შოუბიზნესი

დათო დარჩია: დარდმა ამიტანა და ცუდი აზრი მომივიდა - სანადირო თოფი მქონდა და ვიფიქრე, ამ ამბავს ვიზამ-მეთქი

№46

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00

დათო დარჩია
დაკოპირებულია

მსახიობ დათო დარჩიას ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალია. მან ბევრჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში, გადაიტანა ინფარქტი, საკმაოდ რთული დღეები, დასძლია მავნე ჩვევები, დაენგრა დიდხნიანი თანაცხოვრება და მიუხედავად ყველაფრისა, საყვარელი საქმის კეთება არ შეუწყვეტია. ახლა კი მსახიობი ახალი გამოწვევის წინაშე დგას – მას, როგორც წამყვანს, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ვიხილავთ.

დათო დარჩია: ახალი გამოწვევის წინაშე დავდექი, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, შუადღის წამყვანი გავხდი. ტელევიზიებთან მქონია შეხება, მაგრამ ახლა, კარგა ხნის პაუზის შემდეგ შესანიშნავ გუნდთან ერთად აღმოვჩნდი. სერიალშიც ვთამაშობ, პარალელურად, თეატრშიც ვარ დაკავებული და ერთი სიტყვით, წარმატებულ სვლაზე ვარ. ზოგადად, ჩემი ცხოვრება, მართლაც რომ, ერთი დიდი თავგადასავალია. იოლი და ვარდებით მოფენილი გზა არ გამომივლია, ჩემს პროფესიას ყველაფერი შევალიე. მანამდე უზრუნველი ბავშვობა მქონდა – პირველი შვილიშვილი ვიყავი და ყველა თავს დამფოფინებდა, მანებივრებდნენ, არაფერი მაკლდა, რაც იმ დროს ხელმისაწვდომი იყო. თეატრალურში რომ ჩავაბარე და პროფესიით მუშაობა დავიწყე, მერე წამოვიდა პრობლემები. იყო ბევრი სირთულე, იმედგაცრუება, თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული, რადგან უფრო მეტი წარმატება მახლდა. 1995 წელს მივიღე პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ეს მაშინ ძალიან დიდი დაფასება იყო. მიხაროდა, როგორც ახალგაზრდა მსახიობს, მაგრამ საშინელი დრო იყო, ახალი დაკარგული იყო აფხაზეთი, არავის ეზეიმებოდა. სხვათა შორის, ამ პრიზმა მომცა ბიძგი, რომ დავრჩენილიყავი ამ პროფესიაში და მეკეთებინა ჩემი საქმე.

– ძალიან ემოციური ადამიანი ხართ, ყველაფერი გულთან მიგაქვთ და ამის გამო ინფარქტიც გადაიტანეთ. მადლობა ღმერთს, დღეს კარგად ხართ. ინფარქტის გარდა, სხვა დროს თუ ჩაგიხედავთ სიკვდილისთვის თვალებში?

– რამდენიმეჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში და მადლობა ღმერთს, გადავრჩი. ახალი დამთავრებული მქონდა სკოლა, 90-იანი წლები იყო, სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, მე და ჩემი ძმაკაცი, ძლივს გადავურჩით სიკვდილს. ან ჩვენ უნდა მოგვეკლა ან მათ უნდა დაესწროთ და „დაეშვათ“ იარაღი. ძალიან შემეშინდა, მაგრამ გადავრჩი. მეორე შემთხვევას, უფრო სიმთვრალეს ვაბრალებ, დარდმა და სევდამ ამიტანა და ცუდი რაღაც გავიფიქრე – სანადირო თოფი მქონდა და ვიფიქრე, ამ ამბავს ვიზამ-მეთქი, ჩახმახი თითქმის გადავწიე, მაგრამ სწრაფად მოვედი გონს. ავარიაშიც ვარ მოხვედრილი, ინფარქტი სცენაზე მომივიდა, სტენდების ჩადგმა და შუნტირება გახდა საჭირო. სამწუხაროდ, მამის გენეტიკური პრობლემები ჩემზე გადმოვიდა. ჩემი ასაკით, მამასაც გავცდი და ბიძასაც. ისინი ჩემზე უფრო ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ. ახლა სიგარეტსაც აღარ ვეწევი, სასმელს ხანდახან ვეპარები.

– სტრესის გარდა, ეს ხომ არ იყო წარსული ცხოვრების ანარეკლი, რაც გაიარეთ, ვგულისხმობ ნარკოტიკს, სასმელს, აზარტულ თამაშებს და ასე შემდეგ.

– რა პრობლემებიც მქონდა, ჩემით მოვაგვარე და გადავჭერი, ოჯახი არ გამირევია. 90-იანი წლების ამბები, რომელიც მძაფრად შემეხო – ნარკოტიკის თემა, გენეტიკა, ემოციურობა, პროფესიის გამო გულის გადაღლა და ასე შემდეგ, ალბათ, ყველაფერმა იმოქმედა. გულმა ვეღარ გაუძლო და ინფარქტი დამემართა. ჩემი თავი სუსტი ნებისყოფის ადამიანი მეგონა, მაგრამ, რადგან ყველაფერი დავძლიე ასე არ ყოფილა. და იმას, რაც გავიარე და დავამარცხე, აღარასოდეს დავუბრუნდები. დღეში სამ კოლოფ სიგარეტს ვეწეოდი და ბიჭები მეხუმრებოდნენ: რა არის, ბიჭო, კაცი გყავს მოკლულიო. მე თუ სიგარეტს თავს დავანებებდი, არავის წარმოედგინა. საშინელ, ყველაზე ცუდ პერიოდში მომიწია ახალგაზრდა წლების გავლა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ იმ ცუდ პერიოდში და იმ ცუდ მდგომარეობებში, რაც მე ჩემს თავს დავმართე და მიუხედავად ყველაფრისა, არასოდეს შემიწყვეტია მუშაობა, კინოშიც და თეატრშიც მქონდა როლები. ხალხმა რომ შემიყვარა და მაყურებელმა გამიცნო, აღარ მქონდა იმის უფლება, მე ჩემი რაღაცებით გზას ავცდენოდი. ამან დიდი როლი ითამაშა და მათ შორის, ოჯახმაც.

– ამბობენ, ძალიან დიდ ტკივილს ატარებს გულშიო. ეს მამის გარდაცვალებას უკავშირდება, რომელიც ბოლო გზაზე ვერ გააცილე, უფრო სწორად, არ გაგაცილებინეს. ეს სიმართლეა?

– ბოლო გზაზე კი გავაცილე, უბრალოდ, მამამ სხვა ოჯახი შექმნა, იმ პერიოდში არ მქონდა შეხება, გაბრაზებული ვიყავი და იმ გულით დატირება, როგორც მინდოდა, არ გამომივიდა. პანაშვიდზე ჩემი მისვლა მისმა მაშინდელმა მეუღლემ არ მოინდომა და ძალიან გავბრაზდი. თუმცა, მყავდა არაჩვეულებრივი მამობილი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩემს მსახიობად და ზოგადად, კაცად ჩამოყალიბებაში. მამობა გურამ ფირცხალავამ გამიწია. დედა რომ ცოლად გაჰყვა, მეოთხე კლასში ვიყავი. უფრო მეტი წელი გავატარე გურამთან, ვიდრე ბიოლოგიურ მამასთან. ამიტომ ვარ გულნატკენი, რომ მინდოდა ის ნიჭიერი კაცი – მამაჩემი, უფრო კარგად გამეცნო. ამის საშუალება არ მქონდა და ის განცდა გურამზე გადავიტანე.

– მიუხედავად იმისა, რომ ოცდახუთწლიანი ოჯახი დაგეგნგრათ, შვილებისთვის კარგი მამა ხართ. ყოფილ მეუღლესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– შვილებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და ყოფილ მეუღლესთანაც. მშვიდად და ცივილურად დავშორდით. დღეს მეგობრები ვართ და თუ რამე გაგვიჭირდა, ერთმანეთის იმედი გვაქვს. მართლა მაგარი შვილები მყავს. ყველაზე მეტად მათში გამიმართლა – ბიჭი გერმანიაშია, თან მუშაობს და თან სარეჟისოროზე სწავლობს. გოგო კი ორ თეატრშია დაკავებული, თან ასწავლის.

– გიფიქრიათ კიდევ ოჯახის შექმნაზე?

– სულ მალე, 57 წლის ვხდები, სიყვარულზე არასოდეს ვიტყვი უარს, მაგრამ ოჯახის შექმნაზე არ ვფიქრობ, მირჩევნია, თავისუფალი ვიყო. გული არ ბერდება, სულ ახალგაზრდაა და ადამიანს ვნება ყოველთვის აქვს, მით უმეტეს, ჩემნაირ ფიცხ და ემოციურ გურულს (იცინის). სიყვარულს რაც შეეხება, თუ გამოჩნდება, გამოჩნდეს, თუ გაქრება, გაქრეს (იცინის). ასე რომ, სანამ პირში სული მიდგას, გამოწვევების, ახალი როლების, სიყვარულის, თვალების კვარკვალის არ მეშინია და ყველაფერი იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი