შოუბიზნესი

დავით კვირცხალია: როგორც კი ჩემი პერსონაჟი ვიღაც კონკრეტულს დაემსგავსება, ესე იგი, დამთავრდა ამბავი

№24

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 22.06, 2021 წელი

დავით კვირცხალია
დაკოპირებულია

სერიალ „ჩცდ“-ს პერსონაჟ გრიშა კაკაჩიასა და ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას შორის პარალელებზე საუბარი ბიზნესმენის საზოგადოებაში გამოჩენისთანავე დაიწყეს. რას ფიქრობს ამაზე კაკაჩიას როლის შემსრულებელი თავად გვიამბობს. დავით კვირცხალიასთან საუბარი ქალბატონ მარინა ჯანაშიათი დავიწყეთ, მსახიობით, რომელმაც ყველას გულში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა და რომელმაც ახლახან დაგვტოვა.

დავით კვირცხალია: ჩვენ ერთად დავამთავრეთ ინსტიტუტი, მე და მარინა ვიყავით რომეო და ჯულიეტას როლის შემსრულებლები რუსთაველის თეატრში. სცენაზე ის ჩემი საუკეთესო პარტნიორი გახლდათ. ძალიან გონიერი ქალბატონი ბრძანდებოდა. ხშირად გაგვიგია ქალებზე მითი, თითქოს ლამაზი და ჭკვიანი ერთდროულად არ შეიძლება იყოს, მარინა ერთიც იყო და მეორეც. მასთან მუშაობა დიდი სიამოვნება იყო. გვეგონა, მოერია ამ საშინელ სენს და სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა, რის გამოც ძალიან მტკივა გული და მასზე წარსულში საუბარი მიმძიმს. როცა რუსთაველის თეატრში ახალი თაობა მივედით, გიგანტი მსახიობები დაგვხვდნენ. ჩემი პირველი პარტნიორი კახი კავსაძე იყო, ბატონი ეროსი მაჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი... რომელი ერთი გავიხსენო. ბატონი ეროსი ძალიან ახალგაზრდა – 57 წლის წავიდა. საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, რომლის კარიც მისთვის ღია არ იყო. დიდი ბედნიერებაა, ასეთი ადამიანებთან შეხება რომ მქონდა.

– უფროსი თაობის წარმომადგენლების წასვლა თითქოს კანონზომიერებაა და მიჩვეულები ვართ. თუმცა, როცა თქვენი თაობის ადამიანები გვტოვებენ, გიჩნდებათ შიში?

– ადამიანი რომ მიდის, ამასთან შეგუება ძალიან გიჭირს. მართალი გითხრათ, მეც არ ვარ ახალგაზრდა. ადამიანი ფიქრობს, რომ ეს გარდაუვალი რამეა, მაგრამ ასე რომ გახშირდა გარდაცვალებულების რიცხვი, ძალიან რთულია. ერთი კვირის წინ ჩემი კურსელი დავასაფლავეთ და ძალიან განვიცადე. ცხოვრების გზები წყდება, გადებული ხიდები ტყდება. როცა ჩემი თანატოლი მიდის, მე ვღარიბდები, მარტოობისკენ მივდივარ. შესაძლოა, შენ გაასწრო სხვას, მაშინ შენ სხვას აღარიბებ, ესაა ცხოვრების კანონზომიერება. მაგრამ პანდემიამ კიდევ უფრო გააძლიერა შიში და საფრთხის პირისპირ დაგვაყენა. ჩემმა პედაგოგომა მითხრა, ყოველ დღეს ისე უნდა შეხედო, როგორც უკანასკნელსო, ეს შემოქმედი ხალხისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიტყვებია. ღმერთმა ნუ ქნას, კაცობრიობა ყოველდღე ამაზე ფიქრობდეს, მაგრამ ხელოვნება სულ გახსენებს, რომ ყოველდღე მაქსიმალური უნდა გააკეთო. ქართველებს, მით უმეტეს, ასეთი სიტყვა გაქვს – „წუთისოფელი“ და ის სწრაფად და ღირსეულად უნდა გაიარო. ამქვეყნიდან მდიდარი უნდა წახვიდე. მატერიალურ დოვლათს არ ვგულისხმობ. არც ეგ არის ცუდი, მაგრამ არა – მთავარი.

– როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, ფრთხილი და ემოციური ხართ? ამას პანდემიის ფონზე უკეთ მიხვდებოდით.

– ამ საქმეს თავიდანვე ძალიან სერიოზულად შევხედე, ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რამ პირველად ხდება. შეძლებისდაგვარად, ყველა შეზღუდვას ვემორჩილებოდი. უკვე ორჯერ ავიცერი, არც დავფიქრებულვარ. ყველამ უნდა ავიცრათ, სხვა გზა არ არის. ორი შვილიშვილი მყავს და ამ პერიოდში თავზე ხელს თუ გადავუსმევდი. არადა, ისე მინდა ბავშვების კოცნა და ჩახუტება, ისე მომენატრა, ვერ აღგიწერთ, მაგრამ მაქსიმალურად დისტანცირებული ვიყავი. ამას ძალიან განვიცდი. დრო გადის, ბავშვები იზრდებიან და შენ ბოლომდე ვერ ირგებ ამ პერიოდს.

– ეს პერიოდი თბილისში გაატარეთ თუ მშობლიურ მხარეში?

– პანდემიის ძირითადი ნაწილი ჩემს მხარეში – სამტრედიაში გავატარე. იქ გავიზარდე, სკოლა იქ დავამთავრე და იქაურობა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. შვილებს მოვცილდი, რომ ყველა ერთად არ ვყოფილიყავით და ღვთის წყალობით, გადავრჩით. როცა წყნარი და დალაგებული ცხოვრება გვქონდა, ექიმთან მისვლა მაინცდამაინც არ მიყვარდა. მაგრამ, როცა ასეთი გაურკვეველი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, უფრო მობილიზებული გავხდი. სულ ვფიქრობდი, რამე არ შემეშალოს, რამე არ გამომრჩეს-მეთქი. პანდემიამდე თუ რამე ამტკივდებოდა, ვფიქრობდი, თავისით გამივლის-მეთქი, მაგრამ ახლა რომ წამომახველებს, უკვე პანიკაში ვვარდები.

– სამსახურების ნაწილიც გაჩერდა. თუმცა ცოტა ხნის წინ სერიალი დაიწყო, რაც შემოსავალსაც ნიშნავს და ალბათ, ემოციურად დიდი დატვირთვა ჰქონდა.

– შემოსავალი – დიდი არაფერი, რაც უნდა იყოს, ყველაფერი ისე გაძვირდა, ამ შემოსავალს სიმბოლური ხასიათი აქვს. ასეთი სერიალი რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში იყოს, ყველა მონაწილეს საგრძნობლად დაგვეტყობოდა. არაჩვეულებრივი პროექტია, პანდემიასაც გამოვეხმაურეთ ირონიზირებულად. სამწუხაროა, რომ ადამიანების ნაწილი, ამას სერიოზულად აღიქვამს. ეს ხომ, უბრალოდ, რეალობის ანარეკლია, ეს ხომ ქრონიკა არაა. ესაა გამხატვრულებული მოცემულობა და ყველა ეპიზოდში ის ტკივილია ჩადებული, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს.

ვიღაცას უნდა, პერსონაჟები რეალურ ადამიანებს შეადაროს. სიუჟეტი ვნახე პოლიტიკურ თოქ-შოუში, თითქოს გრიშა კაკაჩია კლიმენტი კეკუტიას პროტოტიპია. ექვსი წელია, მე ამ როლს ვთამაშობ, ის გუშინწინ გამოჩნდა და როგორ შეიძლება, ეს ასე იყოს?!

ცხოვრებას გარკვეული კანონები აქვს, როცა მათ სწორად გახსნი, იმ საიდუმლოებებს ამოატივტივებ, რომელიც პერსონაჟების უკან იმალება. ადამიანები სულ ვიპრანჭებით, რეალურ სახეს არასდროს ვაჩენთ. შეიძლება, გაბრაზებული იყო, მაგრამ ცხოველი არ ხარ, რომ ყოველ გაბრაზებაზე იღრინებოდე. მსახიობი კი ცდილობს, გაგიხსნას გმირის რეალური სახე და მერე მაყურებელი მას ვიღაცას ამსგავსებს. ეს მე არ მიმაჩნია სწორად. როგორც კი ჩემი პერსონაჟი დაემსგავსება ვიღაც კონკრეტულს, ესე იგი დამთავრდა ამბავი.

აქ არაა ჩადებული ერთი კონკრეტული სახე, ეს კრებითი სახეა. ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ფულიც აქვთ და სიკეთის გაკეთებაც უნდათ, მაგრამ ვერ ერკვევიან, რა არის კარგი და რა – ცუდი, ამიტომ მათ გაკეთებულ საქმეს მადლი არ აქვს. ვერც პოპულარობას აღწევენ და ვერც დამსახურებულები ხდებიან, რადგან გაუგებარი მიზნები აქვთ.

ჩემი, როგორც მსახიობის, მიზანი არ ყოფილა, გრიშა კაკაჩია ვინმეს დამსგავსებოდა. არ ვიცი, ვის დასჭირდა ამხელა პარალელები. საწყენი არაფერია, მაგრამ არასწორია. მე ვერ ვამსგავსებ კლიმენტი კეკუტიას გრიშა კაკაჩიას. დღეს, ვითომ, ყველამ იცის, როგორ უნდა ხალხის აშენება. არ არის ასე, სხვის საქმეში ძალიან მაგრები ვართ. ვფიქრობ, რომ ყველა და, მათ შორის მსახიობი, თავის საქმეს უნდა აკეთებდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა