შოუბიზნესი

გიორგი გასვიანი: რამდენჯერაც მომცა სამყარომ შანსი, გამოვიყენე

№6

ავტორი: ნონა დათეშიძე 15:05

გიორგი გასვიანი
დაკოპირებულია

გიორგი გასვიანმა და მარიტა მელიქიშვილმა ერთმანეთს ბედი ხუთი წლის წინ დაუკავშირეს და დაოჯახდნენ. დღეს საოცარი შვილის, გალას მშობლები არიან და მოსიყვარულე, თბილი და იდილიური ოჯახი აქვთ. წყვილმა თავისი შეუღლების ხუთი წლისთავი თბილ ქვეყანაში აღნიშნა.

– რამდენი წელია, რაც შენ და მარიტა ერთად ხართ და რა შეცვალა ამ ადამიანის შენს ცხოვრებაში შემოსვლამ?

– უკვე ხუთი წელია, მე და მარიტა ცოლ-ქმარი ვართ და ძალიან ბედნიერი ოჯახი გვაქვს. 23 იანვარს გვქონდა ხუთი წლის იუბილე, 27 იანვარს გავფრინდით დოჰაში, კატარის სახელმწიფოში და სასწაული ოთხდღიანი მოგზაურობა გვქონდა. დოჰაში გაფრენა თეატრის მსახიობ მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ. ძალიან მაგარი პირობები იყო საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. ზამთარში გვინდოდა თბილ ქვეყანაში წასვლა, თან ჩემი და მარიტას შეუღლების თარიღიც დაემთხვა და მართლა შეუდარებელი დრო გავატარეთ. ზოგადად, ჩემი აზრით, აუცილებელია, წყვილი ხშირად განმარტოვდეს და ერთად გაატაროს დრო. მე და მარიტას პერიოდულად გვაქვს ასეთი გასვლები – მარტოც და მეგობრებთან ერთადაც. ზოგადად, მე და მარიტამ ერთად ბევრი რამ გადავიარეთ – გამოწვევები, ბულინგი, მაგრამ ამას ჩვენს ურთიერთობაზე არანაირად არ უმოქმედია. გვყავს არაჩვეულებრივი შვილი – გალა, რომელიც ოთხი წლისაა და რომელმაც ჩვენი ცხოვრება, კიდევ უფრო გაალამაზა. მოკლედ, ხუთი წელი გავიდა ჩვენი შეუღლებიდან, გვყავს გალა და მომავალში იმედია, კიდევ გვეყოლება შვილები. ჩვენი ქორწინება ძალიან ბედნიერი აღმოჩნდა. ასე რომ, მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში მარიტა გამოჩნდა და გალა გაჩნდა, მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

– როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია? თუ გახსოვს ემოცია, რაც მარიტას პირველი დანახვისას გქონდა?

– პანდემიის პერიოდში, თეატრები რომ გაიხსნა, მარიტა მოვიდა ჩემს სპექტაკლზე და მომწერა: რა კარგი სპექტაკლია, რა კარგად შესრულებული როლიო... სოციალურ ქსელში გვქონდა კონტაქტი და მერე და მერე გაღრმავდა – ნაცმობობიდან სხვა ეტაპზე გადავიდა. ვეკონტაქტებოდი, მეკონტაქტებოდა, მაგრამ ერთმანეთი ნანახი არ გვყავდა და ბათუმში კონცერტზე რომ ვნახე, ფაქტობრივად, უკვე ვიცნობდი. ნახევარი საათით ვნახე და ძალიან მომეწონა. არც იმის შეგრძნება მქონია, რომ პატარა გოგოს ვეკონტაქტებოდი, რადგან სულიერად და მენტალურად საკმაოდ ჩამოყალიბებული ადამიანი იყო. შეიძლება, სხვა გოგო აღვიქვა, რომ ჩემზე ძალიან პატარაა, მაგრამ ეს მომენტი მარიტაზე არ მქონდა. ზოგადად, ცოლ-ქმარი ვერ გახდები, თუ ის მეორე ნახევარი არ არის შენი სარგო, არ არის ენერგეტიკულად შენი ადამიანი.

– გაცნობიდან რამდენ ხანში გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა და დაქორწინება?

– გაცნობიდან ძალიან მალევე დავოჯახდით, დაახლოებით ექვს თვეში. უკვე კარგად ვიცნობდით და გვიყვარდა ერთმანეთი და რისთვის უნდა გვეცადა და რას უნდა დავლოდებოდით? ყველაფერი თავისთავად მოხდა.

– რომ ამბობენ, ყოველდღიური რუტინა, ყოფითი პრობლემები წყვილს შორის თანაცხოვრებაზეც აისახება, სიყვარული თითქოს მეორე პლანზე გადადის, ხუნდება და ფერს იცვლისო, ამაზე რას მეტყვი?

– თუ ნამდვილი სიყვარულია, ყოველდღიურობა და პრობლემები მას არც ფერს უცვლის და არც ახუნებს, პირიქით, უფრო აღრმავებს. ცოლქმრობა მხოლოდ ერთი კომპონენტისგან არ შედგება, ის მრავალკომპონენტიანია, სადაც არის სიყვარული, ქორწინება, პარტნიორული ურთიერთობები და ის დროთა განმავლობაში უფრო მტკიცდება ან პირიქით – სტაგნაციისკენ მიდის და ხუთი წელიც ვერ ძლებენ ერთად. ძირითადად კი, რაც დრო გადის, უფრო მკვრივდება სიყვარული, აგურს აგური ედება და ეს მომენტია ჩვენთანაც. თან, გალამ, მთლიანად შეცვალა ჩვენი სამყარო. მე და მარიტას არ გვაქვს ისეთი დილემები, რის გამოც ურთიერთობაში ხელი შეგვეშლებოდა. თან ერთმანეთს არაფერს ვუკრძალავთ, ვგულისხმობ ჩაცმას, მეგობრებთან ერთად წასვლას და ასე შემდეგ. არ გვაქვს ერთმანეთის მიმართ აკრძალვები და კომპლექსები.

– რომანტიკული მეუღლე თუ ხარ, გიყვარს ცოლისთვის საჩუქრებისა და სიურპრიზების გაკეთება?

– არიან ადამიანები ვისაც რომანტიკა უყვართ, მე კი არ მიყვარს ზედაპირული რომანტიკა. სხვათა შორის, როგორც მსახიობი, არ ვარ „რომეოების“ მთამაშებელი, უფრო სხვა მიმართულება მიყვარს. ლექსებსაც რომ ვკითხულობ, რომანტიკული ხაზი ნაკლებად მაქვს. არ მიყვარს რომანტიკა, რომელიც გამოიხატება სანთლის ან ვარდის აქსესუარით, ჩემთვის რომანტიკა ყველაფერშია, ბევრ რამეში. მარიტა რომ თეატრში, ჩემს სპექტაკლზე მოვა, ესეც რომანტიკაა. რაც შეეხება საჩუქრებს, ყოველთვის ვუთანხმდები, რა უნდა, რა გაახარებს, რომ ის ვუყიდო. უფრო მზრუნველი ტიპი ვარ, ვიდრე სიურპრიზების მკეთებელი (იცინის). ასე რომ, სიურპრიზისტი ნამდვილად არ ვარ.

– გოგონებს უყვართ რომანტიკოსი ქმრები, ამ მხრივ მარიტას პრეტენზია არ გამოუთქვამს? და, ზოგადად, რაზე კამათობთ ყველაზე ხშირად?

– მარიტას არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია, რომ რომანტიკოსი ქმარი არ ჰყავს (იცინის). რაც შეეხება წაკამათებას, ათას რამეზე წავკამათებულვართ – ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ადამიანების ცხოვრებაში. რომ ამბობენ: ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს, არც – იმას, ერთმანეთისთვის არ გვიწყენინებია, ისე გავიარე ცხოვრებაო, ასეთი ხალხის ცოტა არ მჯერა, თუმცა, შეიძლება არსებობენ კიდეც. მუდმივად რომანტიკულ ცოლთან ან ქმართან შეიძლება, ბევრმა ვერ გაძლოს, ტკბილი კარგია დესერტად, სულ ტკბილის ჭამა კი, ვის მოეწონება? (იცინის)

– გიორგი, ყველაფერი, რასაც მიაღწიე, შენი დაუღალავი შრომის შედეგია თუ წარმატება და იღბალი ადვილად მოდის შენთან?

– ადვილად არაფერი მოდის. ერთხელ რომ მოგცემს ცხოვრება შანსს, მას შრომით თუ არ იყენებ, აუცილებლად დაკარგავ და აღარ მოგცემს. რამდენჯერაც მომცა სამყარომ შანსი, გამოვიყენე, ვიშრომე, აგურს აგური დავადე და გამომივიდა. როცა არ არის საჭირო, სამყარო არ გაძლევს შანსს. რაღაცები შემთხვევითაც ხდება, თუმცა მისი განვითარება უკვე შემთხვევითობა აღარაა, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. ნამდვილად იღბლიან ადამიანად მივიჩნევ თავს, ცხოვრებაში თუ რამე სირთულე მქონია, არ მიმაჩნია, რომ ამის გამო უბედური ვარ, პირქით, იღბლიანი ვარ. არასდროს უიღბლო არ ვიყავი, ყოველთვის მიმართლებს, დადებითს ვგრძნობ საზოგადოებისგან, გამიმართლა პროფესიაში, რეჟისორი კარგ როლს მაძლევს, ტელევიზიაში რეიტინგული გადაცემის წამყვანი ვარ, „იუთუბზე“ დავიწყე ახალი პროექტი, მაქვს არაჩვეულებრივი ოჯახი და როგორ უნდა ვთქვა, არ მიმართლებს-მეთქი. ზოგადად, სამყარო შანსს გაძლევს და ადამიანმა შენი ცხოვრება თავად უნდა გაწერო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი