შოუბიზნესი

ეკა კვალიაშვილი: არასდროს ეხებოდა ჩემი ხილვები ჩემს პირად ცხოვრებას – ის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება

№48

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 06.12, 2021 წელი

ეკა კვალიაშვილი
დაკოპირებულია

ეკა კვალიაშვილის ცხოვრება ძალიან საინტერესოა იმ განსაკუთრებული თვისებების გამო, რომელსაც ის ფლობს და რაც მას საშუალებას აძლევს, სამყაროსთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ წინასწარ იცოდეს.

ეკა კვალიაშვილი: ღმერთი სამყაროს შემოქმედია. მე ასე მესმის, რადგან ეს არის ჭეშმარიტება. მოდი, დავესესხოთ შოთა რუსთაველს – „რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა“, ანუ უფალმა შექმნა ყველაფერი ღვთაებრივი ენერგიით და იმ ოქროს გენომით, რომლის მატარებლებიც ჩვენ ვართ. ის მამა ღმერთია, ჩვენ მის შვილებად ვიწოდებით, ანუ ჩვენ, ყველა, შემოქმედის შემოქმედება ვართ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი სიყვარულია, უფალი ნათელია. ოღონდ აქ გონებრივ სინათლეზეა საუბარი.

– გქონდათ ცხოვრებაში ეტაპი, როცა საკუთარ თავში ღმერთს ვერ გრძნობდით?

– მე უფალს ყოველთვის ვგრძნობდი ჩემში. პატარაობიდანვე საოცარი ხილვები მაქვს, უფრო ზუსტად ხილვა-სიზმარები. ჩემნაირ ადამიანებს სიზმართმხილველები ეწოდებათ. ჩვეულებრივ სიზმრებსაც ვხედავ, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომელია სიზმარი და რომელი – ხილვა. პატარა რომ ვიყავი, მაშინ შეიძლებოდა, შემშლოდა, მაგრამ წლებმა ბევრი რამ მასწავლა.

– რისი მანიშნებელია ეს თქვენთვის?

– როდესაც 16-17 წლის ვიყავი, ვერ ვხვდებოდი ამ ხილვების მნიშვნელობას. არადა, ყველაფერი ძალიან დეტალურად მახსოვდა და ასეა დღემდე. სიზმრებს არც ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ხილვა სხვაა. წლები რომ გადიოდა, უფალს ვთხოვდი, ჩემთვის ამ ხილვების მნიშვნელობა ესწავლებინა. ასეც მოხდა, გავიდა დრო და მე ყველაფერს მივხვდი. მივხვდი იმასაც, რომ ყველაფერს თავის დრო აქვს და მერე ხშირად ვამბობდი ხოლმე: „ეს ხომ ზუსტად ის არის, რაც მე წლების წინ ვნახე?!“. მაგალითად, რა საერთო მქონდა ვარდების რევოლუციასთან? – არანაირი, მაგრამ ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე საოცარი ხილვა მქონდა. რომ გავიღვიძე, ზუსტად ვიცოდი, რაც უნდა მომხდარიყო და ასეც მოხდა. ცხონებულ დედაჩემს ვუთხარი, გადატრიალება მოხდება, მთავრობა შეიცვლება და დაჭერები წავა-მეთქი. ჩემს ხილვაში, სულ ეს სიტყვა მესმოდა, დაიჭირეთ, დაიჭირეთ... რეალურადაც ასე მოხდა. ჩემი ხილვიდან, ზუსტად ერთ კვირაში იყო პარლამენტში ჩაის დალევის ცნობილი მომენტი...

მე საშინლად აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ასევე, არ ვარ რელიგიური, მაგრამ ვარ ძალიან მორწმუნე. დედამიწა, საზღვრები, ადამიანები, ენები, რელიგიები – ეს ყველაფერი ჩემთვის ერთია და მას ჰქვია შემოქმედი, უფალი. „შენ ის ხარ“, „შენ იმისტი ხარ“ და მსგავსი დაყოფები ჩემთვის მიუღებელია. ყველა ადამიანი და ამქვეყნად ყველაფერი ჩემთვის ერთი დიდი მთლიანობაა. წარმოიდგინეთ ერთი დიდი სოფელი, რომელსაც არ აქვს საზღვრები და კარები არ იკეტება. სამყარო იდეალური ბალანსი და ერთი დიდი მთლიანობაა, რადგან აქ ყველაფერი შემოქმედის მიერ არის შექმნილი.

– თქვენი ხილვები ყოველთვის ასეთ მასშტაბურ მოვლენებს ეხება თუ საკუთარ ცხოვრებაზეც ხედავთ რამეს?

– არასდროს ეხებოდა ჩემი ხილვები ჩემს პირად ცხოვრებას. ის მხოლოდ და მხოლოდ სულიერ მომენტებს და ჩვენი ქვეყნის, კაცობრიობის მომავალს უკავშირდება. ჩემთვის არ არსებობს მცნება –„ეს ჩემი ქვეყანაა“, „ის იმის ქვეყანაა“. ეს ჩემი დედამიწა გაიაა, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ყველა კუთხე-კუნჭულით. მე მიყვარს ჩემი პლანეტა, ერთი მთლიანობა. შეიძლება, ბევრისთვის გაურკვევლად ვსაუბრობ, იმიტომ, რომ ეს არ არის მარტივი თემა, მაგრამ ეს არის რეალობა.

– როცა სამყარო საფრთხეშია, ამას წინასწარ გრძნობთ ხოლმე? მაგალითად, ავიღოთ თანამედროვეობის პრობლემა – პანდემია. ამის შესახებ წინასწარ იცოდით?

– კი. მე ეს ყველაფერი წინასწარ ვიცოდი. წლების წინ ვნახე, რაც მოხდებოდა. რა თქმა უნდა, მინიშნებებით. ისიც ნანახი მაქვს, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. 1989 წელს ფინეთში ვიყავი გემზე. ახალი წლის ღამე იყო, სამასი ქართველი ვიყავით კრუიზში. მუსიკალურ სალონში ვმღეროდით, ვცეკვავდით და ჭკუაზე არ ვიყავით ბედნიერებისგან. მოკლედ, ძალიან კარგ დროს ვატარებთ და დილის ხუთ საათზე კაიუტაში მივდივარ დასაძინებლად. ასეთი დღის შემდეგ, შეიძლება, სიზმარიც ისეთი მენახა, რომელიც დროსტარებასა და მხიარულებასთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ საოცარი რაღაც ვნახე – ფაქტობრივად, მეორედ მოსვლა ვიხილე და თან ძალიან დეტალურად.

– ამან არ შეგაშინათ?

– პირიქით. თუმცა, ერთი პერიოდი ასეთი რამ მჭირდა – ჩემი გონება უცებ „გაიქცეოდა“ და რაღაც ამბავს „მომიტანდა“, რომელიც მე არაფერში მჭირდებოდა. ცოტა შემეშინდა. ჯვარის მამის ეკლესიაში მივედი მოძღვართან და ამის შესახებ ვუთხარი. მით უმეტეს, როცა ხალხმრავლობაში მემართება ასეთი რამ, ძალიან ვიბნევი, ვერ ვაკონტროლებ საკუთარ გონებას და რა გავაკეთო-მეთქი?! ყველა განსაწმენდელი ლოცვა წამიკითხა და წესით, ეს უნდა გამქრალიყო, მაგრამ არამცთუ გაქრა, კიდევ უფრო მეტად გამიძლიერდა. თუმცა, მე ამ ლოცვის შემდეგ მისი მართვა ვისწავლე. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არ მჭირდებოდა სხვისი აზრების წაკითხვა, არც ჭორიკანა ვარ და არც აგენტი, იცით, რა მოხდა? თითქოს ოთახი გამოიყო ჩემს გონებაში, რომელშიც ეს ყველაფერი ჩავკეტე და დავივიწყე. ეს საოცრება იყო.

– სანამ გაერკვეოდით, ეს ყველაფერი კარგი იყო თუ ცუდი, ან საერთოდ რა იყო, ფსიქოლოგს არ მიმართეთ ან გაურკვევლობა არ გქონიათ?

– არანაირი გაურკვევლობა. მე ძალიან ღრმად მლოცველი ვიყავი. იმიტომ კი არა, რომ მოდას ავყევი, იმიტომ, რომ ლოცვა მსიამოვნებდა. რომ ვკითხულობდი, არ მყოფნიდა და კიდევ უფრო მეტს ვკითხულობდი. მეცინება კიდეც, დღეს ბევრი ლოცვა, მოძღვარივით, ზეპირად ვიცი. ვერ გეტყვით, ამ დროს რა ხდებოდა ჩემში, მაგრამ ლოცვების წაკითხვა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. საგალობლებს ვუსმენდი და ისე ვლოცულობდი, ეს მამშვიდებდა.

– მითხარით, დასასრულიც ვიცი, როგორი იქნებაო...

– ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ახლა ძალიან დიდი გადარჩევაა დაწყებული. ადამიანების თავისუფალი ნების შემოწმება მიდის. ეს არის გამოცდა ადამიანებისთვის იმის დასადგენად, თუ ვინ გაიღვიძა და ვის გონებას სძინავს; ვინ შეითვისა ღვთის სიტყვა და ვინ – ვერა. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ჯობს, მალე მოვიდნენ გონს. დროა, ადამიანებმა შეითვისონ, გაიგონ, მიხვდნენ, თორემ, ყველას თავისი ცხოვრების შესაბამისად მიეგება. ღმერთი განა ვინმეს სჯის?! ღმერთი სკოლის დირექტორი არ არის, კუთხეში დააყენოს ვინმე. უფალი შემოქმედია, უფალი სიყვარულია და როგორ შეიძლება, მას ვინმე სძულდეს?! უბრალოდ, ყველას ისე მიეგება, როგორც ცხოვრობს. სხვას ის არ უნდა უსურვო, რაც შენთვის არ გინდა. „რასაცა გასცემ შენია“ – აქ ის კი არ იგულისხმება, მათხოვარს რომ ოც თეთრს ჩაუგდებ, არამედ ის, რომ სამყაროში რა ფიქრსა და ენერგიას გაუშვებ, იგივე მოგიბრუნდება უკან. ეს არ უნდა დავივიწყოთ.

უფალმა ადამიანს თავისუფალი ნება მოგცა, შენ უნდა მისწვდე მას, საკუთარი შეგნებითა და სიყვარულით. ადამიანმა მას ტირილითა და გოდებით კი არ უნდა შესთხოვო რამე, თუ ასე იქცევი, ესე იგი, ქვესკნელში ხარ, უნდა გაიღიმო, წინ იარო, რწმენასა და სიყვარულში იყო და ხელი მოგემართება. ყველაფერთან ერთად, ცოტა ტვინიც უნდა გაანძრიო.

დავუკვირდეთ, უამრავი საიდუმლო დევს „ვეფხისტყაოსანში“. „ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა“. რატომ მაინცდამაინც წყლის პირას? იმიტომ, რომ თევზების ეპოქაში მოვიდა იესო ქრისტე, აქ ეპოქალურ ცვლილებაზეა საუბარი. ახლა ვართ მერწყულის ეპოქაში. მერწყულის ეპოქას ოდიდგანვე ელოდა კაცობრიობა, იმიტომ, რომ უნდა მომხდარიყო ის, რაც ახლა ხდება.

თევზების ეპოქაში წყლის პირას ზის, ანუ მერწყულის ეპოქას ელოდება ტარიელი, კაცობრიობა, ანუ დედამიწა. რატომ ტირის და რატომ ელოდება? იმიტომ, რომ ნესტან-დარეჯანი წაიყვანეს ქაჯებმა და ჩაკეტეს. ესე იგი, სიყვარული მოიტაცეს, სიყვარული დაკარგა კაცობრიობამ. არ არის ასე ბოლო დროს? ამიტომ ელოდება კაცობრიობა მერწყულის ეპოქას, ანუ იმ მომენტს, როცა სიყვარულს დაიბრუნებს და ეს აუცილებლად მოხდება.

– საკუთარ თავზე სასწაული გამოგიცდიათ?

– ერთხელ, ფილარმონიაში კონცერტისას, ფოტო გადავიღე. რამდენიმე სელფის შემდეგ ისეთი კადრი დავაფიქსირე, რომ გაოცებული ვიყავი. მიმტკიცებდნენ, ეტყობა შუქმა მოგანათა და ამიტომო. გამორიცხულია, მარტო მე ვიყავი სასწაულებრივად გადანათებული. თუ ასე ნათდება ადამიანი დარბაზში, ტელევიზიას ვერაფერი გადაუღია. ეს საოცრება იყო. ბევრი საოცრება გამომიცდია საკუთარ თავზე, მაგრამ ეს ყველაფერი რომ ჟურნალიდან მოვუყვე ადამიანებს, მათთვის ძალიან რთულად დასაჯერებელი იქნება. თუ ადამიანს თვითონ არ უგრძნია იგივე, გაუჭირდება გაგება. მაგრამ თუ გწამს, ყველაფერს მიხვდები. თუ რწმენისგან შორს ხარ, იფიქრებ, ეს როგორ აფრენსო. მე მეღიმება ასე ხელაღებით შეფასებაზე. მეღიმება, მაგრამ ყველა ძალიან მიყვარს. არ მინდა, ეს ვინმეს აფერისტობა ეგონოს, ყველა, თავისთავად, ვერ გეყვარება, მაგრამ მე წეღან ერთ მთლიანობაზე ვისაუბრე, მთლიანობაზე, როგორც შემოქმედის შემოქმედებაზე და თუ ამ კუთხიდან შევხედავთ, სავსებით შესაძლებელია. ასე რომ, მე სიყვარულსა და სინათლეში ვცხოვრობ. მადლობა უფალს ამისთვის და იმავეს ვუსურვებ ყველას!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

20-26 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა