შოუბიზნესი

დათო ლიკლიკაძე: დედისთვის რომ მომესმინა და დამეჯერებინა, სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი და რეალობასაც ავცდებოდი

№7

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 19.02

დათო ლიკლიკაძე
დაკოპირებულია

ყველასათვის საყვარელი, ენაკვიმატი და პოზიტიური დათო ლიკლიკაძის წარმატებულ ცხოვრებაში მთავარი როლი დედამ ითამაშა. მართალია, მკაცრი დედა იყო, თუმცა შვილისთვის ყველაფერს აკეთებდა, შეუძლებელსაც კი და რაც მთავარია, გამოსდიოდა. ახლა, როცა დათო თავად გახდა მშობელი, კარგად ესმის დედის განცდების. მას არც დედის ამაგი დავიწყებია, არც პირველი სამსახური და არც პირველი ხელფასი. ამბობს, რომ ყველაზე სუსტი და მგრძნობიარე მაშინ ხდება, როცა საქმე მისი შვილის პატარ-პატარა წარმატებებს ეხება.

დათო ლიკლიკაძე: ჩემი პირველი გამოჩენა „იბერვიზიაში“ იყო 1993 წელს. პირველი სიუჟეტი რომ გავიდა, ისე ამივარდა თავში, გადასასვლელზე ფრთხილად გადავდიოდი, ვფიქრობდი, არ დავღუპო ქართული ჟურნალისტიკა-მეთქი, ჩემს თავს არ ვჩიოდი (იცინის).

– როგორ მოხვდი ტელევიზიაში 17 წლის ბიჭი?

– თეატრალურიდან ჟურნალისტიკაზე რომ გადავედი და ქუთაისში ჩამოვედი, „იბერვიზია“ ქუთაისის ფილიალში ჟურნალისტებს კრებდა. მაშინ იქ ჩემი კოლეგა ჟურნალისტები მუშაობდნენ და თქვეს: დათო ავიყვანოთ ჩვენთანო. ასე მოვხვდი ქუთაისის ფილიალში. ცალკე არხი გვქონდა. ხელმძღვანელობა კი თბილისსა და ქუთაისში ერთი იყო.

– ახლახან პოსტი დადე, სადაც წერდი, 21 წლის ასაკში დედამ ქამრით მცემაო და რის გამო დაიმსახურე ასეთი დასჯა?

– მოკლედ, ზუსტად 21 წლის რომ ვიყავი, ბოლოს მაშინ მცემა დედაჩემმა. გერმანიიდან ყვითელი მაისური ჩამოვიტანე და დედაჩემის კივილი მთელ საფიჩხიას ესმოდა. მამაჩემს ეუბნებოდა: ნოდარი, მოკალი, შენმა შვილმა ეს ყვითელი „მაიკა“ თუ უნდა ჩაიცვას, კაცობის ამას არაფერი აცხიაო. კაი, თამილა, აცადე, რაც უნდა, ის ჩაიცვასო, – ეს რომ თქვა მამაჩემმა, მაშინ ატყდა კივილი, მაგრამ რა ატყდა. მამაჩემი სახლიდან გაიქცა, მე ვერ გავასწარი და ზურგში ჩამცა მამაჩემის სქელი ქამარი. იმ დღის მერე ყვითელ ფერს რომ ვუყურებ ახლაც დედაჩემის კივილი ჩამესმის და ზურგი მეწვის (იცინის). ახალი თაობის მკითხველისთვის განვმარტავ, რომ მაშინ მთელ თაობას შავი ფერი გვეცვა, ყვითელი მკვეთრად განსხვავებულს ნიშნავდა. სხვათა შორის, დედას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებებში. მიაჩნდა, რომ გენიოსი ვიყავი, ძალიან ნიჭიერი და ეს დამაჯერა (იცინის). დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე. ცნობილ პირველ სკოლაში რომ შემიყვანა, სადაც აკაკი წერეთელი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ექთიმე თაყაიშვილი, ნიკო ნიკოლაძე და კიდევ ბევრი გამოჩენილი ადამიანი სწავლობდა, ეს ისტორია ბევრჯერ მაქვს მოყოლილი. კომუნისტების დროს ბავშვებს სკოლაში უბნის მიხედვით იღებდნენ და წესით, არ მეკუთვნოდა. თან, თუ ვიღაცის შვილი არ იყავი, იმ პირველ სკოლაში ასე უბრალოდ არ გიღებდნენ. მე, არავის შვილი, თან, უბნით არ მეკუთვნოდა, ვინ მიმიღებდა? მოკლედ, რომ შემიყვანა დირექტორის კაბინეტში და უარი უთხრა. ჰკითხა: სად ცხოვრობთ, ქალბატონო? დედამ უპასუხა: საფიჩხიაზეო. მერე, საფიჩხიიდან პირველ სკოლამდე, ოთხი სკოლაა და ოთხივე რომ გამოიარეთ, მაინცადამაინც პირველი სკოლა მოგინდათო? სკოლის დირექტორი წარმოშობით ვანიდან იყო და დედაჩემიც არ დაიბნა და მიახალა: ვანიდან ქუთაისამდე რამდენი სკოლა გამოიარე, პირველი სკოლის დირექტორობა რომ მოგინდაო? (იცინის) აუტყდა სიცილი დირექტირს და ამ პასუხის გამო კი ჩავირიცხე პირველ სკოლაში. ახლა, როცა მეც მშობელი ვარ, კარგად მესმის დედაჩემის განცდები და შემართება. სხვათა შორის, ყველაზე სუსტი მაშინ ვხდები, როცა ეველინის პატარ-პატარა წარმატებებს ეხება საქმე. ამას წინათ ანსამბლ „შვიდკაცას“ კონცერტის შემდეგ, შვილთან ერთად საგრიმიოროში შევედი, ბიჭებისთვის ეს მაგარი კონცერტი უნდა მიმელოცა. ანსამბლთან მეგობრობა მაკავშირებს, მათი კონცერტებიც კი მიმყავდა სხვადასხვა დროს. კულისებში ეკა მამალაძე შეგვხვდა და – ეველინ, შენ აქ ხარო... მერე ნატო მეტონიძემ და ნუკრი კაპანაძემ დაუძახეს: ეველინ, როგორ ხარო, ბოლოს ლიზა ბაგრატიონმა მოიკითხა: ეველინ, გუშინ მამიკომ ხაჭაპური თუ მოგიტანაო? წინა დღით ერთად ვიყავით ჩემი მეგობრის, მზიკოს ოჯახში და იქიდან გამატანეს ბავშვთან. ეველინი მეკითხება: მამა, თუ იცი, ასე პოპულარული რატომ ვარო? ვუპასუხე: „მამიკოს იცნობენ!“ შემომხედა და მითხრა: მამიკო არა, ის კიდევ, ალბათ, „ენკი ბენკის“ უყურებენ. მეც ხომ ვმღერი „წკაპ-წკუპ, წკაპ-წკუპ, წვიმა მოსულა“ და იქიდან მცნობენო (იცინის). დაბადების დღე სადღესასწაულო ცენტრში გადავუხადეთ და წამყვანმა რომ გამოაცხადა: ახლა კი ეველინის მშობლებს ვთხოვთ, ამობრძანდნენ სცენაზე, ვარსკვლავის გახსნას დაესწრონო და აინთო ფოიერვერკი, უნდა გენახათ რანაირად გამაჟრჟოლა მთელს ტანში. მეგონა, ჩემი შვილი „ოსკარს“ იღებდა და ჩვენ, ოჯახი, ლოს-ანჯელესში, „კოდაკის“ თეატრში ვიყავით მიწვეული. ვიდექი ამაყად ეველინის გვერდით და სანამ ფოიერვერკი არ ჩაცხრა, ჩემზე ამაყი ადამიანი არ იყო დედამიწის ზურგზე. მართლა რომ რამეს მიაღწინოს ჩემა შვილმა და ღმერთმა მიაღწევინოს, ალბათ, ვერ გადავრჩები, ჭკუიდან გადავალ, ემოციებისგან გადავიწვები, ბედნიერებისგან წავილეკები... მახსოვს, პირველ კლასში დროშა და ვარსკვლავი დამიწერა მასწავლებელმა, ჩემს დროს პირველ კლასში ნიშნები არ იწერებოდა და რომ სტაცა რვეულს ხელი დედაჩემმა და მამაჩემს შესძახა: ნოდარი, გამოიყვანე მანქანაო... მანქანით შემოირბინა ნათესაობა და ყველას აჩვენებდა ამ დროშასა და ვარსკვლავს – გენიოსი მეზრდებაო... ქუთაისში ხომ ისედაც ყველას, ჩემი ჩათვლით, გენიოსი ჰგონია თავი, დედაჩემი მთლად მაგიჟებდა. ტელევიზორში პირველად რომ გამოვჩნდი, კი გახსოვთ, რას ვგავდი და დედაჩემმა, შენნაირი ლამაზი ტელევიზორში ჯერ არავინ გამოჩენილაო (იცინის).

– როგორც ვიცი, ეველინი ნიჭიერი ბავშვია და მომავალში აუცილებლად მიაღწევს წარმატებებს. სიმღერის ნიჭი ვისგან დაჰყვა?

– მამისა და მშობლის გადმოსახედიდან ვფიქრობ, კარგი სმენა აქვს და კარგად მღერის. მაგალითად, დედაჩემი რომ ნახავდა ტელევიზიით „სუხიშვილების“ ცეკვას, ამბობდა, ჩემი დათო უკეთესად ცეკვავსო. ერთხელ, მახსოვს პაატა ბურჭულაძე მღეროდა და თქვა: დათოს უკეთესი ბანი აქვსო (იცინის). გაგიჟებული იყო ჩემზე და უკვე სასაცილო იყო მისი საქციელი. ეს მისი ქცევა მომეხმარა თავდაჯერებული ვყოფილიყავი, მაგრამ განვითარებაში ის მომეხმარა, რომ ეს ყველაფერი ბოლომდე არ დავიჯერე. ეს რომ დამეჯერებინა, სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი და რეალობასაც ავცდებოდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა