გიორგი მეგრელიშვილი: ბევრი მსახიობი რომ არ იყოს, ამიტომ ვთამაშობ საკუთარ ფილმში
ავტორი: ეთო ხურციძე 14:00 22.12, 2020 წელი

მსახიობი და რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი ახალ ფილმზე მუშაობს – „ნამცეცა და გულივერი“. „კომედიების კომედიის“ გადაღება, როგორც თავად რეჟისორი უწოდებს, უკვე დაიწყო. გიორგისთვის სცენარის ინსპირაცია ინდოელი მოყვარული მსახიობი, საჩინ მუგრაი გახდა, რომელიც წლებია, საქართველოში ცხოვრობს. უფრო დაწვრილებით ფილმის შესახებ სტატიიდან შეიტყობთ.
გიორგი მეგრელიშვილი: ახალი ფილმის გარდა, პარალელურად, ორ სცენარზე ვმუშაობ, აქედან ერთი ბათუმის ფესტივალზე მოხვდა სცენარის განვითარებაში და მეორე – 1981 წლის 13 მაისის ეხება, როცა ქართველებმა ფეხბურთში მოვიპოვეთ გამარჯვება. წელიწადია უკვე, რაც ამ თემებზე ვმუშაობ, მაგრამ რაც შეეხება „ნამცეცა და გულივერს“ – მისი სცენარი შთამაგონა თავად ადამიანმა. თვეში ერთხელ დავდივარ სიგარის სახლში, რადგან სიგარეტს აღარ ვეწევი. დაახლოებით 6-7 თვის წინ, სწორედ, იქ გავიცანი საჩინ მუგრაი, რომელმაც დანახვისთანავე მიიქცია ჩემი ყურადღება. პროფესიიდან გამომდინარე, თვალწინ მაშინვე შთამბეჭდავი პერსონაჟი წარმომიდგა. უცხოელი რომ იყო, მივხვდი, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, თუ ქართულად ლაპარაკობდა. გავიცანი, დავმეგობრით და მეც დავიწყე სცენარის წერა. საჩინს ჩვენ სტეფანეს ვეძახით, რადგან თავად ასე გაგვეცნო, ნელ-ნელა შევაპარე ეს ამბავი. როცა თამაში შევთავაზე, ცოტა შეეშინდა, მაგრამ ჩემმა დაჟინებულმა თხოვნამ გაჭრა, თან სცენარიც მოეწონა და იდეაც. ჰაბიტუსით იმხელაა და ქართული საუბრის ისეთი მანერა აქვს, რომ სუფთა ნამცეცაა (იცინის). სტეფანე თამაშობს ნაცეცას როლს, ხოლო რეალურად ვინც ლილიპუტია – გულივერს. ამ სცენარს შევარქვი „კომედიების კომედია“. არ მინდა, ჩემს სტილს ვუღალატო და რა სითამამეც მაქვს, ის დავმალო. იმედია, ზუსტად ის გამოვა, რაც ფურცელზეა. პირველ რიგში, მინდა, ფილმი ჩემთვის გადავიღო და შედეგით მე ვიყო კმაყოფილი.
– დიდი ხანია, რაც საჩინ მუგრაი საქართველოში ცხოვრობს? პროფესიით მსახიობია?
– თურმე 20 წელზე მეტია, აქ ცხოვრობს. გაქრისტიანდა კიდეც, რაც ნამდვილად პატივსაცემია ჩვენი მხრიდან. მითხრა, ბავშვობაში ინდოეთში, სცენაზე გამოვდიოდი და ვთამაშობდიო. მეც, ალბათ, ეს შევნიშნე. როგორც ვიცი, აქაც რაღაც შოუში იღებდა მონაწილეობას. გულივერს მალხაზ ასოევი თამაშობს. ის ანიმატორია. ეს მისი პირველი როლია, თუმცა დარწმუნებული ვარ, როგორც ანიმატორს, ბევრ მსახიობზე მეტი როლი ექნება ნათამაშები. დანარჩენი მსახიობები არიან: გიორგი აზნაური, ვაჟა გოდერძიშვილი და ცისანა სეფიაშვილი და ჯუდ ლოუს ქართველი ორეული – მირიან ჯეჯელავა. ბოლოს მეც ვთამაშობ პატარა სცენას. ცისანას როლზე იყო ქასთინგი, დანარჩენები – როგორც ამბობენ, „რეჟისორულ სიზმარში“ მქონდა და ზუსტად ვიცოდი, ვის რა უნდა ეთამაშა. ქალბატონის როლზე მინდოდა ყოფილიყო სიმპათიური და კარგი ვოკალის მქონე ადამიანი. იყო ბევრი ვარიანტი, საბოლოოდ ცისანას შევუთანხმდი, თავადაც მოსწონს თავისი პერსონაჟი, ისიც, რომ კომედიური ჟანრია და თან, მუსიკასთან აქვს შეხება. აუცილებლად უნდა ვახსენო ბესო კვარაცხელია, რომელიც ძალიან მეხმარება გადაღების პროცესში, ფაქტობრივად, ორი რეჟისორი ვართ გადასაღებ მოედანზე. რაც შეეხება ქრონომეტრაჟს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩემი ინტიუიცია მკარნახობს, სრული მხატვრული ფილმი იქნება. თუმცა, ამაზე არ ვფიქრობ, მთავარია ხარისხი და ის ჩანაფიქრი გამოვიდეს, რაც მინდა.
– ამ ფილმსაც ტელეფონით ხომ არ იღებთ? პანდემიის პირობებში როგორ ახერხებთ გადაღებებს?
– აღარ მინდა ტელეფონით ფილმის გადაღება. „ჰამლეტი“, რომელიც ტელეფონით გადავიღე, დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, მაგრამ კამერით რომ გადამეღო, ბევრად უფრო კარგ და დიდ შედეგს დავდებდი. ღმერთს ვთხოვ, მხატვრული და ხარისხიანი აღარაფერი გადამაღებინოს ტელეფონით, რადგან მაშინ ბევრი რამ დავკარგე: ხარისხი, კამერის მოძრაობა, ფოკუსის შეცვლა... თუმცა, ვფიქრობ, იდეურად კარგი გამოვიდა. ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიყვარს, რადგან პატარა მობილურით შექმნილი ფილმია. გადასაღებ მოედანზე სულ შვიდი ადამიანი ვართ. სრული სერიოზულობით ვამბობ, დისტანციასაც ვიცავთ და სხვა რეკომენდაციებსაც. აქამდეც გადავიღე დოკუმენტური ფილმი მაღაროელზე – პანდემიის დასაწყისი იყო და პრობლემა არ შეგვქმნია. აუცილებლად უნდა დავიცვათ თავი, მაგრამ მოძრაობა ბევრად სასარგებლოა, ვიდრე ჩაკეტვა. მინდა, იუმორით პანდემიის თემასაც შევეხო – ჩემი თვალით დანახული ცხოვრება ვირუსის დროს. ვფიქრობ, მუშაობას ექვს თვეში დავასრულებთ, მაგრამ გურული ვარ და შეიძლება, ადრეც მოვრჩე (იცინის). ზოგადად, ფილმის გამოშვებას ექვსი თვიდან ერთ წლამდე სჭირდება. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში ფილმის გაკეთება გმირობის ტოლფასია და მადლობელი ვარ თითოეული მსახიობის.
– რთულია საკუთარ ფილმში თამაში?
– გადასაღებ მოედანზე ბევრი მსახიობი რომ არ იყოს, ამიტომ ვთამაშობ თავად. ძალიან კარგია, ვერავინ გეტყვის, რომ ცუდად ითამაშე (იცინის). ხუმრობის გარეშე, ორმაგად საპასუხისმგებლოა, რადგან ყველაფერზე თავად გიწევს ფიქრი.
– ჯანსაღი ცხოვრების წესს ისევ მისდევთ?
– ვარჯიში ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ამ დროს ჩემი გონება ნირვანას აღწევს და ყველა გენიალური თუ უვარგისი იდეაც ერთდროულად მომდის. მახსოვს, საკუთარმა თავმა მიბიძგა, თითქოს იმპულსი მომცა, რომ უნდა დამეწყო ვარჯიში და დავიწყე. დიდი ხანია, რაც ვვარჯიშობ, ჩემი სანდრო 2 წლის იყო, ახლა 17-ის არის. გამოდის, 15 წელია, რაც ვცდილობ, ჯანსაღი წესით ვიცხოვრო და თავისუფალი დროის გამონახვასთანავე ვივარჯიშო. თუმცა, ეს მარტივი არაა, რადგან ჯანსაღი წესით ცხოვრება ყველა მხრივ ძვირი ჯდება.
– მოგზაურობა გიყვართ და ახლა რომ ვერ ახერხებთ, დისკომფორტი გექმნებათ?
– მართლაც, ძალიან მიყვარს, მაგრამ არა უშავს, ოღონდ აღარ იყოს ეს პანდემია და ამ პრობლემას როგორმე გადავიტან. თანახმა ვარ, უცხოეთში არ წავიდე და საქართველოში რაც არ მაქვს ნანახი, ის ვნახო. ოღონდ ვაქცინა გამოიგონონ, გვეშველოს და მერე ჩემს საყვარელ ქალაქში გავემგზავრები – ლოს-ანჯელესში, სადაც ერთხელ უკვე ვიყავი და ისევ მეძახის, მელოდება.
– საცხოვრებლად ფიქრობთ წასვლას?
– მინდა, საერთოდ წავიდე, იქ ვიცხოვრო და შევცვალო ჩემი ცხოვრების სტილი. ერთი თვე დავყავი ლოს-ანჯელესში და ვფიქრობ, უფრო დიდი ხანიც შემიძლია ყოფნა. ჩემი ქალაქია, ამას ვგრძნობ. ვიცი, იქ თავიდან ყველაფერი რთული იქნება. საქართველოში მეტ-ნაკლებად რეალიზებული ვარ, იქ ასე ვერ ვიქნები, მაგრამ არა უშავს. რთული გამოწვევაა, თუმცა სიამოვნებით დავადგები ახალ გზას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან