შოუბიზნესი

გიორგი კეკელიძე: ჩამომხრჩვალი ბაბუა პირველად მე ვნახე. მას მერე დიდხანს ვფიქრობდი ამაზე და ეს საშინელი საქმე მიმზიდველად მეჩვენებოდა

№16

ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 28.04

გიორგი კეკელიძე
დაკოპირებულია

გიორგი კეკელიძის ცხოვრება ნამდვილად არ ყოფილა ადვილად გასავლელი. იყო ოცნება, მწარე რეალობა, სიკვდილისთვის ფართოდ გახელილი თვალებით ჩახედვა, განცდა, წარმატება, დაღმასვლა და მიუხედავად ამისა, ის დღეს მყარად დგას დედამიწაზე. განვლილი ეტაპები წარსულს ჩაბარდა, წინ უამრავი მიზანი და სასიხარულო წამებია.

– გიორგი, როგორი ბავშვობა გქონდა, რაზე ოცნებობდი და თუ იხსენებ ხშირად იმ დროს და ბრუნდები იქ, სადაც ყველაზე ბედნიერი წლები გაატარე? ბავშვობაში, გურიაში, ბალახზე წამოწოლილი, ცაში ყურებისას რომ ოცნებები გქონდა, ნელ-ნელა აგიხდა?

– ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა. სხვისას არ ჰგავდა. არც გამხმარ პურს ვჭამდით და არც შოკოლადის კარაქიანს. არ იყო ეს უკიდურესი სიღარიბე და რა გასაკვირია, რომ არც სიმდიდრე იყო, არც მწუხარება და არც სიხარული, არც ტყვეობა და არც თავისუფლება. სადღაც, შუაში გაჩხერილები ვიდექით მამიდაშვილების გამონაცვალი შარვლებით, შარვლებში „ნაკლეიკებით“ და რუმინეთიდან ბიცოლაჩვენის ჩამოტანილ საღეჭ რეზინებს ვღეჭავდით და ვბერავდით. მაგრამ, ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ამოვარდნა გვეგულებოდა იმ დროს – საზაფხულო არდადეგები. განა რამე იცვლებოდა, კალენდარში რიცხვების გარდა. იგივე ხიდი იდგა და მდინარეში იმავე ხიდიდან ვხტებოდით... იგივე მდინარე ჩამოდოიდა, იგივე ღობეები, იგივე ლოგინები და იგივე სიზმრები... და, წვიმის ხმა ოჭვათოში – ძალიან იგივე. მაგრამ, ზაფხულის არდადეგებს მაინც საგანგებო სუნთქვით ვხვდებოდით, რადგან ეს შეუმჩნეველი ოცნება იყო ნამდვილ არდადეგებზე. მოგზაურობებითა და თავგადასავლებით სავსე არდადეგებზე. სიახლეებითა და გაკვირვებით სავსე არდადეგებზე. და, გვიხაროდა, რადგან ვიცოდით ან, უფრო ზუსტად, ვგრძნობდით, რომ ზაფხულის არდადეგები გულისხმობდა სხვა ამბებს, რომელიც შეიძლება, მომხდარიყო. ამ უცხო ტვირთით მოვედით ჩვენ, სხვა ვერ გაიგებს ამ სიმძიმეს და სიმსუბუქეს, გაუგებარ სიხარულს. შეიძლება, ბოლომდე ჩვენც ვერ გავიგოთ ჩვენი ნელთბილი ბავშვობა, დიდი ამოვარდნით, დიდი სიცხით – საზაფხულო არდადეგებით. ამგვარ ზაფხულებში დაიბადა ჩემი ოცნებები და ახდენა არ არის აუცილებელი, აუცილებელია, რომ ისინი არსებობდნენ.

– სამწუხაროდ, ბავშვობაში, იყო პირველი სტრესი, რომელიც დიდობაშიც გამოგყვა. ბაბუის სუიციდს ვგულისხმობ. თუ არ ვცდები, ის პირველად შენ ნახე გარდაცვლილი. როგორი გავლენა მოახდინა ამან შენს ფსიქიკაზე?

– მეხუთე კლასში ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებულს, სადილად მსხდარმა ოჯახის წევრებმა მითხრეს: წადი, ბაბუას დაუძახე, შემოგვიერთდესო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ბაბუაჩემი, ჩემი გმირი და მეზღაპრე, თხილის ბაღში მუშაობდა ხოლმე და მე ვეძახდი სადილად. მაშინაც მივირბინე და... შაქროს ყველაზე მაღალი თხილის ხე შეერჩია, თოკი მიება და ირწეოდა. ბაბუამ, თავი ჩამოიხრჩო. მას მერე, დიდხანს, დიდხანს ვფიქრობდი ამაზე და ეს საშინელი საქმე მიმზიდველად მეჩვენებოდა. ერთხელ, ბოსელში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე, ვუყურე, ვუყურე, შემეშინდა და გამოვიქეცი. არის ასაკი, როცა ყველაფერი გადამდებია და მით უფრო ისეთი რამ, რაც ირიბ, უცნაურ და გამომწვევ საქმედ მოსჩანს.

– ერთხელ თქვი, საკუთარ თავზე შურისძიება, წარმატების მიზეზი გახდაო და რას გულისხმობდი?

– იმას, რომ ადამიანი ფერისცვალების არსებაა, რაც ნიშნავს ექსკლუზიურ უნარს – გააუმჯობესო საკუთარი თავი. ეს კი მოძრაობას მოითხოვს.

– იყო დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, სუიციდის მცდელობა... როგორ ფიქრობ, ეს ყველაფერი შენი სუსტი ფსიქიკის ბრალია, გარემოცვისა და მოვლენების, რომელიც შენს გარშემო ვითარდებოდა თუ, უბრალოდ, ნებისყოფის? და, იმ სისუსტეებმა და მათთან ბრძოლამ უფრო გაგაძლიერა?

– ყველა ადამიანის ფსიქიკა სუსტია. უბრალოდ, არსებობს ცდომილებები, რომელიც ამ სისუსტეს ავლენს. სისუსტე ადამიანის ყოფნის ნიშანია და პირიქით. ადამიანი ასე უფრო საინტერესოდ მოჩანს. ძლიერიც ვართ და სუსტიც, ხან ერთი უნარი აჭარბებს, ხან – მეორე.

– მაშინ, სარკეში რომ იყურებოდი, ვის ხედავდი და ახლა, როცა სარკეში იხედები, ვის ხედავ?

– სარკეში მაშინ განადგურებულ ადამიანს ვხედავდი და ახლა, ვხედავ ადამიანს, რომელსაც ეს განადგურებული ადამიანი ნანახი ჰყავს. ეს ბევრ რამეს ნიშნავს.

– და ახლა, ამ გადასახედიდან, რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც იმ გზას გადის, რომელიც შენ რთულად, მაგრამ მაინც გამოიარე?

– იმ ტანჯვას გაუსაძლისს მიღმა ეთქმოდა – უკონტროლო ბენზოდიაზეპინების არნახული ბურუსი ისედაც საზარელ ობსესიებს აძლიერებდა. შიშების ალყა, სრული უუნარობა. 57 კილოგრამი ვიყავი, დიაფრაგმის სპაზმის გამო შეუჩერებელი სლოკინი წამებას აათკეცებდა, კედელს ვეყრდნობიდი და ისე მივღოღავდი, დერეალიზაციის ჯოჯოხეთური გისოსები, სამყაროსგან მაცალკევებდა, დედამიწა სადღაც მიღმა არსებობდა და იღიმოდა. ღიმილი კი, საერთოდ, სხვა რასის ნიშანი მეგონა. უმძიმესი დეპრესია, წარსულის საცეცებით მომავლის წაშლა და აწმყოს გაუქმება, მცირე შეცდომებზე ფიქრის დაუცხრომელი წრებრუნვა, გაასმაგება, გამოგონება და თვითგვემის ტანტრუმი. ცილისწამებისა და დაბრალების ფობია... მოკლედ, სულის სიმსივნე შფოთვის აგრესიული მეტასტაზებით. დღეს კი ყოველდღიურად ვცდილობ, მაგალითი მივცე სხვებს და ხელი გავუწოდო. ცალკე და ახალი ბრძოლაა ეს, მძაფრი და საინტერესო. სწორი მკურნალობა და ნებელობა, რომ გამარჯვება გარდაუვალია.

– დღეს, რა არის შენი ცხოვრების დევიზი და როგორ ფიქრობ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი?

– ჩემი ცხოვრების დევიზია – დააკვირდი! ცხოვრება, ღირს დაკვირვებადაც ან, შეიძლება, მხოლოდ ამად ღირს...

– შენს ცხოვრებაში ყველაზე გარდამავალი ეტაპი დგას, მალე მამა გახდები. რა შეცვალა საყვარელი ადამიანის, მარიამ სოსელიას გამოჩენამ და ზოგადად, ღირდა ამდენი განცდის გამოვლა ამ წამისთვის, რასაც ახლა შეიგრძნობ?

– პირად ცხოვრებაზე საუბარს გავურბივარ და რახან გავურბივარ, ესე იგი, ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია.

– გასაგებია. ის მაინც გვითხარი, ბიჭს ელოდებით თუ გოგონას და როდის მოევლინება სამყაროს პატარა?

– გოგოს ველოდებით, აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში.

– ფიქრობ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გამართლებული ცხოვრება გაქვს, რა არის შენი მომავლის მთავარი მიზანი, რომელიც ზუსტად ვიცი, უკვე დასახული გაქვს.

– ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრება ცუდი და კარგი კი არა, საინტერესოა. ყოველი დღე ახალ და გასაოცარ ამბავს მთავაზობს, ხან ისეთს, ზოგი რომ, ალბათ, წლებს მოანდომებს. ამისთვის, მადლიერი ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა