შოუბიზნესი

გიგა კვენეტაძე: სულ რქებით ვაწვებოდი ცხოვრებას, ახლა წლის მბრძანებელი ხარიც დამეხმარება

№1

ავტორი: ნონა დათეშიძე 14:00 12.01, 2021 წელი

გიგა კვენეტაძე
დაკოპირებულია

მომღერალ და კომპოზიტორ გიგა კვენეტაძეს წლევანდელი ახალი წლის შეხვედრა საქართველოში სურდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, არ გამოვიდა. როგორც ამბობს, ახლა ის წელიწადი დგება, როცა რქებით მიაწვება წარმატებას და ზუსტად იცის, მეტს მიაღწევს. 

გიგა კვენეტაძე: წელიწადში ორი დღესასწაული მიყვარს გამორჩეულად – ახალი წელი და აღდგომა. მთელი ჩემი ოჯახი ამ დღეებს განსაკუთრებულად ავღნიშნავთ. ახალი წელი ახალი იმედების, ახალი პროექტების დასაწყისია და ფაქტობრივად, ყველასთვის ახალი ათვლა იწყება. 2020 წელი იმით იყო გამორჩეული, რომ თითქმის ნახევარი წელი სახლში მოგვიწია ყოფნა და მათ შორის მეც. მოსკოვში იშვიათად გამოვდიოდი სახლიდან, ისიც სტუდიაში რომ მემუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ასე ვფრთხილობდით, კორონავირუსი მთელმა ოჯახმა მოვიხადეთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ წელს ხელი არ შეუშლია, შემოქმედებითად დავხარჯულიყავი, ახალი სიმღერები დამეწერა, ამ სიმღერებზე კლიპები გადაღებულიყო და გაჰიტებულიყო. საავტორო და სოლო მიმართულებითაც აქტიურად ვიმუშავე.
– შენი სიმღერა, რომელიც ჯგუფ „ა სტუდიოს“ დაუწერე და მისი სოლისტი და შენი ახლო მეგობარი, ორსული ქეთა თოფურია ასრულებს, გამოსვლისთანავე გაჰიტდა. რა განცდა ჩადე ამ სიმღერაში?
– სიმღერა, რომელსაც ქეთა თოფურია და „ა სტუდიო“ ასრულებენ, ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან მასში სხვაგვარი ემოციაა ჩადებული. ამ სიმღერის შექმნის ისტორია კი ასე დაიწყო: ქეთას მოვასმენინე მუსიკა ტექსტის გარეშე. ძალიან მოეწონა და გადავწყვიტეთ, ტექსტი ცნობილ არტისტს, პოეტსა და მომღერალს ოლგა სერეაბკინას დაეწერა. ეს გახლავთ, ცნობილი ჯგუფის „სერებროს“ წევრი, რომელიც ახლა სოლო კარიერას აგრძელებს და საკმაოდ წარმატებულად. ვთხოვეთ და ოლიამ, ძალიან მაგარი ტექსტი დაწერა. თან, ქეთა და ოლია დაქალები არიან, მათ ერთმანეთის ცხოვრების გარკვეული მომენტები კარგად იციან და ტექსტიც რეალური გამოვიდა. სიმღერას ჰქვია „სე ლავი“, ანუ ასეთია ცხოვრება.
– ანუ, პრაქტიკულად სამწუთიან სიმღერაში, ქეთა თოფურიას ცხოვრებაა ჩატეული?
– ასე გამოდის (იცინის). ყველა სიმღერა, რომელსაც ქეთა ასრულებს, ჩემი საჩუქარია მისდამი და მისი მხრიდან მადლობა არ მჭირდება. ამას ის თავისი ერთგული მეგობრობით მიხდის, მეხმარება, რუსულ შოუ-ბიზნესში ფესვები გავიდგა და წინ წავიდე. მადლობა, პირიქით, მე მინდა, მას ვუთხრა. გარდა იმისა, რომ ჩემი ახლო მეგობარია, ძალიან კარგი ადამიანია.
– ამბობენ, ქეთას კარგი ფეხი აქვსო და მეკვლედ ხომ არ მოდის შენთან ახალ წელს?
– ძალიან მინდა, ქეთა იყოს ჩემი მეკვლე, მაგრამ დღე-დღეზე პატარას ელოდება და ისეთ მდგომარეობაშია, გარეთ გამოსვლას და კონტაქტებს ერიდება. ახლა დავფიქრდი და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დავდივართ ერთმანეთთან სახლში, არასოდეს ვყოფილვართ ერთმანეთის მეკვლე (იცინის). ახლა რომ მახსენდება, სასწაული იყო ჩემთვის ის ახალი წლები, რომელიც ქუთაისში გავატარე. იქ კი დავდიოდი მეკვლედ და კარგი ფეხიც მქონდა. ფაქტია, იმ ოჯახში, სადაც მეკვლედ ვიყავი, ცუდი არაფერი მომხდარა (იცინის). ძალიან მიხაროდა საახალწლო სტუმრიანობა. რაც ჩემი შვილი, ნიკუშა დაიბადა, ის გახდა ჩვენი ოჯახის შეუცვლელი მეკვლე და მარჯვენა ფეხის შემოდგამასა და კანფეტების შემოყრაში, უამრავ საჩუქარს ითხოვს (იცინის). ისეთ გარემოცვაში გავიზარდე, თოვლის ბაბუა და ჩემი მშობლები საჩუქრებს არ მაკლებდნენ. სხვათა შორის, თოვლის ბაბუა კართან მიტოვებდა საჩუქრებს.
– თუმცა, შენი ბავშვობა 90-იან წლებს ემთხვევა, როცა ღარიბი თოვლის ბაბუები იყვნენ.
– გეთანხმები, ჩემს ბავშვობაში ღარიბი თოვლის ბაბუები მოდიოდნენ (იცინის). მაგრამ, მაინც მიხაროდა და მჯეროდა. სულ ველოდებოდი თეატრებში გამართული საახალწლო ზეიმების ბილეთებს, სადაც იდგა დიდი ნაძვის ხე და ველოდებოდი ქაღალდის ყუთში ჩადებულ ტკბილეულს. თოვლის ბაბუა, ძირითადად, კართან პატარა ავტომობილებს მიტოვებდა. არადა, ყოველ წელს ვოცნებობდი: ნეტავ, პატარა, მუსიკალური პიანინო მომიტანოს-მეთქი. ჰოდა, ერთ წელსაც, დედამ მომიტანა პატარა ელექტროპიანინო და მითხრა: ეს თოვლის ბაბუამ მოგიტანაო. ის სიხარული და ემოცია ახლაც მახსოვს. ოცნება ამიხდა. ალბათ, თავიდანვე მეტყობოდა, საითკენაც მივდიოდი, თოვლის ბაბუაც ხვდებოდა და შესაბამისი საჩუქარიც მომიტანა (იცინის). ახლაც არ დამიკარგავს თოვლის ბაბუის მოსვლის მოლოდინი და ნიკუშასთან ერთად, მეც ველი. ასე მგონია, მართლა რეალურია. ძალიან მენატრება საქართველოში გატარებული წლები და ეს ბოლო პერიოდი ნოსტალგია გამიორმაგდა. მინდოდა, ამ ახალ წელს ჩემს სამშობლოში, ჩემს სახლში შევხვედროდი, მაგრამ პანდემიის გამო არ გამოვიდა და ახლა ვფიქრობ, ზაფხულში რომ ჩამოვალ, ავაწყობ ნაძვისხეს, თოვლის ბაბუებსაც დავპატიჟებ და ბედნიერ ახალ წელს მოვაწყობ (იცინის).
– რა ტრადიცია წაიღე საქართველოდან, რასაც ყოველ ახალ წელს იცავ და არ არღვევ?
– ჩემს ოჯახში ქართული ტრადიციები არც მოსკოვში ირღვევა. ვშლით ტრადიციულ ქართულ სუფრას, თავისი გოზინაყით, საცივითა და ჩურჩხელით. თუმცა, ერთ ტრადიციას მაინც ვარღვევ – სამწუხაროდ, მოსკოვში ისეთ ადგილას ვცხოვრობ, სადაც თოფის სროლა არ შეიძლება, არადა ეს ტრადიცია ბაბუასგან მქონდა. პირველად მან მასროლინა თოფი და ისე დაფრთხნენ ჩვენი ძაღლები, ახლაც მეცინება (იცინის).
– გიგა, მომავალი წლისთვის რა გეგმები გაქვს?
– პირველ რიგში, ოცნება მაქვს, რომ იყოს ყველა ჯანმრთელად, იყოს ბევრი საინტერესო პროექტი... 2021 წლისგან ბევრ სიხარულს ველი. სხვათა შორის, ზოდიაქოთი კურო ვარ და მჯერა, ხარის წელი ჩემთვის ძალიან წარმატებული იქნება და რქებით მივაწვები ყველა მიზანს. თან, რქები არ მაკლია, ცხოვრებას სულ რქებით ვაწვებოდი და გამქონდა. ახლა კი გაორმაგებულად ვეცდები, ამაში წლის მბრძანებელი ხარიც დამეხმარება თავისი რქებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი