შოუბიზნესი

დიმიტრი ტატიშვილი: გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ვუყურებდი და ვხვდებოდი, როგორი არ უნდა გავმხდარიყავი

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 06.10, 2021 წელი

დიმა ტატიშვილი
დაკოპირებულია

იღბალი თუ შრომისმოყვარეობა - რა არის წარმატებისთვის უფრო მნიშვნელოვანი? საკუთარი გამოცდილების შესახებ ამ თემაზე მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი გვესაუბრება.

დიმიტრი ტატიშვილი: ჩემი დაკვირვებით, ადამიანების უმეტესობა სიზარმაცისკენაა მიდრეკილი. იმას, ვინც ამ მიდრეკილებას აჯობებს, მეტი შანსი აქვს, რამეს მიაღწიოს. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ სიზარმაცით ვერაფერი მოვიგე, როცა დავძლიე ეს გრძნობა, მაშინ რაღაც გამოვიდა. როცა ძალიან გეზარება რაღაც, როცა გგონია, ძალაც არ შეგწევს და გესიკვდილება მისი გაკეთება, მაგრამ დაძლევ სიზარმაცეს და მაინც გააკეთებ, სასურველი შედეგი ზუსტად მაშინ დგება.

– მაგალითად?

– სერიალ „დეტექტივების“ გადაღებების დროს ძალიან შეზღუდულები ვიყავით ვადებში და რთული გრაფიკი გვქონდა. გამთენიისას მოვსულვარ სახლში გადაღებიდან, მიბანავია, წვერი გამიპარსავს და ისევ გადაღებაზე წავსულვარ. დასვენების შანსი არ გვქონდა. ბოლო ძალებს ვიკრებდით, გასავათებულები ვიყავით, მაგრამ მაინც ვაკეთებდით. გადასაღებ მოედანზე, თითქოს, რაღაც უხილავი ძალა გვაძლევდა ენერგიას ჩვენი საქმის საკეთებლად. ეს არის პროფესიონალიზმიც და ორგანიზმის მობილიზებაც. მაშინ არ ვიცოდი, როგორ გამოვიდოდა ნაწამები და ღამეებნათევი სახეებით, მაგრამ ხალხმა შეიყვარა ეს სერიალი და ძალიან პოპულარულიც გახდა. მეორე შემთხვევას გავიხსენებ, „აღსარების“ გადაღებისას, ყოველ დილით ოთხ საათზე ვდგებოდი იმიტომ, რომ შვიდზე გადასაღებ მოედანზე უნდა ვყოფილიყავი და მანამდე თმას მიგრძელებდნენ. მაშინ, დღის რომელ მონაკვეთში ან რა ადგილასაც არ უნდა გეთქვა, დაიძინეო, დავიძინებდი, ისე მენატრებოდა ეს მდგომარეობა (იცინის). ასეთ მომენტებში, სიზარმაცესთან გამკლავების გარდა, საკუთარი საქმე გეხმარება და როცა ნიჭიერ ადამიანებთან თანამშრომლობ, სულ ერთია, რამდენი გძინავს და რას ჭამ, ენით აღუწერელი ენერგია გეძლევა. კიდევ ერთი რამ ვიცი, ტყუილუბრალოდ არავის უმართლებს, შემთხვევით არაფერი ხდება.

– ეს როდის გიგრძნიათ?

– მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს თითქოს შემთხვევით შევხვდით. მაგრამ როგორ შეიძლება, ჩვენი შეხვედრა შემთხვევითობა იყოს, როცა ოჯახი გვაქვს და ორი შვილი გვყავს?! მე ბევრი შემხვედრია ცხოვრებაში, მაგრამ როცა ამ ადამიანს შევხვდი, მაშინ ორივე მივხვდით, რომ ოჯახი უნდა შეგვექმნა და მე ამას შემთხვევითობას არ დავარქმევ. ჩვენ უნდა შევხვედრილიყავით და შევხვდით კიდეც.

– საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენილხართ?

– უფრო საჭირო ადამიანები შემხვედრიან. ჩემს ცხოვრებაში ყველას თავის ფუნქცია ჰქონდა. ზოგისგან ბევრი კარგი ავიღე, ზოგისგან ის ვისწავლე, როგორი არ უნდა იყოს მსახიობი. ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებთან მეგობრობდნენ. მე ჯერ კიდევ სკოლის ასაკში გადავწყვიტე, რომ არასდროს ვიქნებოდი ნარკომომხმარებელი. ვიღაც-ვიღაცების მაგალითზე ჭკუა მეყო ან გამიმართლა და მივხვდი, რომ ნარკოტიკებთან შეხება არ უნდა მქონოდა. მე მიყვარს სიძნელეების გადალახვა, მაგრამ არ მიყვარს პრინციპი – შეიქმენი სიძნელე და გადალახე. ოთხი წლის წინ სიგარეტის მოწევას დავანებე თავი. ამან იმაზე მეტი სიამოვნება მომიტანა, ვიდრე ველოდი. ის, რომ ორგანიზმს და გარემოს აღარ ვაზიანებ, თავისთავად კარგია, მაგრამ იმის გააზრება, რომ სიგარეტის გადაგდება რთულია, მაგრამ ეს მომენტი გადავლახე, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ჩემში ცუდი თვისება ჩავკალი, ვაჯობე. ბევრი რამ ადამიანებს კომფორტის ზონა გვგონია, სინამდვილეში კი ის ფსევდოკომფორტის ზონაა, რომელსაც თავი უნდა დავაღწიოთ.

– ფულის გამომუშავებას უფრო იღბალი სჭირდება თუ შრომისმოყვარეობა?

– რაც უფრო კარგი პროფესიონალი ხარ, წესით მეტი შემოსავალი უნდა გქონდეს. ნორმალურ ქვეყნებში ასეა. შრომისმოყვარეობაც საჭიროა, მაგრამ თან საქმე უნდა იცოდე, თორემ აკეთო ის, რის აზრზეც არ ხარ, წარმატებას არ მოგიტანს. უნიჭოც თუ ხარ და ზარმაციც, ფასეულს ვერაფერს შექმნის. ჩემი პროფესიის ადამიანებზე რომ ვისაუბროთ, შეიძლება, გაგიმართლოს და რომელიმე საეჭვო დონის შოუს წამყვანი გახდე, მაგრამ ეგ ძალიან დროებითი ამბავია.

– ყაირათიანი ხართ, როცა ფინანსებს ეხება საქმე?

– როცა ფულის საშოვნელად იხარჯები, მერე მის დახარჯვასაც ტვინს ატან. ქარის მოტანილი ქარს მიაქვსო, ხომ ამბობენ და ასეცაა. შრომით გამომუშავებულს კაზინოში არ დახარჯავ. ყოველ შემთხვევაში, მე არასდროს მომნდომებია კაზინოში შესვლა. სულ ორჯერ ვარ ნამყოფი და ისიც გადაღებაზე. არასდროს გამჩენია სურვილი, შევსულიყავი 500 ლარი 5 000-ად მექცია. აზარტული თამაშები ჩემგან ძალიან შორს არის, არასწორი რამ მგონია. მეგობრებში კარტი როგორ არ მითამაშია, მაგრამ ფულზე – არა. სურვილიც არ გამჩენია. მოკლედ, მფლანგველი არ ვარ (იცინის).

– კარგი წინათგრძნობა გაქვთ?

– საკმაოდ. თუ ვიცი, რომ ადამიანისგან არაფერი გამოვა, მასთან ურთიერთობას არ ვიწყებ. მაგალითად, თუ დავინახე, რომ ადამიანი უნიჭო და ჩამოუყალიბებელია, მასთან არ ვითანამშრომლებ. კი არ ვჩხუბობ, უბრალოდ, გავეცლები. შედეგი მაინც არ მექნება სასურველი და რატომ დავხარჯო დრო ტყუილად?! პირად ურთიერთობებს რაც შეეხება, თუ ადამიანთან მიმართებაში გულმა რეჩხი მიყო, ის ჩემი მეგობარი ვერასდროს გახდება. მე ვუჯერებ ჩემს წინათგრძნობას. გულთმისანი კი არ ვარ, მაგრამ ადამიანს რომ დააკვირდები, მიხვდები რისი მაქნისია. დიდი ხანია, ვისწავლე, რომ ის არ არის მთავარი, ადამიანი რას ლაპარაკობს, მთავარია, რას აკეთებს. ბევრი მოლაპარაკე მინახავს, მაგრამ გამკეთებელი – ცოტა.

მისტიკა არ მიზიდავს, ეგ ყველაფერი სისულელე მგონია. ვიღაც სიზმარს ნახავს, მერე რეალობაში რაღაც დაემთხვევა და აგებს თეორიებს. არც ზოდიაქოებს ვუყურებ მთელი სერიოზულობით, რადგან ნებისმიერი ნიშნის მახასიათებლები რომ წაიკითხო, იმდენი რამ წერია, ნებისმიერ ადამიანს მიესადაგება. დიდი ხანია, ასეთების და მით უმეტეს, რელიგიური ფანატიზმის აღარ მჯერა. განათლებას, ინფორმაციის სწორად გაანალიზების უნარს მოაქვს ის, რომ მოვლენებისადმი სწორი დამოკიდებულება გიჩნდება. ჩემი თავი ბრძენი ნამდვილად არ მგონია, მაგრამ სულ ვფიქრობ იმაზე, სად ვარ, ვისთან მაქვს ურთიერთობა, რა ხდება და რატომ. როცა ასე ფიქრობ, ამ მიმართულებით მიდიხარ და აღარ გგონია, რომ დღეში სამჯერ თუ გადააფურთხებ, ყველაფერი კარგად იქნება. ან სამჯერ აანთებ სახლში სინათლეს გასვლის წინ და იმ დღეს ყველაფერი კარგად ჩაივლის.

– საქართველოში რომ არ დავბადებულიყავი, ჩემი ნიჭით და შრომისმოყვარეობით გაცილებით ბევრს მივაღწევდიო – გაქვთ ეს განცდა?

– კი. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვცხოვრობთ კარგ სახელმწიფოში. ქვეყნის წამყვან თეატრში ვმუშაობ, რამდენიმე ფილმში ვარ გადაღებული, რამდენიმე სერიალში მივიღე მონაწილეობა, ქვეყნის მთავარ ტელევიზიაში ვახმოვანებდი. ჩემნაირი ბიოგრაფიით, წარმოიდგინეთ, ამერიკაში რა ქონების პატრონი იქნებოდა (იცინის). თუმცა არ ვწუწუნებ. როცა ჩემი წასვლა ჭკვიანური იქნებოდა, დარჩენა ვარჩიე. სხვა გზა არც მქონდა. 25 წლამდე ცოლიც მყავდა და ორი შვილიც. მაშინ ისეთი ცუდი პერიოდი იყო, მათ აქ ვერ დავტოვებდი და ალალბედზე ვერსად წავიდოდი. რაც უფრო დიდი ხარ, უფრო რთული ხდება სადმე წასვლა.

– მთავარ ადამიანებში გაგიმართლათ. მეუღლეზე ისაუბრეთ, შვილებში?

– კი, კარგი მეუღლე და შვილები მყავს და მეგობრებიც. სამწუხაროდ, ჩემი ორი მეგობარი ტრაგიკულად გარდაიცვალა და ძალიან მაკლიან. თუმცა ახლაც მყავს კარგი მეგობრები. ჩემი თაობის ადამიანებმა ბევრი მეგობრები დავკარგეთ სხვადასხვა ომში. იმაზე აღარ ვლაპარაკობთ, ძალიან შავბნელ პერიოდში რომ ვცხოვრობდით და ნარკოტიკი და ათასი საშინელება რომ ღუპავდა ჩემს თაობას.

– რა დაგეხმარათ, რომ თქვენც ერთ-ერთი იმათგანი არ ყოფილიყავით?

– ალბათ, იმან დამიცვა, რომ ჩემი საქმე მიყვარდა და ვცდილობდი, ის კარგად მეკეთებინა. ვიცოდი, რომ ამაში ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ქუჩაში ტყუილად დგომა და საქმეების გარჩევა ხელს შემიშლიდა. ობიექტური ინფორმაცია ხომ არსებობს, როგორი უნდა იყოს ადამიანი და როგორ უნდა გამოადგეს თავის ქვეყანას. მე მართლა მიყვარს ჩემი ქვეყანა, ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც კედელზე ერთადერთი – ილია ჭავჭავაძის სურათი ეკიდა და სულისკვეთებაც შესაბამისი ტრიალებდა. თუ ადამიანს სამშობლო არ გიყვარს და მის განვითარებაში წვლილის შეტანას არ ცდილობ, შეიძლება, ლოთობაც დაიწყო და ნარკოტიკების მოხმარებაც. გააჩნია, სად იზრდები, ოჯახზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ასეთ ცხოვრებას კარგ ტიპობად არასდროს ვთვლიდი. მამა თავისი ცხოვრებით ბევრი რამის მაგალითს მაძლევდა. როცა ილია ჭავჭავაძის ეტალონით იზრდები, ქუჩაში არ დადგები და მზესუმზირის ჭამას არ დაიწყებ. თუ ბავშვს პრიორიტეტებს სწორად დაანახვებ, ის „არ წავა ხელიდან“. მე ძალიან პატარა ასაკში დავკარგე მშობლები, 12 წლისამ – დედა და 17 წლისამ – მამა. ხელიდან რომ წავსულიყავი, არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ ალბათ, ამ ყველაფერმა გადამარჩინა. გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ვუყურებდი და ვხვდებოდი, როგორი არ უნდა გავმხდარიყავი. მთავარია, ადამიანს შეეძლოს კარგისა და ცუდის გარჩევა. ტყუილია, რომ ცუდ ადამიანს მაშინვე შეატყობ, რომ ცუდია. ცხოვრებაში ვისაც ყველაზე კარგად მოაქვს თავი, შეიძლება, ის აღმოჩნდეს ყველაზე ცუდი. ამიტომ, მართალია, სულ მტერს არ უნდა ეძებდე, მაგრამ მუდმივად ფხიზლად უნდა იყო. ვერავინ დამაჯერებს, რომ ამას სკოლაში ან სადმე სხვაგან სწავლობ, პირველ რიგში, ოჯახში იგებ, რა არის პრიორიტეტული და თუ გინდა, შენი ქვეყნის სწორი მოქალაქე იყო, შესაბამისად უნდა იცხოვრო. ქვეყნის სიყვარული მარტო უფლებები არ არის, უპირველეს ყოვლისა, ვალდებულებებია. ჩვენი მეზობელი სამი საუკუნეა, ზრუნავს საიმისოდ, რომ ჩვენ დაგვავიწყდეს ჩვენი სამშობლოს სიყვარული და სამწუხაროდ, მოგვიმრავლდა ფსევდოღირებულებები და ფსევდოკერპები. გამოფხიზლება გვჭირდება. სადღეგრძელოს ისე ამბობენ, იფიქრებ, გულს ამოიღებს და დადებსო, მაგრამ რეალურად დაგვავიწყდა, რას ნიშნავს საქართველოს სიყვარული და მისი მოვლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა