ენრიკო ჯანელიძე: როცა ადამიანი ტყუილს მიეჩვევა, მერე შეიძლება, მასში ავი თვისებები დაიბადოს
ავტორი: ეთო ხურციძე 14:00 05.10, 2021 წელი

ბლიცინტერვიუ ენრიკო ჯანელიძესთან 👇
სახელი: ენრიკო.
გვარი: ჯანელიძე.
პროფესია: მომღერალი, ჟურნალისტი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– მქონდა ბედნიერება, 7-დან 15 წლამდე პიონერთა ბანაკებში ვყოფილიყავი. ყოველ ნაკადზე მივყავდი ხელმძღვანელობას, რადგან კარგად ვმღეროდი, ვუკრავდი საყვირზე, ვცეკვავდი; ვთამაშობდი: მაგიდის ჩოგბურთს, კალათბურთს, ჭადრაკს, შაშს...ისეთ დონეზე შევისწავლე სპორტის ეს სახეობები, რომ სულ მოწინავე ადგილებზე გავდიოდი, უამრავი დიპლომი და სიგელი მაქვს დღემდე შემონახული. ეს ყველაფერი განაპირობა ჩემმა შრომისმოყვარეობამ, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვა – 23 ენაზე მაქვს ათასობით სიმღერა ნამღერი, მსოფლიოს ორასი ქვეყნის მაყურებლის წინაშე. ჩემი პოპულარობა და წარმატება ამ ბანაკებიდან დაიწყო, ყველა ხელისგულზე მატარებდა. საოცარი ბავშვობა მქონდა.
– მშობლების როლი...
– დედა და მამა გაშორებულები იყვნენ. დედა ქართული ენის სპეციალისტი გახლდათ, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ უფროსი რედაქტორი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. ისინი სიყვარულით შეუღლდნენ, მაგრამ ქორწინებიდან 2-3 წლის თავზე, მამამ სთხოვა დედას, რომ მოსკოვში გადასულიყვნენ, რათა კარიერულად იქ უფრო მეტის მიღწევა შეეძლო. დედამ ქართული ენის უსაზღვრო სიყვარულის გამო, უარი უთხრა და ეს გახდა მათი დაცილების მიზეზი. ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდია დედის როლი – მან გამზარდა. შემაყვარა შრომისმოყვარეობა და ყველა საშუალება გამონახა, იმ მიმართულებით განვვითარებულიყავი, რისი ნიჭიც მქონდა. მას ლომის წილი მიუძღვის ჩემს ჩამოყალიბებაში.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– ჩემს ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყო: ინდური, ესპანური, იტალიური და ფრანგული მუსიკალური ფილმები. 3 წლიდან უკვე ვმღეროდი და უცხო ენებიც მივამატე რეპერტუარს, ეს კი ამ ფილმების გავლენით მოხდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ენრიკო მასიასის კონცერტის ნახვის შემდეგ, რამდენიმე დღეში მისი 5 სიმღერა ვიმღერე ფრანგულ ენაზე.
– ჩემი მეტსახელი...
– ცნობილი მომღერლები, ასევე, თანაკლასელები და ანსამბლის წევრები „ენიას“ მეძახდნენ. ზოგი მეკითხება ჩემი სახელი, ენრიკო, ფსევდონიმია თუ არაო. მაგრამ არა, ენრიკო მიწერია პასპორტში. ეს სახელი მამიდამ შემარქვა ენრიკო კარუზოს გავლენით.
– ადამიანში ვაფასებ...
– ერთგულებას, სიმართლეს, პატიოსნებას და წესიერებას. ტყუილი არ მიყვარს. ჩემს შვილს ხშირად ვეუბნები: ტყუილიდან დანაშაულამდე ერთი ნაბიჯია-მეთქი. სჯობს, გაჩერდე და არაფერი თქვა, ვიდრე მოიტყუო. როცა ადამიანი ტყუილს მიეჩვევა, მერე შეიძლება, მასში ავი თვისებები დაიბადოს. ერთგულება მნიშვნელოვანია, რადგან თავად მახასიათებს ეს თვისება – ვინც მიყვარს, ბოლომდე მივყვები და ვცდილობ, სულ მის გვერდით ვიყო.
– წარმატებული ადამიანი არის...
– განათლებული და ნაკითხი. ჩემს ცხოვრებაში მოხდა ისე, რომ ამირჩიეს ოთხი საერო-სამეცნიერო აკადემიის წვერ-კორესპონდენტად, პარალელურად, მწერალთა კავშირისა და შოთა რუსთაველის საზოგადოების წევრი გახლავართ. ერთი წიგნი უკვე გამოვუშვი – „ქართული სიმღერები მსოფლიოს გარშემო“ და მეორე მზად მაქვს დასაბეჭდად – „100 სიყვარულის ისტორია“ ვთარგმნე რუსულიდან ქართულად. წიგნი მოგვითხრობს ფარაონების, ფილოსოფოსების, უდიდესი მუსიკოსების, გამომგონებლების სიყვარულის ისტორიებს. თითოეული მათგანი იყო წარმატებული, რადგან განათლებულები იყვნენ. წარმატებას, ასევე, განაპირობებს შრომისმოყვარეობა და „ფორტუნასაც“ დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე.
– მწამს...
– ღმერთის... მეგობრობის, უღალატობის და იმავეს ვითხოვ მათგანაც. ცალმხრივი გრძნობა არავის გამოადგება, რადგან მყარი არ არის. ყველას ვაძლევ საშუალებას, რომ ურთიერთი გავიცნოთ და მეტად შევიყვაროთ. როცა ადამიანს ღრმად გაიცნობ, გიყვარდება ან პირიქით – ცივდები მის მიმართ. ამის დასადგენად კი დრო აუცილებელია.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ღმერთი არის ერთი, რომელმაც გვიბოძა სამყარო და გვაჩუქა სიცოცხლე. ყველაფერი მოგვცა იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებულები, განვვითარდეთ და გავნათლდეთ.
– ვრისკავ...
– ხშირად. ჩემს ცხოვრებაში უდიდესი რისკი იყო, როცა ბერმუდის სამკუთხედში მოვხვდი. იმ პერიოდში იქ გემები ხშირად იღუპებოდნენ და თვითმფრინავები რადარებიდან ქრებოდნენ... ამ დროისთვის შვილის დაბადებას ველოდებოდი. ისე მოხდა, რომ ცოლი დავტოვე საქართველოში და მე გემით ამერიკაში გავემგზავრე, რადგან ბავშვს მატერიალურად ძლიერი მშობლები სჭირდებოდა. ახალ ორლეანში ბერმუდის სამკუთხედის გავლით მივცურავდით. 6 დღე დავყავით ატლანტის ოკეანეში და 8-9 ბალიან ტალღებში მოვხვდით. საბედნიეროდ, სირთულე დავძლიე და მერე დაიწყო კარგი ცხოვრება.
– ბედისწერა არის...
– „ფორტუნა“. ადამიანი როგორი ნიჭიერიც უნდა იყოს, თუ იღბალი, ღმერთის წყალობა და გამართლება არ დასდევს, გაუჭირდება ცხოვრება და ბევრი წვალება მოუწევს. ხანდახან ცუდ მომენტებსაც ვუკავშირებთ ხოლმე ბედისწერას.
– სიყვარული – ეს არის...
– ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო, ქართველები და თბილისი, ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი სიყვარული, ასევე ის გრძნობა, რაც ჩემი ოჯახისა და მეუღლის მიმართ მაქვს. იყო შეცდომები, მაგრამ ოჯახი არ დავანგრიე... ჩემთვის უდიდესი სიყვარულია ჩემი შემოქმედება, სიმღერები, რომლებიც მუდმივად თან სდევს ჩემს ცხოვრებას. როდესაც სცენაზე აღარ გავალ, მაშინ დამთავრდება ჩემი ცხოვრება... „სიყვარული აღგვამაღლებს“ და ეს გრძნობა ყველას „გზად და ხიდად“ უნდა დაგვდევდეს.
– ჩემი პირველი სიყვარული...
– სკოლაში თანაკლასელ ბიჭებს ერთი გოგონა გვიყვარდა, ჩვენი თანაკლასელი იყო და ყველანი მასზე ვგიჟდებოდით (იცინის). ეს ბავშვური სიყვარული იყო.
– დრო და სიყვარული...
– გააჩნია სიყვარულს - პროფესიის მიმართ სიყვარული არასოდეს უფერულდება, პირიქით, იზრდება დროსთან ერთად.
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, საბოდიშოდ არ გავიხადო საქმე. ძალიან თვითკრიტიკული გახლავართ და არ მიყვარს სიჯიუტე. ასევე, შემწყალებელიც ვარ, უპირატესობას ვანიჭებ მონანიებას. თუ პიროვნება შეცდომას უშვებს, ვაძლევ გამოსწორების საშუალებას და ვცდილობ, მის საქციელს ახსნა მოვუძებნო, რადგან, დამეთანხმებით, „სისხლი სისხლით არ მოიბანება“.
– შემშურებია...
– არ ვარ შურიანი და ჩემს შვილსაც ხშირად ვეუბნები, არავისი შეგშურდეს, პირიქით, მიდი წარმატებულ პიროვნებასთან და მიულოცე მას ეს წარმატება, აღიარე მისი მიღწევა, ამით ამაღლდები შენც და ისიც-მეთქი. ასე ვცხოვრობ მეც: ყოველთვის მიხარია სხვების წარმატებები.
– სამაგიეროს გადახდა...
– ხანდახან ისე ხდება, როგორც არ უნდა გადაჰყვე ადამიანს, მაინც უმადურია. „კუზიანს სამარე გაასწორებსო“, უთქვიათ, მაგრამ არავის უნახავს გასწორებული. რომ მიუტევებ ადამიანს შეცდომას და კვლავ იმეორებს, დამეთანხმებით და ალბათ, ასეთებს უნდა ჩამოსცილდე. მეც მქონია მსგავსი შემთხვევა და გამნელებია ურთიერთობა მათთან. როცა ადამიანი გიყვარს და მასაც უყვარხარ, ეს გრძნობა ორივე მხრიდან უნდა დაფასდეს.
– ვნანობ...
– ბევრ რამეს... აქედან შევეხები ერთ-ერთს: 1991 წელს სვიატოსლავ ფიოდოროვის თვალის კლინიკამ ჩემი ანსამბლით მიმიწვია ინგლისში, კერძოდ გიბრალტარში. გემ „პეტრე პირველზე“ გახსნეს თვალის კლინიკა. რადგან ეს ოპერაციები ლაზერით ტარდებოდა, გემი არ გადაადგილდებოდა. 10 თვის განმავლობაში ვიყავი მათთან, როგორც მომღერალი. პარალელურად, ვმღეროდი კაზინოებში და ამან გამოიწვია ადგილობრივ მცხოვრებთა ნდობა და დაინტერესება კლინიკის მიმართ – კლინიკას პაციენტების მოზიდვაში ვეხმარებოდი, 50 ოპერაცია ჩემი წყალობით გაკეთდა. ძალიან გამიჭირდა ერთ ქალაქში 10 თვე გაჩერება, რადგან მიჩვეული ვიყავი გადაადგილებას სხვადასხვა ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკამ შემომთავაზა მათთან ერთად ჩემი კონტრაქტის გაგრძელება, როგორც შუამავალი, გაოთხმაგებული ანაზღაურებით, ალბათ, ვიჩქარე და მაინც უარი ვუთხარი. არადა, ამ თანხის გამო შეიძლებოდა მათთან თანამშრომლობის გაგრძელება.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– გამოვყოფ დედის რჩევას: შრომისმოყვარეობა განაპირობებს წარმატებებს. დედამ მითხრა და მირჩია: მარტო ნიჭს ნუ დაეყრდნობი, აუცილებელია დიდი შრომისმოყვარეობა და თავისთავად განვითარდება შენი შესაძლებლობებიო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან