შოუბიზნესი

გია სურამელაშვილი: ვინც მე ცუდს გამიკეთებს, მეცოდება, ვიცი, სასწაული რამე მოუვა

№46

ავტორი: ეთო ხურციძე 22:00 23.11, 2021 წელი

გია სურამელაშვილი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ გია სურამელაშვილთან 👇

სახელი: გია.

გვარი: სურამელაშვილი.

პროფესია: მომღერალი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ნანატრი და გამეტიჩრებული ბავშვი ვიყავი, ბაბუა საბჭოთა კავშირის გმირი მყავდა და ხელის გულზე მატარებდა – სასწაული ბავშვობა მქონდა. ძალიან ცელქი, ანცი და ხიფათიანი ვყოფილვარ. როგორც ყველას, მეც ეზოში თამაში მიყვარდა და დედა საოცრად განიცდიდა, როცა რაღაც მეტკინებოდა. ალბათ, 6 წლის ვიქნებოდი, ორმოში ჩავვარდი და მუხლზე ღრმა ჭრილობა მივიღე – დღემდე მაქვს შრამი. ვიფიქრე, დედაჩემი გაგიჟდება-მეთქი და საკუთარი ხელით გავიკერე ჭრილობა ჩვეულებრივი ნემსით და ძაფით. ოთახიდან გამოვედი თუ არა, დედაჩემმა დაინახა სისხლი და ატეხა კივილი, მთელი სამეზობლო შეიყარა, ყველა ჩვენთან მორბოდა, მე კიდევ ვიდექი შავი ძაფით ფეხგაკერილი. მერე შეიკრიბა ოჯახური საბჭო, თუმცა ვერავინ დამსაჯა, რადგან ბაბუას კალთაში ვიჯექი და ვინ მომეკარებოდა. როგორც გუშინდელი დღე, ისე მახსოვს ეს ამბავი.

– მშობლების როლი...

– დედაზე ვაფანატებდი, თუმცა მამაც ძალიან მიყვარდა. ულამაზესი დედა მყავდა, 15 წლის იყო, როცა მამამ მოიტაცა და მთელი ცხოვრება ხელისგულზე ატარებდა, მიჭირს მასზე საუბარი, რადგან ადრეულ ასაკში გარდამეცვალა, 52 წლის... დიდ სიყვარულსა და ოჯახურ სითბოში გავიზარდე. ჩემს მშობლებს 2 წელი არ ჰყავდათ შვილი და ნანატრი ბავშვი ვიყავი, ოჯახისთვის პირველი და განუმეორებელი შვილიშვილი.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– ვოცნებობდი ექიმობაზე. ჩემს დროს სამედიცინოზე რომ ჩაგებარებინა, ჯერ ამ სფეროში უნდა გემუშავა. ამიტომ, რაღაც პერიოდი მორგში და ერთ-ერთი საავადმყოფოს მიმღებში ვიმუშავე. თუმცა ისე მოხდა, რომ სულ სხვა მიმართულებით წავედი, უცებ გადავიფიქრე და კინოსა და თეატრის სამსახიობოზე ჩავაბარე.

– ჩემი მეტსახელი...

– ბავშვობაში არ მქონია, ახლა უფრო მეძახიან „სურამელას“ , „თუ გაპატიოს“ და ასე შემდეგ.

– ადამიანში ვაფასებ...

– ერთგულებასა და იუმორის ნიჭს. სულით ერთგული ვარ, როგორც მეგობართან, ასევე საყვარელ ადამიანთან. შესაბამისად, მათგანაც იმავეს მოვითხოვ. იუმორის გრძნობაც კარგად მაქვს განვითარებული და ამ თვისებას სხვებშიც ძალიან ვაფასებ.

– წარმატებული ადამიანი არის...

– საქმის მოყვარული, ცოტა ზარმაცი, კაცთმოყვარე, კეთილშობილი და ზომიერად ამაყი. თუ სიამაყე არ გაქვს, შენს ღირსებას ვერ დაიცავ.

– მეშინია...

– ადამიანს წლები რომ გემატება, უფრო გინდა სიცოცხლე. ყველას ეშინია სიკვდილის და მეც ვერ მოგატყუებთ, რადგან ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ. სიკვდილის მეშინია და იმის, რომ არ დავკარგო ის ადამიანები, ვინც ძალიან მიყვარს. ახლა არ ვარ ჩემი საყვარელი ადამიანის გვერდით, ჯერ კიდევ არ ვიცი, საბოლოოდ დავკარგე თუ არა, ალბათ, ღმერთის ნებაა ყველაფერი, მაგრამ სადაც დიდი სიყვარულია, მჯერა, იქ ყველაფერი მოგვარდება.

– მწამს...

– ღმერთისა და ასევე იმ ადამიანების, ვისაც სულითა და გულით ვუყვარვარ – ჩემი მეგობრების. ვდარდობ ხოლმე, არ შევცდე იმ ადამიანში, ვისაც ძალიან შევიყვარებ, რადგან მერე მის დაკარგვას მტკივნეულად განვიცდი. თან, რა დონეზეც შემიძლია სიყვარული, ასევე შემიძლია სიძულვილიც. ვისაც ჩემთან ეშლება, ჩუმად მივდივარ მისი ცხოვრებიდან და გაურკვეველ მდგომარეობაში ვტოვებ, მთელი ცხოვრება რომ წუხდნენ, თუ რა დაკარგეს ჩემი სახით. დროთა განმავლობაში ინანიებენ შეცდომებს და ბევრი მცდელობაც აქვთ, დამიბრუნონ, თუმცა როცა რაღაც ტყდება, ბოლომდე არასოდეს მთელდება. ღალატის ატანა არ შეუძლია ჩემს გულს და ბუნებრივია, ამას ვერც ვერავის ვაპატიებ.

– ვრისკავ...

– ახლა მეტ-ნაკელბად რისკიანი ვარ, რადგან აღარ ვარ იმ ასაკში, როცა დაუფიქრებლად ვრისკავდი. საბჭოთა კავშირის პერიოდში, არაფერი რომ არ არსებობდა, მათ შორის არც რეკლამა, 500 აფიშა დავბეჭდე, რომელზეც წითელი ასოებით ეწერა: მღერის გია სურამელაშვილი. მაშინ 18 წლის ვიყავი და ჩემი დიდი მეგობრები, მათ შორის მზია კვირიკაშვილი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ გვერდით აღარაა, ამბობდნენ, ეს ბიჭი დაიღუპება, როგორ რისკავსო. ეს მართლაც ძალიან დიდი რისკი იყო, დიდი მსახიობები და მომღერლები ვერ ბედავდნენ სოლო კონცერტის გამართვას.

– ვერიდები...

– არ მიყვარს ჭორაობა, ასევე ვერიდები, ჩემთანაც რომ არ იჭორაოს ვინმემ.

– მაკვირვებს...

– 21-ე საუკუნეში ზოგი ადამიანის უმეცრება და დაბალი დონე. არიან ადამიანები, რომლებიც 3 უნივერსიტეტს ამთავრებენ, მაგრამ შედეგი არ აქვთ. მაკვირვებს ის ადამიანები, ვინც ხალხს ლანძღავს და სიბოროტეს უკეთებს. ამხელა ენერგიის სხვაზე დახარჯვას არ სჯობს, თავიანთ ცხოვრებას მიხედონ? მაგრამ დაკვირვებული ვარ, ასეთებს არ ჰყავთ საყვარელი ადამიანები, ერთგული მეგობრები და ალბათ, ეს აბოროტებთ. მე არასოდეს მქონია ამის საშიშროება, რაც მინდა, ყოველთვის საკმარისად მაქვს.

– ბედისწერა...

– არსებობს. შენი ბედი იწერება მაშინ, როცა იბადები. დედასთან შეხუმრებული ვიყავი და ვეუბნებოდი ხოლმე 2 წელი რომ არ გყავდი ჩვენი ბედისწერა იყო და მადლობა, რომ შენ გამაჩინე-მეთქი.

– მარტოობის განცდა...

– არ მაქვს, რადგან ძალიან მიყვარს მარტოობა, ამ დროს ვისვენებ. ალბათ, იმიტომ მიყვარს სიმარტოვე, რომ „ფოიერვერკი“ ცხოვრება მაქვს, ბევრ ადამიანთან ვურთიერთობ და როცა განვმარტოვდები, უბრალოდ, ვისვენებ. ვცდილობ, მარტო ვიყო ხოლმე, იშვიათად გამოვჩნდე სადმე, იმის მომხრეც კი ვარ, საყვარელი ადამიანი არსად გამოვაჩინო.

– სიცოცხლე არ ღირს...

– 50-50-ზე სიყვარულის გარეშე, მაგრამ ბევრი უსიამოვნებაც მოაქვს ამ გრძნობას, თუმცა უსიყვარულოდაც არ შეიძლება ყოფნა. როცა შენს ცხოვრებაში არ არსებობს ის ადამიანი, ვინც გიყვარს ან საერთოდ არ გყავს ასეთი ვინმე, მაშინ ყოველთვის გექნება დანაკლისის განცდა. მომღერლები და ცნობილი ადამიანები იშვიათად არიან ბედნიერები, კარიერასთან ერთად არასოდეს აქვთ ის დიდი, საოცნებო სიყვარული. წლებთან ერთად შევეგუე ამ საკითხს, ყველაფერი ვერ ექნება ადამიანს... როცა წარმატებული ხარ, მერე ეჭვიანი ხდები და ფიქრობ, ამის გამო ხომ არ უყვარხარ მას? სულ მეშინია საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში შემოშვება, რადგან არ მინდა, მასში შევცდე.

– დრო და სიყვარული...

– თუ გრძნობა ნამდვილია, არასოდეს განელდება. 3 თვეა, რაც დაშორებული ვარ ჩემს საყვარელ ადამიანს და არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება. ასეთი გრძნობა დიდი ხანია, არ მქონია, ბოლოს ასე 1994-ში მიყვარდა. მას შემდეგ ადამიანებს არ ვუშვებდი ახლოს, არც ჩემს თავს ვაძლევდი ამის უფლებას. ახლა 50 წლის ასაკში კვლავ მეწვია სიყვარული, თუმცა ყველაფერი ღმერთის ნებაა, დრო გვიჩვენებს.

– შემშურებია...

– ცხოვრებაში არ შემშურებია. რაღაცაზე გავბრაზებულვარ ჩემს თავზე, მიკითხავს: რატომ არა? მაგრამ, შურით არავისი შემშურებია. საქართველოში შოუბიზნესის წარმომადგენლები ცუდ დღეში ვართ და უბრალოდ, მიფიქრია, რატომ არ დავრჩი სადმე, უფრო კარგი ცხოვრება მექნებოდა-მეთქი. საქართველოში არავისი მშურს, ჩემს ქვეყანაში ძალიან პოპულარული ვარ – თითქმის მსოფლიოშიც. ადამიანს სიბოროტე და შური აბერებს, მე კიდევ არ ვბერდები, ხომ ხედავთ (იცინის). კვლავ ლამაზი და მომხიბლავი ვარ. ყველა კარგად მინდა იყოს, ის მტერიც, რომ მეტი შემართება მქონდეს.

– სამაგიეროს გადახდა...

– ცუდისთვის ვერ გავიმეტებ ადამიანს, იმას ისედაც დაემართება თავისი. ვინც მე ცუდს გამიკეთებს, მეცოდება, ვიცი, სასწაული რამე მოუვა, მერე ვიგებ ხოლმე მათ ამბებს...

– ბოდიშის მოხდა...

– არ მიჭირს, მაგრამ იშვიათად ვიხდი. ვიცი, როცა დამნაშავე ვარ და ვაღიარებ კიდეც.

– ვნანობ...

– ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, ვისაც გრძნობაზე დადებითად არ ვუპასუხე. დღევანდელი გადასახედიდან ვნანობ, რადგან შეიძლება, უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი.

– ვაგროვებ...

– სათვალეებს, ბრილიანტებს, ბიჟუტერიას, ოქროულობას, შუბებს...

– ჩემი თილისმა...

– ჩემი სილამაზეა.

– არასოდეს დამავიწყდება...

– ერთხელ თვითმფრინავში გამცილებელს ვეჩხუბე და სიგარეტი მოვწიე. მას დაურეკავს პოლიციაში და სტამბოლში რომ ჩავფრინდი, პოლიციის 4-5 მანქანა დამხვდა. კარგად მახსოვს, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვა ცნობილი ადამიანები მგზავრობდნენ ჩემთან ერთად და ხალხი გაგიჟდა – რა ხდება, რეციდივისტს იჭერთო? (იცინის) წამიყვანეს განყოფილებაში. ადრე სულ დამქოდნა ჩემი დისკები, ახლა აღარ ვუშვებ, რადგან იპარავენ და აზრი არ აქვს. პოლიციელებს ვეუბნები: იცით ვინ ვარ და ამოვიღე ეს დისკი. რომ დახედეს, ვეღარ გაიყვეს (იცინის). არც ჯარიმა გადამახდევინეს და სულ ბოდიშებით გამომიშვეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი