ედმონდ მინაშვილი: ყველა გარდაცვლილის ოჯაში ვცხოვრობდი, თითოსთან 4-5 დღის განმავლობაში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 15:00
ედმონ მინაშვილის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ედმონდ მინაშვილი?
ედმონდ მინაშვილი: გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლომდე არ ვიცი, ვინ ვარ. დღემდე საკუთარი თავის შეცნობის პროცესში ვარ. მუდმივად ვცდილობ, განვვითარდე. ერთი უბრალო, ხელოვანი ადამიანი ვარ, რომელიც ცდილობს, რაღაც საინტერესო და ღირებული შექმნას თავის სფეროში, რისთვისაც ძალ-ღონეს არ იშურებს.
– გიკეთებია საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდა, შეიძლება, გძულდა კიდეც, მაგრამ საჭირო იყო?
– ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ადრეული ასაკიდან, 19 წლიდან, ანუ, ჯერ კიდევ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, როცა ჩემი საქმით დავკავდი და დღემდე მას ვემსახურები. ეს არის ის, რაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს ამ სამყაროში. საბედნიეროდ, არ მქონია მომენტი, სხვა საქმე მეკეთებინა, ამის დროც არ იყო... თუმცა მე არანაირ საქმეს არ ვთაკილობ, თუ დამჭირდება, ყველაფრისთის მზად ვიქნები.
– რამდენად ემოციური ადამიანი ხარ და გულჩვილობაც თუ გახასიათებს?
– ემოციური ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ. საერთოდ, არ შეიძლება, ხელოვანი ადამიანი ემოციებით არ ცხოვრობდე. მეც ყველაფერი ახლოს მიმაქვს გულთან, რაც ირგვლივ ხდება. ყველა საქმეს უზარმაზარი პასუხისმგებლობით ვუდგები და ასეთ დროს ემოციებიც მოჭარბებულია.
რაც შეეხება გულჩვილობას, ეს, ალბათ, ასაკმა მოიტანა (იცინის). სენტიმენტალური გავხდი. ცოტა რომანტიკოსიც ვარ, წარსულზე ძალიან ბევრს ვფიქრობ და მივტირი მას. გაგეცინებათ, ცოტა ხნის წინ ტელევიზორში ქართული ფილმი „ჭრიჭინა“ გადიოდა. დავჯექი, ვუყურე და გეფიცებით, ჭრიჭინაზე ვიტირე. რომ შევხედე სოფლის ცხოვრებას, პერსონაჟებს, მათ კომუნიკაციას, ჩაცმულობას, ჩემი ბავშვობა გამახსენდა – მეც ხომ სოფელში დავიბადე და გავიზარდე, თითქოს, ყველაფერი ხელის გულშე გადამეშალა, თითქოს ყველა პერსონაჟს პირადად ვიცნობდი, ძალიან ბევრთან მოვახდინე ჩემი ნაცნობების ასოციაცია. ჩაცმულობა, ფერები, სოფლის ორღობეები, ამ ყველაფერმა ჩემს ბავშვობაში გადამიყვანა და ცრემლები მომადგა. მერე საკუთარ თავზე გამეცინა, ახლა ვინმე რომ მხედავდეს, ჭრიჭინას ვუყურებ და ცრემლები მომდის, რას იფიქრებს-მეთქი (იცინის).
– როდის გიტირია ბედნიერების და მტკივნეული ცრემლებით?
– სამწუხაროდ, უკვე ძალიან ბევრი მეგობარი გარდამეცვალა. ძალიან მძიმეა, როცა შენი საყვარელი ადამიანები მიდიან. სამი თანაკლასელი გარდამეცვალა, ასევე, თეატრის კოლეგები, უახლოესი მეგობრები. უგულო უნდა იყო, რომ ასეთ დროს ადამიანს ცრემლი არ მოგადგეს თვალზე.
რაც შეეხება ბედნიერებით გამოწვეულ ტირილს, რამდენიმე თვის წინ დავამთავრე ჩემი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის გადაღება. ამ პროექტში სცენარის ავტორი და რეჟისორი გახლავართ. ჩემს ფილმში ქალბატონი ნინელი ჭაკვეტაძე თამაშობს ერთ-ერთ მთავარ როლს. ბოლო სცენის დასრულების შემდეგ, ის მოვიდა და მითხრა: მიხარია, რომ შენს პროექტში ვიყავი, წარმატებებს გისურვებო. წარმოიდგინეთ, მოვიფიქრე პროექტი, დავწერე, კინოდ ვაქციე, რომელშიც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მსახიობი თამაშობს, ერთ-ერთი კი ქალბატონი ნინელი, რომლის ფილმებზე და სპექტაკლებზეც გავიზარდე. იმის გააზრება, რომ მე ასეთი მსახიობის რეჟისორი ვარ სეტზე, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო და თვალებზე ცრემლები მომადგა. ცხოვრება ძალიან საინტერესოა და ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. მგონი, მსოფლიოში არ დარჩენილა კინოფესტივალი, რომელზეც ნამყოფი არ ვარ. მსოფლიო მასშტაბის ისეთ ვარსკვლავებს შევხვედრივარ და გავსაუბრებივარ, საღამოს სასტუმროში რომ დავბრუნდებოდი ხოლმე, ვფიქრობდი, ეს ცხადია თუ სიზმარი – საიდან სად მოხვედი-მეთქი. ასეთ დროს ემოციები გძლევს და უფლის მიმართ მადლიერებას გამოხატავ. იქ რომ აღმოჩნდე, სადაც მთელი ცხოვრება გინდოდა, ამისთვის ბევრს შრომობ, მაგრამ ამასთან ერთად, რაღაცებში რომ გიმართლებს, ბედნიერების ცრემლიც გადგება თვალზე.
– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდა...
– მაშინ საერთოდ არ იყო სახალისო, მაგრამ ახლა მეცინება ამ ისტორიის გახსენებაზე: მე და ერთი გოგონა ერთ-ერთ სივრცეში შევხვდით ერთმანეთს. მაგიდასთან დავსხედით, გვერდით მივიხედეთ და ვხედავთ მამამისი ზის ქალბატონთან ერთად, მაგრამ ეს ქალბატონი ამ გოგონამ დედა არ არის. ყველანი ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. მე მამამისს ვიცნობდი, მაგრამ მან არ იცოდა, თუ მე და მისი შვილი ვხვდებოდით. ისეთი უხერხულობა შეიქმნა, რომ ალბათ, ოდესმე ამაზე სცენარს დავწერ. სიმართლე რომ ვთქვა, მამას გაუხარდა, რომ მისი შვილი ჩემთან ნახა, მაგრამ ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის, თუმცა, ჩვენ რომ ვნახეთ იმ ქალბატონეთან ერთად, ეს ძალიან არ გაუხარდა არც მას და არც მის ქალიშვილს. ძლივს დავამშვიდე ჩემი პარტნიორი გოგო, ცოტა შელაპარაკებაც მოხდა. თურმე შვილს გაკვრით რაღაც ცოდნია მამისა და ამ ქალბატონის ურთიერთობის შესახებ, მაგრამ მამა ამტკიცებდა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო. დაარწმუნა კიდეც ოჯახი ამაში, მაგრამ უცებ ეს შეხვედრა და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, იქ რა ხდებოდა (იცინის). ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი იყო, მე კი – კონფლიქტოლოგის როლში (იცინის).
– რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– გამარჯვება ისაა, რომ მე უკვე 19 წლის ასაკში ვიყავი რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, რომერტ სტურუას თეატრის მსახიობი. ვინც თეატრალურში აბარებს და უნდა ამ პროფესიაში შედგეს, ალბათ, ეს ყველას ოცნება და ყველაზე დიდი მიღწევაა. დღემდე მახსოვს ეს ემოციები, დაუჯერებელი იყო. სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი. როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი, თეატრის წინ რომ გავივლიდი, გავჩერდებოდი და ვლოცულობდი, ამ თეატრში ერთხელ მაინც დავდგა ფეხი-მეთქი. აქედან გამომდინარე, ჩემი ემოციები ენით აღუწერელი იყო, როცა ამ ასაკში ოცნება ამიხდა და მერე ვისთან – რობერტ სტურუასთან, მსოფლიო დონის რეჟისორთან მოვხვდი.
გამარჯვებაა ჩემი შემდეგი ნაბიჯი, პროექტი შინდისი, რომელსაც ასევე, ადრეულ ასაკში შევეჭიდე. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. 21 წლის ვიყავი, არანაირი რესურსი არ მქონდა, არც პატრონი მყოლია, რომ მსგავსი პროექტი გამეკეთებინა, მაგრამ ალბათ, სწორად გაკეთებული საქმეების შედეგად დღეს მხოლოდ საქართველომ კი არა, მთელმა მსოფლიომ იცის შინდისის გმირების შესახებ. არ მომერიდება იმის თქმა, რომ ეს ჩემი და ჩემი პროფესიის დამსახურებაა. გავაკეთე ორი დოკუმენტური სრულმეტრაჟიანი ფილმი, რისი დამსახურებითაც მთელმა საქართველომ გაიგო შინდისის გმირების შესახებ. შემდეგ კი გადავიღე მხატვრული ფილმი, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა და დღემდე ფესტივალებზე მოგზაურობს. დღეს საქართველოში სუფრა არ ჩაივლის შინდისის გმირების სადღეგრძელოს გარეშე, ეს დიდი გამარჯვებაა. თუკი ჩემში რამე დადებითი თვისება იყო, ყველაფერი ამ პროექტს შევწირე. დეტალების დონეზე არ ჩავალ, მაგრამ ამ პროექტის განხორციელება ჯანმრთელობის ფასად დამიჯდა. თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, იმავეს აღარ გავაკეთებდი. იმიტომ არა, რომ ვნანობ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი წაიღო ჩემგან, პირველ რიგში კი, ჯანმრთელობა. აბსოლუტურად ყველა გარდაცვლილის ოჯახში ვცხოვრობდი, თითოსთან 4-5 დღის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ომი ახალი გადატანილი გვქონდა. მშობელს რამდენიმე თვის წინ დაკრძალულ შვილზე რომ ესაუბრები, ემოციურად რამდენად რთულია, ხომ წარმოგიდგენიათ?! თან მაშინ, მოგეხსენებათ, ძალიან რთული მდგომარეობა იყო, ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ეს ომი საზოგადოებისთვის მიევიწყებინათ. ამ დროს გამოდის 21 წლის ბიჭი, დარბის კარდაკარ და მასალებს აგროვებს. ძალიან დიდი სტრესი გავიარეთ მე და ჩემმა ოჯახმა 2008-2009 წლებში. ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას განვიცდიდი კონკრეტული რეჟიმის მიერ. მაინც არ გავჩერდი და მეგობრებისა და ჩემი ჯგუფის დახმარებით საქმე ბოლომდე მივიყვანე.
რაც შეეხება მარცხს, არ ვიცი – ან არ ყოფილა, ან ჩემს გონებას გახსენება არ უნდა.
– ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდი სიცოცხლის დასრულებას?
– ეს არის საკითხი, რომელზეც ყველა ადამიანს გვიფიქრია. გურამ რჩეულიშვილს უწერია: ღმერთო, ათი წუთით მომკალი, რომ ჩემს დაკრძალვას შორიდან ვუყურო, მაინტერესებს, ვინ როგორ მიგლოვებს ან ვის გაუხარდებაო. ბოლოში მინაწერი აქვს: რა უმადურია ადამიანი, ერთადერთი ბედნიერება აქვს, თავის სიკვდილს ვერ ნახავს და იმასაც კი ნატრულობსო. მეც მიფიქრია ამაზე. ერთადერთი, რაც მინდა ვისურვო ისაა, ისე არ წავიდე ამ ცხოვრებიდან, რომ ბოლოს ვინმეს მოსავლელი გავხდე. თუ სრულიად უფუნქციო ვიქნები, თუ საკუთარი თავის მოვლაც არ შემეძლება, ასეთი ცხოვრება არ მომინდება. ალბათ, ყველაზე სასურველია, ისეთი რამ დატოვო ამ ცხოვრებაში, რომ მომავალმა თაობებმა შენი განვლილი გზის წყალობით რაღაც ისწავლონ, რომ ფუჭად არ ჩაიაროს შენმა ცხოვრებამ. სხვათა შორის, დიდი მუხრან მაჭავარიანი რუსთაველის თეატრში ჩემს ხელებში გარდაიცვალა გადაჭედილი დარბაზის თვალწინ. მიფიქრია, რა ბედნიერებაა, როცა ასეთი სახალხო ადამიანი, ხალხის წინაშე ასრულებს სიცოცხლეს-მეთქი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც მგონია, რომ ყველაზე სასურველია, როცა დაიძინებ და ვეღარ გაიღვიძებ, ანუ, მშვიდად წახვალ ამქვეყნიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





