შოუბიზნესი

დათო ევგენიძე: ჩემი დის გარდაცვალებამ დაბადა ის დათო ევგენიძე, ვინც მე დღეს ვარ

№34

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 01.09

დათო ევგენიძე
დაკოპირებულია

დათო ევგენიძის ცხოვრებაში ბევრი ტრაგედია, განსაცდელი, ტრავმა და ტკივილი იყო, თუმცა ამის გამო არ შეჩერებულა, არ დაუყრია ფარ-ხმალი და იმ საქმით, რასაც მუსიკის შექმნა ჰქვია, საკუთარი თავისა და მსმენელისთვის სიამოვნება არ მოუკლია. ამბობენ, ხელოვანი ადამიანები უცნაური თვისებებით გამოირჩევიანო და ამ მხრივ, არც დათოა გამონაკლისი. მის ცხოვრებაში ბევრი ამოუხსნელი ფაქტიც ხდება, რომელსაც თავად სამყაროს კანონზომიერებას მიაწერს.

– ზოგადად, შემოქმედ ადამიანებს უცნაური და თავისებური ხასიათი აქვს. თქვენ რა უცნაურობები გახასიათებთ?

– მუსიკიდან გამომდინარე, ბავშვობიდან, უცნაურობები სულ მჭირდა. წარმოიდგინეთ, 3-4 წლის ბავშვი ღამით ვდგებოდი და ვუკრავდი. მამაჩემი ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა, თან ბრაზობდა, თან ნერვიულობდა და დედაჩემს ეუბნებოდა: ეს ბავშვი არანორმალურია, ღამით ოთხ საათზე დგება და უკრავს, ფსიქიატრთან მივიყვანოთო. თან, მაშინ პედაგოგთანაც არ დავდიოდი და რას ვუკრავდი, კაცმა არ იცოდა. თან, მაშინ რუსთაველზე ვცხოვრობდით, თბილისურ ეზოში, ოთახნახევრიან ბინაში და გარდა ოჯახის წევრებისა, მეზობლებსაც ვაღვიძებდი. დედა სანამ პასუხს გასცემდა მამას, ბებია ასწრებდა: თქვენ არ გესმით ამ ბავშვის, მუსიკოსად არის დაბადებული და ფსიქიატრთან კი არა, მუსიკის მასწავლებელთან მიიყვანეთო (იცინის). როცა მეზობლები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას, იქაც ბებიაჩემი გამოენთებოდა ხოლმე: ეს ბავშვი დაიმახსოვრეთ, რომ გაიზრდება, მომავალში რაებს იზამსო (იცინის).

– ბებია რა პროფესიის ქალი იყო?

– ბებიაჩემი კავსაძის სახელობის ხალხურ ანსამბლში მღეროდა, თვითონაც მუსიკოსი იყო და ამიტომ, სულ სხვა დამოკიდებულება ჰქონდა ამ ყველაფერთან და სულ ჩემს მხარეს იჭერდა. ზოგადად, ბებიაჩემს ძალიან დიდი როლი მიუძღვის ჩემი მუსიკალური კუთხით განვითარებაში. მოსკოვშიც, როცა ჩავაბარე, ბებიაჩემი წამომყვა. იმ წელს დედა ტრავმირებული იყო, და გარდამეცვალა და ამიტომ, ბებიას მოუწია ჩემ გვერდით ყოფნა. დიდი ბებიაც მახსოვს, ბებიაჩემის დედა, რომელიც ფანტასტიკურად უკრავდა ყველა ინსტრუმენტზე – გიტარაზე, გარმონზე, დაირაზე... ჩვენს ოჯახში სულ სუფრა იშლებოდა, სტუმრები მოდიოდნენ და მუდამ სიმღერა და დროსტარება იყო.

– თუმცა, დის გარდაცვალებამ დაღი დაასვა ამ ყველაფერს და იმ ავბედითი დღის შემდეგ შეიცვალა ყველაფერი.

– ჩემი დის გარდაცვალებამ დაბადა ის დათო ევგენიძე, ვინც მე დღეს ვარ. აბსოლუტურად შეცვალა ჩემი მუსიკა. ლია რომ გარდაიცვალა, 16 წლის იყო, მე – თვრამეტის. უკვე ძალიან ბევრი ნაწარმოები მქონდა დაწერილი თვრამეტ წლამდე. დის გარდაცვალებამ კი ჩემი მუსიკა ჟანრობრივად მთლიანად შეცვალა – ტრაგიზმი შემოიტანა. პირველივე ნაწარმოები ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ რაც მე დავწერე, იყო რეკვიემი. და ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ, ყველა რეკვიემს აქვს თავისი ფორმა, რომელიც დამკვიდრებულია კლასიკურ კომპოზიტორებში. ჩემი რეკვიემი კი არ არის სტანდარტული, ის ერთხმიანი ქართული ღაღადია, რომელიც სიმართლე გითხრათ, ვერც ვხვდები, საიდან მომივიდა თავში.

– დაწერო მუსიკა ან ლექსი, შექმნა ნახატი და ასე შემდეგ, ამას ხომ მუზა სჭირდება. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია მუზა?

– მე, მუზის გარეშე მუსიკას არ ვწერ. თუ ანგელოზი არ მესტუმრა, მან არ დამაწერინა, ისე არაფერი გამოვა. ის ანგელოზი, რომელიც ჩემს მარჯვენა მხარზე ზის, მაწერინებს მუსიკას, მე, უბრალოდ, გამტარი ვარ.

– რამდენად ხშირად ჯდება თქვენს მარჯვენა მხარზე ანგელოზი?

– ნაწარმოებების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ანგელოზი საკმაოდ ხშირად ჯდება ჩემს მხარზე. ის ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია.

– უამრავი უცნაური ფაქტი მომხდარა თქვენს ცხოვრებაში, რაზეც არაერთხელ გისაუბრიათ. სიზმარად თუ მოდიან და ერთგვარ მინიშნებებს ან გაფრთხილებებს გაძლევენ მომავალ მოვლენებზე და, დედა ან მამა?

– სიზმარში განსხვავებული ფორმით მოდიან გარდაცვლილი და, დედა და მამა ჩემთან. რეალობაში ეს აბსოლუტურად სხვა შეგრძნებაა. სიზმარში ხილულად არა, მაგრამ მე ვგრძნობ მათ ჩემ გვერდით ყოფნას. ეს სიტყვებით ვერ გადმოიცემა, მაგრამ აშკარად ვგრძნობ, რომ სულ ჩემთან ერთად არიან, ისეთი წამი არ არსებობს, ერთად რომ არ ვიყოთ.

– დასაწყისშივე აღვნიშნე, შემოქმედ ადამიანებს რთული ხასიათი აქვთ-მეთქი. როგორ ფიქრობთ, რთულია თქვენი ატანა, გაძლება, თქვენ გვერდით ცხოვრება?

– რაღაც მხრივ, ძნელია, რაღაც მხრივ – არა. ჩემ გვერდით ცხოვრება, ჩემი ატანა და გაძლება ძნელია იმით, რომ რეალურად მთელი ცხოვრება ვარდნის მდგომარეობაში ვარ, ისეთში, სადღაციდან რომ გაგდებენ და სულ ფრენა რომ გიწევს. ამ ფრენის დროს კი რეალურ ლოგიკასთან კავშირში ნაკლებად ხარ. ამიტომ, ცოტა გამოუცნობია ყოველი ჩემი შემდეგი წამი, იოლად პროგნოზირებადი ადამიანი არ ვარ.

– არაერთხელ გაქვთ მოყოლილი, როგორ აიღეთ უცხო ადამიანის გადასარჩენად დიდი სესხი, საკუთარ სიცოცხლეს როგორ უფრთხილდებით?

– რაღაც მომენტი ვუფრთხილდებოდი, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ისე არ ვუფრთხილდები, როგორც უნდა ვუფრთხილდებოდე. ტაქსის მძღოლი, რომელსაც დედის დასაფლავების დღეს ჩავუჯექი და მისი გასაჭირი მოვისმინე, არ იყო შემთხვევითობა. მაშინ ამაზე არ მიფიქრია, თუმცა ქვეცნობიერად ვიგრძენი, რომ ის ადამიანი დედაჩემმა გამომიგzავნა, რომ გადამერჩინა. შემდეგ გიორგი მახარაშვილისთან ურთიერთობა და ჩემთვის მისი ღვიძლის გადანერგვა – ესეც საოცრება იყო. იმდენი დამთხვევაა ამ სიტუაციებში, ასე შემთხვევით არ ხდება. დამიჯერეთ, სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება.

– ანუ, ბედისწერის გჯერათ?

– მე, თავად ბედისწერა ვარ.

– მხოლოდ საკუთარი თავის?

– საკუთარი თავისა და ვინც ჩემთან ერთად ცხოვრობს, ჩემი ბედისწერის ნაწილი მათაც ეხება. ეს ბედისწერა სამყაროსეულია. მე საქართველო ავირჩიე, მართლმადიდებლობა და ქრისტე. ჩემი ბედისწერაც ამ გზით მიდის. სხვათა შორის, ახლა რომ ვფიქრობ, სულ თან დამყვებოდა ბგერები, მაგრამ ამორჩეული მათგან არცერთი არ მაქვს, ყველა ნოტი უმნიშვნელოვანესია და მათ ვეძახი თორმეტ მოციქულს, ოქტავას, რაზეც მუსიკა იწერება. თორმეტი ნოტითაა ყველა მუსიკა დაწერილი და მე ჩავთვალე, რომ ისინი მუსიკის თორმეტი მოციქულია, ხოლო „მის-ს“ და „ფა-ს“ შორის გამქრალი ერთი ნოტი, მაცხოვარია და ის თორმეტი ნოტი მაცხოვარს ეძებს. ეს თორმეტივე ნოტი, ყოველთვის იყო ჩემს ცხოვრებაში, მათგან ამორჩეული არასოდეს მქონია. და, ყოველთვის ვიყავი იმ ნოტის ძიებაში, რომელიც არ არსებობს, კლავიატურაზე არ არის, თუმცა ჩემშია. იმ თორმეტ ნოტთან შეხება კი არის იმ ერთის მსახურებაში ყოფნა. ზოგადად, არც ამორჩეული ფერი მაქვს, მაგრამ თეთრი ყველაზე მნიშვნელოვანი ფერია ჩემთვის, რადგან ის მზადაა, სხვა ყველა ფერი მიიღოს. ჩემს ცხოვრებაშიც, ძირითადად, თეთრი ფერი ჭარბობს. ჩემი დის ტრაგედიას თუ გამოვრიცხავ, ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ, რადგან შევინარჩუნე თავისუფლება და არასდროს გავიყიდე, მყავდა საოცარი მეგობრები, რომლებმაც ერთმანეთი ვაცოცხლეთ. სამწუხაროდ, ბევრი წავიდა, მაგრამ იმდენი დავტოვეთ ერთმანეთში, რომ მთელს სამყაროს უდრის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა