ეკატერინე ანდრონიკაშვილი: არასდროს დაკარგო ბავშვი შენში
ავტორი: ეთო ხურციძე 14:00 22.06, 2021 წელი

ბლიცინტერვიუ ეკატერინე ანდრონიკაშვილთან 👇
სახელი: ეკატერინე.
გვარი: ანდრონიკაშვილი.
პროფესია: მსახიობი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– მახსოვს ჩემი პატარა მაგიდა, სადაც ექიმობანას ვთამაშობდი, ფურცლებს პასტით შეღებილ საშლელს ვურტყამდი, ვითომ ბეჭედი იყო და რეცეპტებს გავცემდი.
– მშობლების როლი...
– ჩემს ბავშვობაში დედა და მამა ეპიზოდურად იყვნენ, ძირითადად, ბებია და ბაბუა მზრდიდნენ. დედა და მამა ახლა უფრო აქტიურად არიან ჩემს ცხოვრებაში და ბევრად დიდი როლი აქვთ.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– ექიმი, მხატვარი და მერე მსახიობი, პარალელურად, ტელეჟურნალისტიც მინდოდა, ვყოფილიყავი. ამიტომ, მეორად ფაკულტეტზე ნახევარი წელი ამ პროფესიასაც ვსწავლობდი. დღემდე მაქვს ორი პროფესია, რომელსაც მგონია, რომ თავს გავართმევდი: ფსიქოლოგია და საერთაშორისო დიპლომატია.
– პროფესიული ჩვევა...
– მიყვარს ის ერთი საათი, რომელსაც სპექტაკლის წინ მარტო ვატარებ საგრიმიოროში. ამ დროს ხდება ჩემი მომზადება და გარდასახვა.
– ჩემი მეტსახელი...
– გაგიკვირდებათ და ანდრო – ანდრიუშას მეძახდნენ, გვარიდან გამომდინარე. რამდენადაც ქალური ვარ, იმდენად ასეთი მამაკაცური მეტსახელი მაქვს (იცინის).
– ადამიანში ვაფასებ...
– წლებთან ერთად ბევრი რამის გადაფასება ხდება, დავუშვათ, თუ ადრე ერთგულება და თავდადება იყო პრიორიტეტი, ახლა მივხვდი, რომ როცა ადამიანთან დისკომფორტს გრძნობ, რაც უნდა დადებითი თვისებებით იყოს დაჯილდოებული, მასთან ურთიერთობა აღარ გინდება.
– წარმატებული ადამიანი არის...
– გამარჯვებული. გამარჯვება ადამიანს ყოველთვის თვალებში ემჩნევა. ეს არ ნიშნავს ბევრ ფულს და კარიერაში წინსვლას. ადამიანი თუ ბედნიერია, მნიშვნელობა არ აქვს სფეროსა და მდგომარეობას, ის უკვე გამარჯვებულია. შეიძლება, მას საერთოდ არ ჰქოდნეს ფული და არ იყოს კარიერულად წარმატებული, მაგრამ შემდგარი იყოს, როგორც დედა, მამა, დურგალი, ექიმი, მშენებელი და ასე შემდეგ. ასეთი ადამიანი ჩემთვის უკვე წარმატებულია.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ის ენერგიაა პლუს ნიშნით. მინუს ნიშანი არის ის, რასაც ჩვენ ეშმაკს ვუწოდებთ.
– ვრისკავ...
– ცოტა ავანტიურისტული ბუნება მაქვს, მაგრამ უაზრო რისკი არ მიყვარს. რისკზე თუ მიდიხარ და მერე განიცდი უარყოფით შედეგს, ეს სისულელედ მიმაჩნია, რადგან შიანაგანად განგრევს. როცა რისკავ და გააზრებული გაქვს, წაგების შემთხვევაშიც კი რა იქნება შედეგი, მაშინ ვთვლი, რომ რისკი ღირს.
– ვერიდები...
– ვამპირ ადამიანებს. ანუ მათ, ვინც სულ წუწუნებს. კიდევ არ მიყვარს პესიმისტები. დღეს იმდენად დიდია ნეგატივი, ვფიქრობ, რომ კიდევ ვიღაცის წუწუნი მავნეა.
– მაკვირვებს...
– ბავშვები. ჩემი შვილი, რომლისგანაც ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ. ბავშვის ჩასახვიდან დაწყებული პიროვნებად ჩამოყალიბების თითოეული ეტაპი მაკვირვებს.
– ბედისწერა...
– არსებობს, მაგრამ შენი ქმედებებიდან გამომდინარე, კორექცია ყოველთვის შეიძლება. წარმოვიდგინოთ გზა, რომელიც არის შენი ბედი, მაგრამ მას აქვს განშტოებები. ეს არის შენი არჩევანი გზაგასაყარზე. ასეთი არჩევანი ყოველდღე გვიდგება.
– სიყვარული...
– ოკეანეში ერთ-ერთი ტალღაა, რომელსაც სერფინგით სიამოვნებით მიუყვები ან თავზე დაგეცემა და ფსკერისკენ წაგიყვანს.
– დრო და სიყვარული...
– დროსთან ერთად სიყვარული გარდაისახება, მათ შორის, შვილის სიყვარულიც. მყავს 27 წლისა და 4 წლის შვილები. უფროსი, როგორც მეგობარი და ადამიანი, ისე მიყვარს, უმცროსი – უპირობოდ. თვითონაც უპირობოდ ვუყვარვარ. ქალისა და კაცის სიყვარულიც გადადის მეგობრობაში, პარტნიორობაში და ასე შემდეგ და ეს ცუდი არაა. სიყვარული და ვნება ერთი არ არის.
– ის, რაც უპატიებელია...
– შემიძლია, ბევრი რამე დავასახელო, მაგრამ არ ვიცი რას ნიშნავს თავად სიტყვა უპატიებელი.
– შემშურებია...
– როგორ არა, ახლაც მშურს კოვიდ სტატისტიკაში გამწვანებული ქვეყნების. არასდროს არავისი შემშურებია ისე, რომ მეთქვას, იმას რატომ აქვს და მე რატომ არა. ჩემი მიდგომაა: კარგია, რომ მას აქვს და მეც მინდა, მქონდეს. ეს ერთგვარი მოტივაციაა.
– სამაგიეროს გადახდა...
– არ მჩვევია და არ გადამიხდია, ასე მგონია, ყველა თავისას მიიღებს, დამსახურების მიხედვით.
– ვნანობ...
– გლობალურად არაფერს. რა ცხოვრებაც გავიარე, იმავეს გავივლიდი კიდევ, პატარა კორექციებით, ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, მაგრამ ეპიზოდურად ბევრ რამეს ვნანობ, მაგალითად: რაღაც მომენტში არასწორ ურთიერთობებს, ზედმეტ მინდობას, არასწორ სიტყვებს ჩემი პირდაპირობიდან გამომდინარე და ასე შემდეგ.
– ვაგროვებ...
– მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან მოყოლებული, სუნიან საშლელებს, ლამაზ „სალფეტკებს“ და საპნებს ვაგროვებდი. ახლა მაქვს პატარა, მინიატურული ნივთების კოლექცია. ზოგადად, შემგროვებელი ვარ და ჰობის დონეზე ყოველთვის ვაგროვებ ხოლმე რაღაცას.
– თავისუფლება არის...
– ჰარმონია სამყაროსთან და არა ის პოსტულატები, რომლებიც თავისუფლებას ახლავს, მათ შორის: შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი. ეს ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი აუცილებელი სლოგანები. სულ რომ საკანში იჯდე, თუ შინაგანი ჰარმონია გაქვს სამყაროსთან და ბუნებასთან, ნამდვილი თავისუფლებაა.
– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისი მაქვს...
– სიკეთისა და სილაღის.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– სტუდენტობის დროს ჭოლას რჩევა დამამახსოვრდა: არასდროს დაკარგო ბავშვი შენში...
P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის ჟურნალ „OK“-ს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან