შოუბიზნესი

გია სურამელაშვილი: მადლობელი ვარ, რომ ამ დონეზე ვუყვარვარ, მაგრამ სულ ჩაკეტილი როგორ ვიყო

№30

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 02.08

გია სურამელაშვილი
დაკოპირებულია

სულ ცოტა ხნის წინ ყველასთვის საყვარელი და ულამაზესი მომღერლის – გია სურამელაშვილის ჯაკუზში თითქმის შიშველ მდგომარეობაში გამოჩენას, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მომღერალი, როგორც ყოველთვის, საოცარ ფორმაშია და ალბათ, ამიტომაც არის, რომ მისი მეუღლე მასზე საოცრად ეჭვიანობს. რა გახდა მათ შორის დაძაბულობის მიზეზი, ამაზე გია თავად მოგვიყვება.

გია სურამელაშვილი: თავშეკავებული ვიყავი კოვიდპანდემიის ფონზე, მაგრამ იმდენადაც არა, რომ არსად გავსულიყავი. სასჯელაღსრულების სამინისტროსთან შეთანხმებით, მინდოდა, წინა კვირაში უსასყიდლოდ გამემართა ლამაზი კონცერტი ქალთა კოლონიაში. სასწაული მომზადება იყო, მაგრამ წინა დღეს ტესტი გავიკეთეთ კოვიდზე მე და ჩემმა გარემოცვამ. რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ის მოხდა, საღამოს ჩემს თანაშემწეს დადებითი პასუხი მოუვიდა. მე უარყოფითი მქონდა, მაგრამ ეს კონცერტი მაინც გადაიდო. კიდევ ბევრი კონცერტი მქონდა ჩასატარებელი, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით ყველაფერი გადავდე. მე იზოლაციაში ყოფნა თვითონ გადავწყვიტე უსაფრთხოების მიზნით. უამრავი გულშემატკივარი მყავს, ძალიან მანებივრებენ, ყვავილები ინკოგნიტოდ მომართვეს და არ ვიცი, ვისგანაა. ჩემს მეუღლეზე კი არ ვეჭვობ. იცის, რომ ყვავილები მიყვარს, მაგრამ ახლა დაძაბული სიტუაცია გვაქვს.

– რატომ დაგეძაბათ ურთიერთობა?

– ორივეს რთული ხასიათი გვაქვს. ადვილად ვერ ვპატიობთ ერთმანეთს. არ მინდა, ხელები შევახოცო და ყველაფერი მას დავაბრალო. ხშირ შემთხვევაში კამათი და განხეთქილება ჩვენ შორის ჩემი დალევის გამო ხდებოდა.

– მაგრამ ხომ თქვი, აღარ დავლევო?

– მაინც ვსვამდი, მერე აგრესიული ვხვდები და ჩხუბი მოჰყვება ხოლმე. ალბათ, რაღაც მრჩებოდა გულში, რაღაცით უკმაყოფილო ვიყავი და მერე ყველაფერს სიმთვრალეში ვაფრქვევდი. ჩვენ ერთმანეთი არაამქვეყნიური სიყვარულით გვიყვარს. ასეთი სიყვარული 1992 წლის მერე არ მქონია. მე თუ კიდევ შემოვუშვებდი ადამიანს ჩემს ცხოვრებაში და ამ დონეზე შევიყვარებდი, ამას ვერ წარმოვიდგენდი. რომანები მქონდა, მაგრამ ასეთი ვეებერთელა სიყვარული არ წარმომედგინა. მას ოჯახი აქვს, ოფიციალურად განქორწინებული არ არის, მაგრამ ჩვენ ჩვენი პატარა სასიყვარულო ბუდე გვაქვს. არაფრის აფიშირება არ მინდა. ძალიან კარგად ვიყავით ასე. ყოველ მეორე დღეს ვიყავით ერთად და ერთად გატარებული ის სამი-ოთხი საათი გადასარევი იყო. სულ გვენატებოდა ერთმანეთი და უფრო მეტად გვიყვარდებოდა. მას მაინც ოჯახიც აქვს, სამსახურიც, მეც საქვეყნოდ ცნობილი პიროვნება ვარ და არ მინდოდა, ერთად სადმე გამოვჩენილიყავით, მაგრამ მიწერ-მოწერა დღის განმავლობაში უწყვეტად გვქონდა. სახლიდან რომ მიდიოდა, კიბეებიდან უკვე მწერდა, როგორ ვუყვარდი და ვენატრებოდი, როგორ მეძებდა ყველა ადამიანში – ჩემს სახეს და თვალებს ეძებდა. ისეთი წერილებია, არ ვიცი, სიყვარულის დიდი წიგნი დაიწერება.

– ყველას გასაგებად გამოაცხადე, გიღალატებო – ეს როგორ გააკეთე?

– ხედავ, მეც რა მძიმე ხასიათი მაქვს?! მაგრამ ჩვენ ერთი კვირის წინ დავიწყეთ მიმოწერა. თუმცა, მერე მე კიდევ მეწყინა რაღაც. სახლში ჯერ არ მოსულა და ორ სიტყვაში მაწყენინა ისე, რომ პასუხი საერთოდ აღარ გავეცი. სახლში მოსვლაზე იყო საუბარი და ტკბილად მითხრა, რომ ამ კვირაში არ შეეძლო მოსვლა. მე ეს ძალიან მეწყინა და უპასუხოდ დავტოვე. მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და ამწუთას ჩვენ ნაჩხუბრები არ ვართ, მაგრამ... უფალმა ამხელა სიყვარული გამომიგზავნა და მეორედ რომ გავჩნდე ამქვეყნად, ისევ შენ შეგიყვარებ, შენი თავი ჩემი ჯილდოაო... – საოცარ ტექსტებს მწერს. ამას ვერ მოიტყუები. მე ვიცი, რომ ძალიან დარდობს, ვერ სუნთქავს უჩემოდ და იმანაც იცის, რომ მეც ასე ვარ. თან ეჭვიანობს. არ ვიცი, რატომ უნდა ჩავიკეტო? პატარა კლიპი გადავიღე, გადაღებებსა და გადაცემებში მივდივარ და ამაზე ეჭვიანობს. ამბობს, კარგად არის და არაფერს იკლებსო. ჩავიკეტო, ძაძები ჩავიცვა და ვიგლოვო? მადლობელი ვარ, რომ ამ დონეზე ვუყვარვარ, მაგრამ სულ ჩაკეტილი როგორ ვიყო?! ხშირ შემთხვევაში ვუსრულებდი კიდეც ამ სურვილს. როცა ვიცოდი, რომ უხაროდა ჩემი სახლში ყოფნა, თუ აუცილებელი არ იყო, არ გავდიოდი გარეთ, რა მექნა, აბა?! ორთვენახევრიანი გაყრის შემდეგ მას შეეძლო, ჩემთან მოსულიყო სამსახურის შემდეგ, მაგრამ მატკინა. შეგნებულად მატკინა. მერე დავთვერი, რესტორანში წავედი. ნახა, რა თქმა უნდა, ყველაფერი იცის, სად ვარ, როგორ, ვისთან ერთად – ყველანაირად კონტროლში ვყავარ. ამაზე გაგიჟდა. მერე, ჯიბრზე, ფოტოები გადავიღე, ჩვენ შორის არაფერი ყოფილა, მაგრამ ფოტოები ძალიან თბილი იყო, რაზედაც ეგ გიჟდება. ჩახუტებულები ვიყავით. ვფიქრობ, რომ ამის გამო გაბრაზებულია და არაფერს მწერს.

– ასე სულ ერთმანეთის ჯიბრზე მოქცევა რომ შეწყვიტოთ, უკეთესი არ იქნება?

– რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ უბრალოდ არაფერი ხდება. ჩვენ პირველად შვიდი წლის წინ შევხვდით ერთმანეთს, სულ რამდენჯერმე და მალე დავშორდით. ის ყოველთვის მკითხულობდა, დღესასწაულებს მილოცავდა. მერე, ღმერთის ძალით, წელიწადი და რვა თვის წინ შევხვდით ერთმანეთს და იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. აქამდე საგონებელში ვიყავი, რატომ შევწყვიტე ამ ადამიანთან ურთიერთობა წლების წინ, როცა ახლა ამ დონეზე შემიყვარდა-მეთქი. მაშინ ასე არ მიყვარდა, მაგრამ მომწონდა და ამიტომ მიკვირდა. ახლა მივხვდი, ალბათ, მაშინაც რაღაც მეწყინა და გავწყვიტე ურთიერთობა. თვითონ მითხრა, ერთი წუთითაც კი არ შემიწყვეტია შენი სიყვარულიო. ძალიან ვნანობთ, რატომ დავკარგეთ ეს შვიდი წელი უერთმანეთოდ.

– ახლაც იგივეს არ აკეთებთ?

– მე მზად ვარ, კიდევ ერთხელ დავფიქრდე ყველაფერზე. უკვე აზრი აღარ აქვს ჯიბრს. უნდა დავუთმოთ ერთმანეთს. ოფიციალურად კიდევ არ ვართ დაშლილები, მაგრამ მე აღარ მივწერ. ალბათ, თვითონ მომწერს, როცა თავში „დაარტყამს“. ფსიქოლოგიურად ძალიან დავიღალე. გავიყინე.

– ცოტა ხნის წინ, გულის შეტევით რომ მოხვდი კლინიკაში. ეს თქვენს დაშორებას ხომ არ უკავშირდება?

– კი, ძალიან ბევრი დავლიე და განერვიულებულზე გულის შეტევით მოვხვდი კლინიკაში. მაშინ ჩემს მეგობართან დარეკა, რა დაემართა, ხომ მშვიდობააო? ჩემმა მეგობარმა გალანძღა – ყველაფერი შენ გამო მოხდაო. ამანაც დააკომპლექსა, მაგრამ იმის შემდეგ ნელ-ნელა დაიძრა ყველაფერი და დავიწყეთ მიმოწერა. ახლა მან უნდა გადმოდგას ნაბიჯი. ამ კვირაში ვერ მოვალო – ორი თვეა, არ გინახივარ და რა, არ მოგენატრე? აქ მარტო სექსზე ხომ არ არის საუბარი? ადამიანი, რომელიც სულ თვალებში გყავს და რომელსაც სიზმრებში ხედავ, არ გინდა ნახო?! არც მე ვარ შოკოლადი. არ მინდა, ხელები მარტო მას შევახოცო, მეც ძალიან მძიმე ვარ. ერთხელ დავთვერი და საშინელი ლანძღვა-გინება ავტეხე. გაოგნებული იყო, ამ ანგელოზივით ადამიანს, საიდან ამოგდის ეგ სიტყვები. ამ სილამაზეს საიდან ეს სიბინძურე, გადარეული ვარო.

– გადაცემაში რომ შიშველი იყავი, არ ჰქონდა რეაქცია?

– ფოტოები ნანახი ჰქონდა და ვიდეოსაც ნახავდა, ყველაფერს აკონტროლებს. ეს გადაცემისთვის იყო და ამ ნაბიჯს ძალიან ბევრი კარგი და ბევრი ცუდი რეაქციაც მოჰყვა. რას იზამ, არიან ადამიანები, რომლებიც ცუდისთვის არიან დაბადებულები, გაბოროტებულები არიან. მას, როგორც მომღერალი, ძალიან ვუყვარვარ, დიდ პატივს მცემს, მისთვის ღმერთი ვარ. მთელი ქვეყანა ტიტლიკანა დარბის, ზღვაზე მით უმეტეს და ჩემი რატომ უნდა გაუკვირდეთ, ჩამოძონძილი ხორცი მე არ მაქვს, ქალსა და ბავშვს შეშურდება ისეთი კანი მაქვს. ეს ჩემი გენეტიკის დამსახურებაა. საოცარ კრემებს მჩუქნიან, ორიგინალებს, საფრანგეთიდან ჩამოტანილებს, მაგრამ არაფერს ვხმარობ, გავაჩუქებ ხოლმე დაბადების დღეებზე. ღამის კრემსაც კი არ ვიყენებ, მხოლოდ დუშგელს – ბანაობისას. ჩემი მეუღლეც მეუბნებოდა, ასეთი არაფერი მინახავს, სხვას რომ ეთქვა, ვერ დავიჯერებდი, მაგრამ ჩემი თვალით ვხედავ, საოცარი კანი გაქვსო.

– როცა ერთმანეთთან კარგად ხართ, სახლში რამდენად რომანტიკულად ხვდები ხოლმე?

– ჩვენ ჩაკეტილი ოჯახი გვაქვს – იკეტება კარი, იკეტება ფანჯრები. ხან ერთად ვამზადებთ სადილს, ხან გამზადებულს ვახვედრებ.

– მის ოჯახზე არ ეჭვიანობ?

– კი, ვეჭვიანობ. მარტო რომ მტოვებს, მეც ვეჭვიანობ და ისიც. მიყვარს, თორემ დავიკიდებდი ფეხებზე. ეჭვიანობაც გვიშლის ხელს. ასეც ძალიან კარგად ვართ, მაგრამ მაინც ვეჭვიანობ. მეუბნება ხოლმე, ბავშვებს სძინავთ, მარტო ვარ, ის სახლში არ არის. მაგრამ როცა ის სახლშია და მე ღამე მარტო ვრჩები, ვფიქრობ, ხოლმე, ვაიმე, ახლა ნეტა რა ხდება? მეუბნება, საერთოდ მისაღებში მძინავს, ოთახში არ შევდივარო, მაწყნარებს, მაგრამ ძალიან ძნელია. ასეთი სიყვარული ძალიან რთული ყოფილა. ადამიანთან ერთად რომ ცხოვრობ, ესეც რთულია, იმიტომ, რომ მე ცოტა თავნება ვარ, გია ვარ, სურამელაშვილი. რა დაგიმალოთ და მარტოობა მიყვარს. მქონდა სხვა ადამიანთან ერთად ცხოვრების გამოცდილება, მაგრამ ის იმარჯვებს, ვისაც სიგიჟემდე ვუყვარვარ. სხვანაირად მე სახლში 24 საათი ვერავინ ამიტანს. ეს ურთიერთობა, ამ მხრივ, ძალიან კარგია, რადგან რამდენიმე საათით ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ეჭვიანობა მაინც არის და ამის გამო ვთვრები, ამის გამო „ვიგრუზები“, ვფეთქდები და ვუშლი ნერვებს. სიყვარული მარტივი არ არის. მე მჯერა, რომ ღმერთი კიდევ მოგვცემს შანსს. თუ არა და მე ემოციებისგან სრულიად დაცლილი ვარ. ისიც ნაწყენია და მეც – ჩემებურად, მაგრამ თუ ის გადალახავს, მეც გადავლახავ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ეშელონებით მიხსნიან სიყვარულს, ძალიან ბევრი ადამიანია ასეთი და მან ეს იცის, მაგრამ მე მას სამუდამოდ რომ დავშორდე, ღმერთმა არ ქნას, მაინც გამორიცხულია ჩემს ცხოვრებაში ვინმე შემოვუშვა. ეს სიყვარული ჩემთვის ძალიან დიდი გვირგვინია და კმარა.

P.S. გამოყენებული ფოტოების ავტორია ირაკლი კალატოზიშვილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...