შოუბიზნესი

გია ნიკოლაძე: ჩუმი მტრებიც მყავს, რომლებიც დიდი ხანია, დამდევენ, არ უნდათ, რომ გავიხარო

№32

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 23.08

გია ნიკოლაძე
დაკოპირებულია

რამდენად იღბლიანი ადამიანია გია ნიკოლაძე, რა არ აძლევს მას სიზარმაცის უფლებას და რა აღმოჩენები გააკეთა მან – ამაზე თავად მოგვიყვება.

გია ნიკოლაძე: იღბლიანი ადამიანი ვარ. ბევრჯერ გადავრჩენილვარ სიკვდილს, ბევრჯერ გამმართლებია და როგორ შეიძლება, ასე არ ვიფიქრო?!

– რა დოზით არის თქვენში შრომისმოყვარეობა?

– გააჩნია შრომას. თუ გსიამოვნებს, შრომისმოყვარე ხარ, თუ არ გსიამოვნებს რაღაცის კეთება, მაშინ ვერ იქნები შრომისმოყვარე. მე რომ დამემართა ის, რაც მაწერინებდა სიმღერებსა და ლექსებს, მოსვენებას არ მაძლევდა. ბევრჯერ სუფრიდან ავმდგარვარ და სახლში გამოვქეულვარ, რომ წერა გამეგრძელებინა. ეს შრომისმოყვარეობაა? ალბათ, უფრო სხვა რამეა. როცა გამთქნარებს, შრომა ხომ არ გჭირდება დასამთქნარებლად. ესეც მსგავსი მომენტია, შრომაში არ გადის. ვიღაცები კი იძახიან, მე ამდენი მიშრომია და მიწვალიაო, ალბათ, იმიტომ, რომ სხვა მშომელებს უთხრან, მეც არანაკლებს ვშრომობო, მაგრამ თუ გულახდილად ვიტყვით, ამას შრომას ვერ დავარქმევ, უფრო მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა. მოთხოვნილება გაქვს, რომ დაწერო, რაღაც გააკეთო, შექმნა და ასე შემდეგ.

– სიზარმაცის უფლებას როდის აძლევთ საკუთარ თავს?

– საერთოდ, ნიჭიერებზე ხომ ამბობენ ხოლმე, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო. სისულელეა. არ არის სიმართლე. ნიჭი გაწვება და გაკეთებინებს. გინდა თუ არა, აკეთებ. ვერანაირად ვერ იქნები ზარმაცი. არ არის სიზარმაცის დრო.

– რა არის ის, რისთვისაც ყველაზე მეტი იშრომეთ?

– ჩემი პოემა „ანი-ბანი“, რომელიც ჩიტმა მომიტანა. მართლა ჩიტმა მომიტანა, ეს არ არის მხატვრულად ნათქვამი სიტყვა. მერე ამოვიკითხე, რომ ჩიტი, რომელმაც ის მომიტანა, ნამგალა მერცხალი, უფლის რჩეული ჩიტი ყოფილა. ჰაერში სძინავს, ჰაერში ჭამს, ყველაფერს ფრენის დროს აკეთებს. მე 21-ში ვარ დაბადებული და ის 21 წელი ცხოვრობს. ყველაფერი ემთხვევა. როცა ამდენი რამ ერთმანეთს ემთხვევა, ეს ბევრ რამეზე მიუთითებს. ეს დიდ ძალასა და ენერგიას გაძლევს. ყველაფერი ენერგიაა. ჩვენც ენერგიისგან შევდგებით, სიყვარულიც ენერგიაა. როცა ეს ენერგია გაქვს, ენერგიულად ხარ და ყველაფერს შეძლებ, თუმცა არსებობენ ენერგოვამპირები და ახლა იმათია მთელი ხელისუფლება მსოფლიო მასშტაბით. კონკრეტულ პარტიებზე არ ვამბობ, მთელი მსოფლიო ხელისუფლება ენერგოვამპირებისაა. რომ გაიგოთ, რას აკეთებენ არ დაიჯერებთ. სამწუხაროდ, რეალობა მძიმეა.

– გქონიათ განცდა, რომ ბევრი გიშრომიათ, მაგრამ ყველაფერი „წყალში ჩაყრილა“?

– ერთხელ ჩემი პოემა დავხიე და ამას ვერ ვპატიობ ჩემს თავს. როგორ დავხიე, როგორ გადავაგდე?! წლების წინ იყო, რაღაცაზე გამაბრაზეს. მითხრეს, არასერიოზული ხარ, პოემებს წერ, წადი, ხელი გაანძრიეო... ავდექი და დავხიე. წამშლია კიდეც ნაწერი, საშინელებაა. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, ამიტომ ახლა, როცა რამეს ვწერ და ეს განცდა მახსენდება, ძალიან ხშირად „ვასეივებ“, რომ არ დავკარგო.

– რთულ პერიოდებში რა გეხმარებათ ფეხზე წამოდგომაში?

– სხვადასხვა ნივთიერება. ჩვენ ქიმია ვართ. დედამიწა ყველაზე დიდი ქიმიაა. მზეც ქიმიაა, მისი სხივი D ვიტამინს შეიცავს. შენ ხარ ანტენა, ზოგჯერ რაღაცების ნაკლებობას განიცდი და ამ ქიმიებს რომ მიიერთებს, იტენება, ანუ, იღებს იმ ინფორმაციებს, რაც მთავარი ქიმიიდან – უფლისგან მოდის. ნარკოტიკებს ამიტომ კრძალავენ. რატომ უნდა აკრძალონ ის, რაც მეორე ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს? იმიტომ, რომ იმათ აწყობთ, რომ სულ შიშის ქვეშ იყო, სულ განცდების ქვეშ იყო, რადგან ამ განცდების შედეგად გამოიყოფა ის ნივთიერება, რომლითაც ეს ენერგოვამპირები იკვებებიან. ეს არის შიში, ტკივილი, მწუხარება და სხვა ემოციები. ყველაზე დიდი ნარკოტიკი რა არის, ყველაზე ცოტა ხანი რის გარეშე ძლებს ადამიანი? ჰაერის. ასევე გვაქვს წყლის, საკვების მოთხოვნილება. რა გგონია, რა გვაბერებს? საჭმელი, მაგრამ ხომ ვერ გაძლებ მის გარეშე, მასზედაც დამოკიდებული ხარ.

– რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი მოტივაცია ან მოტივატორი?

– უკვე რვა წელია, მეორე ცოლი მყავს და ჩემი ფატუნა არის ჩემთვის მუზაც და მოტივატორიც – ყველაფერია. მანამდე იყო ბუნება, ღვთისმშობელი, ქრისტე, დედამიწა. ბუნება შენშია, ყველაფერი შენშია. მაგალითად, წყალი რამდენიც იყო დასაბამიდან, ახლაც იმდენია, იმდენი წვეთია. ჩვენში წყალია 80 პროცენტი, წყალი ინფორმაციას იმახსოვრებს და თითოეულ ადამიანს იმ სტრუქტურის წყალი დაგვაქვს, როგორც ვიქცევით, ვინც ვართ. რომ გარდაიცვლები, ეს წყალი დიდ წყალს უერთდება. ესეც – შენი წარდგენა უფლის წინაშე. ისე წარსდგები, იმ სტრუქტურის წყლით, როგორც ცხოვრობდი და იქცეოდი. რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამ წყალმა, ნისლი იქნება, თუ სხვა მდგომარეობის, სტრუქტურა შენახული აქვს და ამ სტრუქტურის მიხედვით გადადიხარ სასუფეველში. მერე ამისდა მიხედვით ხდება გარდმოცვალება. უფალმა გვითხრა, ისევე მოექეცი დანარჩენ ცოცხალ სამყაროს, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ, როცა გარდმოიცვლები რაღაცის სახითო. ეს უნდა გვახსოვდეს. ეს ყველაფერია ჩემი მოტივაცია – ბუნება, ამ სამყაროს შეცნობა, ღმერთის ალის შეცნობა. ქრისტე ამბობს, შეცნობილები თუ გახდებით, თუ მიხვდებით, რომ ცოცხალი მამის შვილები ხართ, გამოხვალთ სიღარიბიდან, თუ არადა, დარჩებით სიღარიბეშიო. გვეუბნება, რომ ახლა ცუდად ვართ, მაგრამ ცნობიერები თუ გავხდებით, კარგად გავხდებით. ჩვენ რას უნდა მივხვდეთ? იმას, რომ ჩვენ ვართ ის ეშმაკები, რითაც ერთმანეთს ვაშინებთ ჯოჯოხეთში მოხვედრით. ჩვენ, ადამიანები, ვხარშავთ ყველა ცოცხალ არსებას ერთ ქვაბში და არა ეშმაკები ჯოჯოხეთში. ადამიანი როცა მიხვდება, რომ თვითონ არის ეშმაკი, მაშინ დაიწყებს გამოსწორების მცდელობებს.

– ხართ ადამიანი, ვინც უფრთხილება საკუთარ თავს ფიზიკურ თუ მენტალურ დონეზე?

– საერთოდ არ ვუფრთხილდებოდი საკუთარ თავს. ახლა უკვე, რაც მე და დედოფალი ერთად ვართ, მე და ჩემი ფატუნა, სხვანაირადაა საქმე. ის სულ მთხოვს, რომ ამას ყურადღება მოვაქციო. ამიტომ, ახლა დედოფლის ხათრითა და წყალობით, ვუწევ თავს შეღავათებს, თორემ რვა წლით ადრე ასე არ იყო.

– როგორი ინტუიცია გაქვთ?

– როგორც ამბობენ, ძალიან მაგარი ინტუიცია მაქვს, მეც და ჩემს დედოფალსაც. ვგრძნობთ ხოლმე ერთმანეთის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს დიდი დისტანციიდანაც კი. ერთხელ ამერიკაში იყო ფატუნა და ისეთი რამ იგრძნო ჩემთან დაკავშირებით, რომ გავოცდი. მითხრა, გზაზე გადასავლისას ფრთხილად იყავიო და მართლა კინაღამ „მარშუტკამ“ გამიტანა იმერეთის გზაზე. მძღოლი გადმოვიდა და ჩამეხუტა, გადავრჩითო. ბევრი ასეთი რამ იყო, ძალიან ბევრი რამ უგრძნია მასაც და მეც. მეც ყველაფერს ვხვდები. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ უფლის ალი შევიცანი და ვიღაცის ეშმაკურ ჩანაფიქრს ვერ შევიცნობ? ადვილი მისახვედრია, როცა ადამიანი ეშმაკობს და იტყუება.

– რამდენად იღბლიანი ხართ ადამიანებში?

– მადლობა უფალს, რომ ასეთი იღბლიანი ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, მყავს ჩუმი მტრებიც, რომლებიც დიდი ხანია, დამდევენ, არ უნდათ, რომ გავიხარო, რომ მათი საძირკველი არ გამოინგრეს. ისინი შეიძლება, საერთოდ ამოვაგდო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას. ეგეც ძალას მმატებს. ძალიან მაგრად მიშლიან ხელს, ცდილობენ, რეპუტაციას შეეხონ ცუდად, მაგრამ, ალბათ, ასეც უნდა იყოს, რომ მე უფრო გავძლიერდე, უფრო ენერგიული გავხდე.

– ბავშვობაში როგორ წარმოგედგინათ საოცნებო მომავალი და არსებული რეალობა, რამდენად ჰგავს იმ ოცნებებს?

– ლამაზი ბავშვი ვიყავი, რეჟისორები მოდიოდნენ, ფილმებში რომ გადავეღეთ და წარმოდგენილი მქონდა, რომ მსოფლიოში ცნობილი უნდა გავმხდარიყავი. ბავშვური სიშტერე... ახლა სხვანაირად ვუკვირდები. ბავშვობაში ერთ ფილმში ვარ გადაღებული, სადაც ერთ ფრაგმენტში მეუბნებიან, ვნახოთ რას იზამს ჩიტიო და ამ ჩიტს ვუშვებ გალიიდან. ეს ფრაზა ამ ფილმის შემდეგ თან დამყვებოდა. უბანშიც ხშირად მეუბნებოდნენ, გამოთქმასავით იქცა ჩემს ცხოვრებაში. მერე, უკვე ზრდასრულ ასაკში, ნამგალა მერცხალი მოფრინდა ჩემთან და პოემა დამაწერინა. პოემაშივე მიწერია, ეს ლექსი არის ნაკარნახევი. ამ ჩიტმა ახალი კარი გახსნა ჩემს ცხოვრებაში. ასეთ რამეს თუ შევიგრძნობდი, უფლის ალს თუ შევეხებოდი, ვერ წარმოვიდგენდი. მე უფლის ალი შევამჩნიე ზღვის ტალღებში. ჩავყევი, ჩავყევი და მერე მივხვდი, რომ ეს იყო უფლის ალი, რომელმაც ქრისტეს ფერი უცვალა, რომელიც წყალს ამკვრივებს და ასე შემდეგ. ეს არის ის ალი, რომელიც არის უფ-ალ-ში და ეს იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე მიოცნებია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა