დიმიტრი ტატიშვილი: რაც მაქვს, ეს ისაა, რაც მინდოდა და წარმომედგინა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 02.12
როგორია მსახიობ დიმიტრი ტატიშვილის „ურთიერთობა“ ფულთან, რამდენად კარგად გამოსდის მას ფინანსების მართვა და რა ასაკიდან გახდა მატერიალურად დამოუკიდებელი – ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
დიმიტრი ტატიშვილი: პირველი ჰონორარი რომ ავიღე, მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი. ტელევიზიით ლექსები წამაკითხეს და სანაცვლოდ ანაზღაურებაც მომცეს. რაც შეეხება სამუშაოდან მიღებულ პირველ ხელფასს, ეს თეატრს უკავშირდება. მე 1990 წლიდან ვმუშაობ მარჯანიშვილის თეატრში. თავიდან უშტატო მსახიობი ვიყავი, შემდეგ შტატში ჩამსვეს და რამდენ სპექტაკლშიც ვითამაშებდი, იმისდა მიხედვით მიხდიდნენ მიზერულ თანხას. მაშინ უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული მქონდა. მანამდეც, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროსაც, მქონდა მსგავსი შემოსავლები. გორში ვთამაშობდით გასვლითი სპექტალებით და გარკვეული ჰონორარი გვქონდა, თუმცა გორის თეატრში არ ვმუშაობდი.
– გახსოვთ, პირველი ანაზღაურება რაში დახარჯეთ? რომ ამბობენ ხოლმე, პირველი ხელფასით რაღაც განსაკუთრებული უნდა იყიდო, თუ გინდა, ბარაქა მოგიტანოსო, გჯერათ?
– მეათე კლაში ვიყავი პირველი ანაზღაურება რომ მომცეს. მშობლები უკვე აღარ მყავდა და ბებიას მივეცი. მსგავსი ცრურწმენების არ მჯერა. კი გამიგონია, ფული უნდა დაანახვო მთვარესო და მსგავსი რამეები, მაგრამ მე არ ვაკეთებ.
– რა ასაკში მოიპოვეთ სრული ფინანსური დამოუკიდებლობა?
– 27-28 წლის ასაკში, როცა „რუსთავი 2-ში“ ამიყვანეს გახმოვანებაზე. ეს ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იყო. ეს იყო სტაბილური სამსახური, თეატრთან ერთად. იმ დღიდან მოყოლებული, ოჯახის სარჩენად არავის დახმარება აღარ დამჭირვებია. თეატრში არ არის ისეთი ხელფასები, რომ მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული. მე „სისხლიანი ცხრა წლის“ განმავლობაში რა ხელფასიც დამინიშნეს, დღემდე ის მაქვს. შემოსავალი დაბალია. გვყოფნის, რომ ვიარსებოთ. აქ ფუფუნებაზე არ არის საუბარი. ფუფუნებაზე მხოლოდ მოსახლეობის 3-4 პროცენტი ფიქრობს, დანარჩენი – ვერა და მათ შორის, ვერც მსახიობები. თუმცა, ბევრს ჩემზე ნაკლები ხელფასი აქვს, ამიტომ მე ნამდვილად ვერ ვიწუწუნებ. არც არასდროს მიწუწუნია.
– რას ნიშნავს თქვენთვის ფული?
– ძალიან საჭირო რამ არის არსებობისთვის. მის გარეშე ცხოვრება არ გამოდის. ჯერჯერობით სამყარო ისე არ არის მოწყობილი, რომ ფული არ დაგვჭირდეს. ადამიანები ხომ იმისთვის ვმუშაობთ, რომ ფული გამოვიმუშავოთ. გაწეული სამსახურისთვის ღირსეული ანაზღაურება ნორმალური ამბავია. მათხოვრული ანაზღაურება კი არ არის ნორმალური.
მიხარია, როცა ხელფასს ან ჰონორარს ვიღებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფული მიყვარს და მის გამო ყველაფერს დავთანხმდები. პირიქით, ძალიან ბევრ რამეზე მითქვამს უარი, რადგან ჩემს პრინციპებს არ შეესაბამებოდა. არასდროს მიღალატია პრინციპებისთვის ფულის გამო. ამის თქმა თამამად შემიძლია.
– თუ დაკვირვებიხართ, ცვლის ფული ადამიანებს?
– დიდი ფული ცვლის. ნათქვამია, თუ გინდა, ადამიანი გაიცნო, მას ძალაუფლება და ბევრი ფული უნდა მისცეო. ეს ნამდვილად ასეა. ბევრი ფული ადამიანს, თუ ის ნომალურია, არ შეცვლის, მაგრამ ადამიანს თუ ბევრი ნაკლი აქვს, მას გამოააშკარავებს. მერე მიხვდები, ვინ ყოფილა სინამდვილეში. აღზევებული მდაბიოების ეპოქაში ვცხოვრობთ და სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ძალიან სამარცხვინო არსებები არიან.
– თვითონ ახერხებთ დღეს ისე ცხოვრებას, რომ ვინმეს ან ბანკის ვალი არ დაგჭირდეთ?
– მგონი, გამიმართლა, იღბლიანი ადამიანი ვარ. ვახერხებ, ვიცხოვრო ისე, რომ ფული არავისგან ვისესხო. ვმუშაობ თეატრში, ტელევიზიაში და პარალელურად, სხვადასხვა პროექტებზე. იმედია, ასე გაგრძელდება. ძალიან არ მინდა, ბანკიდან სესხის აღება დამჭირდეს.
– როგორი მხარჯველი ხართ, რამდენად შეგიძლიათ, არსებული შემოსავალი თვიდან თვემდე პრაგმატულად გადაანაწილოთ?
– ვანაწილებ წარმატებულად (იცინის). ფუფუნების საგნებს არ ვყიდულობ, მხოლოდ პირველადი მოხმარების საგნებს. შეიძლება, ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი ვიყიდო. ისიც იშვიათად, ძირითადად, ვცდილობ, კარგად მოვუარო, რომ დიდხანს გამყვეს (იცინის). თუ ოდესმე ბევრი ფული მექნება, მერე ასე აღარ მოვუფრთხილდები (იცინის).
– ყველაზე კარგი დაბანდება და გადაყრილი ფული – ასეთებად რას თვლით?
– ყველაზე კარგი დაბანდებაა შვილების განათლებაში ფულის ჩადება. რამაც გაამართლა. ორივე მუშაობს, ორივე დამოუკიდებელია ფინანსურად, უკვე დიდი ხანია. ფულის გადაყრას რაც შეეხება, არ მახსენდება. ვის აქვს გადასაყრელი ფული?! (იცინის) შეიძლება, რაღაც წვრილმანი ვიყიდე და არ გამომადგა, თუმდაც საკვები, რაც უგემური აღმოჩნდა ან უხარისხო ნივთი, მაგრამ ეს დიდ თანხებს არ უკავშირდება. რაშიც შედარებით მეტს ვიხდით, იმას მეტად ვუკვირდებით, რომ არ ვიზარალოთ. დიდ თანხას კარგად დაფიქრების გარეშე ვერ გადავიხდით.
– მატერიალისტი არ ხართ, არა?
– მატარიალისტი ვარ, მაგრამ ხარბი – არა. იდეალისტიც ვარ, მაგრამ მატერიალისტიც. არიან ადამიანები, რომლებიც იმისთვის ცხოვრობენ, რომ ჭამონ და ადამიანები, რომლებიც იმისთვის ჭამენ, რომ იცხოვრონ. მე ფული იმისთვის მჭირდება, რომ ვიცხოვრო, ამიტომ სავსებით მაკმაყოფილებს ის, რასაც ჩემი პროფესია მაძლევს. მე ღმერთს ვუყვარვარ, რომ ამის საშუალება მაქვს.
ადამიანი საკუთარ თავს როგორადაც წარმოიდგენს, ისეთი იქნება. მე როგორიც წარმომედგინა ჩემი თავი ადრეულ ასაკში, ისეთი ადამიანი ვარ დღეს, იმას ვაკეთებ, რაც მაშინ მინდოდა მეკეთებინა. რა მუხტითაც ხარ დამუხტული, იმ ველში ტრიალებ. რაც გინდა, რაზეც ფიქრობ და რაც მოგაჩნია შენი მოქმედების არეალად, იმ შრეში ტრიალებ. ასე რომ, რაც მაქვს, ეს ისაა, რაც მინდოდა და წარმომედგინა. რაც შეეხება შემოსავალს, ვისურვებდი, რომ ყველას იმდენი ჰქონდეს, რამდენიც არის აუცილებელი არსებობისთვის და ადამიანს გადარჩენის ინსტიქტი არ აიძულებდეს მოქმედებას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან