დათო კენჭიაშვილი: მთელ კავკასიაში მაქვს გარკვეული ავტორიტეტი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:01 09.02
იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელი რა როლს თამაშობს მომღერალ დათო კენჭიაშვილის ცხოვრებაში, რა მტკივნეული გზით მოახერხა მან სამყაროსთან ადაპტირება და როგორ დაუბრუნდა ხელოვნებას, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
დათო კენჭიაშვილი: ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია გულწრფელად აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს. მნიშვნელობა არ აქვს, ხელოვანი ხარ, მშენებელი, ბიზნესმენი თუ რომელიმე სხვა სფეროს ემსახურები. გულწრფელი და დაუღალავი შრომა ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია, მხოლოდ ამას მოაქვს იღბალი ჩვენთვის. იღბალი ნებისმიერ ადამიანს აქვს, მაგრამ ჩემს ენაზე რომ გითხრათ, მას გააქტიურება სჭირდება. ეს კი დაუღალავი შრომის, ბევრი იმედგაცრუებისა და თუნდაც, ბულინგის შედეგად ხდება. როცა ფარ-ხმალს არ ყრი, მერე სამყაროც გიხსნის საჭირო გზებს.
მე იღბლიანი ადამიანი ვარ. მადლობა უფალს, ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული. ჩემი დაბადების დღე 7 მაისს გახლავთ და რიცხვი 7-იც ძალიან იღბლიანი და საკრალურია ჩემთვის. შეიძლება, ამასაც მივაწერო ჩემი იღბლიანობა და იმასაც, რომ ცაცია ვარ (იცინის). თუმცა, ყველაზე მთავარი რწმენაა. ღმერთი ჩემთან ძალიან ახლოს არის. მე მის არსებობას ყოველთვის ვგრძნობ. უფალმა ძალიან ბევრჯერ გადამარჩინა სიკვდილს...
– რას გულისხმობთ?
– რამდენიმე ისტორიას გავიხსენებ... ჩემი მეგობარი ცხოვრობდა საზღვარგარეთ. მასთან სტუმრად ჩავედი და დარჩენას ვგეგმავდი, თუმცა ისე დაემთხვა, რომ ზუსტად იმ დროს, ჩემი დისშვილი იბადებოდა და დაბრუნება გადავწყვიტე. ჩამოვედი და მეორე დღეს გავიგე, რომ ჩემი მეგობარი საკუთარ სახლში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაცხრილეს.
იყო კიდევ ერთი შემთხვევა: მარჯანიშვილის ხიდის ქვეშ მოვდიოდი მანქანით. საბჭოური ავტომობილის გვერდით ვიდექი დაახლოებით 15-17 წუთი საცობის გამო და რაღაც მომენტში, როცა 3-4 მეტრით გავცდი, ის მანქანა აფეთქდა...
ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე მწამს და შინაგანადაც ვგრძნობ, რომ დედა მუდმივად ჩემ გვერდითაა და მეხმარება. ხუთი წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მის არსებობას მუდმივად ვგრძნობ.
– შრომისმოყვარეობა ვახსენეთ, რა დოზით არის ეს თვისება თქვენში?
– ეს თვისება ბავშვობიდან მომდევს. ასაკთან ერთად კიდევ უფრო მეტად შრომისმოყვარე გავხდი. გარკვეულ ასაკში კარიდან კარზე დავდიოდით და გამათბობლებს ვაყენებდით. იმ პერიოდში ეს იყო ჩემი შემოსავლის წყარო. ვმუშაობდი რესტორანში და ასე შემდეგ. ბევრი ღამე გამითენებია სხვადასხვა საქმისთვის. ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები და სიმართლე გითხრათ, ვალდებულების გამო კი არ ვშრომობ, მე ეს პროცესი ძალიან მიყვარს. ჩემს ქვეყანას ვუსურვებ, მის ყველა მოქალაქეს მიეცეს საკუთარ საქმეში ფრენის შესაძლებლობა. შეიძლება, რთული პერიოდი ბევრია, ყველაფერი არ გამოგვდის ისე, როგორც გვინდა ან საერთოდ არ გამოდის, მაგრამ ეს ცხოვრებაა და მის დინებას აუცილებლად უნდა მივყვეთ.
– რთულ და წარუმატებელ პერიოდებში როგორ ეხმარებით საკუთარ თავს, რომ არ „გატყდეთ“?
– სასურველი შედეგის მიღწევას, შრომის გარდა, უდიდესი ნებისყოფა სჭირდება. რთულ პერიოდში საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და ვიწყებ ბრძოლას ბარიერის გადასალახად. ყოველი ბარიერის შემდეგ უფრო დიდი ბარიერი მოდის და ამისთვის მზად უნდა იყო. ერთი მიღწეული მიზანი გარანტირებულს არაფერს ხდის. ჩემს გზაზე ბევრი დაბრკოლება იყო. კიდევ ერთხელ ვიტყვი – ბულინგი, რომელსაც ბევრი უარყოფითი შედეგი მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში. შეიძლება, დაიკარგო, გატყდე, საერთოდ ჩამოშორდე საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს... ეს ყველაზე მძიმე მომენტია. თუ ასეთ მდგომარეობას მარტო ვერ უმკლავდები, მაშინ ახლობელი ადამიანების გვერდში დგომაა საჭირო. გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს, გარდა გარდაცვალებისა, დანარჩენი ყველაფერი გამოსწორებადია. მე დაბრკოლებების გადალახვითა და ძალიან მტკივნეული გზით იმუნიტეტი გამოვიმუშავე, თან გაცილებით ძლიერი გავხდი. უდიდესი დარტყმა და წნეხია, როცა შენი კოლეგები, ხელოვანი ადამიანები შენს პროფესიულ ნაშრომს აბულინგებენ, მით უმეტეს, როცა დასაწყისში ყველაფერს ნათელ ფერებში უყურებ, მაგრამ მათი მადლიერი ვარ, მასწავლეს, როგორ უნდა ინტეგრირდე ასეთ სამყაროსთან.
– ხართ ადამიანი, ვინც საკუთარ ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას უფრთხილდება?
– ადამიანი საკუთარი თავის მტერია. მე საკმაოდ ემოციური ვარ და გარკვეულ მოვლენებს შესაძლოა, ზედმეტად მძაფრად აღვიქვამ, რაც ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ, თავს ვუფრთხილდები. მხოლოდ ვარჯიში არ არის ჯანმრთელობა. აქ ბევრი ნიუანსია და პირველ რიგში, ვცდილობ, ნაკლებად ემოციური ვიყო. ამის გამო საკუთარ თავთან ჭიდილში ვარ. როდესაც ბევრი გიცნობს, ბუნებრივია, რომ შენზე ყველა კარგს ვერ იტყვის და ეს უნდა გაიაზრო. მე ცოტა ჯიუტი ვარ და ვერ ვეგუები ამ აზრს, მაგრამ ადაპტირების გარდა სხვა გზა არ არსებობს.
– წარმატებისთვის დიდი მსხვერპლის გაღება თუ შეგიძლიათ?
– ვისთვის რა არის დიდი მსხვერპლი. მაგალითად, მე ჩემი პირველი სიმღერის ჩასაწერად მანქანის გაყიდვა დამჭირდა, რადგან შესაბამისი ფინანსები არ მქონდა. დედაჩემის დაღუპვის შემდეგ, საერთოდ ჩამოვშორდი ამ ყველაფერს. რამდენიმე წელი ასე გრძელდებოდა. არავისთან მქონდა კომუნიკაცია, ჩაკეტილი ვიყავი. გაგრძელებაზე არც ვფიქრობდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დამჭირდა საკუთარი თავისთვის შემომეძახებინა და რაღაცები შემეხსენებინა. თუნდაც ის, რომ დედამ თავიდანვე დიდი მსხვერპლი გაიღო, რომ მე ხელოვნების მიმართულებით განვვითარებულიყავი, მან ძალიან ბევრი გააკეთა ამისთვის. საქორწინო ბეჭედი მოიხსნა და გაყიდა, რომ შვილებისთვის ფორმა ჩაეცვა. ასე რომ, მხოლოდ მე კი არა, ჩემმა ოჯახის წევრებმაც ითამაშეს ძალიან დიდი როლი, რომ მე ამ გზაზე მევლო. იმ ყველაზე მძიმე მომენტში ამის გააზრებაც ძალიან დამეხმარა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, მოხდა – მოხდა, ამას ვეღარავინ შეცვლის და ეს ტკივილი ჩემი სატარებელია, მაგრამ როცა ის ადამიანი ჩემ გვერდით იყო და მე ამ საქმეს ვაკეთებდი, მისი წასვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთო, ზუსტად იმიტომ, რომ ნამდვილად ვიცი, შვილის წარმატებით დედაჩემის თვალები გაბრწყინდებოდა. ეს იყო ბიძგი ჩემთვის, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ჩემს დაბრუნებაში.
– და ბოლოს, კონკრეტულად, რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ მიღწევად?
– თამამად ვიტყვი, რომ ჯერ არ მიმიღწევია იმ მიზნისთვის, რომელიც შეიძლება, ჩემი ცხოვრების მთავარ მიღწევად შეფასდეს. ამისთვის ყოველდღიურად ვშრომობ და მჯერა, მივაღწევ კიდეც. პირველ რიგში, მინდა, ჩემს ქვეყანას გამოვადგე ჩემი საქმით, ჩემი ხელოვნებით. მაქვს სურვილი, რომ მსოფლიომ აღიაროს საქართველო, როგორც გენიალური ქვეყანა ძალიან საინტერესო ხელოვანი ადამიანებით. მინდა, დიდ სცენაზე დავდგე ჩემი ქვეყნის სახელით, რომელიც ძალიან მიყვარს და რომლის გარეშეც არცერთი წამით არ შემიძლია ცხოვრება. ცოტა ხმამაღლა გამომივა, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩემ მიერ შესრულებული სიმღერებიდან გამომდინარე, მთელ კავკასიაში მაქვს გარკვეული ავტორიტეტი. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, უამრავ ადამიანს ვხვდები და ვხედავ მათ დამოკიდებულებას ჩემი ხელოვნებისადმი. ამ ეტაპზე ბაქოში მიწევს კონცერტის გამართვა. ზუსტად ამ სიყვარულისა და განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო კონცერტის აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაიყიდა. ზუსტად ორ დღეში დაგვირეკეს პროდიუსერებმა, მეორე კონცერტიც ხომ არ დავამატოთო და ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით. რამდენიმე დღეში ისევ დაგვიკავშირდნენ და კიდევ ერთი კონცერტის დამატება შემოგვთავაზეს. ასეთი მოთხოვნა, ალბათ, იმაზე მეტყველებს, რომ იქ ჩემი ხელოვნება ძალიან უყვართ, ძალიან აფასებენ. ეს ჩემთვის დიდად დასაფასებელია და ამისთვის აზერბაიჯანელ ხალხს უდიდეს მადლობას ვუხდი. ვფიქრობ, არ არის პატარა მოვლენა, როდესაც უცხო ქვეყანაში ზედიზედ სამი კონცერტის ბილეთები სრულად იყიდება. გარკვეულ რეზონანსს ველოდი, მაგრამ სიმართლეს გეტყვით, ასეთს – არა. ისეთი სიხარულით მელიან, მეც გულწრფელად გაოგნებული ვარ. ჩემთვის ეს უდიდესი პატივი და ზუსტად იმის მაჩვენებელია, რომ სწორ გზაზე ვდგავარ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





