შოუბიზნესი

ენი გასიევა: როცა გიორგისთან ჩვენი დაშორების ამბებზე ვიწყებ საუბარს, მეუბნება, ამაზე არ დამელაპარაკო, თორემ ვიჩხუბებთო

№47

ავტორი: ნონა დათეშიძე 21:00

ენი გასიევა
დაკოპირებულია

მას შემდეგ, რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, გიორგი ყიფშიძის ცოლზე, ენი გასიევაზე, უამრავი ჭორ-მართალი გავრცელდა. თავად გიორგიც ხშირად დებს შვილებთან გადაღებულ ვიდეოებს სოციალურ ქსელში და ამბობს, რომ მათ მარტო ზრდის და თეატრის რეპეტიციების, სპექტაკლებისა და პრემიერების პარალელურად, ძალიან უჭირს ბავშვების მოვლა და სახლის საქმეების გაკეთება. თუმცა, მისი ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ შვილები არასოდეს მიუტოვებია და დღესაც აქტიურად არის ჩართული მათ აღზრდა-განვითარებაში.

ენი გასიევა: 21 წლის ვიყავი, როცა დავფეხმძიმდი და 22 წლის უკვე დედა გავხდი. პატარა ასაკში გავაჩინე შვილი, ვფიქრობდი, დედობისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დგები, ხვდები, რაღაცებისთვის მზად არ ხარ. თუმცა, იმდენად სასიამოვნო და აღმაფრთოვანებელია დედობა, რომ ყველაფერს ხაზი ესმება, როცა შენს შვილს თვალებში უყურებ და ხედავ რამხელა სიყვარულია მასში. ეს სიყვარულია ჩემთვის ყველაზე მთავარი და რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი შვილებისთვის. კოსმო რომ დაიბადა, ოთხი თვის მერე ისევ დავფეხმძიმდი და მალევე გავაჩინე მეორე შვილი. მაშინ 23 წლის ვიყავი.

– არ გაგიჭირდა, ორი მიყოლებით დაბადებული ბავშვის ერთდროულად გაზრდა?

– ძალიან გამიჭირდა. ორი მიყოლებული ბავშვის გაზრდა, ძალიან რთულია. ჯერ ერთი ბავშვის მოვლას, ჩახუტებას, ზრუნვას სწავლობ და უცებ, ჩნდება მეორე და ხდება სრული ქაოსი. ერთს დავაძინებდი, მეორე იწყებდა ტირილს და უკვე დაძინებულს აღვიძებდა, ერთს გამოცვლა უნდოდა, მეორეს – დაბანა და ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე იყო. ღამეების თენება მიწევდა, მთლიანად ბავშვებზე ვიყავი ორიენტირებული, იმდენად ვიღლებოდი, ტირილამდე მივდიოდი, თუმცა, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

– თქვი, დაგეგმილი ცხოვრება მიყვარსო. როგორც მივხვდი, შვილების გაჩენას ეს არ ეხებოდა. ასეა?

– ასე ადრეულ ასაკში შვილების გაჩენა არ მქონდა დაგეგმილი. სანამ გიორგის გავიცნობდი, ვფიქრობდი, ასე 28 წლის ასაკისთვის, როცა კარიერას ავაწყობდი და შემდგარი ვიქნებოდი, ბავშვი იმ პერიოდში გამეჩინა. თუმცა, ორსულობა რომ გავიგე, იმხელა სიხარული, შოკი და ბედნიერების ადრენალინი იყო, მახსოვს, ბედნიერებისგან ტირილი დავიწყე. სამ თვემდე არ ვიცოდი, რომ ორსულად ვიყავი. დაგეგმილი არ მქონდა, მაგრამ რომ გავიგე, ორსულად ვიყვი, სიხარულით ვიტირე.

– ბევრი ითქვა და დაიწერა და მაინც, რეალურად რა იყო თქვენი ოჯახის დანგრევის მიზეზი?

– გიორგი მე მადანაშაულებს, თუმცა მე საკუთარი შეხედულებები მაქვს და ოჯახის დანგრევის მიზეზებს მე ჩემებურად ვხედავ. ამდენი ხანი ხმას არ ვიღებდი და ახლაც არ ვაპირებ დაწვრილმანებას, თუმცა გეტყვით, რომ დაგროვდა, დაგროვდა რაღაც-რაღაცები და ბოლოს აფეთქდა. როცა ოჯახი ინგრევა, იქ ორივე დამნაშავეა და ჩვენი, ორივეს ბრალი იყო. არ ვაპირებ ვინმეს რამე დავაბრალო, ეს ჩემს ბუნებაში არ ზის.

– ახლა როგორი ურთიერთობა გაქვს ყოფილ ქმართან, დედამთილთან და მამამთილთან?

– ზურასთან – მეგობრული, ძმაკაცური, სუფთა და ნამდვილი ადამიანური ურთიერთობა მაქვს. რაც შეეხება ლელას, სამზარეულოში ყავისა და ჩაის სმაში და საუბარში ღამეებს ვათენებთ. ყველა თემაზე ვსაუბრობთ და ძალიან მიყვარს. ლელა ძალიან კარგი ადამიანია, ყველაფერში გვერდით მიდგას. მეც ვცდილობ, სახლის საქმეებში დავეხმარო. ლელა და ზურა ხედავენ ამას, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ვერ ხედავს და ამაზე არც ნერვების მოშლას ვაპირებ და არც აფიშირებას. გიორგისთან ვმეგობრობ, თუმცა ჩვენი დაშორების ამბებზე როცა ვიწყებ საუბარს, მეუბნება: ამაზე არ დამიწყო ლაპარაკი, თორემ ვიჩხუბებთო. ორივეს ჩვენი აზრი გვაქვს და ამას ვერ შევცვლით.

– შერიგებაზე არ გიფიქრია?

– არა, რადგან როცა რაღაც მთავრდება, იქ მთავრდება და მორჩა. არაერთხელ უთქვამს: ენიმ შვილები მიყარაო, რაც სრული აბსურდია, რადგან მე ჩემი შვილები ნამდვილად არ მიმიტოვებია. მოკლედ, ყელაფრის მიუხედავად, ვმეგობრობ. ხშირად ავდივარ გიორგისთან სახლში, ძალიან მიყვარს, ჩემი ოჯახის წევრია, ჩემი შვილების მამა, თუმცა შერიგებას არ ვაპირებ.

– ამბობ, არ მიმიტოვებია შვილებიო, თუმცა, გიორგის არაერთი ვიდეო დევს სოციალურ ქსელში, სადაც ამბობს, რომ ბავშვებს მარტო ზრდის და კარიერის პარალელურად, ბავშვების დამოუკიდებლად მოვლა და სახლის საქმეებთან გამკლავება ძალიან უჭირს. ამას კი შენი ბულინგი მოჰყვება ხოლმე და გადანაშაულებენ, რომ შვილები გიორგის მიუყარე და მათ არ კითხულობ და ნახულობ.

– სრული აბსურდია, რომ მე ბავშვები მივყარე. როცა გიორგი რეპეტიციებსა და სპექტაკლებზე მიდიოდა, ბავშვებთან მე ვიყავი და როცა გიორგი სახლში იყო, მე ჩემი განვითრებითვის და კარიერისთვის მიწევდა გასვლა.

უკვე დაშორებულები ვიყავით, მაგრამ გარკევული პერიოდი, სადღაც ბოლო ხუთი თვე, ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით. როცა ურთიერთობა უკვე არეული გვქონდა, მირეკავდა და მეუბნებოდა: ტანსაცმელებს გადაგიყრი ფანჯრიდანო და ჩემს ნივთებს მოისვრიდა აივნიდან ხოლმე... ჩემი ჩემოდნები გარეთ გადო, იმ პერიოდში სახლი არ მქონდა და უკაცრავად, თუ ნახევარი წელი მომიწია მის სახლში ცხოვრება. არ მქონდა, დალაგებული ცხოვრება, მაგრამ მე ბავშვებთან მივდიოდი, როცა მას რეპეტიციები ჰქონდა, როცა ფინანსურად უჭირდა, ფულს ვურიცხავდი და როგორც შემეძლო, ყველანაირად გვერდით ვედექი. ამას ვერავინ ხედავს და ვფიქრობ, თავის ცხოვრება არ გააჩნია იმ ხალხს, ვინც მე მაბულინგებს. თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი ხედავდა, მე რას ვაკეთებდი ჩემი ბავშვებისთვის. ბევრი იყო მოწმე – არ მქონდა სახლი, რომ შვილები წამეყვანა. ბავშვების სანახავად გიორგისთან მიწევდა მისვლა და მასთან კამათი. როცა ის არ იყო სახლში, მე ვუვლიდი ბავშვებს. პარალელურად, ვცდილობდი ჩემი თავის განვითარებას, მიწევდა კარიერული სირთულეების გადალახვა, სწავლა, რომ მერე, ისევ ჩემი შვილები ყოფილიყავნენ ჩემგან უზრუნველყოფილი.

– დღეს თუ გაქვს ბინა, სად ცხოვრობ?

– დღეს ჩემებთან ერთად ვცხოვრობ და ბავშვებიც ხშირად არიან ჩემთან. მოკლედ, ბავშვები ხან ჩემთან არიან, ხან – გიორგისთან. მადლობა ღმერთს, დღეს უკეთესად ვარ, კარიერულადაც წინ მივიწევ.

– პირად ცხოვრებაში ხომ არ არის სიახლეები?

– პირად ცხოვრებაში ვარ მარტო და ეს ძალიან მომწონს, რადგან ახალი ურთიერთობებისთვის დრო არ მაქვს და ალბათ, არც გამოჩნდა ისეთი ადამიანი, ვინც მომეწონება.

– თუ გამოჩნდა, იფიქრებ გათხოვებაზე?

– წინასწარ ვერ განსაზღვრავ, რა მოხდება მომავალში. წინასწარ ვერც იმას ვიტყვ, კიდევ გავთხოვდები თუ არა, თუმცა თუ ისეთი ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რომ გადავირევი და შემიყვარდება, ჩემი ნახევარი გახდება, ალბათ, ვიფიქრებ. თუმცა, ახლა გათხოვებაზე ვერ მეფიქრება. ამ ეტაპზე, მარტოობა მომწონს, რადგან ჩემს თავს უფრო მეტად ვზრდი კარიერული კუთხით. სერტიფიცირებული არტ-თერაპევტი ვარ, ავიყვანე ჯგუფი და მეორე ჯგუფის აყვანასაც ვფიქრობ, ერთ თვეში კი დაიწყება სემინარები. გიორგი რომ ამბობდა: ენი, კლუბური გოგოაო, იმ კლუბებში გასართობად კი არ დავდიოდი, არამედ იმისთვის, რომ ვარ დამწყები დიჯეი-არტისტი და ამ კუთხით ვცდილობდი განვითარებას. სანამ ჩემი თავით არ ვიქნები კმაყოფილი, საჯაროდ არ ვუკრავ, თუმცა, მინდა, სამომავლოდ ელექტრონული მუსიკის წარმატებული დიჯეი-არტისტი ვიყო. ასე რომ, მე კლუბებში გასართობად არ დავდიოდი, სხვადასხვა უცხოელ დიჯეი-არტისტს ვუსმენდი, ვიგებდი, ვინ რა ჟანრს უკრავს, რომ ჩემი ხარისხი ამემაღლებინა. 13 წლიდან ვუსმენ ელექტრონულ მუსიკას და ჩემს ყურს დღემდე ვავარჯიშებ, პროფესიონალურად ვუყურებ და ამიტომ მიწევდა ღამის ცხოვრებით ცხოვრება. სამომავლოდ კი, მინდა, მე რასაც ვგრძნობ, იგივე გადავცე ხალხს მუსიკით. მინდა და გადაწყვეტილი მაქვს, გავხდე მსოფლიო დიჯეი-არტისტი. ვნახოთ, რა იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი