შოუბიზნესი

ელენე ფოჩხუა: კი ვჩანვარ ნაზი და ქალური, მაგრამ თუ ვინმემ გამაბრაზა, სასწაულებს ჩავდივარ

№48

ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 08.12

ელენე ფოჩხუა
დაკოპირებულია

მომღერალი ელენე ფოჩხუა ახლახან იუბილარი იყო. ამბობს, რომ ძალიან უყვარს თავისი დაბადების დღე. როგორც ნამდვილმა მეგრელმა, დაბადებაც ნაჩქარევად ინება და ამქვეყანას რვა თვის მოევლინა. მართალია, ასაკს არ მალავს, მაგრამ არც საჯაროდ აფიშირება უყვარს. ფაქტია, ელენე არის ადამიანი, ვისაც თვალდახუჭული შეგიძლია ენდო, ვისაც გულში არასოდეს გაუვლია შური და ბოღმა და დღემდე, მისი გარშემო მყოფებისთვის ნამდვილი გაჭირვების ტალკვესია.

ელენე ფოჩხუა: 23 ნოემბერს, გიორგიბას ვარ დაბადებული. ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე და სულ მიხარია, რომ ქვეყანას ასეთ კარგ დღეს მოვევლინე. ჩემი მეგობრები, ხუმრობით, ელენე-გიორგის მეძახიან. ბიჭი რომ ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, გიორგის დამარქმევდნენ, ეჭვიც არ მეპარება. მეგობრები იმასაც მეუბნებიან, შენს ხასიათში ცოტა ბიჭური თვისებებიც არისო (იცინის). კი ვჩანვარ ნაზი და ქალური, მაგრამ თუ ვინმემ გამაბრაზა, სასწაულებს ჩავდივარ (იცინის). უსამართლობასა და გაუგებრობებს ვერ ვიტან და ამ დროსაც ვავლენ მამაკაცურ თვისებებს. ზოგადად, ჩემს ხასიათში მომწონს ის, რომ ვცდილობ, ყველას დავეხმარო. თუ გავიგე, ვინმე სამსახურს ეძებს ან რამე უნდა, შეიძლება, ჩემთვის რომ დამჭირდეს ვერ დავურეკო და მაგალითად, კლიპისთვის სპონსორობა ვერ ვთხოვო, სხვისთვის კი სულ მზად ვარ. ერთი სიტყვით, ჩემ გამო ვერ მივალ, მაგრამ თუ ვინმე მთხოვს, ისეთ ვიღაცას დავურეკავ, ჩემს საქმეზე რომ ვერ გავბედავდი მასთან დარეკვას. თუ ვიცი, ადამიანს სჭირდება და შემიძლია, დავეხმარო, ვერ ვისვენებ. სხვათა შორის, სიკეთის კეთება ბედნიერებას მანიჭებს, მაგრამ დაკვირვებული ვარ, რამდენჯერაც სიკეთე გავაკეთე, უკან ასმაგად დამიბრუნდა. დამეფიცება, ბოროტი ნამდვილად არ ვარ, არც არავისი არაფერი მშურს – არც მაგარი სახლი და მანქანა და არც მიკვირს. როცა ჩვენი დრო მოვა იმქვეყნად წასასვლელად, სიკეთის მეტს ვერაფერს წავიღებთ. ასე რომ, ყველაზე მეტად ამას ვაფასებ საკუთარ თავში. ხანდახან ვღიზიანდები კიდეც, ჩემი ხასიათის გამო ჩემი საქმისთვის რომ ვერ მივდივარ და სხვის გამო შემიძლია დახმარების თხოვნა.(იცინის).

– ელენე, განიცდი წლები რომ გემატება?

– არა, წლების მატებას არ განვიცდი. ადამიანები რომ ვიბადებით, ვიზრდებით, ასაკი გვემატება და ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია და არა ტრაგედია. გამორიცხულია, რომ წლებმა შეგცვალოს, მე აწი ნამდვილად ვეღარაფერი შემცვლის – როგორიც ვიყავი მხიარული, მოსიყვარულე და სხვისი წარმატებით გახარებული, ისეთი ვარ და ვიქნები. ჩემს შემთხვევაში, წლების მატებასთან ერთად, ნამდვილად არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ციფრები მემატება.

– არის ისეთი რამ, რასაც ნანობ და შეცვლიდი?

– არაფერს ვნანობ და არაფერს შევცვლიდი, ვარ ძალიან კარგად, ვცხოვრობ ლაღად და ბედნიერად და, რაც მთავარია, ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. ვმუშაობ ყოველდღე ჩემი საყვარელი პროფესიით და ბედნიერი ვარ, რომ ამით ვარ დაკავებული. მაქვს გასვლითი კონცერტები რეგიონებში, ამასთან ერთად, ყოველ საღამოს ვმღერი არაჩვეულებრივ ბენდთან ერთად და პარალელურად, მაიკო კაჭკაჭიშვილის აკადემიაში ვასწავლი ბავშვებს. სხვათა შორის, ადრე, სტუდენტი რომ ვიყავი, ვმუშაობდი ლევან ლაზარიშვილის დედასთან, თინიკო დანიბეგაშვილის სტუდიაში. პატარა გოგო ვიყავი – 18-19 წლის და მუშაობა რომ შემომთავაზა, სიხარულით დავთანხმდი პედაგოგობას. ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და კვირაში ორი დღე მათთან საოცარ დროს ვატარებ. ძალიან ნიჭიერები არიან და მათ განსაკუთრებულად განსხვავებულ ფსიქიკასაც მოვერგე (იცინის). უკვე ვიცი, ვინ როგორ მოვიყვანო ხასიათზე, გავაცინო, ავამღერო და ასე ვთქვათ, მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთმანეთი კარგად შევისწავლეთ. გარემოცვა არაჩვეულებრივია, მეგობრული გუნდი ერთ ოჯახადაა შეკრული. მე და მაიკო კი სტუდენტობიდან მეგობრები ვართ და ჩემი შვილის, ლიზის ნათლიაა. ყველას გვიხარია იქ მისვლა. მოკლედ, ახლა როგორც ვარ, ვარ ძალიან კარგად. ზოგადად, არ მაფრთხობს და მაშინებს სიახლეები და გამოწვევები. ერთადერთი, ვერ ვიმუშვებდი, „დამჯდარ“ სამსახურში, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე – ოფისში. ვერასოდეს წარმოვიდგენ ჩემს თავს ასეთ სამსახურში. ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს, მე კი ვერაფრით შევძლებდი ასეთ სამსახურში მუშაობას. შეიძლება, საესტრადო ვოკალი რომ არ დამემთავრებინა და სხვა პროფესია ამერჩია, ის შემყვარებოდა და სამსახურში დიდი დოზით გამოკეტილ ცხოვრებასაც შევჩვეოდი.

მოლში რომ მივდივარ რაღაცის საყიდლად, იქაც ვერ ვჩერდები და ერთი სული მაქვს, გამოვიქცე (იცინის). ალბათ, რვათვიანი რომ ვარ, იმიტომ ვარ ეგეთი ჩქარი, თან მეგრული გენეტიკაც მიწყობს ხელს (იცინის). რომ ვიტყვი, დღეს ეს უნდა გავაკეთო-მეთქი, აუცილებლად დღესვე უნდა გავაკეთო. მოკლედ, რა ვქნა, „ჩაკეტილი“ სამსახური არ მიყვარს, თორემ სახლში ჩაკეტვა და ფუსფუსი ძალიან მსიამოვნებს. კვირაში სამი დღე ვარჯიშზე დავდივარ, ამავდროულად, ყოველ საღამოს, სამსახურში წასვლამდე ერთი საათით ადრე, ჩემი ჰობია ფეხით სიარული – სეირნობა. ყოველ საღამოს ორმოცი წუთი გარეთ რომ არ გავიდე, გინდა ქარი იყოს, გინდა წვიმა და გინდა ყინვა და სუფთა ჰაერზე არ ვიარო, წარმოუდგენელი ამბავია. სახლში რომ ვბრუნდები, ვარ ბედნიერი, მერე ვწესრიგდები, ვიცვამ და მივდივარ სამსახურში.

– როგორც ვიცი, გაქვს ოცნება, რომელიც ჯერ ვერ აიხდინე.

– ჩემმა ყველა მეგობარმა იცის, რომ ოცნება მაქვს, მქონდეს მყუდრო, ლამაზი, ახალი სახლი. რომ იზრდები, ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა გინდა, შენით მიაღწიო რაღაცას, გააკეთო შენაძენი და ჩემთვის ასეთია სახლი. მოკლედ, ოცნებად მაქვს, ჩემი საკუთარი სახლი ვიყიდო, ჩემი სახსრებით და იმედი მაქვს, ამას აუცილებლად შევძლებ. ადვილი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელი. ყველაფერს მოთმინება და აწონ-დაწონა სჭირდება. როგორც აღვნიშნე, მეორე სამსახურიც დავიწყე, ვცდილობ, გავიუმჯობესო ფინანსური მდგომარეობა, რომ ჩემი საოცნებო ბინის ყიდვა შევძლო. პირველ რიგში, ჩემი შესაძლებლობებისა და ჩემი თავის მჯერა და ამას აუცილებლად განვახორციელებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი