაგიმართლა, იღბალი გწყალობს?

– ყველაზე მეტად ოჯახში გამიმართლა, მეგობრებში, ვინც შემომრჩა და ჩემს თავშიც, რადგან ბევრი რამ გამომივიდა, თუმცა ბევრი შრომითა და წვალებით და არა უქმად ჯდომით. ბედისწერის რაღაც დოზით მჯერა, მაგრამ რომ ვიცოდე, რა ბედისწერის ვარ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, არ მექნებოდა იმის შიში, რომ დავბერდები გაჭირვებაში ვიქნები-მეთქი. მოკლედ, ბედისწერის მჯერა, მაგრამ არ მინდა ვიცოდე, ბოლომდე რას მიმზადებს სამომავლოდ.

– როგორც გავიგე, ახალ საქმეს იწყებ და სულ მალე მაყურებელს სოციალურ ქსელში გადაცემას შესთავაზებ. რა ტიპის გადაცემა იქნება, როგორი ფორმატის და თანაწამყვანი თუ გეყოლება?

– ჩემი აქტიური ცხოვრების გამო, ბევრს ჰგონია, არ ვარ ზარმაცი, მაგრამ ასე არ არის. ზარმაცი ვარ და ამის გამო დამიგვიანდა, ახლა კი მივხვდი, რომ სოციალურ პლატფორმაზე აქამდეც უნდა გამეკეთებინა გადაცემა. მე და ჩემი ცნობადი სახე მეგობარი ვიქნებით წამყვანები, არ იქნება „ტეტატეტ“ საუბრები, იქნება კვირაში ერთხელ და ისეთი ფორმატის გადაცემაა, საღამოს ადამიანი დაღლილი რომ მივა სახლში, უყუროს, იხალისოს და გაერთოს. სატელევიზიო სოვრცეში ჩემს აზრს ყოველთვის თამამად ვაფიქსირებდი და ახლა ჩემს შეფასებებს ჩემს გადაცემაში მოისმენთ. უკვე ყველაფერი დაგეგმილი და გაწერილია და სულ მალე, ახალ წლამდე, დავიწყებთ. სატელევიზიო სფერო ჩემია და ვფიქრობ, ყველამ ის საქმე უნდა ვაკეთოთ, რაც გამოგვდის და არა მივედ-მოვედოთ. ჩემი საქმე ესაა – კამერა და ხალხთან კომუნიკაცია და ვფიქრობ, მეც ამ სფეროს უნდა მივყვე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა