შოუბიზნესი

გიგა კუხიანიძე: ზოგჯერ საჭიროა ძირს დაეცე და დაიმსხვრე

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00

გიგა კუხიანიძე
დაკოპირებულია

გიგა კუხიანიძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის გიგა კუხიანიძე?

გიგა კუხიანიძე: პროფესიით მუსიკოსი, რომელიც უკვე დიდი ხანია, მუსიკალური პროდიუსინგის მიმართულებით მუშაობს ქართულ შოუ-ბიზნესში. გიგა არის ადამიანი, რომელსაც აქვს ბევრი წარმატება. ასევე, არის ძალიან მშრომელი, პრინციპული და ჯიუტიც, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ აზრს არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლის. არის მიზანსწრაფული და თუ რამეს ამოიჩემებს, რამდენი წელიც არ უნდა დასჭირდეს, სასურველ შედეგს მაინც მიაღწევს. ამასთანავე, არის ძალიან კარგი მეოჯახე, მეუღლე, მამა და აქვს არაჩვეულებრივი ოჯახი. მისი მზრუნველობა გადადის სამეგობრო წრეზეც, მეგობრებთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს. მართალია, ცოტა მეგობარი ჰყავს, მაგრამ მეტი არც სჭირდება. მას მხოლოდ ნამდვილი მეგობრები ჰყავს.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ბევრი ოცნება არ მაქვს. შეიძლება, ცხოვრება ოცნებების მიხედვით არ წარიმართოს და მერე იმედები გაგიცრუვდება. მე ვფიქრობ, მიზნად ისეთი რაღაცები უნდა დაისახო, რაც შენთან და რეალობასთან ახლოსაა. არ ვარ დიდად მეოცნებე, უფრო რეალისტი ვარ. შეიძლება, ახალგაზრდობაში უფრო ვიყავი მეოცნებე, მაგრამ გავფილტრე ჩემი სურვილები, რადგან რაღაცები არარეალური იყო. რა თქმა უნდა, მიზნები მაქვს, შეიძლება, ეს დღევანდელი დღისთვის ოცნებებად ითვლება, მაგრამ მონდომებისა და გამართლების დამსახურებით, ვფიქრობ, რომ ოცნებებად არ დარჩება. როგორც ვთქვი, მიზნისკენ სწრაფვა მახასიათებს.

– რამდენად ემოციური ადამიანი ხართ?

– ძალიან ემოციური ვარ, იმდენად, რომ ზოგჯერ ვერც ვთოკავ. ვარ ფეთქებადი, თუმცა წლების წინ უფრო მეტად ვიყავი. რაც მეტი დრო გადის, ადამიანი უფრო და უფრო დინჯდება. შეიძლება, აღარ ვარ ისეთი ბობოქარი, როგორიც წინათ, თუმცა ახლაც მაქვს ემოციური ეპიზოდები.

– როდის გიტირიათ ბედნიერებით ან ტკივილით გამოწვეული ცრემლით, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?

– ტკივილიან ცრემლთან ბებიაჩემის გარდაცვალება ასოცირდება. ის ძალიან მიყვარდა, ჩემთვის ყველაფერი იყო. დედაჩემის დედაზე ვსაუბრიბ, რომელმაც გამზარდა. მისი გარდაცვალება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტკივილი იყო.

ბედნიერებისგან მიტირია „ევროვიზიაზე“ გამარჯვების გამო. არაერთხელ მიტირია და გავგიჟებულვარ კიდეც სიხარულისგან (იცინის).

– ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ, რაში დახარჯავდით თანხას?

– ყველა ჩემს მიზანს და ჩანაფიქრს განვახორციელებდი შემოქმედებითი კუთხით. დიდი ხანია, ბევრი რამის გაკეთება მინდა, მაგრამ უსახსრობის გამო არ გამოდის. დიდ პროექტებს გავაკეთებდი. ისეთი მასშტაბისას, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელდებოდა და იტყოდა თავის სათქმელს. ქართული პროექტები ყველასთვის საამაყო იქნებოდა მთელს დედამიწაზე. ამის რესურსი და ამბიცია მაქვს. ამის უნარი ქართველებს ნამდვილად გაგვაჩნია, ნიჭიც და გემოვნებაც, მაგრამ ამხელა ასპარეზზე გასვლას დიდი სახსრები სჭირდება, რასაც დღეს ვერ მოიძიებ. ეს არარეალურად მიმაჩნია. ლატარიას არასდროს ვთამაშობ და როგორ მოვიგებ?! მე მაინც მგონია, რომ ვინმემ უნდა მაჩუქოს. თუმცა, ერთი მილიონი არაფერს იზამს, ასეთ პროექტებს დიდი თანხა სჭირდება (იცინის).

– გაქვთ სურვილი, რომ მსოფლიო მასშტაბით იყოთ ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი?

– არასდროს მდომებია გავლენიანი ვყოფილიყავი, ეს არ მიზიდავს. ჩემი საქმიდან გამომდინარე, თუ ცოტათი პოპულარული ვარ, ესეც არ მახარებს დიდად. არ მიყვარს საჯაროდ გამოჩენა. ეს არასდროს მომწონდა. ასე თავისთავად მოხდა, პროფესიული საქმიანობის გამო, თუმცა ეს რომ ჩემი მიზანი იყოს, დამიჯერეთ, უფრო მეტს ვიაქტიურებდი. პოპულარობა ნამდვილად არ მიზიდავს. არ მიყვარს, რომ მცნობენ. ეს არ არის თავისუფლება.

მსოფლიოში თუ პოპულარული გავხდები იმ მიზეზით, რომ ძალიან კარგი პროექტები შევქმენი, ამისთვის ღირს, მაშინ ავიტანდი ასეთ პოპულარობასაც. ამის გარეშე არ გამოვა, თორემ სიამოვნებით. მიფიქრია, რაღაც კარგი პროექტი სხვა სახელით ხომ არ გავაკეთო-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ ესეც სისულელეა.

მე მიყვარს შემოქმედებითი პროცესი, მსიამოვნებს, როცა ვქმნი იმას, რაც ადამიანებს მოსწონთ, რისგანაც სიამოვნებას იღებენ. ამის დანახვა მსიამოვნებს შორიდან, მაგრამ „მე ვარ, ვინც ვარ“, ეს განცდა ნამდვილად არ მაქვს. მთავარია, საკუთარ თავს დაუმტკიცო, რომ შენ ეს შეგიძლია, თორემ საკუთარი პერსონის წინა პლანზე წამოწევა არ არის ჩემი მიზანი.

– რას მიიჩნევთ თქვენს მცდარ ნაბიჯად?

– ბევრჯერ მინანია, რომ საქართველოდან არ წავედი სხვაგან სამუშაოდ. კარგი შემოთავაზებები იყო მაღალი ანაზღაურებით. უფრო მალე მოვაგვარებდი ბევრ პრობლემას, ვიდრე ეს აქ ყოფნისას შევძელი, მაგრამ კარგად ვხვდები, რომ მე სხვაგან ვერ ვიცხოვრებ. ჩავალ-ჩამოვალ, საქმეს გავაკეთებ, მაგრამ სახლი რომ საქართველოში უნდა მქონდეს, ეს ზუსტად ვიცი. ამიტომ თავის დროზე ვინანე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ სანანებელი არაფერი მაქვს. ზოგადად, არაფერი გამიკეთებია, რომ დღემდე ვნანობდე. ვფიქრობ, ადამიანმა არ უნდა ინანო შენი გადადგმული ნაბიჯები. ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი და რამ შეიძლება, თქვენში ეს თვისება გააღვიძოს?

– სასტიკი ვხდები, როცა საქმე ფუჭდება სხვისი მიზეზით. ჯგუფთან ერთად მუშაობისას, თუ ვინმე მოდუნებულია და საერთო საქმეს აფუჭებს, ასეთ დროს მართლა სასტიკი და დაუნდობელი ვხდები. ვერავის ვპატიობ სიზარმაცეს, ვერც უპასუხისმგებლობას და უნიჭობას. ადამიანმა მაქსიმუმი უნდა ჩადოს მუშაობის პროცესში. ჩემთვის წარმოუდგენელია, მხოლოდ იმისთვის იმუშაო, რომ რაღაც ანაზღაურება აიღო და საქმეში მთელი გული და სული არ ჩადო. ეს არის იმის მიზეზი, რომ წინ ვერ მიდიან და ვერ ვითარდებიან. არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, თუ შენს შესაძლებლობებს სრულად არ გამოიყენებ, ნაბიჯს წინ ვერ გადადგამ. როცა ამას ვხედავ, მართლა სასტიკი ვარ.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ხომ იცით, ამბობენ, ცხოვრება კიბეაო. ხან ადიხარ, ხან ჩადიხარ. ბრძოლაა, სულ უნდა ცდილობდე და მზად იყო, როგორც წაგების, ისე მოგებისთვის. ჩემს ცხოვრებაშიც ორივე ყოფილა – ეს კანონზომიერებაა. არ შეიძლება, სულ მოწოდების სიმაღლეზე იყო. თუ ყოველთვის გამარჯვებული იქნები, ვერც იგრძნობ გამარჯვებით გამოწვეულ სიამოვნებას. ზოგჯერ საჭიროა, ძირს დაეცე, დაიმსხვრე, რომ მერე წამოდგე და დააფასო წარსულში მიღწეული წარმატებები, განცდილი ბედნიერება და თავიდან დაიწყო სვლა ამ ყველაფრის განსაცდელად. ზოგჯერ ბედის საკითხია. ფიქრობ, რომ შენ შეცდომა არ დაგიშვია, მაგრამ ასე მოხდა... ასეა თუ ისე, წარუმატებლობის გარეშე არ გამოდის ცხოვრება.

– არც გამარჯვება და არც მარცხი, ალბათ, არცერთი არ არის მარტივი გასამკლავებელი. თქვენზე როგორ მოქმედებს?

– ორივე შემთხვევაში დანგრეული ხარ. გამარჯვებისთვის თუ დიდი წარმატებისთვის იმდენს ნერვიულობ, იმდენს შრომობ და იმდენად განიცდი, რომ როგორც კი მიზანს მიაღწევ, ეშვები და თითქოს, ინგრევი. გაწეული ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი გიმართლდება, გფიტავს და ეცემი. ეს ძალიან ჰგავს წაგებას. წაგებასაც ხომ წინასწარ გრძნობ. ხვდები, რომ შენი ნაბიჯები ისეთ შედეგს არ გაძლევს, როგორც შენ გინდოდა. ესეც განგრევს. ორივეს მსგავსი ემოცია მოაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, სტატუსი ბევრ რამეს ცვლის. უბრალოდ, შეგრძნების დონეზე, გამარჯვებამაც შეიძლება ვერ გაგრძნობინოს ბედნიერება. თუმცა, წაგება, რა თქმა უნდა, ცუდია.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– დედა მყავდა ცუდად, საოპერაციო იყო, მაშინ ძალიან დიდი შიში განვიცადე. ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობას უკავშირდება ყველაზე დიდი შიში.

– ფობია თუ გაქვთ?

– ეს ფობია არ არის, მაგრამ ვიტყვი, რომ წესრიგის გარეშე ცხოვრება ერთი წამითაც არ მიყვარს. თუ დაულაგებელია ოფისი ან სახლი, ეს იმდენად მიშლის ნერვებს, რომ მაგიჟებს. მიყვარს, როცა ირგვლივ ყველაფერი წესრიგშია, სისუფთავეა. ვერ ვიტან მოუვლელ გარემოს, სახლში იქნება, კაფეში თუ სხვაგან.

– პროფესიის მიღმა რისი კეთება გიყვართ ან არ გსიამოვნებთ?

– ვერ ვიტყოდი, რომ რამეს ძალით ვაკეთებ. შეიძლება, ადამიანი რაღაცებს ეჩვევი და იმდენად შენი ცხოვრების ნაწილი ხდება, მერე ვერც ხვდები, რომ არ გსიამოვნებს. ალბათ ყველა ვაკეთებთ ასეთ საქმეს რუტინულად, მაგრამ ის, რისი კეთებაც განსაკუთრებულად არ მსიამოვნებს და იძულებით ვაკეთებ, არ მახსენდება. ისეთი ტიპი ვარ, ძალით ვერაფერს გამაკეთებინებ.

ძალიან მიყვარს, როცა მეგობრები მოდიან ჩემთან ოჯახში და თვითონ ვამზადებ ვახშამს. გურმანი მეგობრები მყავს. ერთმანეთს ვპატიჟებთ ვახშმებზე და მიდის შეჯიბრება, მერე განხილვა, შეფასებები და ძალიან ვხალისობთ ამ პროცესში, ბევრი მოსაგონარიც გვიგროვდება. ჩემს მეგობრებს კარგი იუმორი აქვთ და სიამოვნებაა ეს ყველაფერი. ვახშმის მომზადება ჩემთვის კარგი რელაქსია.

ასევე, ძალიან მიყვარს ზღვა და მის გარეშე ზაფხული ვერ წარმომიდგენია. ზღვაზე დასვენება მთელი წლის ენერგიას მაძლევს.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– ყველაზე მეტად ვამაყობ იმით, რომ ძალიან კარგი შვილი მყავს, უწესიერესი ადამიანი, ზრდილობიანი ბიჭი. ერთი დღეც არ გამიტარებია იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება, რამე ცუდი გააკეთოს, ამის გამო დაძაბული არასდროს ვყოფილვარ. კეთილი და კარგი ადამიანია და ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ამიტომაც ვამაყობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი