დათო კენჭიაშვილი: რომ წარმოვიდგენ, 500 მილიონ ადამიანზე მეტი მიცნობს, ფსიქიკასთან პრობლემები მეწყება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 06.03

7 მარტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დათო კენჭიაშვილის სოლო კონცერტი გაიმართება, რომელსაც მომღერალი დედას უძღვნის.
დათო კენჭიაშვილი: დედის დღესთან დაკავშირებით მე ყოველ წელს ვატარებ კონცერტს. არ აქვს მნიშვნელობა დარბაზის სიდიდესა და მსმენელთა რაოდენობას, ჩემთან ერთად 2 000 კაცი იქნება თუ ხუთი, ამ დღის განსაკუთრებულად აღნიშვნას სიმბოლური დატვირთვა აქვს.
დედა ხუთი წლის წინ გარდამეცვალა და მას შემდეგ მის პატივსაცემად ამ დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად მექცა. თუმცა, ეს დღე არ ეძღვნება მხოლოდ დედაჩემს, მას ყველა მოსული სტუმრის დედას ვუძღვნი დიდი სიყვარულით. მინდა, თუ სიცოცხლეში დედას რამე დავაკელი, ამ კონცერტში ჩაქსოვილი დიდი სიყვარულით ავანაზღაურო. სამზადისს დიდი პასუხისგებლობით ვეკიდები. ბევრს ვრეპეტიციობ და ვემზადები სულიერადაც, რადგან ეს დღე ჩემთვის საკრალურია. წლევანდელ კონცერტში მსმენელი მოისმენს ყველასთვის საყვარელ სიმღერებს ჩემი რეპერტუარიდან და ასევე, ახალ ნამუშევრებს, რომელიც თანამედროვე ინსტურემენტებთან კოლაბორაციით შესრულდება. იმედი მაქვს, როგორც აქამდე, წელსაც, ამ დღეს ყველა სტუმარი განსაკუთრებულ სიამოვნებას მიიღებს.
– როგორც ვხვდები, დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ.
– რა თქმა უნდა. ხელოვნების კუთხით ჩემი განვითარება, პირველ რიგში, დედას უკავშირდება. ის ძალიან მუსიკალური ადამიანი იყო, ამ მიმართულებით განათლებაც კარგი ჰქონდა და უდიდესი როლი შეასრულა ჩემი, როგორც ხელოვანის, განვითარებაში, თუმცა, არა მხოლოდ. დედა ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო. მას ლომის წილი მიუძღვის ჩემს ადამიანად ჩამოყალიბებაში. ძალიან რთულია ცხოვრება მის გარეშე. ის და ჩემი და ყოველთვის განსაკუთრებულად მედგნენ გვერდში. ჩემი და ახლაც ჩემ გვერდითაა და დიდ როლს ასრულებს ჩემს ცხოვრებაში.
– როგორი შემფასებელი იყო დედა?
– მე არ მახსოვს დედისგან შექება ხელოვნების სფეროში. მაქსიმალისტი იყო, ძალიან უყვარდა ხელოვნება, კარგი მელომანი იყო და ჩემგან ყოველთვის ძალიან ბევრს ითხოვდა. არცერთი ჩემი ნაშრომი არ შეუქია, გარდა ერთი სიმღერისა, რომელიც გახლავთ თეო ქუმსიაშვილის „იორო“ – მე ეს მომწონსო, მითხრა და ეს სიმღერა ჩემთვის განსაკუთრებული გახდა. ბოლო დღეს მე ამ სიმღერით დავემშვიდობე ჩემს დედიკოს. არ ვიცი, როგორ შევძელი იმ მომენტში მისთვის მემღერა, მაგრამ დაკრძალვის წინა დღეს, მოვიკრიბე ძალა და ზუსტად ეს სიმღერა ვუმღერე. ასე გავაცილე დედიკო ცაში, რადგან ეს იყო ჩემი ერთადერთი სიმღერა, რომელმაც დედაჩემის მოწონება დაიმსახურა.
– როგორი გავლენა იქონია დედის გარდაცვალებამ თქვენს პიროვნებასა და შემოქმედებაზე?
– დაახლოებით, სამი წელიწადი ხმა აღარ ამომიღია. იმის საშიშროებაც იყო, რომ საერთოდ დავმშვიდობებოდი ხელოვნებას, სიმღერა შემეწყვიტა. ჩავიკეტე, გარეთ არ გამოვდიოდი, კომუნიკაცია არავისთან მქონდა. ამის გადმოცემა ძალიან რთულია. გამიჭირდება თქმა, რომ ამან გამაფუჭა ან გამაბოროტა, მაგრამ ალბათ, დამოუკიდებლად ცხოვრება მასწავლა, იმ ადამიანის გარეშე, რომელიც ჩემთვის საყრდენი იყო. თუმცა, ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ბოლო პერიოდში ამიტომაც არ ვჩანდი. რთულია, როდესაც საკუთარ თავთან გიწევს ბრძოლა. ამ ურთულეს დროს ჩემი ოჯახი დამეხმარა, ჩემი და და სიძე. მათ ყველაზე მეტად სჯერათ ჩემი პიროვნების, შემოქმედების და ერთი წუთითაც არ გაუშვიათ ჩემთვის ხელი. უფლება არ მომცეს, ამ სფეროს მოვშორებოდი. მათ ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს გადარჩენასა და იმ სივრცეში დაბრუნებაში, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ანუ ხელოვნებაში.
– ფოლკლორი და ექსპერიმენტები ისე კარგად გამოგდით, რომ თქვენს სიმღერებს ნახევარ მილიარდამდე ნახვა აქვს, მათ ბევრ ქვეყანაში უსმენენ. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი და რამდენად სასიამოვნოა ეს ყველაფერი?
– კარგი გაგებით, მთავარი საიდუმლო ჩემს ვიბრაციებშია, პირველ რიგში ამის მიზეზი ჩემი ქვეყანაა, მის ტრაგედიასა თუ სიხარულზე აგებული ვიბრაციები. ნოტების ნაცვლად, ემოციებზე აგებული ვიბრაციები ძალიან საინტერესო გამოდის. პოლიფონია ქართველების ძალიან დიდი საჩუქარია, ფოლკლორი ღმერთის ჯილდოა ჩვენთვის. ამიტომ, ერთი პატარა ქართველი შემსრულებელი, როგორიც მე ვარ, რომ ნახევარ მილიარდზე მეტმა ადამიანმა გაიცნო, გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს ზუსტად ჩვენი კულტურის დამსახურებაა. საიდუმლო ქართულ ხელოვნებაშია. ჩვენი დიდი საგანძურის მფლობელები ვართ და მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება, შევეხო ჩვენს ძვირფას ვიბრაციებს და ჩემი ხელოვნების განვითარებისთვის გამოვიყენო.
რაც შეეხება შეგრძნებებს, რა თქმა უნდა, საამაყოა. არ არსებობს ჯარისკაცი, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს და არ არსებობს მომღერალი, ვისაც არ უნდა, დიდ სცენაზე დადგეს და მსოფლიო დონის მუსიკოსებთან შექმნას კოლაბორაციები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან