შოუბიზნესი

გიორგი ახვლედიანი: 26 წელი მეგონა, რომ ამას ვერასდროს გავაკეთებდი და მეამაყება, რომ ეს შევძელი

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:01 22.10

გიორგი ახვლედიანი
დაკოპირებულია

გიორგი ახვლედიანის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის გიორგი ახვლედიანი?

გიორგი ახვლედიანი: პირველ რიგში, გამოკვეთილი კონსერვატიული განწყობების ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებისას და არჩევანის გაკეთებისას, ყოველთვის ითვალისწინებს გარკვეულ ეროვნულ იდეოლოგიურ განწყობებს, ღირებულებებსა და ფასეულობებს. ითვალისწინებს, რომ ტრადიციული სახელმწიფოს მოქალაქეა და ცდილობს, ეს შეინარჩუნოს. ცდილობს თავისი განწყობები და გამოცდილება გადასცეს შვილებს ისევ და ისევ ეროვნულ-ტრადიციული ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტსში.

– რამდენად ემოციური ადამიანი ხართ და გულჩვილობაც თუ გახასიათებთ?

– ძალიან ემოციური ვარ და ამის გამო ძალიან ბევრჯერ დამჭირდა საკუთარ თავთან მუშაობა. ჩემი ემოციურობა და ხანდახან, აფექტურობა რომ მომეთოკა. რომ ვთქვა, ბოლომდე მივაღწიე მიზანს და ახლა ამ მიმართულებით გასხივოსნების სტადიაზე ვარ-მეთქი, არ იქნება მართალი, მაგრამ ახალგაზრდობასთან შედარებით, ახლა საკმაოდ მოთოკილი მაქვს ეს ჩემი, არც თუ ისე, სახარბიელო თვისება. ემოციების გარეშე ქართველი ხომ არ არსებობს, ჩვენ ხომ უკიდურესობების ერი ვართ?! ეს ჩვენი ბედნიერებაცაა და პრობლემაც. ბევრი მიფიქრია, ბალანსზე და მეტ-ნაკლებად მოვახერხე, მაგრამ სრულად ამას ვერასდროს შევძლებ. მაინც ყოველთვის ემოციურ და ტრადიციული განწყობების მქონე ქართველად დავრჩები (იცინის).

გულჩვილობა ნაკლებად მახასიათებს, მაგრამ ჩემთვის ძალიან უცხოც არ არის. მაგალითად, „ჯარისკაცის მამას“ დღემდე ვერ ვუყურებ ემოციის გარეშე, გახსენებაზეც კი ცრემლები მომდის.

– როდის იტირეთ ბედნიერებისა თუ მწუხარების ცრემლით, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?

– ამ დონეზე გულჩვილიც არ ვარ, რომ სიხარულისგან ვიტირო, მაგრამ სიხარულისგან ყელში ბურთი მომწოლია. ეს განსაკუთრებით ჩემი შვილების წარმატებას უკავშირდება, მათი შრომის შედეგის, მათი სიხარულის დანახვას. ეს ჩემში ბედნიერებისა და სიამაყის განცდას იწვევს.

ტრაგედიები, ახლობელი და საყვარელი ადამიანების დაკარგვაც ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში, შესაბამისად, ამ დროსაც მქონია ცრემლის წამოსვლის წინა მდგომარეობა, მაგრამ ვცდილობ ხოლმე ასეთ დროსაც შევიკავო თავი. თუმცა, ხანდახან ჭირს.

– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ, რაში დახარჯავდით თანხას?

– ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამაზე არ უფიქრია და არ უოცნებია (იცინის). მილიონი ვარიანტი არსებობს. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ადამიანს იმდენი ფული უნდა ჰქონდეს, რამდენიც უფულობას მოუხსნის და ბევრი ფულის პრობლემას არ შეუქმნის. ბევრი ფულის პრობლემა ძალიან დიდი და სერიოზულია. მე მინახავს ადამიანები, რომელსაც ბევრმა ფულმა ისეთი პრობლემები შეუქმნა, მეტი რომ არ შეიძლება, ადამიანობის დაკარგვამდე მისულ პრობლემებს ვგულისხმობ. მთავარია, იმდენი ფული გქონდეს, რომ უფულობის პრობლემა არ გაწუხებდეს. ფული ბედნიერებას, რა თქმა უნდა, არ განსაზღვრავს, მაგრამ გარკვეულწილად გვაძლევს მოქმედებებისა და არჩევანის საშუალებას, რაც დიდი თავისუფლებაა. ადამიანს მატერიალურ სამყაროში არჩევნის საშუალება რომ გაქვს, ეს დიდი კომფორტია. ასეთ შემთხვევაში ბევრი რამის გაკეთებას შევძლებდი. პირველ რიგში, ჩემი შვილების წარმატების უზრუნველყოფაა. ამ მიმართულებით ისედაც ვშრომობ და ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ ამის გასაკეთებლად კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მომეცემოდა. მათ განათლებაში მეტ ინვესტიციას ჩავდებდი, რადგან მამა ამაზე მნიშვნელოვანს ვერაფერს გაუკეთებს, რომ ის წარმატებული და ბედნიერი ადამიანი იყოს, არა მამის დატოვებული ფულით, არამედ იმ ღირებულებებით, რაც თავად შექმნა.

– რას უთვლით საკუთარ თავს ყველაზე მცდარ ნაბიჯად?

– მრავალფეროვანი ცხოვრებისეული რეალობა გავიარე, დაწყებული ჟურნალისტიკით, გაგრძელებული პოლიტიკით, რომ შეუძლებელია, ძალიან ბევრი შეცდომის ფასად არ მესწავლა, რომ ძალიან ბევრი შეცდომა არ დამეშვა იმისათვის, რომ გარკვეული გამოცდილება შემეძინა. ზოგი გამოუცდელობით დავუშვი, ზოგი – ახალგაზრდობით, ზოგი – ემოციურობით, ზოგი ზედმეტი მიმნდობლობით და ასე შემდეგ. ამ შეცდომებს სიამოვნებით გამოვასწორებდი და ჩემი ცხოვრებისეული რეალობა გაცილებით უკეთესი და ნაკლებპრობლემური იქნებოდა. რამე კონკრეტული შეიძლება, მკითხველისთვის საინტერესო არ იყოს, მაგრამ ჩემთვის იმ შეცდომებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდათ გარკვეულ ეტაპზე და მათ გამოსასწორებლად წლები მჭირდებოდა. ზოგი დღემდე გამოუსწორებელია, ზოგის გამოსწორება კი საერთოდ შეუძლებელია.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება, რაც ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს, ისაა, თუ ის მოახერხებს საკუთარ თავზე გამარჯვებას, ძალიან ცუდი ჩვევის ან თვისების დამარცხებას. მე დავამარცხე ასეთი ჩვევა. სამწუხაროდ, ძალიან პატარა ასაკში, 14 წლისამ დავიწყე სიგარეტის მოწევა. დაახლოებით, 26 წელი ვეწეოდი და 40 წლის ასაკში მოვახერხე, რომ ერთ დღეში, ერთ წამში დამენებებინა თავი. ფსიქოლოგიურად იმდენად სერიოზულად ვიმუშავე საკუთარ თავზე, რომ აგერ უკვე 11 წელი გავიდა, აღარ მომნდომებია. ეს იყო ერთ-ერთი დიდი გამარჯვება. მეამაყება, რომ ეს შევძელდი. 26 წელი მეგონა, რომ ამას ვერასდროს გავაკეთებდი. თუ ადამიანს ნამდვილად აქვს სურვილი, გაიმარჯვოს საკუთარ ცუდ თვისებაზე, ამას ნამდვილად გააკეთებს.

დამარცხებაც საკუთარ თავთან ხდება – ცუდ ჩვევებთან. რომ ვთქვა, ისეთი დამარცხება ვიწვნიე ცხოვრებაში, რომელზეც საბოლოო ჯამში, ვერ გავიმარჯვე – ნაკლებად. დავმარცხებულვარ ჟურნალისტიკის სფეროში. ყველა მასალა, რომელიც არ მომწონდა, ჩემი მარცხი იყო. დავმრცხებულვარ პოლიტიკურ სფეროში, მარცხი იყო ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მერე აღმომიჩენია, რომ არასწორი იყო. მადლობა ღმერთს, არცერთი ეს მარცხი, ჩემი ცხოვრების დაღმასვლის მიზეზი არ გამხდარა. მათი აღიარება და გამოსწორება არასდროს მიჭირდა. შეიძლება, არის ისეთებიც, რაც ვერ გამოსწორდება, მაგრამ ეს ადამიანების ცხოვრებისეული რეალობაა. რაღაცებს აღარ ეშველება, მაგრამ რასაც ეშველება, ის აუცილებლად უნდა გამოასწორო, რომ გაიმარჯვო.

– პროფესიის მიღმა რისი კეთება გსიამოვნებთ?

– პროფესიული საქმიანობა ნამდვილად მსიამოვნებს, ეს საქმე დიდ ენერგიას მაძლევს. ჩემი ცხოვრება სამ ნაწილად იყოფა: ოჯახი და ოჯახის მიმართ დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა, ჩართულობა, შვილების აღზრდა-განათლების პროცესში ძალიან აქტიური მონაწილეობა, მზრუნველობა, მუდმივი კომუნიკაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვისაც და ჩემი მეუღლისთვისაც ცხოვრების ნომერ პირველი მიმართულება ოჯახი და ოჯახური ურთიერთობებია. ოჯახურ სიყვარულს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ოჯახს ჩვენს ცხოვრებაში პირველი ადგილი უჭირავს. მეორეა ჩვენი სამსახური და საქმე, რომელშიც პროფესიულად ვიხარჯებით. მესამე და უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩემს ცხოვრებაში არიან ჩემი მეგობრები. სამსახურის გარდა, ჩემი ცხოვრება ეკუთვნის ოჯახსა და მეგობრებს. მე არ მაქვს რაღაც განსაკუთრებული ჰობი, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა დავუთმო დრო. ჩემი ჰობია მეგობრებთან ერთად ყოფნა, მათი ჩემთან დაპატიჟება და ერთად გემრიელი, ტრადიციული სუფრის გაშლა და დროის ლამაზად გატარება. ასეთი დღეების შემდეგ უზარმაზარი დადებთი ენერგიით ვივსები, რაც კვირების განმავლობაში მყოფნის, ამიტომ ვცდილობთ, თვეში ერთხელ ან ორჯერ მოვახერხოთ ასეთი შეკრებების ორგანიზება, რომ საკუთარი თავიც გავაბედნიერო და მათი ცხოვრებაც. ჩემთვის ეს შეკრებებია ძალიან დიდი ჰობი (იცინის).

– როდის განიცადეთ ყველაზე დიდი შიში?

– 2002 წელი იყო, თბილისში ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მთაწმინდაზე დავიბადე და გავიზარდე. სახლი, რომელშიც ვცხოვრობ, ძალიან ძველია და უკვე დიდი ხანია, პატიოსან სიტყვაზე დგას (იცინის). იმიტომ რომ ძეგლის სტატუსი აქვს, ვერაფერს ვაკეთებთ და ველოდებით, როდის დაგვეცემა თავში აგური. მოკლედ, მაშინ ჩემი უფროსი ბიჭი სამი წლის იყო. მასთან ერთად ვთამაშობდი. ტახტზე ვიწექი და სანდროს ჰაერში ვისროდი და ვიჭერდი. მახსოვს მომენტი, სანდრო მაღლა ავაგდე, მაგრამ ჩამოვარდნისა და დაჭრის მომენტი დროში გაიწელა. ქვემოდან ისეთი დარტყმა ვიგრძენი და ვერ მივხვდი რა მოხდა, სანდრო კიდევ უფრო მაღლა ავარდა თუ სახლი დაბლა დაიწია. ფაქტი იყო, რომ ბავშვმა ჩამოფრენა დააგვიანა (იცინის). როცა გავიაზრე, რომ ეს ძლიერი დარტყმა მიწისძვრა იყო, წარმოვიდგინე, რომ ბავშვს ვერ გადავარჩენდი და წამიერად თავში საშინელმა აზრებმა გამიელვა. წამოვფრინდი, გარეთ გამოვვარდი ფეხშიშველი, სანდრო მეზობელს ვესროლე, მან ბავშვი დაიჭირა, მე სახლში შევბრუნდი, ფეხზე ჩავიცვი და გარეთ გამოვბრუნდი. ერთხელ კი, სანდრო ერთი წლის იყო, 2001 წელი დგებოდა და თავისუფლების მოედანზე უზარმაზარი ფოიერვერკის გაშვება იგეგმებოდა, რაც მაშინ სიახლე იყო და გადავწყვიტე, რომ ბავშვი წამეყვანა და ახალ წელს იქ შევხვედროდი. არავის დავუჯერე, წავიყვანე ეს წლინახევრის ბავშვი თავისუფლების მოედანზე და ველოდებით ფოიერვერკს, რომელიც დროზე ადრე დაიწყო და იმდენად უხარისხოდ იყო გაკეთებული, რომ ადამიანების ფეხებქვეშ სკდებოდა. პირდაპირ მოედანზე ყოფილა დამონტაჟებული, რაც ხალხით გადაჭედილ მოედანზე თავიდან არ ჩანდა. იქ ამბავი ატყდა, ბავშვი ხომ ისტერიკაში ჩამივარდა, მაგრამ სანდრო კი არა, კინაღამ მეც ისტერიკაში ჩავვარდი და მაშინაც დიდი შიში განვიცადე. ისღა მოვახერხე, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩამერბინა და ბავშვი იქ შემეფარებინა, ყურებზე ხელს ვაფარებდი, რომ ეს ბრახაბრუხი ნაკლებად გაეგო და ასე შევხვდით ოცდამეერთე საუკუნეს (იცინის). ვიღა ჩიოდა ფოიერვერკს და ახალ საუკუნეს, მთავარი იყო, ბავშვი არ გადამრეოდა. ახლა კურიოზივით გასახსენებელია, მაგრამ მაშინ დიდი შიში ვჭამე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა