გიორგი მასხულია: ბრიუსელს ჩავბარდი ლტოლვილის სტატუსით, არ მინდა, ვიღაც ჯონდიმ მომკლას 27 წლის ასაკში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:00 06.11

დიზაინერი გიორგი მასხულია საცხოვრებლად ბელგიაში, ბრიუსელში გადავიდა და ახალ ქვეყანაში ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს. რა გახდა ამის მიზეზი, ამაზე გიორგი თავად მოგვიყვება.
გიორგი მასხულია: საცხოვრებლად ბრიუსელში გადმოვედი. ჩავბარდი ლტოლვილის სტატუსით. საქართველოში ძალიან დაიძაბა სიტუაცია. ხალხი ერთმანეთის მიმართ აგრესიულად არის განწყობილი. ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე 90-იანებში ვცხოვრობთ. ამიტომ ვარჩევ, უახლოესი რამდენიმე წელი ჩემი საქმიანობა ევროპაში განვაგრძო. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამომივა. ახლა ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ეტაპი დგას, ფაქტობრივად, სიარულს ახლიდან ვსწავლობ. ახალდაბადებული ბავშვივით ვარ და ნელ-ნელა ვდგამ ნაბიჯებს. ამ მომენტისთვის იმ სტანდარტულ პროცედურებს გავდივარ, რომელიც ლტოლვილად ჩაბარების შემდეგ არის საჭირო.
– შენ გარშემო სულ სკანდალებია. მგონი, მთელი ცხოვრება ასეა, მაგრამ ბოლო პერიოდში – განსაკუთრებით აქტიურად. ცოტა ხნის წინ ქალები დაგესხნენ თავს.
– კი, ასე მოხდა. ტაქსი მყავდა გამოძახებული და ველოდებოდი. უცებ გოგონები დამესხნენ თავს. თურმე, ეს გოგონები ცნობილები ყოფილან სოციალურ ქსელებში – ხალხს ესხმიან თავს, ვიდეოებს უღებენ და სოციალურ პლატფორმებზე ავრცელებენ. როგორც გავიგე, არასრულწლოვნები არიან, ამიტომ უშედეგო აღმოჩნდა მათთან სამართლებრივად ბრძოლის მცდელობა. პოლიციამ ვერაფერი გააკეთა და ეს საქმე გვერდზე გადადეს. ესეც დიდი იმედგაცრუება იყო. ბევრი რამ მიეწყო ერთმანეთს და ამდენმა იმედგაცრუებებმა გადამაწყვეტინა საქართველოს დატოვება. აღარ მქონდა სურვილი, ჩემი საქმიანობა ასეთ გარემოში გამეგრძელებინა.
– ხშირად სოციალურ ქსელში წერდი იმაზე, რომ შენი შურდათ, ბოღმას ბევრისგან გრძნობდი, ინტრიგებს გიწყობდნენ. რა იგულისხმება ამ ყველაფერში?
– მე საქართველოში ერთადერთი წარმატებული კონკურსების ხელმძღვანელი ვარ. ეს არის „მისტერ ვალენტინი საქართველო“, „მის და მისტერ თბილისი“. ამის იქით ერთადერთი „მის საქართველოა“, რომელსაც ქალბატონი ია კიწმარიშვილი ატარებს. ამის შემდეგ მოდის ჩემი კონკურსები. სხვა კონკურსები საქართველოში ასეთი პოპულარული არ არის და ალბათ, ამით არის გამოწვეული შური ჩემ მიმართ. რატომ აქვს გიორგის ამდენი? რატომ დაფრინავს გიორგი ამდენს? რატომ ყიდულობს ამდენ რამეს? რატომ იცვამს ასე კარგად?.. კიდევ უამრავი ასეთი და ეს ყველაფერი ბოღმითა და შურით არის განპირობებული. კოვიდის დროს სამყარო გაჩერებული იყო და მე მაინც ვაკეთებდი კონკურსებს. ამაზე გიჟდებოდნენ, საიდან მოჰყავს სპონსორები და როგორ შეუძლია ეს ყველაფერიო?! ღვარძლი არ ასვენებდათ და ჩემზე დაბოღმილი ადამიანები შეიძლება, თვითონაც იყვნენ გარეულები ამ ჩხუბებსა და ჩემზე თავდასხმებში. თუნდაც, ისინი, ვინც დღემდე არ მანებებენ თავს. მაგალითად, რობერტო მავანი წლებია, ვერ მოვიშორე და ამ ადამიანისგან ბულინგის მსხვერპლი ვარ. ეს ადამიანის დევნაა. მან ბევრი ზიანი მომაყენა როგორც პიროვნულად, ისე საქმიანობაში. წლებია, ჩემ გარშემო შავი ლაქაა და არ მომწონს ის შავი პიარი, რომელიც ჩემ მიმართაა აგორებული. თუმცა, ზოგს ჰგონია, რომ რატომღაც მომწონს.
– რადგან თვითონაც საკმაოდ ეპატაჟური ადამიანი ხარ, ალბათ, ამიტომაცაა, რომ მარტივად იჯერებენ ხოლმე.
– კი, მეც ამას ვამბობ. დავიღალე საზოგადოებისთვის იმის მტკიცებით, რომ მე არაფერ შუაში ვარ და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ჩემი კარიერა ევროპაში, ქალაქ ბრიუსელში გავაგრძელო. ამ ქვეყანამ ძალიან თბილად მიმიღო. ჩემი პროექტები შევთავაზე და ვიცი, რომ დამიფინანსებენ. აქ აფასებენ ადამიანებს, რომლებშიც პოტენციალს ხედავენ. აქ არავინ გჩაგრავს და არავინ დაგცინის. თავს ყველგან ცივილურად გრძნობ. ეს არ ნიშნავს, რომ მე ჩემი ქვეყანა მძულს. ძალიან მიყვარს თბილისი და მთელი საქართველო, მაგრამ მანდ ხალხი ძალიან გაბოროტებულია.
– სოციალურ ქსელში და ქუჩაშიც იგრძნობოდა აგრესია?
– ძალიან დიდი დოზით. მოგეხსენებათ, რომ ერთი წლის წინ კლუბში თავს დამესხნენ. ბოლო პერიოდი, ხომ, საერთოდ, ძალიან დიდი დოზით ვიყავი აქცენტირებული ნეგატიური თვალსაზრისით. არ ვიცი, რატომ – ჩემზე უარესად იცვამენ, ჩემზე უარესად გამოდიან ქუჩაში და ვერ ვხვდები, რამ განაპირობა ჩემ მიმართ ასეთი აგრესია. მე არავისთვის არაფერი დამიშავებია. პირიქით, ვინც ჩემთან მეგობრობს ან ერთი დღით მაინც ჰქონია კომუნიკაცია, იცის როგორი პიროვნება ვარ და როგორ შემიძლია, ადამიანს გვერდით დავუდგე. შემიძლია, საკუთარი მტერიც კი დავაპურო. ბოროტებას არავის გავუკეთებ, მაგრამ თავსაც არავის დავუხრი. ჰოროსკოპით ლომი ვარ და ყველგან, სადაც მისასვლელია, რქებით მივდივარ. ისიც შურთ, რომ ასეთ ახალგაზრდა ასაკში მწერალთა კავშირის წევრი ვარ. არადა, უკვე თითქმის ხუთი წელია, რაც მწერალთა კავშირში მიმიღეს.
– კი, ამას ძალიან დიდი ირონია მოჰყვა.
– ასე იყო. მე მინდოდა და ვარ მწერალთა კავშირის წევრი. მე მინდოდა და მაქვს ჩემი კონკურსები. ეს ყველაფერი იყო ჩემი მიზანი. ქალაქ სენაკიდან რომ ჩამოვედი, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული კონკურსები ჩემი იქნებოდა და მე ეს პირობა შევასრულე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში ჩემი თავი ამოვწურე და ევროპაში ყველაფერს თავიდან ვიწყებ.
– გარეგნობა და სტილი – ძალიან ხშირად სწორედ ეს არის ხოლმე შენთან მიმართებით განხილვის თემა. არ გაცვია ისე, როგორ სამოსსაც ბიჭები სტანდარტულად ატარებენ.
– ჩემი და შორენა ბეგაშვილის დაბადების დღე, დაახლოებით, ერთ პერიოდში იყო. შორენამ, ჩემთან შედარებით, გაცილებით გლამურული და ძვირად ღირებული დაბადების დღე გადაიხადა, მაგრამ ვამბობ ხოლმე, მის დაბადების დღეს არ მოჰყოლია ისეთი ამბავი, როგორიც ჩემსას მოჰყვა, ზუსტად ჩაცმისა და სტილის გამო (იცინის). მე ვერ ჩავიცვამ ისე, როგორც ყოველდღიურად იცვამს რიგითი მცხოვრები. მე ვარ დიზაინერი, მე ვარ შემოქმედი და არტი-ადამიანი, რომელსაც უნდა რომ განსხვავებულად ეცვას. მე ყველაფერს განსხვავებულად ვუყურებ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული ორიენტაციის უნდა ვიყო.
– გამორჩეული სამოსი, მაკიაჟი და კი, მაშინვე ორიენტაციაზე იწყება ხოლმე საუბარი.
– ასე თუ შევხედავთ, ფილიპ კირკოროვი სულ მაკიაჟს ატარებს, სასწაულად იცვამს, მაგრამ, როგორც ვიცი, სამი თუ ოთხი შვილი ჰყავს. ასეა მსოფლიოში ცნობილ ბევრ სხვა ვარსკვლავთანაც. განსხვავებული სტილი არ ნიშნავს, რომ მე ჩვენს ტრადიციას არ ვცემ პატივს. მე ვარ არტი, შემოქმედი ადამიანი და ვერ მეცმევა ისე, როგორც სხვას. ეს ჩემი სტილია, მე ასე მომწონს. ღონისძიებებზე რომ მივდივარ, ჩემი ჩაცმულობის გამო ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვარ. ჩვენს ცნობილ სახეებს მოსწონთ, იცით?! მეკითხებიან, სად შევიკერე, გემოვნებას მიქებენ... ერთ-ერთ ცნობილს ისე მოეწონა ჩემი პიჯაკი, ღონისძიებაზევე გამხადა და იჩუქა (იცინის). მოსწონთ, თუმცა, მასხულია ყოველთვის არის განხილვის თემა. ვიღაცებს უნდათ, რომ ხელი შემიშალონ, გოიმი მეძახონ. თუ გოიმი ვარ, რაღატომ მოდიხარ ჩემს პროექტებზე? რატომ გაქვს ჩემთან კომუნიკაცია?! ცნობილი სახეები მირეკავენ და მეუბნებიან, გიო, გეხვეწები, კლიპისთვის ერთი სპონსორი მიშოვეო. ორ წუთში მიშოვია მათთვის 3-4-ათასიანი სპონსორი და პირი დაუღიათ გაოცებისგან. ალბათ, ესეც იწვევს ბოღმას და შურს.
– გამოიყურებოდე განსხვავებულად, ეს შენი, როგორც არტისტის, თვითგამოხატვის ფორმაა, მაგრამ ნეგატიური გამოხმაურება, ჭორები ორიენტაციაზე და ასე შემდეგ, რაც ამას მოჰყვება, არ არის რთულად შესაგუებელი?
– ამ სფეროში რომ შემოვდიოდი, ამაზე უკვე ვფიქრობდი და 15 წლისამ საკუთარ თავში დიდი ტრანსფორმაცია მოვახდინე. ჩემს თავს ვამზადებდი ამ ყველაფრისთვის. გული იმაზე მწყდება, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა და უფრო ამიტომაც წამოვედი. უკვე ძალიან დაიძაბა მდგომარეობა და პოლიციაც აღარ რეაგირებდა. ადრე პოლიციას რომ მივმართავდი, შესაბამისი რეაქცია ჰქონდა და თავს უფრო დაცულად ვგრძნობდი. ბოლო პერიოდში კი უკვე ვეღარ ვგრძნობდი თავს დაცულად. არ მინდა, ვიღაც ჯონდიმ მომკლას და 27 წლის ასაკში დავასრულო სიცოცხლე.
ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი დედაჩემია. ის ჟურნალისტი და მწერალია. დედა ძალიან კარგი ადამიანია და ის არაფერს მაგრძნობინებდა, მაგრამ მე ხომ ვხედავდი, რომ უკვე ისიც დაიღალა ამ სკანდალებით. განიცდის ამ ყველაფერს. უფრო ამიტომაც გადავწყვიტე, ეს ნაბიჯი გადამედგა. იმედია, დროსთან ერთად, მდგომარეობაც ცოტა დამშვიდდება და დაწყნარდება. გარემო შეიცვლება, ადამიანები შეიცვლებიან. რეალურად ცოტა ხანია, რაც გადმოვედი აქ, მაგრამ უკვე ძალიან მენატრება თბილისი და საქართველო და რა თქმა უნდა, მინდა დაბრუნება.
– ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ კარგად ჩაცმა გიყვარს, ბევრს მოგზაურობ და ასე შემდეგ, ხშირად მესმის ჭორები შენს ფულიან საყვარლებზე. რა ხდება რეალურად?
– იყვნენ ფულიანი საყვარლები, თუმცა ცოტა გავუშვი. ახლა ნაკლებად არიან ჩემ ირგვლივ (იცინის). მე ვფიქრობ, რომ რაც საკუთარ თავში არ მოგწონს, უნდა გამოასწორო, რამის გაკეთება თუ გჭირდება, უნდა გაიკეთო, საკუთარი თავს ფუთავ, ბრენდავ იმისთვის, რომ მერე რეალიზება გაუკეთო. მყავდა ბევრი ფულიანი საყვარელიც, ფულიანი მეგობრებიც, მაგრამ მე ამას არ გავუგიჟებივარ, არ შევუცვლივარ და მეგობრობა და ადამიანობა არ დამვიწყებია.
– ბოლო წლების განმავლობაში ვიზუალურად ძალიან შეიცვალე, როდიდან დაიწყე ეს ცვლილებები?
– ცხვირის პლასტიკური ოპერაცია იყო ჩემი პირველი ოპერაცია. მეგრული კეხი მქონდა და 2013 წელს გავიკეთე (იცინის). შემდეგ ტუჩის კორექციაც გავიკეთე, წარბის აწევა, ყვრიმალი, ბოტოქსი და კუჭის ოპერაცია. აი, არაფერი არ დამიმალავს (იცინის). ჯერჯერობით მეტი არაფერი გამიკეთებია (იცინის). კუჭის ოპერაცია 24 წლის ასაკში გავიკეთე. იმ ასაკის კვალობაზე ძალიან დიდი წონა მქონდა – 146 კილოგრამი ვიყავი და ეს მაკომპლექსებდა. მე ვფიქრობ, თუ ადამიანს უნდა და შეუძლია ცვლილებები შეიტანოს საკუთარ ვიზუალში, რატომაც არა? აბა რისთვის არსებობს პლასტიკური ქირურგია?! თუ შენი თავი არ მოგწონს, უნდა შეიცვალო და მე არ მომწონდა ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვიყავი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს შეურაცხყოფას ვაყენებ. ზოგს მოსწონს თავის ზედმეტი კილოგრამები და ამაში ცუდი არაფერია.
– ორიენტაციასთან დაკავშირებულ ჭორებზე ვისაუბრეთ და მაინტერესებს, მამაკაცების მხრიდან არ გქონია შემოთავაზებები?
– უამრავი შეტყობინება მომდის. ოდნავადაც არ ვამეტებ, მართლა ძალიან ბევრი მწერს, მაგრამ ფარული გვერდებიდან. თქვენ წარმოიდგინეთ, მანქანაც მოუყვანიათ ჩემი სახლის კართან, მაგრამ უკან გამიბრუნებია. არ მაქვს სურვილი, არ მჭირდება ასეთი რამ. ჩემი არტი და ჩემი დამოკიდებულება ჩაცმისა და ვიზუალის მიმართ არ ნიშნავს, რომ სხვა ორიენტაციის ვარ. რატომღაც ზოგს ასე ჰგონია. ამიტომაც მომიყვანა ერთმა ძალიან გავლენიანმა ადამიანმა მანქანა საჩუქრად და უკან გავატანე. რად მინდოდა მისი მანქანა. მანქანიანად გავუშვი უკან და უფრო მეტიც, სარკეც ჩავულეწე იმ მანქანაში. ეს ამბავი, დაახლოებით, ერთი წლის წინ მოხდა.
– მგონია, რომ არც ქალები გაკლებენ ყურადღებას.
– კი, უცხოელებიც და ქართველებიც. ძალიან სოლიდური საჩუქრებიც ყოფილა, „პიჭუპაჭუები“ – არა (იცინის). ეგ დღემდე არის და სიმართლე გითხრათ, გული სწყდებათ საქართველოდან რომ წამოვედი (იცინის).
– ბოლოს, მითხარი, რა ბედი ეწევა იმ კონკურსებს, რომელსაც საქართველოში მართავდი?
– როცა აქაურ საბუთებს მწყობრში მოვიყვან, მიმოსვლა პრობლემა აღარ იქნება, მაგრამ ამას დაახლოებით სამი წელი სჭირდება. მანამდე შემიძლია, ჩემი პროექტები ლიცენზიით გავცე და დროებით სხვამ გაუწიოს ორგანიზება. ამაზე უკვე ვზრუნავ. ასევე, გაზაფხულზე აქ ვაპირებ პირველი ჩვენების გამართვას, სადაც ჩემი სააგენტოს მოდელებს მოვიწვევ, ასევე მომღერლებს, დიზაინერებს და მგონი, ყველაფერი კარგად გამომივა. გამოცდილება მაქვს და ვფიქრობ, წარმატების მიღწევა არ გამიჭირდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან