შოუბიზნესი

ეკა კვალიაშვილი: წინ სრულიად განსხვავებული და ძალიან ლამაზი მომავალი მელოდება, რადგან ის უკვე ჩემს ცხოვრებაშია

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 23.05, 2022 წელი

ეკა კვალიაშვილი
დაკოპირებულია

მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა გადაწყვიტა, საქართველო დატოვოს და საქმიანობა სხვა ქვეყანაში განაგრძოს.

ეკა კვალიაშვილი: საქართველოდან წასვლა ბევრჯერ გადავწყვიტე და წავედი კიდეც, მაგრამ, მაშინ დარჩენა ვერ შევძელი – ამისთვის მზად არ ვიყავი. ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ ჩემს ქვეყანაშიც შევძლებდი საქმის გაკეთებას, ჩემი პროექტების რეალიზებას. ბოლომდე არ ვიჯერებდი, რომ წლები გავიდოდა და არაფერი შეიცვლებოდა. შეიცვალა, როგორ არა, მაგრამ ჩემთვის დეგრადირდა და ბოლოს და ბოლოს დავიჯერე, რომ აქ ჩემი საქმეების კეთება და ჩემი რეალიზება გამორიცხულია. მივხვდი იმასაც, რომ ეს მეტად მცირე არეალია, ჩემი, მართლაც, დასაფასებელი, უდიდესი და მრავალმხრივი შესაძლებლობებისთვის. ავხსნი სხვა მხრივაც – ჩემი ნიჭი და მშობლიური, უსაყვარლესი, დღევანდელი საქართველო, ერთ სიხშირეებზე არ რეზონირებენ! არ ხდება სინქრონიზაცია ამ არეალსა და ჩემს შინაგან სამყაროს შორის. მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი დავაკელი ჩემს თავს – წლები, ნერვები და ჯანმრთელობა წავართვი, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. ამიტომ, უბრალოდ და სადად, ავარჩევ ქვეყანას, რომელიც ჩემთვის შესაბამის არეალს მომცემს, გამოდგება იმისთვის, რასაც ვაპირებ და ვაპირებ ყველაფერს კარგს.

– ზოგადად, ქვეყანამ გაგიცრუათ იმედები თუ თქვენს ახლობლებშიც აღმოჩნდნენ ისეთები, ვინც გიღალატეს, თქვენი იმედები ვერ გაამართლეს…

– ჩემი ქვეყანა ჩემია და მას ისევე ვუყვარვარ, როგორც მე მიყვარს ის, მაგრამ აქ იმდენი მტრობა, ღალატი და ჩემი განკითხვა ვნახე, ვფიქრობ, საკმარისია. მე ვაპატიებ ამ ადამიანებს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ასეთი საქციელით საკუთარ თავს ღალატობენ, რისთვისაც პასუხს სამყარო მოსთხოვს. ეს ჩემი საქმე არაა, ეს სრულიად სხვა ისტორიაა... ჩემი ნიჭი არ დააფასეს, მაგრამ სერიოზულად შეაფასეს და აღიარეს – ზოგმა ხმამაღლა, ზოგმა გულში და აი, მანდ დაიწყო ნელ-ნელა ეკას იგნორი და ისტორიების შეთხზვა ჩემს არაადეკვატურობაზე, უხასიათობაზე, ამბიციურობასა და უზრდელობაზეც კი. ჟურნალისტები, ვინც ჩემამდე მოსვლას ბედავდნენ, გაოცებული მიდიოდნენ და ხვდებოდნენ, რომ სრულიად სხვა ადამიანი ვიყავი, რეალურად ძალიან განვსხვავდებოდი ჩემზე შექმნილი განწყობებისგან.

– შოუბიზნესში ვხედავთ სახეებს, რომლებიც საკმაოდ აქტიურები არიან, რატომ არ ხართ მათ შორის თქვენ?

– საერთოდ აღარ მაინტერესებს აქაური შოუბიზნესი და აქტიური მოღვაწეები. ეს არის ერთი პატარა, მიკროსამყარო, სადაც შეფარულად, ძირითადად, ერთმანეთს უმტკიცებენ თავიანთ ღირებულებას. ყველას წარმატებას და დიდ სიყვარულს ვუსურვებ. რაც შეეხება ჩემს აქტიურობას, არც ერთ მუსიკალურ პროექტში არ მიუწვევივართ ჟიურიში, არც გადაცემებში, არც კონცერტებში... ათასში ერთხელ ახალი წლის დღეებში მეძახდნენ, ისიც არა ყოველ წელს. არც ვოკალის პედაგოგად, არც შემფასებლად, არც მასტერკლასებზე არ მიწვევდნენ და სად უნდა ვიაქტიურო, ხომ არ იცით? ერთხელ, 7 წლის წინ, სამეფო უბნის თეატრში დავდგი მონოსპექტაკლი ჩემს სიმღერებზე. ეს იყო უპრეცედენტო პროექტი საქართველოში. მასშტაბურად მინდოდა მისი გამეორება, რადგან მართლა ძალიან კარგი გამოვიდა, მაგრამ მერიის კულტურის განყოფილებამ, ფაქტობრივად, არ დამიფინანსა. ხარჯთაღრიცხვა რომ მივიტანე, შუაზე გაყო და თან მომიჩინა ვიღაც, ვინც ამ ფინანსებს, ფაქტობრივად, კაპიკებს მართავდა. თან, მითხრეს, ჯერ ღონისძიება ჩაატარე და მერე გადავიხდით ჰონორარებსო. მოსაწვევები, აპარატურა და სხვა ათასი საჭიროება „პოსლეზე“ უნდა მომეკვარახჭინებინა. ყველაფერთან ერთად, იმდენად ცოტა იყო დაფინანსება, ვერაფერს ვაკეთებდი ისე, როგორც პროექტისთვის იყო საჭირო... ამიტომ, საბოლოოდ უარი ვუთხარი და გავჩერდი. მერე აღარც მიცდია სპონსორების ძებნა. უბრალოდ, ინტერესი დავკარგე და გული დამწყდა.

– როცა თქვით, საქართველოდან წასვლას ვაპირებო, ბევრს გაუჩნდა კითხვა – რუსეთში ხომ არ გეგმავთ კარიერის გაგრძელებას?

– რუსეთში ვერ ვხედავ არეალს ჩემი მოღვაწეობისთვის. იქ სულ სხვა მუსიკას უსმენენ, სხვა მენტალიტეტი აქვთ. ევროპაც განსხვავდება ჩვენგან, მაგრამ არის ქვეყნები, მაგალითად, იტალია და ესპანეთი, რომლებიც მუსიკალურად და ადამიანური ტემპერამენტით უფრო ახლოსაა ჩემთან. რუსეთი ნამდვილად არ და ვერ არის ჩემთან ახლოს. მე ვერ ვუსმენ რუსულ მუსიკას, მათ თანამედროვე ხელოვნებაში ბევრი რამ არ მომწონს. პოლიტიკაზე არ მაქვს საუბარი, რადგან პოლიტიკა მე არცერთი ქვეყნის არ მომწონს. კარგი პოლიტიკა ჩემთვის არ არსებობს. ჩემთვის მთავარი ადამიანები და ადამიანური ურთიერთობებია. დედამიწაზე არცერთი ქვეყანა არ მიმაჩნია სხვა ქვეყნად. მთელი დედამიწა ჩემი სახლია, მე ასე ვფიქრობ. მაგრამ რუსეთში წასვლას ნამდვილად არ ვაპირებ. იქ რომ სხვა მენტალიტეტი იყოს, ისეთი, როგორიც მე მომწონს და რომელიც, როგორც ხელოვანს, ფრთების გაშლის საშუალებას მომცემდა – კი, ბატონო!

– სხვა ქვეყანაში ყველაფრის თავიდან დაწყების შიში არ გაქვთ?

– არანაირი შიში. მე არაფერი არ მაქვს თავიდან დასაწყები. ყველგან მიცნობენ, იციან ვინ ვარ და რა ვარ. ერთხელ თუ მაინც მოუსმენიათ ჩემთვის, ძალიან კარგად ახსოვთ ჩემი ვინაობა. ყოველთვის ყველგან ცდილობდნენ მათ ქვეყანაში დავრჩენილიყავი, მაგრამ სისულელე ვქენი და ასე არ მოვიქეცი. ახლა სულ სხვა მიზნები მაქვს. რომ მინდა, შემიძლია და აქ ვერ ვაკეთებ, იმიტომ მივდივარ, თორემ ჩემი არცერთი ნაბიჯი საერთოდ არ განიხილება პოლიტიკურ ჭრილში. პოლიტიკურ ჭრილში თუ რამეს გავაკეთებ, ეს მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება. იქ არ წახვიდე, იქ არ იმღერო, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს – წავალ, კიდეც ვიმღერებ, ყველას ფეხზე დავაყენებ და ტაშსაც დავაკვრევინებ ქართული მუსიკისა და სიმღერისთვის, ისე, როგორც ეს 2009 წელს გავაკეთე რუსეთში. მაშინ, გადაცემაში, რომელიც საქართველოს მიეძღვნა, ჩემი სიმღერის მოსმენის შემდეგ, მთელი დარბაზი ტიროდა, ზუსტად ის რუსი ხალხი ბღაოდა. არ იცით, რა ხდებოდა იქ, ყველანი სიყვარულს გვიხსნიდნენ. ამ სიტუაციასთან ჩვეულებრივი ადამიანები არაფერ შუაში არიან. იქ ჩემთვის ფული არავის გადაუხდია, მე თვითონ მესიამოვნა ამის გაკეთება. ქართულ ენაზე ვიმღერე და დარბაზი ტიროდა, ცრემლებს ვერ იკავებდნენ და ემოციებისგან საუბარი აღარ შეეძლოთ.

– ერთი წელი იყო გასული ომიდან, ამას არ მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ ჭრილში?

– სცადეს ვიღაცებმა, მაგრამ ვერაფერი ქნეს. ისევ ხალხმა გააჩერა. ვისაც ტვინი ჰქონდა, მიხვდა ამ ყველაფრის მნიშვნელობას, ვისაც ტვინი არ აქვს, თვალახვეულივით მხოლოდ პირდაპირ მიდის და ვერ ხედავს, რა ხდება გარშემო, მაგათი აზრი არავის და მით უმეტეს, მე არ მაინტერესებს. მე ხელოვანი ვარ და მოვიდეს ვინმე და გამეჯიბროს ჩემი ქვეყნის სიყვარულში. ამას ვერავინ შეძლებს. ბევრი მოვითმინე და გადავიტანე ჩემი ქვეყნის სიყვარულის გამო, მაგრამ ახლა დროის კარგვა აღარ მინდა. მინდა, საქმე გავაკეთო და ამისთვის აქედან უნდა წავიდე. მე ჩემს ქვეყანაზე ნაწყენი არ ვარ. უბრალოდ, მე რასაც ვაპირებ, იმის მასშტაბი ძალიან დიდია. მინდა, ყველაფერი უმაღლეს დონეზე შევასრულო, რაც აქ წარმოუდგენელია, მაგრამ ჩემი ეს ნაბიჯი, ისევ და ისევ ჩემი და ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ იქნება გადადგმული.

– რა სირთულეების გამოვლა მოგიწიათ ბოლო პერიოდში?

– ბევრი სირთულე გამოვიარე, ლამის მთელი ცხოვრება ასეა. ბოლო პერიოდში მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, ფინანსური სირთულეები, უსახლკარობა, და ყველაფერი უუუუ... მგონი, უკვე 4 წელია, „ქართუ ფონდი“ მეხმარება. არ იფიქროთ, რომ მათგან რაღაც სასწაულს ვიღებ, არა ეს საარსებო მინიმუმია, მაგრამ რაზეა საუბარი – მადლობა მათ ამისთვის. არანაირი უფლება არ მაქვს, უკმაყოფილო ვიყო, პირიქით, მათი ძალიან მადლიერი ვარ. ალბათ, მათაც თავისი პრობლემები აქვთ, არა უშავს. ახლა კი ძალიან გამიჭირდა, რადგან 5 თვეა, ჯერჯერობით არაფერი ჩარიცხულა, რის გამოც დავტოვე ნაქირავები ბინა. 5 თვე არავინ დაგელოდება, ახლა 4 დღე ჩემს მეგობართან ვათევ ღამეს, მერე – 1 კვირა ნუკასთან, 3 დღე – მესამე მეგობართან და ასე. ჰო, მართლა, ჩემი ტანსაცმელი და ყუთები ერთ მეგობართან აწყვია. ველოდები, ალბათ, მეღირსება ჩემი დახმარება და სანამ საქართველოდან წავალ, ისევ ბინას ვიქირავებ. ამ სირთულეებმა მე გამოცდილება მომცა. როდესაც მყარად დავდგები ფეხზე და ჩათვალეთ, რომ ეს უკვე ასეა, მემახსოვრება, რა არის გაჭირვება, ჯანმრთელობა, უსახლკარობა და აუცილებლად ხელს გავუწვდი ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება. გავაკეთებ ამას არა პიარისთვის, არამედ ჩუმად და ხარისხიანად, რადგან ეს კოდი ჩემში დევს. 1999-2000 წლებში კონცერტებს ვმართავდი და აღებული ჰონორარით ძეგვისა და მარტყოფის მიუსაფარ ბავშვებს ვეხმარებოდი, ეს ჩემთვის არავის დაუვალებია და არც გამიხმაურებია. უბრალოდ, მე ეს სიამოვნებას მანიჭებდა. ძეგვში ერთ-ერთი ბავშვი გული მანკით იყო ავად. ერთ-ერთ კლინიკაში ამერიკელი ბავშვთა ქირურგები ჩამოვიდნენ და ამ ბავშვისთვის საქველმოქმედოდ გავაკეთებინე ოპერაცია, შემდგომი რეაბილიტაციითა და თავზე გადაყოლით. იცი, როგორ გამახარეს ბავშვებმა? საპატრიარქომ გამოფენა მოუწყო მათ და 10 -დან 8-ს მე ვყავდი დახატული. ბედნიერი ქალი ვარ, მართლა, საოცარი ცხოვრება მქონდა. წინ სრულიად განსხვავებული და ძალიან ლამაზი მომავალი მელოდება, რადგან ის უკვე ჩემს ცხოვრებაშია. ჩემი ძლიერი მხარე ჩემი რწმენა და ოპტიმიზმია, ჩემი სიყვარული, სინათლე და ჭეშმარიტებაა, რაც ყველაზე მთავარია ამ ცხოვრებაში!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი