შოუბიზნესი

გია მაჭარაშვილი: ხანდახან შინაურების დანდობაც არ მოგიტანს სიკეთეს

№8

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 06.03

გია მაჭარაშვილი
დაკოპირებულია

გია მაჭარაშვილის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის გია მაჭარაშვილი?

გია მაჭარაშვილი: გია მაჭარაშვილი არის საქართველოს რიგითი მოქალაქე, რომელიც დღემდე თავის საყვარელ საქმეს აკეთებს. მიყვარს ჩემი ქვეყნა და ჩემი ხალხი. ბოროტ ადამიანებს ვერ ვიტან, ჩემიანიც რომ იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ასეთ ადამიანებს ვერ ვიღებ. მიყვარს სიყვარული, ურთიერთობები და თავისუფალი დროის ახლობლებთან ერთად გატარება.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– მგონი, იმ ცხოვრებით ვცხოვრობ, რაც მაკმაყოფილებს. ჩემთვის მთავარია, ჩემ ირგვლივ სიმშვიდე იყოს. გარშემო მყავდეს ის ადამიანები, ვისაც ერთმანეთი უყვართ. მე არაფერს ვითხოვ, მაგრამ თუ ვინმე პატივს მცემს, ჩემი მხრივ, მეც ვუპასუხებ, სიკეთეს სიკეთით გადავუხდი. მშვიდობა და სიკეთე იყოს – ეს არის მთავარი, რომ მომეცეს საშუალება, ყოველდღიურად ჩემი საქმით ვიყო დაკავებული და მასში ცხვირს ნურავინ ჩაყოფს, რადგან მე ცუდს არაფერს ვაკეთებ. მთელი ჩემი შემოქმედებითი გზა სიყვარულის თესვაში გავატარე. ჩემი ყველა ნაწარმოებიც სიკეთესა და სიყვარულს ეფუძნება.

– შეგიძლიათ, გაიხსენოთ, ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– ბოლოს სიხარულის ცრემლებით ვიტირე, როდესაც ჩვენს ძაღლს, ოთხი ლეკვი შეეძინა (იცინის). ეს ლეკვები უკვე შვიდი თვის არიან და ძალიან დიდ სიყვარულსა და სითბოს გვჩუქნიან. ერთად ვატარებთ დროს (იცინის).

რაც შეეხება მტკივნეულ ცრემლს, ახლახან ჩემი ბიძაშვილის მეუღლე გარდაიცვალა, არაჩვეულებრივი ადამიანი და ძალიან განვიცადეთ მეც და ჩემმა მეუღლემაც. ჩვენზე მეტად კიდევ ჩვენი გოგონა განიცდიდა და ტიროდა.

– გიოცნებიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოფილიყავით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი?

– თქვენ წარმოიდგინეთ, არა. დღეს უკვე 68 წლის ვარ და ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, მოგახსენებთ: მე დარწმუნებული ვარ, რომელიმე დიდ ქვეყანაში რომ დავბადებულიყავი, მაგალითად, შტატებში, ბევრად დაფასებული ვიქნებოდი. იმას არ ვგულისხმობ, რომ მილიარდელი გავხდებოდი, მაგრამ ჩემი შემოქმედება უფრო ფართო მასებისთვის იქნებოდა, მხოლოდ საქართველოს საზღვრებს შიგნით არ იქნებოდა ჩაკეტილი. პატარა ქვეყანა ვართ, რომელსაც ჩვენდა საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ნიჭიერი შვილი ჰყავს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ძნელია, ჩვენი ქვეყნიდან ნაბიჯი გადადგა უცხოეთისკენ, რომ შენი საქმიანობა თუ შემოქმედება, მსოფლიო მასშტაბით გაასაჯაროვო. სამწუხაროდ, ჩვენ ჩაკეტილ წრეში ვართ. ძირითადად, სპორტსმენები ახერხებენ გასვლას და ეს გულს უხარია. რაც შეეხება ხელოვნებას და განსაკუთრებით, საესტრადო შემოქმედებას, ჩვენ უფრო ჩაკეტილები ვართ. საზღვრებს გარეთ კი არა, აქაც ბევრმა არ იცის, რა მაქვს დაწერილი. ამაში უკვე ტელერადიო გადაცემები სცოდავენ, მუსიკალური გადაცემები, რომელთა რედაქტორებიც არ ცდილობენ, შემსრულებელთან ერთად, ლექსისა და სიმღერის ავტორის სახელი და გვარი წარადგინონ. ხშირ შემთხვევაში აცხადებენ მომღერალს და ახალგაზრდა თაობას რჩება წარმოდგენა, რომ შემსრულებელ-მომღერალს ეკუთვნის ტექსტიც და მელოდიაც, რაც არასწორია.

– განვლილი ცხოვრებიდან, რას მიიჩნევთ თქვენს შეცდომად?

– პატარ-პატარა შეცდომები ნებისმიერ ადამიანს აქვს. შეიძლება, არც ღირდეს სასაუბროდ. მთავარია, ისეთი დიდი შეცდომა არ ჩაიდინო, რომელიც სახელს გაგიფუჭებს, ან მომავალ ცხოვრებაში წინ ცუდად დაგხვდება, ზურგს უკან წამოგაძახებენ. ვფიქრობ, ასეთი არაფერი გამიკეთებია. მე პროფესიით ინჟინერი ვარ, დღევანდელი ტექნიკური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ მუსიკა და ესტრადა მიყვარდა, ამიტომაც ვარ იქ, სადაც ვარ. ერთადერთი, ჩემს მშობლებს სწყდებოდათ გული, რომ არ გავყევი იმ პროფესიას, რომლის წყალობითაც შეიძლებოდა, უკეთესი შემოსავალი მქონოდა, ვიდრე ეს მუსიკას მოაქვს და დღეს უკეთ მერჩინა თავი. ეს თუ ჩაითვლება არასწორად გადადგმულ ნაბიჯად, არ ვიცი (იცინის).

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?

– იმ ადამიანებს, რომლებმაც ოდესმე მომატყუეს, სჯერათ, რომ მე შტერი ვარ, ფიქრობენ, რა ადვილად მოვატყუეო. ჩემი ძალიან დიდი ნაკლი ის არის, რომ პირში თქმა არ შემიძლია. საუბარი მაქვს ნაცნობ ადამიანებზე. უცხოს თავისუფლად ვეტყვი, თუ მართალი ვარ, თავს შევაკლავ. ერთი-ორჯერ იყო, რომ ემოციებმა გადააჭარბეს ჩემში და კაცურად ბოდიში მოვიხადე. ეს უნდა შეგეძლოს, როცა ხვდები, რომ შენ რაღაცაში ტყუი, უნდა მოიხადო ბოდიში, აღიარო, რომ შეცდი. ადვილია ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ როდესაც ვიცი, რომ მატყუებს ადამიანი, რომელიც ჩემი ახლობელია, მას ვერაფერს ვეუბნები, ჩხუბს ვერ დავუწყებ. თუ დავიწყე, ბოლომდე ვიცი სათქმელის ამოღება და შეიძლება, ისეთი რამ ვუთხრა, ყველაფერი მორჩება, დიდი შავი კატა გადაირბენს ჩვენ შორის. მე ვუფრთხილდები, რომ საბოლოოდ არ დავკარგოთ ერთმანეთი და ის ამას ვერ მიმხვდარა. ამაზე ძალიან დამწყვეტია ხოლმე გული. არადა, ხანდახან რომ ვუკვირდები, ჯობს, იქვე მიახალო, რაც სათქმელი გაქვს. თუ გრძნობ, რომ მართალი ხარ, შინაურსაც უნდა გაუწიო წინააღმდეგობა და გარეულსაც. ხანდახან შინაურების დანდობაც არ მოგიტანს სიკეთეს. იმას ჰგონია, რომ გაჯობა და შენ შტერი ხარ. ამიტომ პასუხი უნდა გასცე. ამას არ ვაკეთებ და მერე ჩემს თავს ვასკდები ხოლმე. დრო რომ გადის, ნელ-ნელა მინელდება ემოციები. არ შემიძლია, ერთი კვირის მერე მივუბრუნდე და ვუთხრა რამე, თუ თქმა გინდა, იმწუთას უნდა თქვა.

საბედნიეროდ, ძირითადად, ჩემ გვერდით კარგი ადამიანები არიან. არ მიყვარს ტრაბახა და ბაქიბუქა ადამიანები. ქონების მიხედვით რომ გიყურებენ, ამას საერთოდ ვერ ვიტან. ადამიანში, პირველ რიგში, ადამიანურობას, სითბოს, ლაღ ურთიერთობას ვაფასებ. აუ, რამდენი მილიონი იშოვა, მალდივებზე სახლი იყიდა და მსგავს ტრაბახს ვერ ვეგუები. ქონება გაქვს თუ არა, არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, შენი მომავალი თაობები როგორ მოგიხსენიებენ.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– მე წყლის მეშინია, ცურვა არ ვიცი (იცინის). ოთხი წყლის შემაშინეს ზღვაზე. ცხონებული ბებიაჩემის თხოვნით, ჩემზე ბევრად დიდ ბიჭებს შევყავდი წყალში ბეჭებზე შემომჯდარი და სიღრმეში რომ შევიდოდნენ, მაგდებდნენ, რომ ცურვა მესწავლა. ბევრისგან გამიგონია, რომ ასე ისწავლა, მაგრამ მე მეშინია სიღრმის. როგორ არა, შევდივარ ზღვაში, სულ ნაპირზე ხომ არ ვიქნები, მაგრამ მკერდამდე სიმაღლის წყალში ვჭყუმპალაობ ბავშვივით, კისრამდე წყალში – გამორიცხულია (იცინის). ეს არის ჩემი ყველაზე დიდი შიში. არ მეშინია თვითმფრინავის, არადა, ვიცი, რომ ბევრს ეშინია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა