შოუბიზნესი

ეკა ჩხეიძე: როცა რაღაც ბრძოლით გაქვს მოსაპოვებელი, ესე იგი, ის შენი არ არის - ბრძოლით მოპოვებულს მაინც დაკარგავ

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 14.06, 2023 წელი

ეკა ჩხეიძე
დაკოპირებულია

ეკა ჩხეიძის ,,უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ეკა ჩხეიძე?

ეკა ჩხეიძე: დედა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გამიკეთებია, შვილების გაჩენაა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამქვეყნად ჩემი შვილები არიან. დანარჩენი ყველაფერი არის „ც“, იქნება ეს საქმე, ჩემი პირადი ცხოვრება თუ სხვა რამ, ყველაფერი მეორე პლანზეა.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ალბათ, საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა და სიხარული მათ თვალებში. რაღაც როლზე არასდროს მიოცნებია, ფულზე არასოდეს მიოცნებია. არც განსაკუთრებული სახლი მინდა და არც მანქანა. ღმერთმა რაც მომცა, იმითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემთვის მთავარია შინაგანი სიმშვიდე და ჩემი საყვარელი ადამიანების ღიმილიანი თვალები. „ოსკარს“ თუ ავიღებ, ვერც ეს მომანიჭებს ბედნიერებას. რა თქმა უნდა, გამიხარდება და იმ მომენტში ბედნიერი ვიქნები, მაგრამ ცხოვრებისეული ბედნიერება „ოსკარით“ და კარგი მანქანით არ განისაზღვრება. რა ვქნა, მე არ ვიპრანჭები.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– არა. არასოდეს ვაკეთებ იმას, რაც მძულს. მაქვს ამის ფუფუნება და ალბათ, ღმერთმა დამიფარა, რომ ასეა. ისე ყოფილა, რომ არც კი წარმომედგინა თუ რაღაც კონკრეტულს გავაკეთებდი, მაგრამ გავაკეთე და მერე გემოც ჩავატანე. საერთოდ, ვერასდროს ვერაფერს გააკეთებ კარგად, თუკი სიამოვნებით არ აკეთებ, მაგალითად, ახალი გამოცდილება და გაზრდის შესაძლებლობა. ალბათ, ყველაფერს აქვს რაღაც პლუსი. რაც ხდება, უკეთესობისკენ ხდება, რაღაც მაინც გრჩება და ერთი საფეხურით მაღლა აწევის საშუალება გეძლევა. იმ დროს შესაძლოა, განიცდი, გეშინია, ბრაზდები, მაგრამ მერე ხვდები, რომ განსაცდელი იმიტომ მოგევლინა, რომ რაღაცისთვის თვალებში ჩაგეხედა, იმისთვის, რამაც მომავლის გზა გაგინათა, დაგიფარა, უარესს აგარიდა. ყველაფერი რომ ლანგრით მორთმეული გვქონდეს და პრობლემა არ გვხვდებოდეს, ცხოვრება უინტერესო იქნებოდა.

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– ვაიმე, ყველაფერზე ვტირი, ჩემს ატირებას რა უნდა? ძალიან ემოციური ვარ. ვინმეს მოყოლილმა ისტორიამ შეიძლება, თვალები ცრემლებით ამივსოს. შეიძლება, არ ვიბღავლო, მაგრამ ვტირი. ტირილი უცნაური რამეა, ემოციის გამოხატვაც ასეთია. მე, რატომღაც, მამაჩემის პანაშვიდზე არ მიტირია. გინდა თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს თავისთავად ხდება, რაღაც გეკეტება. შეიძლება, ვიღაცის კარგი ისე გამიხარდეს, სიხარულის ცრემლები წამომივიდეს, მაგრამ საკუთარი მამის პანაშვიდზე ცრემლი არ წამომსვლია. პირიქით, გავიყინე და გავშეშდი. ჩაბრუნდა ემოციები ჩემში. მე არ ვცდილობ ჩემი ემოციების გაკონტროლებას, არ ვფიქრობ იმაზე, ვინ როგორ დაინახავს და შემაფასებს. მე ცხოვრებაში თამაში არ მიყვარს, თამაში მიყვარს უცხო პერსონაჟის, სცენაზე. ცხოვრებაში კი როგორი ემოციაც მოდის, მოდის. არ მაინტერესებს, ვინ როგორ გაიგებს და შეაფასებს, შესაბამისად, არც ის მაინტერესებს, სხვა ჩემზე რას იტყვის.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად?

– არავის უყვარს, სიმართლეს რომ ეუბნები. გავბრაზებულვარ და პირდაპირ, უხეშად მითქვამს სიმართლე. ეს სწყენია იმ ადამიანს, თუმცა მე ძალიან გულწრფელი ვიყავი. ალბათ, ჭკვიანი ადამიანი არ იტყვის ან სხვანაირად იტყვის და არა პირდაპირ. მე პირდაპირ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და ეტყობა, უჭკუო ვარ. არ მაქვს იმის ეშმაკობა, რომ ჩემი აზრი შევნიღბო, იმიტომ, რომ ვინმეს არ ვაწყენინო, იმიტომ, რომ სამომავლოდ ასე არ გამომადგება და ასე შემდეგ, მსგავსი გათვლები არ შემიძლია.

– ყველაზე სასტიკი როდის ყოფილხართ?

– ვაიმე, სასტიკი სად მნახეთ? რატომ უნდა ვიყო? შესაძლოა, ვჩანვარ კატა ჯიქიას ფონზე, მაგრამ ასე საერთოდ არ არის. თეატრიდან რომ მოვდივარ ხოლმე, ერთსა და იმავე ბენზინგასამართ სადგურზე ვასხამ საწვავს და უკვე ვცნობ იქაურ ბიჭებს. ერთხელაც, ერთ-ერთი მომესალმა, როგორც ყოველთვის, რვა მარტი იყო და ყვავილებს არიგებდნენ, მეც გადმომცა, საწვავს მისხამს და უცებ მეუბნება, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, მინდა ბანკიდან 2 000 დოლარი გამოვიტანო სესხად და თავდებში დამიდგებითო? გადავირიე, რას მეუბნები, ჩემი კრედიტი არ მეყოფა, რომ კიდევ შენი ავიკიდო-მეთქი და რა სასტიკი ყოფილხართო, მითხრა. ამაში მდგომარეობს ჩემი სისასტიკე (იცინის).

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად?

– არ მიბრძოლია, რომ გამარჯვება მომეპოვებინა. საერთოდ, ბრძოლა არ მიყვარს. როცა რაღაც ბრძოლით გაქვს მოსაპოვებელი, ესე იგი, ის შენი არ არის. რაც შენია, ის გეძლევა. ბრძოლით მოპოვებულს მაინც დაკარგავ, რატომღაც, ასე მგონია. არასდროს მიბრძოლია, თუნდაც, როლისთვის. თხოვნითაც კი არცერთი რეჟისორისთვის არ მიმიმართავს, საკუთარი მამისთვისაც კი, თუ დამიჯერებთ. თუ რეჟისორი მიცნობს და დავჭირდი, თვითონ დამიძახებს. თუ არადა, არ „ვეტენები“.

– ბოლოს რა მოისმინეთ საკუთარ თავზე კარგი და ცუდი?

– მარკეტში უცნობმა ადამიანმა მითხრა, ცხოვრებაში ბევრად ლამაზი ყოფილხართო (იცინის). ანუ, ეკრანზე როგორ არ მოვწონდი (იცინის). თან ყველანაირი მაკიაჟის გარეშე ვიყავი და ისეთი გულწრფელი იყო ეს ქალი, ძალიან გამიხარდა. სხვათა შორის, ძალიან სასიამოვნოა ასეთი რამეები. რა არის ჩვენი პროფესია მაყურებლის სიყვარულის გარეშე?! რაც შეეხება ცუდს, ვერაფერს ვიხსენებ, პირდაპირ არავინ მეუბნება, ეტყობა, ზურგს უკან ლაპარაკობენ და გავარკვევ მე მაგას (იცინის).

– რომ გაიგოთ, თქვენს მეგობარს საყვარელი ადამიანი ღალატობს, ეტყოდით სიმართლეს?

– არ ვეტყვი. შეიძლება, უღალატა, მაგრამ შემდეგ ინანა ან ისე დამალა, ვერაფერი გაიგო ჩემმა მეგობარმა, მე რატომ უნდა ჩავეჩხირო და მურმანის ეკალის როლი რატომ უნდა ვითამაშო მათი ურთიერთობის დანგრევაში?! მქონია კიდეც ასეთი შემთხვევები, მცოდნია და არ მითქვამს. რესტორანში სხვა ქალთან ერთადაც დამინახავს ჩემი ძალიან ახლობლის ქმარი. ეს კაცი მოსულა ჩემთან და უთქვამს, გეხვეწები, არაფერი თქვაო. მე არაფერს ვიტყვი, შენ თვითონ მოაგვარე-მეთქი, ვუპასუხე. გიჟდება ის კაცი ჩემზე, ძალიან ვუყვარვარ, რადგან დღემდე მინიშნების სახითაც კი არაფერი მითქვამს, სიტყვა არ დამიძრავს ამ თემაზე, ცოლ-ქმარი ისევ ერთად არის და გაიარა იმ ამბავმა. ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება და ჩემი საქმე რაც არ არის, იმაში რატომ უნდა ჩავერიო. რატომ უნდა ვუთხრა, გული რომ ვატკინო? იქნებ ახერხებს მისი მეორე ნახევარი გულის ტკენის გარეშეც. ყველა ვიღაცას ღალატობს, ერთგული ადამიანი ძალიან ცოტაა.

– ვინც ყველაზე კარგად გიცნობთ, რის გამო გაკრიტიკებთ?

– ასე, პირდაპირ, მაინცდამაინც არავინ მაკრიტიკებს, მაგრამ ყველაფერზე მეუბნებიან, ნუ ნერვიულობო. ისეთი ემოციური ვარ და ყველაფერს ისე განვიცდი, რომ ყველაფერს მიმალავენ. ეკა გაგიჟდება, ეკა გადაირევა, ეკას არ უთხრათ – ყველა ჩემს დაცვაშია. ვინმეს რომ ვურეკავ, თუ მალევე არ მიპასუხა, იმწუთას ცუდზე ფიქრს ვიწყებ, ის, რომ შეიძლება არ ესმოდეს, არც განიხილება. ეს ნამდვილად ჩემი უარყოფითი თვისებაა. ამით თავსაც ვიჭამ და გარშემო ახლობლებიც შეჭმული მყავს.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– ყველაზე დიდ შიშს მაშინ განვიცდი, როდესაც ვიღაც ავადმყოფობს. მამაჩემს ორი ოპერაცია დასჭირდა. პირველი ოპერაციის შემდეგ სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს მეორეს გასაკეთებლად. შევედი სანახავად და რომ დავინახე, მივხვდი, რომ ვეღარ გადარჩებოდა, თუმცა მეორე ოპერაცია ჯერ არც იყო გაკეთებული. ისეთი იყო, რომ მივხვდი, ბოლოჯერ ვხედავდი. ახლაც ვნანობ, არ უნდა მენახა. არ უნდა შევსულიყავი რეანიმაციაში. ყველა შედიოდა, ნახულობდა და მითხრეს, შედი, არ არის ცუდადო. რანაირად არ იყო ცუდად?! ადრე იგივე დამემართა კოტე მახარაძეზე. ინსულტი გადაიტანა და მითხრეს, უკეთ არისო. სანახავად მივედი და გავგიჟდი, რომ ვნახე. დღემდე ვფიქრობ, ნეტავ არ მენახა ის კოტე მახარაძე, რომელზეც ბავშვობიდან ვგიჟდებოდი. ერთად ვცხოვრობდით და ძალიან მიყვარდა. ძალიან მძიმედ ჩამრჩა. სხვა ადამიანი იყო, ყოვლად უსუსური.

– ყველაზე დიდი უსამართლობა, რომელსაც ცხოვრებაში შეჯახებიხართ, არის...

– ძალიან ბევრ უსამართლობას შევჯახებივარ. ისეთი ახლობელი ადამიანებისგან, ნამდვილად რომ არ ვიმსახურებდი. ტყუილიც ბევრი მომისმენია. ვიცოდი, რომ მატყუებდნენ და თვალებში ვუყურებდი. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიშორე. ფიზიკურად არა, არც მითქვამს რამე და შეიძლება, დღემდე ვერ ხვდებიან, რომ მე ვიცი. თქმას აზრი არ აქვს, ადამიანს ვერ გამოასწორებ. პასუხი რომ გასცე, უნდა იკონფლიქტო, რომ იკონფლიქტო, მაშინ სამუდამოდ უნდა დაკარგო. მე არ შემიძლია, დღეს გეკომფლიქტო და ხვალ შენთან ერთად ყავა დავლიო. კონფლიქტის შემდეგ დავამთავრებ ურთიერთობას. ადამიანებს, ვისთანაც ცხოვრება და საქმე გაკავშირებს, ასე ვერ გადაუსვამ ხაზს. გამიქრია ჩემი ცხოვრებიდან ადამიანები და ქუჩაშიც კი აღარ შევხვედრივარ, მაგრამ ზოგთან ცხოვრება ისე გაკავშირებს, რომ უნდა შეხვდე, იძულებული ხარ. ამიტომ მათთან გადამიყლაპია ეს უსამართლობა, თუმცა მახსოვს და ამის გათვალისწინებით ვაგრძელებ ზედაპირულ ურთიერთობას.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– არაფრით არ ვამაყობ. საამაყო ვის რა გვჭირს?! ამაყი ტიპი საერთოდ არ ვარ. რამე თუ მიხარია, ჩემთვის მიხარია, თავს არავის ვახვევ.

– თქვენი მიღწევები, ოჯახი და ის ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებაშია, ბევრისთვის ძალიან საამაყო იქნებოდა.

– ეს იღბალია. თავისი ოჯახითა და წინაპრებით ყველა ბედნიერია, ზოგს რაში უმართლებს, ზოგს – რაში, მაგრამ ვიამაყოთ და ცხვირაწეულებმა ვიაროთ, ეს ძალიან უხერხულია. არასდროს მქონია ეგ მომენტი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა