შოუბიზნესი

გიორგი გაგლოევი: არავის „ვევაზელინები“ და ამიტომ არ ვარ ახლა ისეთი წარმატებული არტისტი, როგორიც უნდა ვიყო

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00

გიორგი გაგლოევი
დაკოპირებულია

გიორგი გაგლოევის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის გიორგი გაგლოევი?

გიორგი გაგლოევი: ერთი ტაკიმასხარა, რომელიც ყოველთვის ცდილობს, ხალხი პოზიტიურ განწყობაზე დააყენოს. ეს არის ჩემი პროფესია და ამას ემსახურება ჩემი სამსახური.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ცხოვრება უზრუნველად და უდარდელად, ყოველგვარი პრობლემებისა და სესხის გარეშე. საოცნებო იქნება ცხოვრება, როცა მეყოლება უამრავი მსახური, რომლებიც ჩემს საქმეებს გააკეთებენ და მე ვიქნები ძალიან დასვენებული. ფეხს ფეხზე გადავიდებ ან ზღვის სანაპიროზე წამოვწვები და სამეგობროსთან ერთად დავისვენებ. ეს არის ჩემი ოცნება, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ოცნებად რჩება და მე ყოველდღიურად მიწევს სირბილი საქმიდან საქმეზე (იცინის).

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ძალიან ემოციური ვარ, ზედმეტადაც კი. ეს ცუდია, მაგრამ რას ვიზამთ?! ვერ ვიტყვი, რომ ნამეტანი გულჩვილი ვარ, მაგრამ ადამიანი ვარ და გარკვეულ სიტუაციებში, როგორც ყველა, მეც გულჩვილი ვხდები.

– რის გამო გიტირიათ სიხარულის თუ ტკივილის ცრემლებით?

– ბედნიერების ცრემლებით არასდროს მიტირია. მშურს იმ ადამიანების, ბედნიერებისგან რომ ტირიან, ასე რომ შეუძლიათ ემოციების გამოხატვა. თუმცა, შეიძლება, ქუჩაში საცოდავ მდგომარეობაში მყოფი ძაღლი დავინახო და ამის გამო წამომივიდეს ცრემლები.

– მსოფლიო მასშტაბის პოპულარობასა და წარმატებაზე გიოცნებიათ?

– მითხარი ერთი ხელოვანი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პოპულარული არის და არ ფიქრობს მსოფლიო დონის ცნობადობაზე. თუ უარს გეტყვიან, მე თავს დავდებ, რომ იტყუებიან (იცინის). რატომაც არა?! ჩემი პროფესია ითვალისწინებს, რომ მე ხალხს კარგი განწყობა შევუქმნა და რაც უფრო დიდი მასშტაბით შევძლებ ამის გაკეთებას, მით უკეთესი. ამაში ცუდი რა არის?!

– წარსულიდან რას მიიჩნევ შენს მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?

– სამწუხაროდ, ჩემს კარიერაში ბევრი მცდარი ნაბიჯი იყო და უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ბევრ რამეს შევცვლიდი უკეთესი მომავლისთვის. მხოლოდ ჩემი მიზეზითაც არ მოხდა ისე, როგორც მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ნეპოტიზმი მეფობს. ეს ყველა პროფესიაში ცუდია, ჩვენს საქმეში განსაკუთრებით ჩანს, რომ არ არის ჯანსაღი ურთიერთობები.

რაც შეეხება ცხოვრებისეულ ამბებს, საერთოდ, მე ასე ვფიქრობ: სჯობს, გავაკეთო და ვინანო, ვიდრე არ გავაკეთო. ბევრი ისეთი რამ გამიკეთებია, რაც არ უნდა გამეკეთებინა. შუცდომელი არავინ ვართ. შეიძლება, ნებსით თუ უნებლიედ ვინმეს გული ვატკინე, ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც და ასეთი მომენტი რომ გამახსენდება ხოლმე, ძალიან მაწუხებს და ვნანობ.

– როდის ყოფილხარ ყველაზე სასტიკი და რამ შეიძლება ეს თვისება გააღვიძოს?

– ღალატმა და დაუმსახურებელმა შეურაცხყოფამ. ასეთ დროს შეურაცხადი ვხდები. არ ვცნობ დიდს, პატარას, ქალს, კაცს, რანგს და აბსოლუტურად არაფერს. ვინც არ უნდა იყოს, თუ ვხედავ, რომ ძალიან არასწორად იქცევა, თავხედობს, უზრდელობს, მე ის გაგლო აღარ ვარ, ცოტა სხვანაირი ვხდები. ადამიანებს ვერ ვპატიობ უზრდელობას და თავხედობას.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– მინდოდა, ჩემი კარიერით ხალხის სიყვარული დამემსახურებინა. ასეა თუ ისე, მეტწილად მაინც დავიმსახურე. საქართველოში ძალიან კრიტიკული მაყურებელი გვყავს და საზოგადოება საკმაოდ რთულად გიღებს. მე ვერ ვიტყვი, რომ ას პროცენტს ვუყვარვარ, მაგრამ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, 60-70 პროცენტს მაინც ვუყვარვარ და მათში დადებით ემოციებს ვიწვევ. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია და იმედია, ამაში თქვენც დამეთანხმებით. მგონი, გამომივიდა ის, რაც ძალიან მინდოდა.

რაც შეეხება მარცხს, ეს ჩემი სისუსტე და სიზარმაცეა. შედეგად, დღეს იმ პედესტალზე არ ვდგავარ, რომელზეც შეიძლებოდა, ვყოფილიყავი. თუმცა, ამას მხოლოდ ჩემს სიზარმაცეს არ დავაბრალებ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში რთულია კარიერულად წინსვლა. ათასი დაბრკოლებაა, ათასი ადამიანი ცდილობს, შინაური წასწიოს წინ და გარეული უკან ჩააჩოჩოს. სამწუხაროა, მაგრამ ასეა, გეცოდინებათ. ეს ფაქტორებიც მოქმედებს, მაგრამ ალბათ, ჩემი სისუსტეებიც ახდენს გავლენას.

– რა გსმენია საკუთარ თავზე კარგიც და ცუდიც, რაც გამორჩეულად დაგამახსოვრდა?

– არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ ერთხელ საზოგადოებისთვის ერთმა ცნობილმა ადამიანმა თქვა, მე ვიცოდი, რომ ჯერ ბიძინა იყო, მერე მე და მერე მთელი საქართველო სიმდიდრით და ახლა გავიგე, რომ ბიძინას შემდეგ გაგლოა, იმდენი ფული ჰქონია, არ იცის, სად წაიღოს და მერე მე ვყოფილვარო (იცინის). ეს იმდენად გასაოცარი იყო, რომ ვერ წარმოვიდგენდი. არ ვიცი, ასე რატომ ეგონა, მაგრამ მეც გამიგია, რომ ხალხს დიდი ფულის პატრონი ვგონივარ. ალბათ, ჩემი სოციალური ქსელის დამსახურებაა. მხოლოდ პოზიტიურ ფოტოებს ვდებ, სადაც გართობა, დასვენება, მოგზაურობა, წანწალი, შოპინგის კადრებია. პრინციპში ეს არის კარგი ცხოვრება, მეტი რა რჩება (იცინის). თუმცა, არა, შეიძლება, ასე ჩანდეს ერთი შეხედვით, მაგრამ რეალურად ასეც არ არის. სამწუხაროდ, დალხენილი ცხოვრება არავის გვაქვს, რომ ფუფუნებაში გავატაროთ, თუმცა, ვცდილობ.

რაც შეეხება უარაყოფითს, ერთხელ გავიგე, თქვეს, რომ თურმე, რაღაც ძალიან მძიმე წამალს მოვიხმარ, ნარკოდამოკიდებული ვარ და ძალიან ცუდ დღეში ვიმყოფები. ამ დროს სიგარეტს არ ვეწევი და საერთოდაც, ნემსის მეშინია (იცინის). პირველად რომ გავიგე ეს არასასიამოვნო ჭორი ჩემზე, ძალიან გავბრაზდი. აღშფოთებული ვიყავი და სრულიად უცნობ ადამიანს პირადში მივწერე ამის გამო. გამოხდა განი, ერთს მეორე მიჰყვა, მეორეს – მესამე და როგორც ამბობენ, „გატრუხდა“. ახლა „ვიკიდებ“ (იცინის). ათასი რჯულის ხალხია და ყველას რომ გამოვეკიდო, რა თქმა უნდა, სწორი არ იქნება.

– ყოველდღიურობაში, პროფესიის მიღმა რისი კეთება გსიამოვნებს?

– მეგობრებთან დროის გატარება. ძალიან მაინტერესებს არქიტექტურა და შემიძლია, გამორჩეული შენობა-ნაგებობები საათობით ვათვალიერო, ყველა დეტალი გამოვიკვლიო და ისტორია მოვიძიო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გატაცებული ვარ თეოლოგიით და არც თუ ისე ცუდად ვერკვევი მასში.

– რა არის ის, რაც ბოლო დროს ცხოვრებაში პირველად გამოსცადე?

– თამადობა დავიწყე. ვილხენ და ვალხენ ხალხს. რა ვქნა, გასაჭირმა მოიტანა (იცინის). ეს არ არის ჩემი დიდად საყვარელი პროფესია, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენს საქმეში ხან კორპორატიული საღამოების წაყვანა გვიწევს და ხან თამადობის შეთავსება. არც ისე პატარა ბიჭი ვარ და ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ ასაკში ახალ პროფესიას შევიძენდი. არასოდეს თქვა არასოდეს.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობ?

– ჩემი გულღიაობა და სუფთა დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. არასოდეს არავის „ვევაზელინები“ და იმიტომაც არ ვარ ახლა ისეთი წარმატებული არტისტი, როგორიც შეიძლებოდა, ვყოფილიყავი. ბევრი ვაზელინი და – წინ დიდი კარიერა გაქვს.

ამას წინათ ჩემმა მეგობარმა დაწერა, როგორ მინდოდა, გოიმი და ფულიანი ვყოფილიყავი, ვიდრე ის, ვინც ახლა ვარო (იცინის). დამაფიქრა ამ სიტყვებმა, შენი სიალალით, პატიოსნებით, გულღიაობით, უვაზელინობით კი გაქვს კარგი სახელი, პატიოსან ადამიანად გიცნობენ და ეს სამუდამოდ რჩება, მაგრამ ბევრ უსამართლობას აწყდები. ხედავ, ვისაც ორი კოლოფი ზედმეტი ვაზელინი ჰქონდა და კარგად იყენებდა, ის ბევრად წინაა, ბევრად წარმატებულია. იმიტომ კი არა, რომ ნიჭიერია, იმიტომ, რომ კარგი ხარისხის ვაზელინი ჰქონდა. ეს უსამართლობის განცდას იწვევს და მწყინს, „მიტყდება“, რომ ვერ განვითარდა ჩვენი ქვეყანა იმ დონემდე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ასეთი დამოკიდებულებები მოვიშოროთ და ნამდვილ პროფესიონალებს დავუფასოთ შრომა. სამწუხაროდ, 2025 წელს ისევ ვაზელინის ჭაობში ვტრიალებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი