შოუბიზნესი

ეთერ ლიპარტელიანი: მიხარია, რომ ოდესღაც იტყვიან, ეთერ ლიპარტელიანის გამო გავხდი სპორტსმენიო

№33

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 25.08

ეთო ლიპარტელიანი
დაკოპირებულია

ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით ისტორია დაწერა. ამ წარმატებამდე მისასვლელი გზა რთული და მტკივნეული იყო, თუმცა შედეგი ყველაფრად ღირდა.

ეთერ ლიპარტელიანი: მსოფლიოს მოგების შემდეგ, დაახლოებით, თვე-ნახევარი დასვენებას დავუთმე. თავდაპირველად მე და ჩემი მეუღლე საბერძნეთში, კრეტაზე წავედით და ძალიან კარგად დავისვენეთ. იმ ყველაფრის შემდეგ, დასვენება მართლა გვჭირდებოდა. შემდეგ სპონსორმა დაგვპატიჟა იბიცაზე და ერთი კვირა იქ გავატარეთ. გვინდოდა იბიცას მონახულება და ძალიან მოგვეწონა. იქიდან რომ დავბრუნდით, ოჯახის წევრები მოვინახულეთ. თავდაპირველად მეუღლის ოჯახში ვიყავით, შემდეგ, რამდენიმე დღით, სვანეთში – ჩემი ოჯახის წევრების სანახავად. ამასობაში ბიჭების ვარჯიშის დროც მოვიდა და თბილისში მარტო ყოფნას, მეც ჩემს მეუღლესთან ერთად წამოვედი სავარჯიშოდ.

– როგორი შეგრძნებაა, იყო მსოფლიოს ჩემპიონი?

– რა თქმა უნდა, ძალიან კარგი. როდესაც ვაანალიზებ, რამდენი შრომის, გულისტკივილისა და წვალების შედეგად მოვიდა ეს წარმატება, ძალიან ამაყი ვარ, რომ ყველაფერი დამიფასდა. იყო არაერთი წაგება, გულისტკივილი, მაგრამ ამ გამარჯვებით, თითქოს, ყველაფერი დამავიწყდა.

დაუვიწარია ეს ემოციები. მინდა, ვთქვა, რომ მთელი საქართველო ერთ მუშტად შევკარი. ამ წარმატებით ყველა ძალიან გახარებული იყო, მთელი გულით მილოცავდნენ. სოციალურ ქსელში რომ შევდიოდი და უამრავი ადამიანის შეტყობინებას ან პოსტებს ვკითხულობდი, ძალიან ამაყი ვიყავი. მოვახერხე გავმხდარიყავი მსოფლიოს ჩემპიონი, დამეწერა ეს ისტორია და ჩემი ხალხი გამეხარებინა. ამისთვის ბევრი ვიშრომე.

– ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ გზაზე გვერდით გედგათ?

– ჩემი მწვრთნელები – კახაბერ მოცრაძე და გია თენაძე, მათ ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. ასევე, ჩემი მეუღლე, რომელიც ყველანაირად გვერდში მედგა. დასვენების პერიოდი როცა ჰქონდა, მაშინაც კი თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ჩემს სამზადისში და ყველაფერს ერთად განვიხილავდით, რამაც გაამართლა. ასევე, არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჩემი ფიზიკის მწვრთნელის, თიკუნა კეშელავას როლი. დიდი ხანი არ არის, რაც მასთან დავდივარ. ოლიმპიადის შემდეგ, როდესაც ძალიან გულნატკენი ვიყავი და ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ თუ რამეს არ შევცვლიდი, არაფერი გამოვიდოდა. ზუსტად მაშინ ვიპოვე ფიზიკის მწვრთნელი და მან ყველანაირად შემიწყო ხელი. ძალიან მაგრად მავარჯიშებდა და ყველა აღნიშნავდა, რომ ჩემს მეტოქეებთან შედარებით, ძალიან წინ ვიყავი. მან ჩემში დიდი რესურსი ჩადო, რომ ეს გამარჯვება მოგვეპოვებინა.

– როცა პირველ ნაბიჯებს დგამდი, ოცნებობდი ასეთ გამარჯვებაზე?

– მახსოვს, რვა წლის ასაკში, როცა ძიუდოზე დავიწყე სიარული, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდებოდი, თუმცა, წარმოვიდგენდი ხოლმე, რა მოხდებოდა, თუ ერთ დღეს მსოფლიოზე ან ოლიმპიადაზე ვიასპარეზებდი. ვუყურებდი სხვადასხვა გამორჩეული ქართველი სპორტსმენის წარმატებებს და წარმოვიდგენდი ხოლმე, როდესაც მე მივაღწევ ამას, ნეტავ, რას იგრძნობს ჩემი ოჯახი და ასე შემდეგ... თუმცა, გონებაში მაინც ბოლომდე ვერ ვუშვებდი, რომ ეს პატარა გოგონა ამხელა შეჯიბრებაზე ასპარეზობას შეძლებდა (იცინის). თავიდან არარეალური ჩანდა, მაგრამ, რომ წამოვიზარდე, მე ეს მიზნად დავისახე. მივხვდი, რომ თუ სხვას შეეძლო, მეც შევძლებდი და ამისთვის ბევრი უნდა მეშრომა, თუ მინდოდა, რომ მე ისეთივე წარმატებით წარმომეჩინა ჩვენი ქვეყანა, როგორც ჩვენს ბიჭებს. ამისთვის მომიწია ჩემი ოჯახის დატოვება და სვანეთიდან ბიძაჩემთან, მალხაზ ლიპარტელიანთან ერთად წამოვედი. მან ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ საქმეში. ჩვენ ერთად მივისწრაფვოდით ამ მიზნისკენ.

ამ მსოფლიო ჩემპიონატამდე მქონდა სამი ასპარეზობა, თუმცა, ჩემს საუკეთესო ფორმაში ვერც ერთხელ ვერ ვიყავი. ამჯერად, დილიდანვე ვგრძნობდი, რომ ეს დღე ჩემი იყო, მე უნდა გავმხდარიყავი ჩემპიონი. ამდენი შრომა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამეფასებინა. თუ ამას არ გავაკეთებდი, მედალს ისე არავინ ჩამომკიდებდა. ამისთვის ვიშრომე როგორც ძალისმიერად, ისე – ტაქტიკურად და მენტალურად. ვფიქრობ, რომ თუ მენტალურად არ ხარ ძლიერი, რამდენიც არ უნდა იშრომო, საკმარისი არ იქნება. მე ჩემი თავი გავაძლიერე. ვეცადე, ამდენი წაგება მოტივაციად მექცია და ასეც მოხდა. წაგებამ დიდი გამოცდილება შემძინა, რამაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან შემიწყო ხელი.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, თითქმის ყველას ეგონა, რომ მეორე ადგილს დავჯერდებოდი, მაგრამ ჩემი ფიქრები იმ დღეს მხოლოდ ოქროს ეთმობოდა, მხოლოდ მისკენ მივისწრაფვოდი. იაპონელთან, რომელიც ფინალში შემხვდა, ოთხჯერ ვიყავი დამარცხებული, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ისევ დავმარცხდებოდი და ამ მედალს მას ვაჩუქებდი. პირიქით, ძალიან მოტივირებული ვიყავი. თავს ვიმხნევებდი, თუ აქამდე მოვედი, ერთი ნაბიჯის გადადგმაც არაფერია და მე ჩემპიონი გავხდები-მეთქი. მართლაც ასე მოხდა. ვფიქრობ, ყველაზე მარტივად მოვახერხე ფინალში გამარჯვება და საქართველოში ისტორიული მედლის წამოღება.

– დიდი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ძალიან პატარა ასაკში მოგიწია ოჯახის დატოვება, რაც არ არის მარტივი. რა გეხმარებოდა მაშინ, როგორ გახსენდება ის პერიოდი, თავისი გამარჯვებებით, მონატრებით თუ განცდებით?

– მიჭირს ხოლმე ამ გზის გახსენება. ათი წლის გოგონასთვის რთული იყო მშობლებისა და დედმამიშვილების დატოვება. ბევრჯერ მიტირია მონატრებისგან, მაგრამ რაღაც ძალას მაძლევდა და ვცდილობდი, მარტივად შემეხედა. მქონდა მიზნები და მინდოდა, მათი განხორციელება შემძლებოდა. ვგრძნობდი, რომ უფალი ჩემ გვერდით იყო და დაბრკოლებების გადალახვასა და ოჯახის მონატრებასთან გამკლავებაში მეხმარებოდა.

მე და ბიძა რუსთავში ვცხოვრობდით და ყოველდღე თბილისში დავდიოდით ვარჯიშებზე. 10 წლის გოგონასთვის ესეც რთული იყო. მარტო ვერ დავდიოდი და ბიძა ყოველდღე დამყვებოდა. მერიდებოდა, რომ მთელ დღეს მე მითმობდა, თავის საქმეს სწყდებოდა. 13 წლის ასაკში, როგორღაც, დავარწმუნე, რომ უკვე შემეძლო რუსთავიდან თბილისში მარტო სიარული. პარალელურად, ვსწავლობდი. სკოლის შემდეგ ბევრჯერ ჭამაც კი ვერ მომისწრია, მაშინვე ვარჯიშზე წავსულვარ. მადლობა ღმერთს, რომ ფუჭად არ ჩაიარა ამ ყველაფერმა და გაწეული შრომა დამიფასდა.

– როგორ ახერხებ, რომ შეფასება „სუსტი სქესის წარმომადგენელი“ დაამსხვრიო?

– პირადად ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი ეს დამოკიდებულება, რომ ქალები სუსტები არიან, რომ ეს სპორტი ქალების არ არის. იყო თავის დროზე ასეთი შეფასებები. როდესაც ძიუდოზე დავიწყე სიარული, ახლობლები მეუბნებოდნენ, რა გინდა ძიუდოზე, ამ სპორტში ვერაფერს მიაღწევ, რადგან ეს არ არის ქალის საქმე, ტყუილად ფლანგავ დროსო. დედაც წინააღმდეგი იყო. უნდოდა, სპორტის შედარებით ნაზი სახეობით დავკავებულიყავი, მაგალითად, ცეკვით ან ტანვარჯიშით. არავის მოვუსმინე და მადლობა ღმერთს! ბედნიერი ვარ, რომ ასე მოვიქეცი. შეიძლება, იგივე სხვა პატარა გოგოსაც უთხრან გარშემო მყოფებმა და მან ეს გაითვალისწინოს... შეიძლება, ბევრს უშლიდნენ სპორტის ასეთ სახეობაში ასპარეზობას და ამით დიდი მომავალი წაართვან. მეც რომ დამეჯერებინა, დღეს ხომ ეს ყველაფერი არ იქნებოდა. ალბათ, ვიცხოვრებდი სვანეთში და არ ვიცი, რა მომავალი მექნებოდა?! ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა, მშობლებს ვუთხრა, თუ გოგონას უნდა კონკრეტულ სპორტზე სიარული, არ აუკრძალონ. აუცილებელია ბავშვის სურვილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება. ჩემთვის ძალიან ბევრ გოგონას მოუწერია, მეც მინდა ძიუდოზე შესვლა, მაგრამ მშობლები მიშლიანო. პირიქით, გვერდში დგომაა საჭირო და თუ ბავშვს ეს მთელი გულით უნდა, ყველაფერი გამოუვა.

ვიტყვი იმასაც, რომ ჯერჯერობით, არც სხეული დამმახინჯებია და არც არაფერი მსგავსი (იცინის). მე ძიუდომ ძალიან ბევრი მომცა: წარმატება, მეგობრები, მასწავლა ცხოვრება, შემახვედრა ჩემს მეუღლეს და მაპოვნინა საკუთარი თავი.

– და ბოლოს, არაჩვეულებრივი საჩუქრები მიიღეთ ამ გამარჯვების შემდეგ.

– მადლობა მინდა, გადავუხადო ამ საჩუქრების ავტორებს, ჯანო ანანიძეს და ანა გოგიშვილს. ჯანო ანანიძემ ბინა მაჩუქა ქობულეთში და ანა გოგიშვილმა – თბილისში. ძალიან გახარებული ვარ. ასეთ წარმატებას ძალიან ბევრი რამ მოჰყვება, პირველ რიგში, სიყვარული და დაფასება საკუთარი ხალხისგან, რაც ყველაზე დიდი ბედნიერებაა, თუმცა, დიდი მოტივაციაა ასეთი საჩუქრებიც. როდესაც ხვდები, რომ შრომა ყველანაირად გიფასდება, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გაქვს გამარჯვებებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს მომავალი თაობისთვისაც დიდი მოტივაციაა. როდესაც ხედავენ, რა ელოდებათ ჩემპიონობის შემდეგ, დარწმუნდებიან, რომ თუ სპორტით დაკავდებიან, ქუჩაში არ იქნებიან და შედეგად, ვფიქრობ, მეტად განვითარდება ეს მიმართულება. ვიცი, რომ შრომა აუცილებლად დაფასდება. შეიძლება, ამ გზაზე ბევრი გულისტკივილი იყოს, ბევრი წყენა, მაგრამ ფუჭად არაფერი ჩაივლის. გახარებული ვარ იმით, რომ ჩემი შედეგებით წახალისებული ბევრი გოგონა ჩაერთო სპორტში, ბევრი უკვე წარმატებულია. მიხარია, რომ ოდესღაც იტყვიან, ეთერ ლიპარტელიანის გამო გავხდი სპორტსმენიო. ძალიან მეამაყება ეს და შევეცდები, კიდევ ბევრჯერ გავახარო ჩვენი გულშემატკივარი. ჩვენს პატარა გოგონებს კი უდიდესი მაგალითი მივცე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა