შოუბიზნესი

ელენე ფოჩხუა: მქონდა პერიოდი, როცა მეგონა, რომ ჩემთვის მთელი სამყარო დასრულდა და ჩაიკეტა

№30

ავტორი: ეთო ხურციძე 20:00 03.08, 2022 წელი

ელენე ფოჩხუა
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ელენე ფოჩხუასთან👇

სახელი: ელენე.

გვარი: ფოჩხუა.

პროფესია: მომღერალი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი და სამეგრელოში რომ ჩავდივარ დღემდე „გიჟუნას“ მეძახიან – ჩემი მეტსახელია. მე და ჩემი ძმა ბაბუას და ბებიას ვაბრაზებდით ხოლმე ხშირად. სახლში ტელეფონზე ვრეკავდით და რაღაცებს ვატყუებდით. ბოლოს ბაბუამ გამოგვიჭირა და დაგვსაჯა – ერთი საათი მაგიდის ქვემოთ დაგვსვა, თვითონ ჭინჭარი ეჭირა ხელში და თვალყურს გვადევნებდა, რომ არ გამოვსულიყავით. მართლა ხომ არ დაგვსუსხავდა, მაგრამ იმდენად გავაბრაზეთ, ამითი ჭკუა გვასწავლა.

– მშობლების როლი...

– ყოველთვის ჩვენ გვერდით იყვნენ და რაც შეეძლოთ, მაქსიმალურს გვიკეთებდნენ. დღესაც მათი მხარდაჭერითა და ზურგით ვარ.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– სხვა პროფესიაზე არ მიფიქრია, თუმცა ოჯახში ზოგს ექიმი უნდოდა გამოვსულიყავი, ზოგს – რა და ზოგს – რა, მაგრამ ყველას ვუთხარი, რომ მე ვიქნებოდი მომღერალი. ჩამოვედი თბილისში და ჩავაბარე მუსიკალურ სასწავლებელში. ჩემი პროფესიაა მომღერალი – საესტრადო ვოკალი მაქვს დამთავრებული.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე, მამიდაჩემი თეორეტიკოსია, დედა – ფორტეპიანოს პედაგოგი. ბავშვობიდან მუსიკალურ სკოლაში ვიზრდებოდი და ამან ბევრი რამე განაპირობა ჩემს ცხოვრებაში – სულ მინდოდა მემღერა და მომღერალი ვყოფილიყავი. ასევე, ბებია მღეროდა კარგად და როცა მთელი ოჯახი შევიკრიბებოდით, სიმღერებს ხმებში ვშლიდით. ჩემს ამჟამინდელ პროფესიაზე ოჯახურმა გარემომ იქონია გავლენა.

– ადამიანში ვაფასებ...

– ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, ადამიანი იყოს სუფთა და კეთილი. არასოდეს მიძებნია მეგობარი თუ მეორე ნახევარი იმის მიხედვით, რომ რომელიმე მათგანს კარგი ფინანსური შესაძლებლობა ჰქონოდა. პირველ რიგში, მთავარია იყოს ადამიანი და მერე ვაფასებ მის პროფესიასა და კარიერულ წინსვლებს.

– წარმატებული ადამიანი არის...

– წარმატებისთვის იღბალიც აუცილებელია, აი, საჭირო დროს რომ საჭირო ადგილზე მოხვდები. ცოტა გამბედავიც უნდა იყო. წარმატებაში ფინანსებიც დიდ როლს თამაშობს. გულწრფელად მიხარია, როცა ჩემი კოლეგები და მეგობრები წარმატებულები არიან. მე პროექტში გამოვჩნდი, თუმცა ჩემს შემდეგ ჩემმა ბევრმა კოლეგამ გაცილებით მეტს მიაღწია. არასდროს მქონია მათ მიმართ შურის განცდა. პირიქით, მიხაროდა თითოეული მათგანის წინსვლა და წარმატება. ჩემი ვოკალური შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეიძლება, მე უფრო მეტი შემეძლო, თუმცა ხასიათიც მაქვს ისეთი, ბევრ რამეში უკან ვიხევ. ვერ ვიტყვი, რომ დღეს წარმატებული არ ვარ, ღმერთი ბევრ რამეში მწყალობს, მაგრამ ვაღიარებ, რომ მეტის გაკეთება შემეძლო. დღეს სხვანაირი გავხდი, საკუთარ თავთან გაცილებით მეტი მოთხოვნილება გამიჩნდა და მჯერა, რაც გულით მინდა, აუცილებლად გავაკეთებ. ყველაზე მთავარი რაც არის, ადამიანობა არ უნდა დაკარგო და წარმატების შემდეგაც დარჩე იმად, რაც იყავი.

– მეშინია...

– ომის მეშინია, მიწისძვრისა და ზოგჯერ სახლში მარტო ყოფნის – რამე რომ გაფაჩუნდება, მაშინვე საბანს დავიხურავ ხოლმე და სუნთქვასაც ვიკავებ (იცინის). ომის ყველაზე მეტად მეშინია...

– მწამს...

– კარგი ადამიანების. ამაში ბედი მწყალობს, ირგვლივ მყავს საუკეთესო მეგობრები და მათი ნამდვილად მწამს.

– ვრისკავ...

– ზოგადად ძალიან ჩქარი ვარ, 8 თვის დავიბადე და დღემდე ყველაფერში ვჩქარობ, გადაწყვეტილებებსაც უცებ ვიღებ. სკოლის პერიოდშიც, მასწავლებელი რაღაც კითხვას რომ დასვამდა, ვიცოდი თუ არა, უცებ ვპასუხობდი. შეიძლება, დაუფიქრებელი ნაბიჯები გადავდგა ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ვრისკავ, გამოვა თუ არა, ამაზე იმ მომენტში არ ვფიქრობ.

– მაკვირვებს...

– დღევანდელ ცხოვრებაში ბევრი რამ მაკვირვებს. განსაკუთრებით ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვისი ცხოვრებით ინტერესდებიან, სხვაზე ჭორაობენ და თავად ამით ცხოვრობენ.

– ვერიდები...

– ყველა ადამიანს ჰყავს ნაცნობი, რომელსაც ბევრი შეკითხვის დასმა უყვარს, ასეთ ადამიანებს ვერიდები.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– ინტელექტის დონის, რაც ბევრ წვრილმანში გამოიხატება. სამწუხაროდ, არაერთ ადამიანს ვამჩნევ ამ დანაკლისს. დღეს, თითქოს, უტაქტობამ წამოიწია წინა პლანზე.

– ბედისწერა...

– ყველა ადამიანი საკუთარ ბედს თავად ქმნის. არის რაღაც ძირითადი, მაგრამ თავად ირჩევ, რომელ გზას დაადგე. როგორ შეიძლება, უბედური შემთხვევა თავად განსაზღვრო ან შექმნა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენი კონკრეტული გადაწყვეტილებები გვაყენებენ იმ გზამდე, რომელსაც მივყვებით.

– მარტოობის განცდა...

– არასოდეს მქონია. იყო პერიოდი, როცა მეგონა, რომ ჩემთვის მთელი სამყარო დასრულდა და ჩაიკეტა, მიტირია კიდეც, მაგრამ თავი მარტო მაინც არასდროს მიგრძნია, რადგან მყავს ძალიან კარგი მეგობრები, მშობლები და შვილები.

– სიცოცხლე არ ღირს...

– შვილების გარეშე. შვილები ყველაზე დიდი ბედნიერებაა და ყველაზე დიდი სასწაული, რაც ამქვეყნად არსებობს. ბედნიერი ვარ, რომ მქვია დედა და მყავს შვილები.

– რთული პერიოდი...

– ჩემი ოჯახის ტრაგედია იყო ჩემთვის ყველაზე რთული, ის მომენტი, როცა გავიგე, რომ ჩემი უსაყვარლესი ძმა დავკარგე... ამ ტკივილთან სხვას ვერაფერს დავარქმევ რთულს.

– სიყვარული...

– ისეთი ადამიანი ვარ, თუ ვინმე შევიყვარე ბოლომდე მიყვარს. მყავდა მეორე ნახევარი, ქმარი, რომელიც ძალიან მიყვარდა.... სიყვარული არის ყველაზე ძვირფასი რამ. ვაფასებ ადამიანებს, ვისაც ამ გრძნობის ტარება შეუძლიათ და მათ, ვისაც მე ვუყვარვარ.

– დრო და სიყვარული...

– ქრება. იმდენად მატკინა გული ადამიანმა, რომელიც ძალიან მიყვარდა, დღეს ჩემთვის ის არაფერს წარმოადგენს, მხოლოდ ჩემი შვილების მამაა. ძალიან მიყვარდა, თუმცა დღეს სხვა განცდა მაქვს მის მიმართ: არც ვბრაზობ, არც მწყინს, მისგან კარგი არაფერი მახსენდება. იმდენად გაქრა გრძნობა, თავად მიკვირს, ასე მოკლე პერიოდში, როგორ შევძელი ეს. მეგონა, ვერასდროს გადავლახავდი ამ პერიოდს, მაგრამ ახლა საკუთარ თავზე მეცინება – წინ რომ დამიდგეს, გულიც არ ამიტოკდება. თუ საერთოდ მიყვარდა, ისიც კი არ მახსოვს. ამდენი გულისტკენით გრძნობა ქვავდება და ქრება.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– ტყუილი და ღალატი, ვერ ვიტან სულით ბინძურ ადამიანებს, მათ ვერაფერს ვაპატიებ.

– შემშურებია...

– არასოდეს არავის. ყველა მომღერალს თავისი სტილი აქვს, არასოდეს მითქვამს ვინმეზე: ის, როგორ მღერის. თუ სხვამ ჩემზე გაცილებით ნაკლები ვოკალური მონაცემებით მეტი შექმნა, ესე იგი, მაგარია. სხვისი არც მანქანის მშურს, არც სახლის, არც ფულის და საერთოდ არაფრის. ამას ვამბობ გულწრფელად. ბედნიერი ვარ იმით, რაც დღეს მაქვს და ჩემი შრომით ბევრი რამის შეძენა შევძელი. ყოველთვის მწყალობს ღმერთი – დღეს რომ ფინანსურად მიჭირდეს, ხვალ აუცილებლად გამომიჩენს რამეს. ასეთი დღეები ბევრი მქონია. ღმერთი სულ ჩემთანაა, ამაში ყოველდღე ვრწმუნდები.

– სამაგიეროს გადახდა...

– არასდროს გამიფიქრებია, ბავშვობაში თამაშის დროსაც კი. ამის ნერვები არ მაქვს, ყველას თავისი ცოდვები ეყოფა და თითოეულს ღმერთი მიხედავს.

– ბოდიშის მოხდა...

– არ მიჭირს, როცა ვიცი, დამნაშავე ვარ, მირჩევნია, მოვინანიო. თუმცა ისეთი არაფერი დამიშავებია, რომ საბოდიშოდ მქონოდა საქმე.

– ვნანობ...

– ბევრ რამეს. ახლა როგორიც ვარ, ასეთი 20 წლის ასაკში რომ ვყოფილიყავი, ბევრ რამეს მივაღწევდი. ცხოვრება ნელ-ნელა გასწავლის, უამრავ თვისებას გამოგიმუშავებს და სულ სხვაგვარი ხდები. დღეს რაც ვარ, ასეთი მინდა ვყოფილიყავი წლების წინ და ბევრად კარგად წავიყვანდი ჩემს ცხოვრებას.

– არასოდეს დამავიწყდება...

– ჩემი შვილების დაბადება, ყველაზე დიდი ბედნიერება, რაც მიმიღია ამ ქვეყნად და მეორე – „ჯეოსტარზე“ პირველი გამოსვლა, როცა „აფრიკული იავნანა“ ვიმღერე. მახსოვს, კულისებში რომ გავედი, ხალხი ჩემს ბისზე გამოსვლას ითხოვდა. სიხარულისგან და ემოციებისგან რაღაცას წამოვკარი ფეხი და წავიქეცი, ბედნიერებისგან ვტიროდი, ჩემთვის სასწაული დღე იყო.

– თავისუფლება არის...

– ყველაზე მაგარი რაღაც, რაც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. არასოდეს ვყოფილვარ შებოჭილი, არავისგან არ მქონია შეზღუდვები, თუნდაც ოჯახში. ალბათ, გავგიჟდები, ვინმემ რომ შემბოჭოს, თავისუფლების გარეშე ვერ ვიცხოვრებ.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– არ შევცვლილვარ, როგორც ვარ, ბოლომდე ისეთი ვიქნები, რამ უნდა შემცვალოს. ადამიანები არ იცვლებიან.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ბაბუას ოჯახი იყო ძალიან შეძლებული – გააკულაკეს და უამრავი ცუდი რამ შეემთხვათ. მისი სიტყვები დღემდე მახსოვს: ბაბუა, არასოდეს შეიყვაროთ ფული ისე, რომ ზიანი მოგაყენოთ და ფულის გამო არც მეგობარი ეძებოთ და არც მეორე ნახევარიო. შიში ჰქონდა სულ, მან ფულისა და სიმდიდრის ფონზე ბევრი სიმწარე ნახა. სულ ჩამესმის ხოლმე მისი სიტყვები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი