შოუბიზნესი

ერეკლე ბაჯაძე: მაკრიტიკებენ, ნარცისიზმში გადაგდის თავის მოვლის პროცესებიო

№13

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 07.04

ერეკლე ბაჯაძე
დაკოპირებულია

„მისტერ ვალენტინი 2021“ ერეკლე ბაჯაძე გახდა. ის უკვე მეორედ მონაწილეობდა კონკურსში, რომლის გენერალური დირექტორი ლანდა მასხულიაა, ორგანიზატორი კი – გიორგი მასხულია. პირველ ჯერზე სასურველ მიზანს ვერ მიაღწია, რამაც მეტი მოტიცავია მისცა და ამან მოუტანა კიდეც გამარჯვება.

 

ერეკლე ბაჯაძე: ყველა კონკურსანტი, ვინც ნებისმიერი სახის კონკურსში იღებს მონაწილეობას, გამარჯვების იმედით არის მოტივირებული და ასე ვიყავი მეც. გამარჯვების მოლოდინი მქონდა, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი და როცა ეს მომენტი დადგა, ძალიან გამიხარდა. ბოლომდე კიდევ ვერ გამიცნობიერებია, რომ დღეს მე „მისტერ ვალენტინი 2021“ ვარ. ამ კონკურსში მონაწილეობა პირველად 2019 წელს მივიღე და მეორე ადგილი ავიღე. ამან არ დამაკმაყოფილა, მინდოდა, მეტი მიმეღო და სწორედ, ამიტომ ვცადე წელს კიდევ ერთხელ. ამ და სხვა კონკურსებში მიღებული გამოცდილება დამეხმარა თავდაჯერებულობის გაძლიერებაში და წელს მიზანს მივაღწიე.

– კონკურსანტებს არ ჰქონდათ უსამართლობის განცდა, რადგან შენ და კონკურსის ორგანიზატორ გიორგი მასხულიას აქამდეც გარკვეული ურთიერთობები გაკავშირებდათ?

– კი, მე გიორგისთან უკვე სამი წელია, ვთანამშრომლობ. თუმცა მსგავსი მომენტი არ ყოფილა. მეც მსმენია სხვადასხვა კონკურსში ინტრიგების შესახებ, მაგრამ გიორგის დამსახურებით, ჩვენთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. კონკურსის მსვლელობის დროს რამდენიმე ტური გვქონდა საქართველოს მასშტაბით, რამაც ძალიან დაგვამეგობრა და ერთმანეთს კონკურენტებად არ აღვიქვამდით. როგორც მე და გიორგი ვმეგობრობდით მანამდე, ანალოგიურად დამეგობრდნენ ის და ახალი კონკურსანტები.

– როდის დაიწყე სამოდელო კარიერა?

– 2018 წელს გიორგი მასხულიასთან მივედი „მის და მისტერ გოლდენ ბრენდის“ კონკურსზე. მოდელობა ბავშვობის ოცნების ასასრულებლად გადავწყვიტე. ყოველთვის მიზიდავდა თეატრი და კინო, მსახიობობა მინდოდა, მაგრამ სხვა პროფესია ავირჩიე. ამიტომ მინდოდა ამ სფეროსთან რაღაც კავშირში მაინც ვყოფილიყავი. სამოდელო სფეროზე არჩევანი იმიტომ შევაჩერე, რომ ხშირად რეჟისორები ფილმში გადასაღებად ვიზუალის გამო მოდელებს ირჩევენ და ეს გახდა ჩემი მოტივაცია. თუმცა, ეს სფეროც იმდენად მომეწონა, რომ დავრჩი და მესამე წელია, აქტიური მოდელი ვარ. ერთფეროვნება არ მიყვარს და ვცდილობ, რამდენიმე მიმართულებით განვვითარდე და არც მსახიობობაზე მითქვამს უარი. პირიქით, ამ მიმართულებითაც მაქვს გეგმები.

– გამომდინარე იქიდან, რომ ბიჭისთვის მოდელის პროფესიას ჩვენთან ჯერ კიდევ ვერ აღიქვამენ ბოლომდე სერიოზულად, როგორ შეხვდა შენი გარემოცვა შენს გადაწყვეტილებას?

– რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩემმა ოჯახმა მიბიძგა სამოდელო კარიერის დაწყებისკენ. არც სამეგობროში მყავს ისეთი ადამიანები, ვინც ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს და ვისთვისაც ბიჭი მოდელი სხვა შეხედულებებთან ასოცირდება. როცა წარმატებას აღწევ და ხალხში შენი საქმით გამოდიხარ, აუცილებლად გამოჩნდება ადამიანების ორი კატეგორია – ერთი გიფასებს გაწეულ შრომას, მეორე გაბულინგებს. ნეგატიურ კომენტარებს ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან იმათი აზრი უფრო მაინტერესებს, ვინც მიცნობს და იცის, რა მინდა. ყველას სწყინს უარყოფითი შეფასებები, მაგრამ არასდროს მიპასუხია მათთვის, არც ახსნას ვიწყებ, ყველას ჩვენი შეხედულებები გვაქვს.

– შენი ოჯახიც გავაცნოთ გულშემატკივრებს.

– მყავს და, რომელიც ახლა სამედიცინოზე სწავლობს. მამა პროფესიით ეკონომისტია, დედა გარდაცვლილი მყავს, ის პედაგოგი იყო. მამიდაც პედაგოგი მყავს, მეორე მამიდა კი მედიცინის სფეროშია. მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, რადგან პატარა ვიყავი, როდესაც დედა გარდამეცვალა და მას შემდეგ, დედობას ისინი მიწევენ.

– დედას რა დაემართა?

– ცხრა წლის ვიყავი, როცა დედა დავკარგე. მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა. 31 წლის გარდაიცვალა. იმდენად მტკივნეულია ეს თემა ჩვენთვის, რომ ჩემს ქვეცნობიერში ძალიან ღრმად ჩაიკარგა და დედასთან დაკავშირებით ბევრი რამ არ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე პატარა ვიყავი. მხოლოდ მცირე მონაკვეთები შემორჩა ჩემს მეხსიერებას. სხვა ყველაფერი წაიშალა. ძალიან რთული პერიოდი გვქონდა დედის გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ მამა და მამიდები ყოველთვის ცდილობდნენ, დედის დაკარგვით გამოწვეული სიცარიელე შეძლებისდაგვარად შეევსოთ. მოდუნების საშუალებასაც არ გვაძლევდნენ, სხვადასხვა წრეზე დავყავდით, რომ თავში არ ჩავკეტილიყავით და ეს ძალიან დაგვეხმარა. სხვათა შორის, მე და ჩემი და რომ წამოვიზარდეთ, მამას ვეუბნებოდით, რომ ამ ტრაგედიით მისი ცხოვრებაც არ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ აღარ დაქორწინებულა.

– მრავალფეროვანი ინტერესებიდან პროფესიად რა აირჩიე?

– ძალიან პატარა ვიყავი, როცა მხატვრული კითხვის სწავლა დავიწყე, თეატრს დავუკავშირდი, 12 წელი ვცეკვავდი, მხიარულთა და საზრიანთა შეჯიბრებებში ვიღებდი მონაწილეობას. ქუთაისში ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი და ტექნიკური საგნები ძალიან მიყვარდა. ახლა პროფესიით პროგრამისტი ვარ და ამ მიმართულებით ვმუშაობ.

– გარეგნობაზე როგორ ზრუნავ?

– ჩემები მაკრიტიკებენ, ნარცისიზმში გადაგდის თავის მოვლის პროცესებიო. ძალიან მიყვარს სარკესთან ყოფნა და ძალიან მსიამოვნებს, როცა ვიღაცისთვის მოსაწონად გამოვიყურები. სისტემატურად ვვარჯიშობ, სწორად ვიკვებები და ვცდილობ, ფორმიდან არ ამოვვარდე. განსაკუთრებით თმასა და წვერზე ვზრუნავ. მომწონს წვერის ტარება და მისი მოვლაც მსიამოვნებს.

– მეტწილად, ბიჭებს არ აქვთ ხოლმე მაინცდამაინც მრავაფეროვანი გარდერობი, მათ რიცხვს მიეკუთვნები თუ ახალ სამოსს ძალიან ხშირად იძენ?

– სულ მინდა, რაღაც შევიძინო, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, რთულია. შეიძლება, მთელი თბილისის მაღაზიები შემოვიარო, მაგრამ არაფერი მომეწონოს. ამიტომ უფრო პირველ კატეგორიას მივეკუთვნები. სურვილი მაქვს, რომ ძალიან ბევრი სამოსი მქონდეს, მაგრამ არჩევა მიჭირს (იცინის).

– გოგონებთან როგორ ხარ, აქაც გიჭირს არჩევნის გაკეთება?

– კი, ჩემი სტანდარტები მაქვს. გოგოს იდეალი არ მყავს, თუმცა თვალი ხედავს და პირველ რიგში, ფიზიკურობას ვაქცევ ყურადღებას. თუმცა მარტო ვიზუალი არ არის დამაკმაყოფილებელი, მიმაჩნია, რომ გოგოსაც არანაკლები განათლება და აზროვნება უნდა ჰქონდეს. ძირითადად, ეს ორი კრიტერიუმი მაქვს. ასევე, უნდა უყვარდეს თავის მოვლა.

– გყვარებია სერიოზულად?

– არა, სერიოზული ურთიერთობები არასდროს მქონია. სიყვარულს წინ ვერავინ გადაუდგება, მაგრამ ჯერ უფრო ჩემს პროფესიასა და ჰობებზე ვარ გადართული. მინდა, თითოეულ მათგანში ჩემი კვალი დავტოვო. ის დროც მოვა, როცა მთლიანად ურთიერთობებსა და შემდეგ ოჯახის შექმნაზე გადავერთვები.

– რთულია შენთან ურთიერთობა?

– არა. არ მაქვს სტერეოტიპული შეხედულებები და „გრუზინული“ აკრძალვები. „ეს არ ჩაიცვა“ – არ მახასიათებს, არც ეჭვიანი ვარ, მაგრამ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მეც მექნება ისეთი თვისებები, რაც სხვისთვის დამაბრკოლებელია. ამ ეტაპზე არავის ვუყურებ ისე, რომ მასთან სერიოზული ურთიერთობა დავიწყო. ყოველთვის მეგობრობისკენ მიმყავს ურთიერთობები.

– აქტიურად რომ გამოხატავენ შენდამი სიმპათიებს, ისეთი გოგონები უფრო მოგწონს თუ პირიქით, შენ რომ გიწევს ბრძოლა?

– მაგ საკითხში ბალანსი მიყვარს. არ მომწონს, როცა გოგო ზედმეტად აქტიურობს. ის ჩემთვის ნაკლებად საინტერესო ხდება. უფრო მეტად ის მიზიდავს, ვისთანაც მე მიწევს ინიციატივის გამოჩენა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

12-18 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

კვირის დღეების ასტროპროგნოზი