გიორგი მასხულია: ყოველთვის იმით ვტრაბახობდი, რომ განსხვავებული ჩაცმისა და იმიჯის გამო პრობლემა არ შემქმნია
ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 07.03, 2022 წელი
რამდენიმე დღის წინ თბილისის ცენტრალურ უბანში, ერთ-ერთ ბარში, დიზაინერსა და კონკურსების ორგანიზატორს, გიორგი მასხულიას, თავს დაესხნენ და უმოწყალოდ სცემას. ამ ფაქტზე სამი პიროვნებაა დაკავებული, საქმე აღძრულია და სავარაუდოდ, დამნაშავეებს რამდენიმე წელი თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გიორგი კი დაზარალებულად ცნეს. როგორც თავად აღნიშნავს, ცემას წინ უძღოდა მასზე გაკეთებული ბულინგის შემცველი სიუჟეტი და ამიტომ, გარდა სამედიცინო ჩარევისა, მას აუცილებლად დასჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება.
გიორგი მასხულია: მართალია, ყვითელი პრესისთვის სკანდალებით გამოვირჩევი, მაგრამ ზოგადად, არ ვარ კონფლიქტური ადამიანი. ვაკეთებ ჩემს საქმეს, არასოდეს ვერევი სხვის საქმეში, არ მიყვარს ჭორიკნობა. მირჩევნია, დრო საკუთარ კარიერასა და საქმიანობას დავუთმო. არ ვაქცევ ყურადღებას, ვინ რა თქვა, ვინ რა ილაპარაკა, არასოდეს ვერევი ასეთ ამბებში. ჩემს ცხოვრებაში ფიზიკური დაპირისპირება და ჩხუბი არასოდეს ყოფილა.
– ახლა რა მოხდა, იქნებ დეტალურად გაიხსენო ის დღე, როცა ერთ-ერთ ბარში ფიზიკურად გაგისწორდნენ. მარტო იყავი?
– ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ფიზიკურად დამიპირისპირდნენ, გამისწორდნენ და უმოწყალოდ მცემეს. ზოგადად, მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა. უქმე დღე იყო და არ ვიცი, რატომ, მაგრამ მარტო წავედი ბარ „ოთახში“. ათი წელია, ამ ბარის მეპატრონესთან ვმეგობრობ და დამეთანხმება, არასოდეს პრობლემა იქ მისულს არ მქონია. ჩავედი, დავჯექი მაგიდასთან, შევუკვეთე კოქტეილი, ბოლომდე არც მქონდა დალეული, როცა ზუსტად ათ წუთში მომიახლოვდა ვიღაც პიროვნება, კისერში მწვდა და მითხრა: შენ ის არ ხარ, მავანი რომ სიუჟეტებით „გაჯვამსო?“ ვუთხარი: თავი დამანებე, შარზე ხომ არ ხარ-მეთქი. დავიწყე პოლიციაში რეკვა. ამ დროს, დაცვა მოვიდა, მოჰკიდა ხელი და გარეთ გაიყვანა. ტელეფონი არ იჭერდა კარგად, პოლიციაში რომ დამერეკა, თან, ბარში ხმაური იყო და ამიტომ, მეც გარეთ გავედი და იქ უკვე სამი ადამიანი დამესხა თავს, წავიქეცი და დამიწყეს ცემა. როგორც შემეძლო, თავს ვიცავდი, მაგრამ სანამ სახე დავიფარე, უკვე სისხლი მდიოდა. თან, მცემდნენ და თან ამბობდნენ: ეს მავანისგან საჩუქრადო. არ ვიცი, მე ვერავის დავადებ ხელს. ფაქტი რაც იყო, იმას ვყვები. დაცვამ გაგვაშველა და მერე მოვიდა პოლიცია.
– ამ ფაქტიდან მალევე ჩაერთე „ლაივში“ და ამბობდი, თითქოს, პოლიცია რეაგირებას არ ახდენდა.
– დიახ, ასე იყო. თუმცა პრესა და ტელევიზია რომ ჩაერთო ამ ამბავში, მერე მოახდინეს რეაგირება და სამივე პიროვნება იმ დღესცე დააკავეს. პოლიცია რომ მოვიდა, სასწრაფოც მოჰყვა. გადამიყვანეს საავადმყოფოში, ტომოგრაფია გამიკეთეს და ექსპერტიზაზე ჩემი სისხლიანი მაისური წაიღეს. სხვათა შორის, ლაივი რომ ჩავრთე, ზუსტად ხუთ წუთში, მთელი ჩემი სამეგობრო ჩემ გვერდით იყო, ტელეფონი არ ჩერდებოდა – მირეკავდნენ, მწერდნენ. დღესაც ძალიან ცუდად ვარ და ეს სტრესი დიდხანს გამყვება. კიდევ კარგი, მარტო ვიყავი და ცემის ფაქტს ჩემი მეგობრები არ შეესწრნენ, თორემ ისინიც ჩაერთვებოდნენ და არც კი ვიცი, რა მოხდებოდა. ისეთი მეგობრები მყავს, თავდამსხმელებს არ დაინდობდნენ და უარესი სისხლის ღვრა მოხდებოდა.
– პოლიციაში ამოცნობაზე იყავი დაბარებული. რომელიმეს მანამდე იცნობდი?
– ეგრევე ვიცანი ის ადამიანი, ვინც ბარში კისერში მწვდა, ის ორი ვერ ვიცანი და დაცვის საშუალებით გაარკვიეს. ჩემთვის სამივე პიროვნება, რომელიც თავს დამესხა უცნობია. არ ვიცი, რა უნდოდათ, რას მერჩოდნენ. ამოცნობაზე მათ სახეებს რომ შევხედე, შემეცოდნენ. თუმცა, ჩემი შვილიც რომ იყოს მოძალადე, სათანადოდ უნდა დაისაჯოს. ამის მომხრე ვარ! როგორც ვიცი, საქმე 126-ე მუხლით არის აღძრული – ჯგუფური ძალადობა, თავდახმა. იმდენი სიკეთე და საქველმოქმედო კონცერტი მაქვს ჩატარებული, არ ვიცი, რას მერჩიან. ვფიქრობ, ღმერთმა გადამარჩინა, თორემ სამივე სიკვდილისთვის გამიმეტებდა. როგორ შეიძლება, ადამიანი ასე გაიმეტო.
– ეჭვი გაქვს, რომ ეს კონკრეტული ადამიანისგან დაკვეთილი ინციდენტი იყო?
– არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ორი დღით ადრე, მავანმა გააკეთა ჩემზე სიუჟეტი, სადაც ამბობს, რომ გიორგი მასხულია ან უნდა გავძუყნო ცემაში ან უნდა ვუჩივლოო. ეს ფაქტი დაემთხვა და სავარაუდოდ, იმ სამმა ადამიანმა ეს გამოიყენა. მავანი ხუთი წელია, სიუჟეტებს აკეთებს ჩემზე და მაბულინგებს. სწორედ მას შემდეგ გაღიზიანდნენ ადამიანები, დაიწყო ჩემზე ბულინგი და აგრესია. როცა ადამიანი ახლოდან არ გიცნობს და სიუჟეტს უყურებს შემზე, ზუსტად ისეთი ჰგონიხარ, ღიზიანდება და აგრესია ეწყება. ხუთი წელია, ეს ადამიანი ვერ მოვიშორე. მას რომ არ გაეკეთებინა ეს მაბულინგებელი სიუჟეტები, ამ პრობლემის წინაშე არ ვიდგებოდი.
– თუ გქონდა თავად მავანთან კომუნიკაცია ამ ფაქტის შემდეგ?
– პირადად არ მქონია საუბარი მავანთან, მაგრამ ჩაწერა ლაივი და ინტერვიუც მისცა, სადაც ყველაფერს უარყოფდა. არ ვიცი, ვინ და როგორ დაგეგმა ჩემი ცემა, მაგრამ მთავარია, დამნაშავეები დაკავებულები არიან, ადვოკატიც მყავს და დაზარალებულად მცნეს.
– გავიგე, თითქოს დედაშენმა დაურეკა მავანს. მართალია?
– რა თქმა უნდა, დაურეკა. ყველა განერვიულებული მშობელი მოახდენს რეაგირებას, როცა ასეთი ფაქტი ხდება და დედამაც დაურეკა საქმის გასარკვევად. მათი დიალოგი არ ვიცი, დედას არაფერი უთქვამს. სხვათა შორის, დედა ჩემი ცემის შემდეგ ძალიან ცუდად იყო, საავადმყოფოშიც მოხვდა და მადლობა ღმერთს, ახლა, ცოტა უკეთ არის.
– შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია? როგორც ვიცი, ექსპერტიზა ჩაგიტარდა. რა დაზიანებები გქონდა თავდახმის შემდეგ?
– ტომოგრაფიაც ჩავიტარე და ექსპერტიზაც. სახის არეში მაქვს შიდა ჩაქცევები. მე ერთ კასრში არ ვხარშავ ადამიანებს. ბევრი კეთილი ადამიანია ჩემ გარშემო, თუმცა არიან დაბოღმილებიც, რომლებმაც, თავის ცხოვრებაში ვერ მიაღწიეს წარმატებას და მზად არიან, სხვისი წარმატება არ მიიღონ, არ გაიზიარონ და ეს ყველაფერი აგრესიით გამოხატონ.
– გრძელი თმა გაქვს, გიყვარს განსხვავებულად, ეპატაჟურად ჩაცმა... არ გიფიქრია, ეს ხომ არ იყო თავდახმის საბაბი?
– მიუხედავად, ჩემი განსხვავებული ჩაცმის სტილისა, არასოდეს მქონია პრობლემა. არ მიყვარს სტანდარტულად ჩაცმა. არ მახსოვს გრძელი თმის ან განსხვავებული ჩაცმის სტილის გამო, ადამიანი ჩემთან მოსულიყო, შეურაცხყოფა მოეყენებინა ან ამშარებოდა. ყოველთვის ამით ვტრაბახობდი – მე საქართველოში, ჩემი განსხვავებული ჩაცმისა და იმიჯის გამო, პრობლემა არ შემქმნია-მეთქი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





