შოუბიზნესი

გიორგი კალანდაძე: მარტივი ცხოვრება და ცოტა თავქარიანობა მინდოდა

№45

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 17.11, 2021 წელი

გიორგი კალანდაძე
დაკოპირებულია

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი კალანდაძე „პოსტივის“ დილის გადაცემის გუნდს შეუერთდა. სატელევიზიო სივრცეში მას მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. როგორც ამბობს, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა და შრომისმოყვარეობის წყალობით ბევრს მიაღწია.

გიორგი კალანდაძე: „პოსტივის“ გუნდის წევრი მისი დაარსების წუთიდან ვარ, ჩემ თვალწინ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ჩვენ ჩვენი ენერგიით, ხელმძღვანელობასთან ერთად, შევქმენით ის პროდუქტი, რომელსაც დღეს ეს ტელევიზია წარმოადგენს და ამ პროცესში დიდი შრომა ჩავდეთ. კონკრეტულად დილის გადაცემა ჩემთვის სიახლეა და სიახლე ყოველთვის სასიამოვნოა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ამპლუა ბოლომდე ჩემი კომფორტის ზონაა, მაგრამ მე, როგორც წამყვანს, ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა სხვადასხვა არხზე სხვადასხვა ფორმატის გადაცემაში და დილის გადაცემაც ძალიან მიყვარს და მომწონს.

– როგორც მსახიობს, ეკრანსა და თეატრში პაუზა გაქვს?

– ზოგადად, სფერო ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ იმიტომ რომ ამ ეტაპზე მე არ ვარ ინტეგრირებული კინოში ან თეატრში, არ ვიტყვი, რომ იქ ცუდია და არაფერი ხდება, პირიქით, მადლობა ღმერთს, ბევრი საინტერესო რამე ხდება. მაგრამ როცა მეტ-ნაკლებად მედიაფიგურა გავხდი, ცხოვრებამ, დრომ და რუტინამ ისე დაალაგა ყველაფერი, რომ გზაგასაყარზე ვიდექი და მე გადაწყვეტილება უნდა მიმეღო – ან თეატრი ამერჩია ან მედიასივრცე. ორ სკამზე ჯდომა ფიზიკურად შეუძლებელია. მე 17 წლის ასაკში დავიწყე აქტიური საქმიანობა. ამ ასაკში ბოლომდე რეალიზებული იყო თეატრში და ასევე საქმე არ გააფუჭო კინოსა და მედია-მიმართულებით, არ გამოდის. ვიყავი სერიალში, რომელსაც დიდი დრო მიჰქონდა და წელიწად–ნახევრის შემდეგ, როცა გავაცნობიერე, რომ სცენაზე ფეხსაცმლის ჩაცმა-ჩაცმით შევრბოდი, მივხვდი, რომ რაღაცას სწორად არ ვაკეთებდი. არ შეიძლება, რეპეტიციაზე აგვიანებდე, მერე გადაღებაზე გაგვიანდებოდეს, სადაც მთავარ როლში ხარ და მთელი პროცესი შენ გელოდებოდეს. ამიტომ გადავწყვიტე, მედიისკენ გადავხრილიყავი.

– მსახიობებს რომ პირიქით ურჩევნიათ ხოლმე?

– ეს ცოტა დრომოჭმული კლიშეა. თავიდანვე ალმაცერად ვუყურებდი ამ დამოკიდებულებას. ჩემი ვნება კინო, კამერა და მასობრივი მედია უფროა, ვიდრე თეატრი. თუმცა, ემოციებს, რომელსაც თეატრისა და ცოცხალი აუდიტორიისგან ვიღებდი, შეუდარებელია. არაერთხელ ყოფილა შემოთავაზება მეგობარი რეჟისორებისგან, თეატრებისგან, მაგრამ კეკლუცობის გარეშე იმდენჯერ ვთქვი უარი, რომ ნელ-ნელა შემოთავაზებებმაც იკლო. მე არასდროს ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებებს, ყოველთვის წინ ვიყურები, უკან – არასდროს. მას შემდეგ 16 წელი გავიდა და ახლაც დარწმუნებული ვარ, ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.

– ავტომობილებზე გაქვს გადაცემა და თან ავტომობილები შენი ყველაზე დიდი ვნება ყოფილა.

– ძალიან გამიმართლა სწორ დროს, სწორ ადგილას და სწორ ადამიანებთან მოხვედრით. ალბათ, ამას დაემატა ჩემი შრომისმოყვარეობაც, რადგან ძალიან დაუზარელი ვარ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის მქონდა კომფორტი, საჭირო და ჩემთვის საინტერესო შემეთავსებინა ერთმანეთისთვის, ეს დიდი გამართლებაა. თუნდაც გადაცემა მანქანების შესახებ – ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რადგან მე დიდი ავტომოყვარული ვარ. ჩემთვის მანქანა არ არის მხოლოდ გადაადგილების საშუალება. ეს ჩემი მთავარი ჰობია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ მაქვს იმდენი ფინანსური საშუალება, რომ მანქანების სასურველი კოლექცია მქონდეს, მაგრამ სახლში მაქვს ავტომოდელების ძალიან კარგი კოლექცია.

– ძალიან პატარა ასაკში გაგირისკავს.

– კი. მამაჩემს მოვპარე მანქანა და ეს არ იყო სწორი საქციელი. ყველა ბავშვს ვეტყვი, რომ ასეთი რამ არ გააკეთოს. ავტომობილები ძალიან პატარა ასაკიდან მიზიდავდა. მამაჩემს ძალიან მაგარი მანქანა ჰყავდა – 1979 წლის „ბმვ“, მეხუთე სერიის, რომელიც დღეს კლასიკაა. მაშინ ქუჩაში რომ გავივლიდით, ყველა თვალს გვაყოლებდა, დღეს უკვე რარიტეტული ავტომობილია. სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნეთ, გავყიდეთ ის მანქანა. სულ ვიჩხრიკებოდი მასში, მავნებლური მაგნიტიზმი მქონდა მანქანისადმი, კაპოტს ვხდიდი, ქვეშ ვძვრებოდი, მამა საკმაოდ მკაცრი ადამიანი იყო, მაგრამ ბოლოს იმდენი გავბედე, რომ მოვიპარე ეს ავტომობილი და სატარებლად თბილისის ზღვის ტერიტორიაზე წავედი. არაფერი გამიფუჭებია, მშვიდად დავაბრუნე სახლში, მაგრამ მაინც გამომიჭირეს. თუმცა მშვენივრად ვატარე, კაციშვილი ვერ მიხვდებოდა, რა ასაკის ადამიანი იჯდა საჭესთან, ნუ თუ იმას არ ჩავთვლით, რომ არ ვჩანდი – მაშინ რვა წლის ვიყავი (იცინის).

– მახსოვს, წლების წინანდელ ერთ-ერთი ინტერვიუში ამბობდი, ძალიან მეოჯახე ვარ და ჩემი ასაკისთვის გასაკვირად, ოჯახისთვის ყველაფერი გაკეთებული მაქვსო...

– ყოველთვის კარგი ჰონორარი მქონდა. 2006 წელს ქვეყანაში რომ ბევრი რეფორმა მიმდინარეობდა, შევარდნაძე რომ ახალი წასული იყო და კინოსა და თეატრში ბევრი არაფერი ხდებოდა, მე ამ დროს 17 წლის ვიყავი და მაშინ, როცა ჩემი თანატოლებისთვის უნივერსიტეტის 30-ლარიანი სტიპენდია იყო საქმე, მე ტელევიზიაში ვმუშაობდი და საკმაოდ სოლიდური ხელფასი მქონდა. ორივე ფეხზე მყარად ვიდექი და შემეძლო, ძალიან ადრეულ ასაკში მეთქვა უარი მშობლების დახმარებაზე, პირიქით, აქეთ გავხდი ოჯახში შემომტანი. ძალიან პატარა ასაკიდანვე მივეჩვიე დამოუკიდებლობას. ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერს ჩემით მივაღწიო, გავლენებისა და დახმარების გარეშე. შესაძლოა, ასე უფრო ნელა მიდის ჩემი კარიერული წინსვლა, მაგრამ ღამე მშვიდად მძინავს.

– პატარა ასაკში რომ მაღალ შემოსავალს მიეჩვიე, მერე ჩავარდნებიც იქნებოდა და ფსიქოლოგიურად არ გაგიჭირდა?

– ჩავარდნები ხშირია, განსაკუთრებით ჩვენნაირ ქვეყანაში. ყველაზე დიდი და არასასიამოვნო შემოქმედებითი და ფინანსური წყვეტა მოგვივიდა ყველაზე არასახარბიელო მომენტში, როცა ჩვენი შვილი, ნასტია გაჩნდა. მე და ნათია, ჩემი ყოფილი მეუღლე, ახალი შეუღლებულები ვიყავით, სულ რაღაც წელიწად-ნახევრის, ახალი დაბადებულია ნასტასია და ამ დროს, მეც წამოვედი ყველა ტელევიზიიდან, ნათიაც და ამ რთულმა პერიოდმა წელიწადი გასტანა. თუმცა გადავრჩით და შევინარჩუნეთ სახეც და ერთმანეთიც, იმ ეტაპზე. მერე მაინც დავშორდით, მაგრამ იმ მომენტში გავართვით თავი. მე არ ვარ ფუფუნებაზე დამოკიდებული ადამიანი და თუ ყველაფერი ისე არაა, როგორც საჭიროა, პანიკაში არ ვვარდები. თუ დაღმასვლას ვგრძნობ, გამოსავალზე ვიწყებ ფიქრს და ვახერხებ კიდეც მის პოვნას. ერთ-ერთ შემოქმედებითად გაჭედვის პერიოდში, ერთ მშვენიერ ღამეს, ავდექი და დავწერე პროექტი – „პეპლის ეფექტი“, რომელიც უკვე რვა წელია, ეთერშია. მაშინ ძალიან არახელსაყრელ და არასახარბიელო მდგომარეობაში ვიყავი. მოკუნტვა, კუთხეში ჯდომა და პანიკაში ჩავარდნა ჩემთვის გამოსავალი არ არის.

– ახლა რა ხდება გიორგის პირად ცხოვრებაში?

– იყო საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ დასრულდა. ბოლომდე სახელს ვერ დავარქმევ დასრულების მიზეზს. შეიძლებოდა, რომ არ დასრულებულიყო. შეიძლებოდა, მოგვეცადა და დაგვენახა, რა იქნებოდა შემდეგ, მაგრამ ცოტა საზოგადოებისგან და გარემოსგან იყო ფორსირება მოვლენების დაჩქარებისა და რაღაცებისთვის სახელების დარქმევის. მე ისეთი ნერვიული ფაზა მქონდა, რომ არ ვიყავი მზად დიდი ნაბიჯების გადასადგმელად. თუმცა, ეს ადამიანი არ მოითხოვდა ჩემგან დიდ ნაბიჯებს. შესაძლოა, მე დავაგვიანე, მაგრამ ის ჩემს ახლო მეგობრად მიმაჩნია და ყველაფერ კარგს ვუსურვებ. ალბათ, მაინც მე შემეშალა.

– ამის გაცნობიერებას ლოგიკური ნაბიჯები მოჰყვება ხოლმე.

– ვიტყვი, რაში იყო პრობლემა: განქორწინების შემდეგ ცხოვრებაში ძალიან ხანგრძლივი ფაზა მქონდა, როცა აღარ შემეძლო, აღარ მინდოდა და ვერ ვხედავდი ჩემს თავს მყარ და სტაბილურ ურთიერთობაში. არ მინდა, ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ნათიამ გამოიწვია. ორივე ჩვენგანის საქციელის გამო დიდი ხნის განმავლობაში აღარ მინდოდა, ვინმესადმი პასუხისმგებლობით განმსჭვალულ ურთიერთობაში ვყოფილიყავი. მარტივი ცხოვრება და ცოტა თავქარიანობა მინდოდა. ეს მომენტი გამიგრძელდა. ახლა, ალბათ, ცოტა დავიღალე მარტოობით და სიამოვნებით შევიყვარებდი ვინმეს, მაგრამ კიდევ ერთი, რაც მაშინებს, ისაა, რომ შეყვარებული საკმაოდ კომფორტული ვარ მეწყვილისთვის, მაგრამ იმდენად ძლიერად მიყვარდება ადამიანი, რომ ემოციურ დონეზე ვხდები მასზე დამოკიდებული და ყოველი იმედგაცრუება და წყენა, ისეთი, როგორც წარსულ ურთიერთობებში გამომიცდია, ძალიან მაზიანებს. ალბათ, ამან ცოტა გამაუხეშა, ჩამკეტა და ასეთი ურთიერთობების სურვილს დამაშორა. თუმცა, ახლა არ გამოვრიცხავ, რომ ჩემს ცხოვრებაში რამე შეიცვალოს. თავისუფლების გემოც გავიგე, შვიდი წელია, ასე ვჭრიჭინებ და პრინციპში, არის დრო ისევ ფესვები გავიდგა.

– ოჯახური ურთიერთობების მიმართაც იცვლება დამოკიდებულება და ბევრი არის დღეს თავისუფალი ურთიერთობის მომხრე.

– არა, მე არ მომწონს მუდმივად თავქარიანი და მჩატე თავგადასავლები. მე მიყვარს ოჯახი, ტრადიციული ქართული ოჯახი, რომელშიც მეუღლეები ერთმანეთს პატივს სცემენ და ზურგს უმაგრებენ, მომწონს ეს ინსტიტუტი. სულაც არ ვფიქრობ, რომ ოჯახის დრო აღარაა, ყველამ უნდა ავიშვათ და წინ და უკან ვირბინოთ. მაგრამ არც რაღაცების დაძალება და იძულებით გაკეთება მიყვარს. ალბათ, ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს და ასეც იქნება.

P.S. გამოყენებული ფოტო ეკუთვნის ჯაბა ჩიტიძეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი