შოუბიზნესი

დავით ღვინიანიძე ამერიკაში 2 000კაციან ბოჰემური თავშეყრის ცენტრს ხსნის

№13

ავტორი: ია ჯღარკავა 14:00 07.04, 2021 წელი

დავით ღვინიანიძე
დაკოპირებულია

დავით ღვინიანიძე – მსოფლიოში ცნობილი ოპერის მომღერალი, ბარიტონი – საზოგადოებრივი მოღვაწეობით, ქველმოქმედებითა და მეცენატობითაც ცნობილია. იგი მთელი მსოფლიოდან კრებს ნიჭიერ ბავშვებს და წარმატებით უკვალავს გზას მუსიკალური ხელოვნების სამყაროში.

დავითის გზა საქართველოდან ამერიკამდე და ემიგრანტული ცხოვრება მარტივი არ ყოფილა, თუმცა თავისი ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობითა და მიზანსწრაფულობით იმდენს მიაღწია, რომ დღეს პოპულარული ადამიანია, რომელსაც „მსოფლიო ოპერის ვარსკვლავს“ და „რუსული ოპერის კარუზოს“ უწოდებენ. ფილადელფიაში კი მისი სახელობის კულტურის ცენტრიც არსებობს.

– დიდი ხელოვანები ბავშვობაში მეტად უცნაურები არიან. თქვენ როგორი იყავით და რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

– ვფიქრობ, ჩემი ბავშვობა ზედმეტად დატვირთული იყო. მშობლები არაფერს იშურებდნენ, რათა მეტ სფეროში გამომევლინა ნიჭი და უნარი. ჩემი თანატოლები ქუჩაში რომ თამაშობდნენ, მე ენციკლოპედიებს ვკითხულობდი და ჩემს საავტორო გადაცემებს ვგეგმავდი. მაშინ, როცა ხმის სავარჯიშოებს ვასრულებდი, ჩემი თანატოლები გაივლიდნენ ჩემი სახლის წინ და ეცინებოდათ. მერე კი, როცა საქართველოდან წასული იქიდან წარმატებული ჩამოვდიოდი, ჩემი მეგობრები მეტყოდნენ ხოლმე, ნეტა ჩვენც შენსავით გვემღერა და გვევარჯიშა, შენისთანა წარმატებული ხომ ვიქნებოდითო. კონსერვატორიის პირველ კურსზე სწავლისას ღამეებს ვათენებდი და როცა ჩემი ოჯახის წევრებს ეძინათ, მე აჭარის, ქუთაისასა და „პირველი არხის“ ტელევიზიებისთვის გადაცემებს ვამზადებდი.

– როგორი იყო გზა სახლიდან დიდ სცენამდე კულისების გავლით?

– დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მშობლებს, რომლებიც უნიკალურებიც იყვნენ და ბარიკადებიც, რადგან არ სჯეროდათ, ჩემი ხმით მწვერვალების დაპყრობა თუ შემეძლო და ჩემგან სხვა პროფესიის დაუფლებას მოითხოვდნენ.

მახსოვს, როგორ დადიოდა მამა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებთან და აფრთხილებდა, ჩემთვის მაღალი ნიშანი დაუმსახურებლად არ დაეწერათ. აი, ასე მიწევდა ბრძოლა ორ ფრონტზე – პოლიტექნიკურ სასწავლებელსა და კონსერვატორიაში, რომლებიც წითელ დიპლომებზე დავამთავრე. ღვინის ტექნოლოგის დიპლომი მამას ვაჩუქე, ხოლო მედეა ფანიაშვილის მუსიკალური აკადემიის დასრულების შემდეგ წავედი საზღვარგარეთ, რათა ჩემი წარმატების არეალი გამეფართოებინა.

– სცენური და პროფესიული ინტრიგები – რატომ იმარჯვებს დავით ღვინიანიძე?

– ჩემი კარიერა საქართველოში დაიწყო. 18 წლისა უკვე ქუთაისის ოპერის სოლისტი ვიყავი, საავტორო გადაცემებს ვამზადებდი, ვმასწავლებლობდი.

დავამთავრე თუ არა პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, 2000 წლის 7 მაისს რუსეთში გავემგზავრე. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ნიუპორტის თეატრი და შვეიცარიის სცენა მიწვევდა, მე მაინც მოსკოვი ავირჩიე. სწორედ, აქედან დაიწყო მომღერლის ინტრიგებით სავსე ცხოვრება. ჩემი ორგანიზაცია რუსეთში, ევროპასა და აზიის ზოგ ქვეყანაში ძალიან პოპულარული იყო და უამრავ პროექტს ახორციელებდა.

ზოგადად, მომღერლები წარმატებული კოლეგის აღიარებას რთულად ეგუებიან, მით უმეტეს, როცა ვიღაც ახალი მომღერალი ასე ადვილად აღწევს მიზანს მაშინ, როცა მათ თეატრალური როლების მისაღებად ბარიკადების გადალახვა მოუხდათ. ვიდრე ამ ინტრიგებში ჩემს არსებობას შევეჩვეოდი, მძიმე წლები გავიარე – ისინი, ვინც მეგობრებად მიმაჩნდა, ჩემი წარმატების შემდეგ არ მესალმებოდნენ. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო. მე კი ყოველთვის ძალიან თავაზიანი ვიყავი, რომლის საპირისპიროდ რუსულ აგრესიას ვიღებდი ხოლმე, რაც თეატრებში ძალიან ხშირია. უნდა აღვნიშნო, რომ მოსკოვმა შემძინა შემართება და აგრესიასთან დაპირისპირების უნარი, რაც ჩემი მთავარი ფუნდამენტი გახდა.

– დადებითი და უარყოფითი თვისება – რა წარმართავს წარმატებისკენ თქვენს საქმიანობას და რას მიიჩნევთ ხელისშემშლელ მიზეზად?

– მე ხშირად მიწევდა ჩემი თავისა და ქართული ხასიათის მოთოკვა, რათა მეტი წარმატებისთვის მიმეღწია. ვამაყობ ქართველობით, იმითაც, რომ მე შევძელი, მიმეღო სხვადასხვა კულტურის პოსტულატები და მათი სინთეზისთვის მიმეღწია ჩემს ხელოვნებაში.

– ამერიკა თუ რუსეთი – რა ხიბლი აქვს ხელოვანის ცხოვრებას ამერიკაში?

– რა თქმა უნდა, ამერიკა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ყოფნის დროს, 2000–2006 წლებში, ამერიკაში ცხოვრება ვერც წარმომედგინა. შეიძლება ითქვას, ამერიკა პროფესიამ იძულებით მოიტანა ჩემს ცხოვრებაში, როცა გასტროლს დავთანხმდი. მომხიბლა ამერიკულმა ხასიათმა, ერთგულებამ. ამერიკაში ფონდ „მსოფლიო ტალანტების“ მუსიკალური ფესტივალის „ყოველწლიური საერთაშორისო საშობაო ფესტივალი კარნეგი ჰოლის სცენაზე“ დაარსება უდიდესი მიღწევაა. მით უმეტეს, „კარნეგი ჰოლმა“ ამ ფესტივალში თავისი სახელის გამოყენების უფლება მოგვცა.

ერთ–ერთი საერთაშორისო კონკურსი ახალგაზრდა ვოკალისტებისთვის, რომელშიც 18–დან 43 წლამდე მომღერლები მონაწილეობენ, ამერიკულმა პრესამ საუკეთესოდ აღიარა.

– რას გეგმავთ მომავალში – პანდემიის შემდეგ თქვენი სცენაზე დაბრუნება იქნება თუ არა ტრიუმფალური და ხმაურიანი?

– მასშტაბურ პროექტს ვგეგმავ ფილადელფიაში, მის უნიკალურ ზონაში, რომელსაც გარშემო ექნება დიდი სივრცე, დაახლოებით 12–13 აკრი, სადაც მოეწყობა ულამაზესი ბაღი და საპარკინგე ადგილი 200 მანქანისთვის. ერთი სიტყვით, ეს იქნება უნიკალური სივრცე ხელოვანებისთვის – უზარმაზარ შენობაში გაიხსნება „დავით ღვინიანიძის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი“, სადაც მოეწყობა 2 000-კაციანი საკონცერტო დარბაზი. ეს იქნება ადგილი, სადაც ძალიან ბევრი მუსიკოსი შეძლებს თავისი ხელოვნების დემონსტრირებას. სხვათა შორის, ეს ცენტრი უნდა იქცეს ბოჰემური თავშეყრის ადგილად მხატვრებისთვის, მოცეკვავეებისთვის და ყველა ხელოვანისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი ცენტრი მხოლოდ ფილადელფიაში არ გაიხსნება, მომავალ წლებში მისი გახსნა იგეგმება ბოსტონში, ნიუ-ჯერსიში, ნიუ-იორკში, მაიამსა და სხვაგან. ეს გახლავთ ჩემი გლობალური და მასშტაბური გეგმა შემდეგი ათწლეულისთვის. ეს ხელოვნების ოაზისები, რომლებიც ჩემს სახელს დაუკავშირდება, ბედნიერს მხდის.

რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პროექტებს, რომლებიც ჩემი ფონდის – „მსოფლიო ტალანტების“ დაფინანსებით პანდემიამდე ხორციელდებოდა, გაგრძელდება, მათ შორის, „ქუთაისის ოპერის საერთაშორისო ფესტივალიც“.

აღდგება მუსიკალური პროექტი „გზა კარნეგი ჰოლისკენ“, რომელმაც მომღერალ ალექსანდრე ზაზარაშვილს უკრაინულ „საბავშვო ვოისში“ გამარჯვება მოუტანა.

მე გახლავართ ალექსანდრე ზაზარაშვილის პროდიუსერი და მალე ჰოლივუდურ შოუებში ერთად მივიღებთ მონაწილეობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი