შოუბიზნესი

გიორგი კალანდია: ჩემს დაბადების დღეზე ერთი წესი მაქვს - მობილურს ვრთავ და „ფეისბუქს“ ვაუქმებ

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 07.05

გიორგი კალანდია
დაკოპირებულია

როგორ ხვდება გიორგი კალანდია საკუთარ დაბადების დღეს, რატომ არ უყვარს მას ქების მოსმენა და კიდევ რით არის ეს დღე მისთვის განსაკუთრებული, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

გიორგი კალანდია: 1975 წლის 31 მარტს დავიბადე. ჩემს დაბადების დღეზე ერთი წესი მაქვს – მობილურს ვრთავ და ვცდილობ, განსაკუთრებული ყურადღება არ მივიქციო. აქედან გამომდინარე, თავად განსაჯეთ, რამდენად მიყვარს ეს დღე.

– ასე რატომ იქცევით?

– უამრავი ადამიანი მირეკავს, მაქებს და ასეთ დროს თავს უხერხულად ვგრძნობ. მირჩევნია, ამ დღეს საკუთარ თავთან მარტო დავრჩე, მეტი ვიფიქრო იმაზე, თუ რა გავაკეთე და რა მაქვს გასაკეთებელი.

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ეს დღე. განსაკუთრებულად ველოდი ხოლმე. მერე, როცა ასაკში შედიხარ, უკვე სხვანაირად იწყებ ყველაფრის შეფასებას და გადაფასებას. დღეს ჩემთვის დაბადების დღე უფრო მეტად დაფიქრებისა და განსჯის თარიღია. ამ დღეს „ფეისბუქსაც“ ვაუქმებ. ყველანაირად ვცდილობ, ყურადღება არ მივიქციო.

ვერ ვიტყვი, რომ ეს დღე უარყოფით ემოციებს უკავშირდება. პირიქით, ბავშვობაშიც და ახლაც, დადებითი განწყობით ვხვდები, უბრალოდ, ბავშვობაში მოგწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ზრდასრულ ასაკში უკვე სხვა ფიქრები მოდის წინა პლანზე. დღეს, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ბევრი ადამიანი მიცნობს, ტელეფონი არ ჩერდება, არ ჩერდება არცერთი სოციალური ქსელი და ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ აღმოვჩნდები ხოლმე. სად – ბავშვობა, როცა 20-50 ადამიანი გილოცავს და სად – 2 და 3 ათასი ადამიანი. ერთი მხრივ, ძალიან სასიამოვნოა და მადლიერი ვარ, მაგრამ თან, ასეთ დროს, შეიძლება, თავი განსაკუთრებულ ადამიანად იგრძნო. ამ დროს კი ყველას ჩვენი მოკრძალებული ადგილი გვაქვს ამ ცხოვრებაში, მე ასე მგონია. ამიტომ ვცდილობ, ამ დღეს ნაკლები ყურადღება მივიქციო.

– იმ ბავშვობაში დღევანდელი რეალობა არ იყო სასურველი და საოცნებო? თუნდაც ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მოელოცა, ისეთი საქმე გაგეკეთებინათ, რომ ყველას გაეცანით და ასე შემდეგ.

– არა, არასოდეს. მე არასდროს დამიგეგმავს, რომ ვყოფილიყავი ჟურნალისტი ან ცნობადი სახე. ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი და მოწოდება, ამისთვის განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. მას შემდეგ, რაც გონში ჩავვარდი, ჩემი მიზანი იყო, ვყოფილიყავი ისტორიკოსი. მე ისტორიკოსი ვარ, ჩემი ძირითადი პროფესია ეს არის. ჟურნალისტიკაშიც ყოველთვის ვცდილობ, ამ რაკურსით ვისაუბრო. ჩემი ოცნება პოპულარობასთან არ იყო დაკავშირებული. ჩემთვის ცნობადობა, ერთი მხრივ, სასიამოვნოა, მეორე მხრივ კი – ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. დიდი პასუხისმგებლობები კი, მეტ-ნაკლებად, დისკომფორტს იწვევს.

– არ აღნიშნავთ დაბადების დღეს, თუნდაც, ძალიან ახლობლების გარემოცვაში?

– კი, არ იფიქროთ, რადგან მობილურს ვრთავ და სოციალურ ქსელს ვაუქმებ, სახლში ვიკეტები და ვიმალები. არავითარ შემთხვევაში. ჩემს მეგობრებთან, ჩემს სამსახურში, უახლოეს წრესთან ერთად საკმაოდ მხიარულად აღვნიშნავ ამ დღეს. არ მახსენდება, დაბადების დღე არ აღმენიშნოს. არ ვკეკლუცობ, გულწრფელად ვამბობ, რომ ჩემი თავი განსაკუთრებულად არ მიმაჩნია. არ მიმაჩნია კი არა, არ ვარ ასეთი. აქედან გამომდინარე, როგორც კი ვექცევი ასეთი ყურადღების ცენტრში, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და როგორც იაკობ გოგებაშვილი ამბობდა, მიჩვეული მოკრძალებული ცხოვრების წესს. როგორც კი ჩემი მოკრძალებული ცხოვრების წესი ირღვევა იმით, რომ განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი ვხდები, ჩემთვის უჩვეულო მდგომარეობაში ვარ, თორემ დაბადების დღეს მეც ზუსტად ისე აღვნიშნავ, როგორც თქვენ, საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან ერთად და ეს ძალიან მომწონს. მეგობრები ჩემთან მოდიან სახლში, ეზოში მწვადსაც ვწვავთ, ღვინოსაც ვსვამთ, ვქეიფობთ და ასე შემდეგ. რაც ქართველებს გვახასიათებს, ყველაფერს ვაკეთებ. უბრალოდ, არ მიყვარს დიდი და განსაკუთრებული სუფრები, სადაც იუბილარს უზარმაზარი ტექსტებით აქებენ. მე ძალიან კარგად ვიცი, ვინ ვარ და რა ვარ, ამიტომ არ მინდა, განსაკუთრებული წარმოდგენები შევიქმნა, თუნდაც, დაბადების დღეს (იცინის). შესაბამისად, ამ დღეს ძალიან რეალისტურად და ბედნიერად ვხვდები მეგობრების გარემოცვაში.

– ასაკის მატებას დადებითი ემოციებით ხვდებით თუ ნოსტალგიური განწყობები ჭარბობს?

– რომ გითხრათ, ძალიან ვბედნიერდები ასაკის მატების გამო-მეთქი, არც დამიჯერებთ, მაგრამ ამასაც რეალისტურად ვუყურებ. ვიცი, რომ ეს გარდაუვალია. ადამიანი უნდა გაიზარდოს, დაბერდეს და ჩაბარდეს არსთა გამრიგეს. ვაცნობიერებ ამას და დაბადების დღე, ერთი მხრივ, სიხარულის, მეორეს მხრივ, პასუხისმგებლობის გრძნობითაა სავსე. მე ვიცი, რომ ცას ვერ გამოვეკერები და არც მაქვს ამის სურვილი. მინდა, ბევრი რამ მოვასწრო, რაც მიზნად მაქვს და ამისთვის დიდ ძალისხმევას ვხარჯავ.

წელს 50 წლის გავხდი. ეს ის ასაკია, როცა ადამიანმა საკუთარი ცხოვრება უნდა მოაწესრიგოს, ასე მიმაჩნია. ვგულისხმობ, რომ რაც გაგიკეთებია, ის უნდა დაალაგო გონებასა თუ ცხოვრებაში. მაგალითად, ჩემი 50 წლის იუბილესთვის, მეგობრების დახმარებით, მთელი ჩემი ბიობიბლიოგრაფია მოვამზადე: ჩემი ფილმები, წიგნები, სტატიები, ინტერვიუები, რაც კი გამიკეთებია, მოვიძიე, დავახარისხე ქრონოლოგიურად, ჩემივე ფინანსებით გამოვეცი და ახლა ბიბლიოთეკებში დავაგზავნი. ამას ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. მეც რომ დამჭირდეს, იმდენი წიგნის, სტატიის თუ ფილმის ავტორი ვარ, რომ შეიძლება, თვითონაც არ მახსოვდეს ბევრი რამ.

– ისევ და ისევ ისტორიკოსის მიდგომა ჩანს...

– შეიძლება, ისტორიკოსისაც და მუზეუმელისაც. მე ბევრი დიდი ადამიანის არქივი მინახავს, რომელიც ჩვენს მუზეუმში მოუტანიათ მის მემკვიდრეებს და გული დამწყვეტია, რადგან ძალიან მნიშვნელოვან ადამიანების არქივს ეხება საქმე, შვილებს კი, სამწუხაროდ, აღარ სცალიათ მისთვის და ძალიან არასათანადო პირობებში ინახება. იმდენი რამ არის აღრეული ამ არქივეში, რომ ხვდები, ეს ყველაზე არასწორია ამ ადამიანების ცხოვრებასთან მიმართებაში. შენი ცხოვრება უნდა მოაწესრიგო, უნდა დატოვო მემკვიდრეობა ისე, რომ სხვას ჰქონდეს საშუალება მას სწორად გაეცნოს. ჩვენს მუზეუმში ინახება დიდი შალვა დადიანის არქივი და მასში არის ერთი ჩანაწერი „ბოდიშს ვუხდი ჩემს მომავალ თაობებს, რომ ასეთი არქივი დავუტოვე“. მართლა უნიკალური და ძალიან ძვირფასი არქივია, მაგრამ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა მის დასამუშავებლად. ამ პროცესში ბევრი რამ იკარგება და ეს გულდასაწყვეტია. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრების განვლილი ნაწილი მომეწესრიგებინა და დამეტოვებინა იმ ფორმით, რომ მომავალში, თუ ვინმეს რამე დააინტერესებს, ადვილად იპოვოს.

– ყველაზე ძვირფას საჩუქართან დაკავშირებით რა გახსენდებათ?

– შეიძლება, საჩუქარი არ იყოს ძალიან ძვირად ღირებული, მაგრამ იყოს ძალიან ღირებული. მე მაგალითად, რამდენიმე კოლექციას ვაგროვებ: ნიღბების, მონეტების და როცა ამ ტიპის საჩუქარს ვიღებ, ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ხშირად საჩუქრად ვიღებ ხოლმე ჰალსტუხებს. ეთერში სხვადასხვა ფერის ჰალსტუხი ქმნის იმის წარმოდგენას, რომ სხვადასხვა ტანსაცმელი გაცვია, რაც ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან ხელსაყრელია. წელს ჩემმა მეგობარმა ძალიან საინტერესო საჩუქარი მისახსოვრა – სამეგრელოში მდებარე ტობავარჩხლის ტბის ნახატი. ბოლო პერიოდში ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია ჩემთვის და ჩემს სახლში დაიდო ბინა.

– რომელიმე კონკრეტული დაბადების დღე განსაკუთრებულად თუ გახსოვთ?

– მე ხშირად მითქვამს, რომ ჩემი ოჯახი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული პრეზიდენტ გამსახურდიასთან. მამაჩემი პრეზიდენტ გამსახურდიას მთავრობის წევრი გახლდათ. როცა პრეზიდენტ გამსახურდიას მოექცნენ ისე, როგორც მოექცნენ, მე 16 წლის ვიყავი. 14 წლიდან, როცა ჩემი ოჯახი ზვიად გამსახურდიას დაუკავშირდა, ჩემთვის ყველა დაბადების დღე რაღაცით განსაკუთრებული იყო, რადგან ეს იყო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. თითქოს, ჩემი დაბადების დღე იჩრდილებოდა, ეს ვის ახსოვდა, როდესაც 31 მარტი რეფერენდუმის დღეა, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა, მაგრამ ჩემთვის ყველა ამ მიზეზის გამო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დღე გახდა. მე 31 მარტს მეძლევა საშუალება, რომ ეთერში ვისაუბრო პრეზინდეტ გამსახურდიაზე და ყოველთვის ვცდილობ, განსაკუთრებული გადაცემა გავაკეთო. ვცდილობ, ისეთი ამბები მოვყვე საქართველოს უახლოესი ისტორიის შესახებ, რომელზეც წინათ არ საუბრობდნენ, ტაბუირებული ან აკრძალული იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა