შოუბიზნესი

ეთო გუგავა: ყველაფერი რაც გამიკეთებია, მათ შორის შეცდომითაც, ჩემი გამარჯვება მგონია. მარცხი და წარუმატებლობა კი ისაა, რაც არ გავაკეთე

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:00 09.10

ეთო გუგავა
დაკოპირებულია

ეთო გუგავას "უცნობი მხარე" 👇

– ვინ არის ეთო გუგავა?

ეთო გუგავა: მეც მაინტერესებს, ვინ ვარ და არაერთხელ გამჩენია სურვილი, სოციალურ ქსელში დამეპოსტა კითხვა – ვინ არის ეთო და სხვისი თვალით დანახული ჩემი თავის შესახებ მომესმინა. ვფიქრობ, ასეთ დროს ყველა პოზიტიურად დაგახასიათებს და ეს სამართლიანი არ იქნება, ამიტომ ეს დღემდე არ გამიკეთებია.

ობიექტურობა საკუთარი თავის მიმართაც რთულია, თუმცა, ალბათ, ვარ ადამიანი, რომელიც ცდილობს, არ დაუშვას შეცდომები და სხვებს ზიანი არ მიაყენოს. არ ვიცი, რამდენად გამომდის, მაგრამ მცდელობას არ ვაკლებ. საერთოდ, სანამ რამეს ვამბობ ან ვაკეთებ, ბევრს ვფიქრობ.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ძალიან ახლოს ვარ ჩემს ოცნებასთან. ყოველთვის ვოცნებობდი დიდ ოჯახზე: მეუღლე, შვილები, შინაური ცხოველები... საბედნიეროდ, ეს ყველაფერი მაქვს. ამის გარდა, ყოველთვის მინდოდა ისეთ ქვეყანაში მეცხოვრა, სადაც მეტი ბედნიერება და მეტი ფერებია. ასეთად წარმომიდგენია ფინეთი, ახალი ზელანდია. მგონია, რომ იქ უფრო ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ და ძალიან მინდა, ჩემს ქვეყანაშიც, ადამიანები ქუჩაში ბედნიერი სახეებით გადაადგილდებოდნენ. ჩემი დეპრესიის მთავარი გამომწვევი მოწყენილი სახეებია. გარეთ სულ რომ სასეირნოდ ან საშოპინგოდ გავიდე, შინ იმაზე მეტად დაღლილი ვბრუნდები, ვიდრე სერიოზული საქმის გაკეთების შემდეგ ვგრძნობ თავს და ამის მიზეზი ჩვენი თანამოქალაქეების მოწყენილი სახეებია.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ, მაგრამ საჭირო იყო?

– რასაკვირველია და ახლაც ვაკეთებ. მაგალითად, საერთოდ არ მიყვარს სახლის დალაგება, მაგრამ ვალაგებ. სამაგიეროდ, კერძების მომზადება მიყვარს და შემიძლია, სამზარეულოში 24 საათი ისე გავატარო, რომ არც დავჯდე. სამსახურებიც მქონია, რომელიც დიდად არ მხიბლავდა, მაგრამ ჩემი საჭიროებებიდან გამომდინარე, ვმუშაობდი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს უწევს ისეთი საქმის კეთება, რომელიც შეიძლება, საერთოდ არ ანიჭებდეს სიამოვნებას. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, იცხოვრო ისე, რომ არ მოგიწიოს ისეთი საქმის კეთება, რომელიც არ მოგწონს. შესაძლოა, სულ არ გაბედნიერებდეს რაღაც, მაგრამ როცა საჭიროა გააკეთებ.

– რა გამოსცადეთ ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?

– იყო ასეთი და საკმაოდ უსიამოვნო გამოცდილება. მტკივნეული თემაა. ცილი დამწამეს. ადამიანმა ჩათვალა, რომ მე გავაკეთე ის, რაც არ გამიკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ამას არასდროს ვიზამდი. ალბათ, ერთი წელი გავიდა ამის შემდეგ და შოკიდან ჯერ კიდევ არ გამოვსულვარ. ზოგადად, მე თვითონ ძალიან ფრთხილი ვარ, არ მჩვევია ადამიანების მიმართ ხელის გაშვერა. არავის დავადანაშაულებ, თუ ამაში 100 პროცენტით არ ვარ დარწმუნებული. ბავშვობიდანაც კი არ მახსენდება, რამე დამებრალებინა სხვისთვის და ჩემკენ წამოსული უსაფუძვლო ბრალდება, ჩემთვის ძალიან დიდი ტრავმა აღმოჩნდა, გახსენებაზეც ცუდად ვხდები.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ყველაფერი, რაც გამიკეთებია, მათ შორის შეცდომითაც, ჩემი გამარჯვება მგონია. მარცხი და წარუმატებლობა კი ისაა, რაც არ გავაკეთე. ვნანობ იმას, რაც არ გავსრისკე, არ ვთქვი, არ ვიმოქმედე. თუნდაც ის, რომ მე დღეს არ ვატარებ ავტომობილს, არ მაქვს მართვის მოწმობა, ჩემი მარცხია. რაც ვცადე, რასაც შევეხე და სადაც, შიშის მიუხედავად, გავრისკე, ყველა გამარჯვებად მიმაჩნია. ცხოვრებაში ყველაფერი არ გამოგივა, მაგრამ წარუმატებლობის გამო არ ვნანობ, მთავარია, ვცადე.

– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ...

– ძველ ამბავს გავიხსენებ (იცინის). ერთმა ბიჭმა, რომელსაც ვხვდებოდი, გადაწყვიტა მეგობრები გაეცნო ჩემთვის და მცხეთაში წავედით, რესტორანში. მაგიდასთან ვისხედით და მეგობრები ორი მანქანით მოვიდნენ. წამოვდექით და მათკენ გავემართეთ. ორსაფეხურიანი კიბე იყო წინ, ფეხი დამიცდა და ისე ცუდად დავებერტყე, რომ ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. ხომ წარმოგიდგენიათ, ძალიან რომ იპრანჭები, კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდა და უცებ ასეთი რამ გემართება (იცინის). ეგრევე თავი მოვიმკვდარუნე და დავრჩი მიწაზე გაშხლართული, ისე, რომ სასწრაფოებს იძახებდნენ. მე ცოცხალი თავით ფეხზე არ ვდგებოდი კი არა, თვალსაც არ ვახელდი, მინდოდა, ჰგონებოდათ, რომ ცუდად გავხდი, გული წამივიდა და ამიტომ დავვარდი, განა ფეხი დამიცურდა. მე ეს როგორ დამემართებოდა?! (იცინის)

ამ ბიჭთან დაკავშირებით გრძელდება ისტორია. ერთხელაც, თავისი ოჯახის გაცნობა გადაწყვიტა და ერთ-ერთ რეგიონში ნათესავის ქორწილში წამიყვანა. ათასკაციანი ქორწილი აღმოჩნდა. ყველაფერი რომ დამთავრდა, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ქალი ვინც იყო, ყველას ჭურჭელი უნდა გაერეცხა. ეს ბიჭი მეუბნება, ძალიან გთხოვ, პრანჭვა არ დაიწყო და ცოტა დაეხმარეო. რომ ჩამაყუდეს ჯამებში და ვრეცხავ და ვრეცხავ, სადედამთილო დგას და მაკვირდება, მეც თავს ვიწონებ და მოკლედ, ამასობაში ლამის მთელი ქორწილის ჭურჭელი დამარეცხინეს (იცინის). იმ დღის შემდეგ დავშორდი, ამ ბიჭის სახელიც კი არ დამიმახსოვრებია (იცინის).

– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი და რამ შეიძლება, გააღვიძოს ეს თვისება თქვენში?

– ჩემს შვილებს არ უნდა შეეხონ – ზიანი არ უნდა მიაყენონ, ცილი არ უნდა დასწამონ, გული არ უნდა ატკინონ, თორემ, ალბათ, საოცრებას ჩავიდენ. ასეთი რამ რომ მოხდეს, სახეს დავკარგავ. ძალიან ხშირად მქონია ცხოვრებაში შემთხვევა, როცა კატასტროფა უნდა დამეტრიალებინა, ჯოჯოხეთი უნდა მომეწყო, მაგრამ ძალიან ღირსეულად დავდგომივარ პრობლემას, სახე არ დამიკარგავს და რაც საჭირო იყო, მომიგვარებია, მაგრამ როცა შვილებს ეხებათ საქმე, იქ ყველაფერი მთავრდება. დედის ინსტინქტი ბევრ რამეს გაგაკეთებინებს, თორემ, ზოგადად, ძალიან თავშეკავებული ადამაიანი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა კონფლიქტური და მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, აბსოლუტურად უკონფლიქტო ვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კონფლიქტს თავი ავარიდო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა