ეკა ანდრონიკაშვილი: ახლა რა ეტაპსაც გავდივარ, მგონია, დაჭიმული რეზინასავით ვარ და კიდევ იჭიმება -ბასეთ მოლოდინის რეჟიმში ვარ
ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 15.10

მსახიობ ეკა ანდრონიკაშვილის ცხოვრება არაერთი განსაცდელით იყო დატვირთული. მიუხედავად ყველაფრისა, ის მადლიერია ყველა დღის და იმ გამოცდების, რასაც ცხოვრება ყოველდღიურად სთავაზობს.
– ეკა, როგორ ფიქრობ, რაც წლები მოგემატა, რა გამოცდილება შეიძინე და რა გასწავლა თითოეულმა დღემ?
– ადამიანისთვის ცხოვრებაში მთავარია ოჯახი, შვილები, უახლოესი წრე და ამას ვერაფერი ცვლის. თუ სადმე მიდიხარ, უცხო ქვეყანაში, იქაც ეს ადამიანები გენატრება ყველაზე მეტად. დრო ძალიან სწრაფად მიჰქრის და თუ რამის გაკეთება გინდა, დღეს უნდა გააკეთო და ხვალისთვის არ გადადო. ეს ნამდვილად ავითვისე. არ არის საჭირო უამრავი მეგობარი გყავდეს, ეს პირადად გამოვცადე. უმჯობესია, შენ გვერდით იყოს ცოტა მეგობარი – სანდო, ერთგული და ნამდვილი. ასევე, თუ რამის გაკეთება თავად შეგიძლია, ის სხვას არ უნდა გადააბარო. ესეც წლებთან ერთად ვისწავლე.
– შენს ხასიათში არის ისეთი შტრიხი, რაც მოგწონს ან ისეთი, რასაც გამოასწორებდი ან იყო და უკვე გამოასწორე?
– ჩემს ხასიათში რაც მომწონს, არის ის, რომ მიზანდასახული ვარ და დისციპლინირებული. თუ ჩემს თავზე რამე პასუხისმგებლობა ავიღე, ბოლომდე ვაკეთებ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ჯერ ვფიქრობ და მერე ვაკეთებ. ხანდახან ჩემს თავს კითხვას ვუსვამ და თავად მოდის პასუხი, რაც ძალიან მადგება. განვითარება არ შემიწყვეტია, ვიღვწი ყოველდღიურად თვითგანვითარებისთვის, ვკითხულობ ბევრს და ვაზროვნებ. სხვათა შორის, წელს მქონდა პედაგოგობის გამოცდილება და არაჩვეულებრივი სიამოვნება მივიღე და მივხვდი, რომ კარგი პედაგოგი ვარ. მე და გიორგი ყიფშიძე არაპროფესიონალებს ვასწავლიდით სამსახიობო ოსტატობას. სამთვიანი კურსები იყო. ჩემს ხასიათში კი არ მომწონს ის, რომ გვიან ვიძინებ, დილით გამოუძინებელი ვარ ან გვიან ვიღვიძებ და დღის გარკვეული ნაწილი უკვე გასულია. ასეთი ბიოლოგიური რიტმი მაქვს და სამწუხაროდ, ვერ ვასწორებ. თუმცა, მაინც დავისახე, რომ ერთი საათით ადრე დავიძინო და ვცდილობ. ასევე, ცოტა ზარმაცი ვარ. უფრო მეტი შემიძლია, რასაც ვაკეთებ და ეს უკმარისობის გრძნობაც მაქვს.
– როგორ ფიქრობ, რა ეტაპები გაიარე, მოიტოვე უკან და ახლა ცხოვრების რა ეტაპს ადგახარ?
– ვფიქრობ, რომ საკმაოდ იღბლიანი ვარ და რაც ღმერთმა მომცა, იმის მადლიერი. თუმცა, რა თქმა უნდა, არა მარტო მე, ალბათ, ბევრმა, გაჭირვების რთული პერიოდებიც გავიარე, მათ შორის 90-იანი წლები და ძალიან გამოვიწრთე. ზოგადად, ტყუილად არაფერი იკარგება. გავიარე სილაღისა და ბედნიერების პერიოდებიც, დაცემაც მქონია და ძალიან დიდი ბედნიერებაც მწვევია. ახლა რა ეტაპსაც გავდივარ, მგონია, დაჭიმული რეზინასავით ვარ და კიდევ იჭიმება – ასეთ მოლოდინის რეჟიმში ვარ. ვგულისხმობ მსოფლიო ამბებს, ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და სამყაროსეულ სიტუაციას. მგონია, ჩვენ გავდივართ გარდამავალ პერიოდს, რომელიც საკმაოდ მძიმეა მსოფლიო მასშტაბით. ჩემს პირად ცხოვრებაში კი, ასე თუ ისე, ყველაფერი მშვიდად არის და წესრიგში. რა თქმა უნდა, შეიძლება, უკეთესადაც იყოს, მაგრამ ბედს არ ვემდური, ყველაფერი ნორმალურადაა. საკმაოდ რთული პერიოდი უმცროსი შვილის გაჩენამდე, ორსულობის პერიოდში გამოვიარე, მანამდე კი – ძალიან ბედნიერი.
– რამდენად ძლიერი გამოდექი სირთულეების მიმართ და რამდენად ხშირად გიწევს ცხოვრებისეული გამოცდების ჩაბარება?
– მიმაჩნია, რომ მე გამარჯვებული გამოვედი იმ სიტუაციიდან და ის შეგრძნება სულ თან დამყვება, რომ მე გამოცდა სწორად ჩავაბარე და გზაც სწორად განვვლე. სხვათა შორის, მგონია, ცხოვრებისეულ გამოცდებს ხშირად კი არა, ყოველდღიურად გავდივართ. ჩვენი ცხოვრებაა გამოცდების რიგი, რომლებსაც როგორც გავივლით, ყოველი დღის ამა თუ იმ ეპიზოდს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი. ჩვენი ყოველი გადადგმული ნაბიჯი გამოცდაა, თუნდაც, როცა ბავშვს უშვებ სკოლაში და ელოდები, როგორ დაბრუნდება, სადილის მომზადებაც, მეგობართან შეხვედრა და ყავის დალევაც, თუ როგორ ჩაივლის და დამთავრდება სამოგზაუროდ წასვლა და ასე შემდეგ.
– ორი არაჩვეულებრივი შვილის დედა ხარ. როგორი დამოკიდებულება გაქვს მათთან?
– უფროსი ვაჟი 32 წლის არის, უმცროსი – 9 წლის. უსაყვარლესი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. უფროსს აქვს თავის თავზე აღებული, რომ უმცროსი ძმა გამოწრთოს და სპორტულად ავარჯიშებს. უფროს შვილთან ისეთი მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, ხანდახან მავიწყდება, რომ შვილია (იცინის). ვკამათობთ კიდეც, სულ დისკუსიებში ვართ ამა თუ იმ საკითხზე. რამე თუ მიჭირს, მას მივმართავ, გვერდით მიდგას და ჩემი საყრდენია. მის პირად ცხოვრებაში, რასაკვირველია, აქტიურად ვარ ჩართული და თავადაც მიყვება. გეტყვით, რომ სასიხარულო ამბავი მაქვს, ახლახან, თავის შეყვარებულს ხელი სთხოვა. პატარასთან ერთად კი ხელმეორედ გავდივარ იმ პერიოდს, რაც უკვე გავლილი მაქვს წლების წინ – სწავლა, სკოლის ამბები, ზღაპრების კითხვა, განვითარება... მოკლედ, მასთან ერთად, ხელმეორედ ვიზრდები და ბევრ რამეს ვსწავლობ.
– გილოცავ უფროსი შვილის გაბედნიერებას. როგორი დედამთილი გამოდექი, როგორი დამოკიდებულება გაქვს რძალთან და მისი სახით, ვინ შემოვიდა შენს ცხოვრებაში?
– არაჩვეულებრივი გოგოა, ცალკე ცხოვრობენ, ამიტომ ყოველდღიური სამზარეულოში ტრიალი არ გვიწევს. როგორც ჩემს შვილთან, ზუსტად ისეთი მეგობრობის შეგრძნება მაქვს მის ცოლთანაც. მისი სახით, კიდევ ერთი მეგობარი გავიჩინე.
– არაჩვეულებრივად რომ გამოიყურები, ალბათ, ხშირად გეუბნებიან და კომპლიმენტებს მიჩვეული ხარ. როგორ ინარჩუნებ ასეთ წონას და ფორმას და ასაკს ხომ არ მალავ?
– თუ დამიჯერებთ, არაფერს არ ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ სახის კანს ვუვლი და არასოდეს ვიტოვებ მაკიაჟს. ვიშორებ მიცერალური წყლით, ვიბან და ვისვამ საცხს, რომელიც ჩემს კანს უხდება. ხანდახან ვიტარებ სახის გამამკვრივებელ მასაჟებს. დანარჩენი ნატურალური მაქვს, ყველაფერი გენეტიკურად. წონას რაც შეეხება, ამ ზაფხულს, ცოტა წავივარჯიშე, ტყეში ბევრი ვიარე ფეხით და რომ ავიწონე, 52 კილო ვიყავი. თან, პატარა ულუფებით მივირთმევ. ზოგადად, ჩემი წონა არის, პლუს-მინუს, 52-54. ამ წონაზე ვარ ბოლო ოცი წელია. ტორტიც მიყვარს, ხაჭაპურიც, ყველაფერს მივირთმევ, მაგრამ ცოტას. რაც შეეხება ასაკს, არასოდეს დამიმალავს. მეამაყება, რომ ამდენი წლის ვარ, ასე გამოვიყურები და ცოტა ბავშვურობაც შემრჩა. 52 წლის ვარ და ვიტყვი, რომ ყველა ასაკს აქვს თავისი „კაიფი“ და თავისი ხიბლი. ბევრ ჩემს მეგობარს უკვე შვილიშვილი ჰყავს, მაგრამ მე ისეთ ასაკში გავაჩინე მეორე შვილი, რომ ამ ასაკში მათემატიკის განტოლებების ამოხსნა არ არის ადვილი, მაგრამ თითქოს უკან წლებში გაბრუნებს და სახალისოა (იცინის). ასე რომ, ასაკში შვილის გაჩენა, ქალს ძალიან აახალგაზრდავებს, ახალ აღმოჩენებს აკეთებინებს და ტონუსს უმაღლებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან