შოუბიზნესი

ეკა ნიჟარაძე: მომიტაცეს და ისეთი საოცრებები ჩავიდინე, მომაბრუნეს

№33

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 19.08

ეკა ნიჟარაძე
დაკოპირებულია

ეკა ნიჟარაძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ეკა ნიჟარაძე?

ეკა ნიჟარაძე: არავინ განსაკუთრებული, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი. სამი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია, რომელმაც არც თუ ისე მარტივი, მაგრამ ძალიან საინტერესო გზა განვლო. დიდი იმედი მაქვს, რომ წინ კიდევ ბევრი კარგი რამ მელოდება.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მაკმაყოფილებს და ღმერთის, ბედისა და ადამიანების, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში მხვდებიან, ძალიან მადლიერი ვარ.

– რამდენად გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ზედმეტად გულჩვილი ვარ. ყველაფერზე რომ მეტირება, ეს გასაკვირიც არ არის, ალბათ, ბევრია ჩემსავით. თუნდაც, ჩვენი სპორტსმენების წარმატებები და მათი გულშემატკივრობის ბედნიერება ავიღოთ – რომ ვუყურებ, ცრემლი მერევა, გული მიჩუყდება.

სხვა მხრივ, ხელსაც მიშლის ჩემი გულჩვილობა. ადამიანს რომ ენდობი და მერე რაღაცები ისე არ ხდება, როგორც შენ გგონია, იმედგაცრუებას განიცდი. მაგრამ მაინც ვფიქრობ, ჯობს, გულჩვილი ვიყო, ვიდრე გულქვა და გულცივი.

– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– ახლახან ძალიან ახლო მეგობარი დავკარგე, ჩემი ბავშვობის მეგობარი. ეს ძალიან მტკივნეულია...

– ემოციების გამოხატვისას თავშეკავებული ხართ?

– თავშეკავებული ვარ. მართლა ძალიან ბევრ რამეზე ვიკავებ თავს. ეს ჩემი ხასიათის თვისებაა. საოცრად მომთმენი ვარ. მით უმეტეს, თუ საქმე ფიზიკურ ტკივილს ეხება. ბავშვობიდან ასეა. ოთხი წლის რომ ვიყავი, თავი გავიტეხე და ნაკერები პირდაპირ, გაყუჩების გარეშე დამადეს. დედაც იხსენებდა ხოლმე, რომ გაოგნებულები მიყურებდნენ და მეც მახსოვს, რომ მიკერავდნენ და მტკიოდა. ოთხი წლის ბავშვს შუბლზე ნაკერებს რომ გადებენ, ბუნებრივია, გეტკინება, მაგრამ გავუძელი.

წყენას რაც შეეხება, ამასაც ვითმენდი ხოლმე, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, მივხვდი, რომ აღარ უნდა მოვითმინო. რაღაცებს უკვე ვეღარ ვიტან. ადრე შემეძლო, ბევრი რამ გამეტარებინა და ადამიანისთვის არ მეთქვა, თუ მისგან რამე მეწყინა და ძალიან მალე მე თვითონაც მავიწყდებოდა. დღესაც არ შევდივარ კონფლიქტში, ჩხუბს არ დავიწყებ და ადამიანს არ დავკარგავ, მაგრამ ვეტყვი, თუ ჩემ მიმართ არასწორად მოიქცა, რომ მეწყინა და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მოთმინების უნარი მაქვს. შემიძლია, წლები ვითმინო, მაგრამ მერე, ყელში რომ ამომივა, ერთ მშვენიერ დღეს საერთოდ მოვიკვეთ ადამიანს. როდესაც ადამიანი ვერ ხვდება, რომ მე რაღაცებს „ვუტარებ“, ვცდილობ, რომ ყურადღება არ მივაქციო, ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, ოცჯერ და 150–ჯერ და ამას ჩემს ვალდებულებად იღებს, ჩემი მოთმინებაც იწურება და მაშინ საბოლოო წერტილს დავუსვამ ყველაფერს მასთან დაკავშირებით.

– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?

– ბევრ კარგ რამეს. ძალიან მიყვარს ფულის ხარჯვა (იცინის). ზუსტად ვიცი, რომ მაქსიმუმ, ერთი კვირა დამჭირდებოდა დასახარჯავად (იცინის). თუმცა, აუცილებლად აზრიანად დავხარჯავდი. რაჭაში ვიყიდდი ძველ, ლამაზ სახლს. ჩემი კახეთის სახლს დავამთავრებდი, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. დედაჩემს წავიყვანდი სამოგზაუროდ მსოფლიო მასშტაბით. ბევრს დავეხმარებოდი. ისედაც ვცდილობ, შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარო, ვისაც ეს სჭირდება და ამისთვის მეტი შესაძლებლობა მექნებოდა.

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– არა, არასდროს. მე მპარავდნენ ხოლმე რაღაცებს. პატარა ვიყავი, 8-9 წლის და რომ მივხვდი, ერთი გოგონა ჩემს ნივთებს მპარავდა, ძალიან ვინერვიულე. ფაქტზე დავიჭირე, მაგრამ ანერვიულებულმა ვერაფერი ვუთხარი. სხვათა შორის, თვითონ დიდად არ შემცბარა.

ვაიმე, ისე, მეც მომიპარავს სოფელში სიმინდის ტარო და ლეღვი (იცინის). ერთხელ მაგარ შარში გავეხვიე. ლეღვის მოსაპარად ავედი მეზობლის ხეზე. ვიცოდი, რომ პატრონი სახლში არ იყო. ხეზე ავძვერი და ჭამა დავიწყე. ტოტი, რომელზეც ვიდექი, მოტყდა. პატარა და მსუბუქი ვიყავი, მაგრამ ლეღვის ტოტები ადვილად ტყდება. ერთი რომ მოტყდა, მეორე ტოტზე გადავხტი, ისიც მოტყდა და მესამეზე გადავედი. მოკლედ, გადავფცქვენი მთელი ხე, მაიმუნივით დავძვრებოდი ტოტებზე. მერე ძალიან შემეშინდა და დავიმალე. საღამოს უნდა მოსულიყო სახლში პატრონი და გული მისკდებოდა, მეგონა, რომ მოვიდოდა და ნახავდა, მომკლავდა (იცინის). გადავრჩი, ჩხუბიც არ ყოფილა (იცინის).

– პაემანზე სახალისო ამბავი გადაგხდენიათ?

– სახალისო არ ვიცი რამდენად იყო, საერთოდაც არა, პრინციპში, არც პაემანი იყო, მაგრამ ერთი ისტორია მახსენდება: მე და ჩემი მეგობარი ოპერაში ვიყავით. გამოვედით და გარეთ ჩემი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი დამხვდა. ისე მოხდა, რომ მომიტაცეს. საშინლად გავბრაზდი. მაშინ 17 წლის ვიყავი. იმ ბიჭს გამოცდილი თანმხლები პირი ჰყავდა, რომლის ნუსხაშიც არაერთი მოტაცებული გოგო ყოფილა (იცინის). ჩემი მეგობარი ოპერის ბაღში დატოვეს, მე მომიტაცეს. ისე გავმწარდი და მანქანაში ისეთი საოცრებები ჩავიდინე, რომ სადღაც ნატახტრიდან მომაბრუნეს, იძულებულები გახდნენ. გაწიწმატებულზე მეტი ჰქვია ჩემს იმდროინდელ მდგომარეობას (იცინის). გზაში მანქანიდან გადმოვუხტი, ფეხით მოვდიოდი და ბოლოს მოატრიალეს, კარგი, კარგი, დაგაბრუნებთო. დამაბრუნეს ოპერასთან, სადაც ჩემი მეგობარი ისევ მელოდა. ეს ზუსტად ის მეგობარია, რომელიც ახლახან დავკარგე.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– წეღანაც ვთქვი, რომ ძალიან მომთმენი ვარ და ძალიან ბევრ დათმობაზე წავსულვარ. ადამიანის დახმარება მიცდია, ფიზიკურიც, მორალურიც, მაგრამ შედეგს რომ ვერ ვიღებ, მერე მთავრდება ყველაფერი. როგორც ვახსენე, ადამიანს მთლიანად ვიკვეთ და ალბათ, ეს არის ჩემი მხრიდან ყველაზე სასტიკი ნაბიჯი. ამ ადამიანის მიმართ ყველანაირი ინტერესი მიქრება. სამწუხაროდ, ეს, ძირითადად, ახლობელ ადამიანებს ეხებათ. შეიძლება, ამ მხრივ სასტიკი ვარ, მაგრამ ზოგადად, ვერ ვიტყვი, რომ სასტიკი და საშიში ადამიანი ვარ. ასეთმა ადამიანმა შეიძლება, ჩემზე იფიქროს, როგორი ბოროტიაო, მაგრამ რეალურად, ჩემს ამ გადაწყვეტილებას დიდი წინაპირობა უნდა ჰქონდეს.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ჩემი შვილებია ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა და ღირსება, შვილიშვილები და ოჯახი. მარცხად არ ვიცი, რა დავასახელო. ძალიან არაამბიციური ადამიანი ვარ და ვერ ვიტყვი, რომ დიდი მარცხები განმიცდია. რომც ყოფილიყო, არ მახსოვს. ამას არანაირად არ განვიცდი, ტრაგედიად არ აღვიქვამ. მარცხის შემდეგ ყოველთვის კარგი მოდის, ამაში დარწმუნებული ვარ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე გამორჩეულად კარგი და ცუდი?

– კარგი ბევრი მსმენია. ქუჩაში ხალხს რომ ვხვდები, თუ მცნობენ, მათგან დიდ სითბოს ვგრძნობ. ახლაც თელავში ვიყავი, ფეხით ვიარე, ბევრი ადამიანი შემხვდა, მიცნეს, მესაუბრებოდნენ, ვგრძნობდი, რომ უხაროდათ, სითბოს გამოხატავდნენ, სიყვარულს არ იშურებდნენ და ეს ძალიან სასიამოვნოა. რაც შეეხება ცუდს, საკუთარ სამზარეულოში ვინ რას ლაპარაკობს ჩემზე, ამას რას გავიგებ, მაგრამ სოციალურ ქსელში ტროლები რომ შემოგესევიან, იქ შეგიძლია, ბევრი რამ წაიკითხო (იცინის). ამას წინათ ძალიან ბევრი ვიცინე. წერდნენ, ეს დაბერდაო და ვერ მივხვდი, ამაში გასაკვირი რა არის?! მეორე ტიპის კომენტარები უფრო მომეწონა, ბევრი ტროლი იყო ერთად შეკრებილი და წერდნენ, რომ ლოთი ვარ. არადა, ამ დროს ხელჩართულ ბრძოლაში ვარ ალკოჰოლთან, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ჩემ გარშემო. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კომენტარი იყო და ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტეს, რომ გავლოთდი (იცინის).

– ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– მშვიდად, ისე, რომ არავინ შევაწუხო. კიდევ მინდა, კრემაცია გამიკეთონ და ჩემი ფერფლი სადმე კარგ ადგილას, ბუნებაში მიმოფანტონ. საშინელებაა სასაფლაოები და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება. არ მინდა, რომ ჩემ გამო ვინმე საერთოდ რამეზე შეწუხდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენთან კრემაციის შესაძლებლობა არ არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა