შოუბიზნესი

დეა არაყიშვილი: რომ მქონდეს საშუალება, ათი წლით უკან დავბრუნდე, გამორიცხულია, ეს გავაკეთო

№47

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 22:00 29.11, 2022 წელი

დეა არაყიშვილი
დაკოპირებულია

მოდელ დეა არაყიშვილის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და საპასუხისმგებლო ეტაპი დგას. ადამიანმა, რომელიც მის ცხოვრებაში სამი წლის წინ გაჩნდა, ყველაფერი შეცვალა და დეას სიცოცხლის მთავარი აზრიც აპოვნინა.

დეა არაყიშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში მოხდა, არის ის, რომ დედა გავხდი. ეს არის ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ამპლუაც, პასუხისმგებლობაც, სიხარულიც და საერთოდ, ყველა ემოცია ჩემი შვილის არსებობას უკავშირდება. მყავს გოგონა, რომელიც არის სამი წლის - ალექსანდრა, ულამაზესი ქალბატონი, რომელიც ყველაზე დიდი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში და მისი არსებობით უზომოდ ბედნიერი ვარ.

– შეგცვალათ დედობამ?

– ძალიან შემცვალა. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ ჩემს განვლილ წლებს, მიკვირს, როგორ ვარსებობდი ან რა აზრს ვპოულობდი ცხოვრებაში შვილის გარეშე. ახლა იმდენად სავსეა ჩემი ცხოვრება მისით, იმდენად ბედნიერი ვარ, ვგრძნობ ჩემი, როგორც ქალის ძირითად ფუნქციას და ჩემი ცხოვრების არსს, რომელსაც იქამდე ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. ამ გადასახედიდან მართლა ვერ ვხვდები, მანამდე რის გამო ვარსებობდი. დღეს უკვე მკაფიო პასუხები მაქვს ამ კითხვებზე. პიროვნულადაც შემცვალა ალექსანდრამ, უფრო მზრუნველი, ყურადღებიანი, პასუხისმგებლიანი და წინდახედული გავხდი. ახლა მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე არ ვარ პასუხისმგებელი, ახლა ალექსანდრა არის ყველაზე მთავარი, რომლის უსაფრთხოებასა და ბედნიერებაზე უნდა ვიზრუნო და ამიტომ ბევრად უფრო ფრთხილი და გაასმაგებულად ყურადღებიანი ვარ.

– როცა ხარ მოდელი, მთლიანად საკუთარ თავზე ორიენტირებული და აცნობიერებ, რომ დედობის გამო ბევრი რამ უნდა დათმო და გვერდზე გადადო, ამ დროს ეგოისტური ფიქრები არ თამაშობს გარკვეულ როლს?

– არცერთი წამით არ მქონია მსგავსი ფიქრები. ყველაფერს აქვს თავისი დრო, ასაკი და მდგომარეობა. არის მომენტი, როცა გრძნობ, რომ სხვა რამ არის ყველაზე მთავარი, სხვა რამეს ითხოვს შენი სულიც და სხეულიც. როდესაც შვილის გაჩენა გადავწყვიტე, ამისთვის სრულიად მზად ვიყავი, ეს იყო გააზრებული ნაბიჯი ჩემი მხრიდან. ამისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. ეს იყო ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი და აქედან გამომდინარე, მსგავსი ფიქრები არ მქონია. ბევრი გოგოსგან მსმენია, რომ ასეთი ფიქრების გამო აქვთ პოსტსამშობიარო დეპრესია, განცდები, რომ ვეღარ დაიბრუნებენ წარსულ ცხოვრებას, თავისუფლებას, რომელიც მანამდე ჰქონდათ. რაც არ უნდა განსაკუთრებული პირობები გვქონდეს, ისეთი თავისუფალი ვერასდროს იქნები, როგორიც შვილის გაჩენამდე, ეს ფიქრი ყველა ქალბატონს აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, არასდროს მქონია განცდა და არასდროს დამნანებია ცხოვრება, რომელიც ალექსანდრამდე მქონდა. იმიტომ, რომ ეს არ იყო სპონტანური ამბავი, როგორც ვთქვი, დიდი ხანი ვემზადებოდი და შვილის დაბადებას მზად შევხვდი. კიდევ ერთი მომენტია, ის, რაც მე ჩემი მანამდელი ცხოვრებიდან მომწონდა, ახლაც მაქვს. ვახერხებ დედობისა და ჩემი საყვარელი საქმის შეთავსებას. ახლა ჩემი ძირითადი აქტივობები ჩემი შვილის აღზრდას უკავშირდება, თუმცა, პროფესიული თვალსაზრისითაც მალე მექნება გასაზიარებელი კარგი ამბები. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია, მთავარი ვთქვა, ვარ ძალიან ბედნიერი და რეალიზებული, როგორც ჩემი პირადი ცხოვრებით, ისე პროფესიული კუთხით. საქმიანი თვალსაზრისით ჯერ ბევრი რამ პროცესშია, ამიტომ საიდუმლოდ დავტოვებ.

– პატარას დაბადების შემდეგ ჩვეულ ფორმას როგორ დაუბრუნდით?

– მსმენია, რომ ქალბატონები ბავშვის გაჩენის შემდეგ ვეღარ უბრუნდებიან იმ ფორმას, როგორიც მანამდე ჰქონდათ. ალბათ, ამ მითის შესახებ ყველას გაგვიგია. მეც მქონდა გარკვეული შიშები, იმის გამო, რომ ჩემი სხეული ვეღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც მანამდე. მე ამ საკითხს ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი და პრაქტიკულად, მთელი ცხოვრება ვვარჯიშობდი. ვარჯიშის, დაახლოებით, 12-წლიანი გამოცდილება მაქვს. როცა „მის საქართველო“ გავხდი, ანუ 2010 წლის შემდეგ, ვარჯიში არ შემიწყვეტია. ეს იყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი, ყოველდღიური ნაწილი და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. როდესაც ბავშვი გაჩნდა, ვარჯიშის შეწყვეტა მომიწია და გულწრფელად გითხრათ, შიშით ველოდი მომენტს, როცა ვარჯიშს დავიწყებდი, ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა ჩემი ძველი ფორმის აღდგენას. ყველამ თავის ინდივიდუალურ გამოცდილებაზე უნდა ისაუბროს, მე ჩემი ახლანდელი ვიზუალი იმაზე ბევრად მომწონს, ვიდრე ის, როგორიც ბავშვის გაჩენამდე მქონდა. ეს შეიძლება, ფსიქოლოგიური, ან პლაცებოს ეფექტია, ან იმდენად ბედნიერი ვარ დედობით, რომ ახლა უფრო მელამაზება ჩემი სხეული. არ ვიცი მიზეზი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა უკეთესი ვიზუალი მაქვს. თუმცა, სხვა შეიძლება, არ დამეთანხმოს, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და გემოვნების ამბავიცაა. ასეა თუ ისე, დღეს, ჩემს თავს სარკეში რომ ვუყურებ, ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე ბავშვამდე. ამაში დამეხმარა ვარჯიში, რომელიც ძუძუთი კვების დასრულების შემდეგ დავიწყე. ვარჯიშთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის სწორ კვებასაც. ამ მხრივაც მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს და არც ორსულობის დროს მიმიცია თავისთვის ყველაფრის უფლება.

– რომ ამბობენ, დედას ყველაფერი შეუძლია, შვილის გაჩენის შემდეგ ქალს ისეთი ძალა ეძლევა, მთებს გადადგამსო, ასეა? შეგმატათ დედობამ ძალა?

– შემიძლია ვთქვა, რომ მეტი პასუხისმგებლობა მეტ ენერგიასა და ძალასაც ნიშნავს. მე ვფიქრობ, რომ არც იქამდე ვყოფილვარ მაინცდამაინც სუსტი გოგო, რომ რაღაცებისთვის თავის გართმევა ან სირთულეების გადატანა გამჭირვებოდა. უნდა აღვნიშნო, რომ არც ისე მარტივი და ფიანდაზებით მოფენილი ცხოვრება მქონია. აქამდე მოსასვლელად ბევრი სირთულე გავიარე, თან, ძალიან სერიოზული. ვფიქრობ, რომ მაშინაც ღირსეულად ვართმევდი თავს ყველა სირთულეს, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა და ახლა გაორმაგებული ძალა მაქვს, რადგან მხოლოდ საკუთარი კი არა, ჩემი შვილის ცხოვრების მიმართ ვგრძნობ პასუხისმგებლობას. მინდა, ჩემი შვილი დავიცვა და ავარიდო ის ყველაფერი, რაც მე გადავიტანე. დავიცვა ყველაფერი ცუდისგან, რაც მე გამომიცდია.

– ვინც სოციალურ ქსელში, ეკრანებზე და პრესის ფურცლებზე გადევნებთ თვალს, თქვენგან გაუკვირდება სირთულეებზე საუბარი. მგონია, რომ პირიქით, ბევრი ფიქრობს, ნეტავი ამას რა უჭირსო.

– კი, ასეთები ბევრი მსმენია ჩემ შესახებ (იცინის). ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე მართლა ძალიან ბედნიერი ვარ და სოციალურ ქსელშიც ზუსტად ამას ვაჩვენებ ადამიანებს. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან რთული ეტაპები. ახლა ვფიქრობ, ის ყველაფერი რომ არ გამომევლო, ალბათ, ის დეა არ ვიქნებოდი, რაც ახლა ვარ. მაშინ ვფიქრობდი, რომ მე ამას არ ვიმსახურებდი, რთული იყო, მარტოს მომიწია სირთულეების გადალახვა, ცხოვრების მიმართ უსამართლობის განცდა მქონდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ასე იყო საჭირო და არაფერს ვნანობ. ახლანდელი დეა ძალიან მომწონს, ვაფასებ და ეს ზუსტად ჩემი განვლილი გზის დამსახურებაა.

– ალექსანდრას მამაზეც მინდა, ვისაუბროთ...

– ამ საკითხს დავიცავ საჯაროობისგან, არ დავკონკრეტდები. ვიტყვი, რომ ალექსანდრას მამა არის ჩემი საყვარელი ადამიანი და ალექსანდრა არის დიდი სიყვარულის ნაყოფი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილს ჰყავს ღირსეული და ამქვეყნად ყველაზე მაგარი მამა, როგორსაც, ვფიქრობ, ყველა ბავშვი ისურვებდა.

– ცოტა ხნის წინ დაბადების დღე გქონდათ – 33 წლის გახდით. როგორია ასაკის მატებისა და საკუთარი დაბადების დღისადმი დამოკიდებულება?

– მახსოვს ჩემი განცდები, როცა გავხდი 13 წლის, 20 წლის... მაშინ ვნერვიულობდი ასაკის მატებაზე (იცინის). განვიცდიდი, უკვე ძალიან დიდი მეგონა თავი. ახლა, როცა 33 წლის ვარ, ვერ წარმოიდგენთ, რა დონეზე მიყვარს ჩემი დაბადების დღე, როგორი ბედნიერი ვარ, რომ 33 წლის ვარ და არა 13-ის ან 20-ის. რომ მქონდეს საშუალება, ათი წლით უკან დავბრუნდე, გამორიცხულია ეს გავაკეთო. ჩემი თავი ყველაზე მეტად ახლა მომწონს, როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად. სრულ ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან. მომავალი წლის დაბადების დღეზე უკვე აქედანვე ვფიქრობ. ერთი სული მაქვს, როდის გავხდები 34 წლის. ვფიქრობ, რომ არცერთი ქალბატონი არ უნდა მალავდეს ასაკს, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს და რაც დრო გადის, უკეთ ვხვდები ამას. ძალიან დიდი ინტერესით ველოდები, როდის გავხდები 70 წლის, თუ გავხდები (იცინის). დარწმუნებული ვარ, მაშინაც აღმოვაჩენ საინტერესო ამბებს, რომელიც ცხოვრებას გამილამაზებს. არცერთი ასაკის არ მეშინია, თუ მოხუცებულობას მივაღწიე, წარმოდგენილი მყავს საკუთარი თავი, ჭაღარა, წითელი პომადით და ლამაზი ლუქებით. მინდა, რომ დავბერდე და ყველა ასაკში ჩემი ცხოვრების სიხარულები მქონდეს, ასე რომ, ასაკის მატება, პირიქით, ბედნიერებას მანიჭებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი