დალი ჩიტალაძე: არავის სჯერა, რომ მართლა მჭირდება ყველაფერი, რასაც ვყიდულობ, სახელი მაქვს გატეხილი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.10, 2021 წელი

დალი ჩიტალაძე ყოველთვის გამორჩეულ ფორმაში ჩნდება საზოგადოების წინაშე, რის გამოც მე და ალბათ, ბევრ თქვენგანსაც წარმოგვიდგენია, რომ ეს ქალბატონი თავის მოვლასა და სამოსზე განსაკუთრებით დიდ თანხებს ხარჯავს.
დალი ჩიტალაძე: ფინანსებთან პრაგმატული დამოკიდებულება არასდროს გამომდიოდა. ფული რომ დამჭირდებოდა, მერე ვიწყებდი იმაზე ფიქრს, როგორ მეშოვა. გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ ფული ცხოვრებაში არ შემინახავს. მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ, არავინ ვიცით, ხვალისთვის რას გვიმზადებს განგება. თუმცა, თეთრი შურით მშურს მათი, ვისაც ფული აქვს გადადებული „შავი დღისთვის“. სხვათა შორის, მეუღლეც ჩემნაირია (იცინის). ახლა ორივე ვნანობთ, როცა ბევრი გვქონდა, მაშინ რომ არ შევინახეთ, მაგრამ გვეგონა, ყოველთვის ასე იქნებოდა. შენახვით ხომ ვერ ვინახავ, მაგრამ რომ ვიცი, ჰონორარი მაქვს ასაღები, იმასაც წინასწარ ვხარჯავ (იცინის).
- რაშიც ხარჯავთ, მათ შორის ბევრი უსარგებლო რამეც არის?
- იყო პერიოდი, როცა საერთოდ არ ვფიქრობდი მჭირდებოდა თუ არა და ყველაფერს ვყიდულობდი, რაც მომწონდა. ახლა უკვე ბევრს ვფიქრობ - ნამდვილად არ მაქვს იმის საშუალება, რაც მინდა, ყველაფერი ვიყიდო. ბავშვობის მეგობარი - ხათუნა მაჩაბელი დამცინის ხოლმე, თავის გამართლება კარგად იცი: კი არ მინდოდა, მჭირდებოდაო (იცინის). არავის სჯერა, რომ მართლა მჭირდება ყველაფერი, რასაც ვყიდულობ, სახელი მაქვს გატეხილი. იყო პერიოდი, როცა მართლა ყველაფერს ვყიდულობდი, რაც მინდოდა და ამიტომ, ახლაც ასე ჰგონიათ. ღმერთის წყალობით, როცა ისევ დამიდგება ასეთი დრო, მარტო მე კი არა - ყველას, აუცილებლად პრაგმატული გავხდები. ძალიან დიდი გაკვეთილი მივიღე. ამ დროს აბსოლუტურად სხვანაირი მშობლები მყავს. პენსია რომ პენსიაა, იქიდანაც კი ყოველთვის აქვთ რაღაც გადანახული (იცინის). დედაჩემი ყველაფერში ეკონომიას აკეთებდა და შესანიშნავად ანაწილებდა ოჯახის შემოსავალს. ძალიან მომწონს ასეთი ადამიანები, მაგრამ მე რა ვქნა, არ ვიცი (იცინის).
- არაერთი ცრურწმენა არსებობს ფულთან დაკავშირებით, იცავთ რომელიმეს?
- ხანდახან საახალწლო სუფრაზე დავდებ ხოლმე ფულს, ვითომ რაღაცის იმედი მაქვს, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი, ამან რამე შეცვალოს (იცინის). ჩემს მეგობარს ძალიან მაწაკი ენა აქვს და ერთხელ ჩემს დაბადების დღეზე, ადგა და სადღეგრძელო წარმოთქვა: დალი ჩიტალაძე აუცილებლად სამოთხეში მოხვდებაო. ყველამ გაოცებულებმა გავხედეთ და სიჩუმე ჩამოვარდა, ვერ გავიგეთ, რატომ ამბობდა ამას და მაშინვე განგვიმარტა: იმიტომ, რომ ყველაზე დიდი მტერია ჯოჯოხეთის, ანუ ფულის - არ არსებობს მაგას ჯიბეში ფული გაუჩერდესო (იცინის). მერე ნინო ნადირაძემ წამოყო თავი, ნაკლები არც მე ვარო, მაგრამ არა, შენ კაჭკაჭი ხარ, ერთი-ორი ბრილიანტის ბეჭედი ყოველთვის გაქვს საფულეში გადანახული „შავი დღისთვისო“, ვუთხარით (იცინის).
- ყველაზე მეტს თავის მოვლასა და სამოსში ხარჯავთ?
- იყო პერიოდი კი, ყველაზე მეტს თავის მოვლასა და სამოსში ვხარჯავდი, მაგრამ რაც „ინსტაგრამი“ გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში და „ინფლუენსერი“ გავხდი, ასე აღარაა. მეუღლე დამცინის, ჩემი ცოლი ოჯახში კარგი შემომტანია, მაგის ბოტოქსებში ფულს აღარ ვიხდიო (იცინის). აბა, ხომ ხედავ, როგორ გეხმარები-მეთქი. რა თქმა უნდა, რაღაცების ყიდვა მჭირდება, მაგრამ „ინფლუენსერობა“ მართლა ძალიან დიდი შეღავათია, ბევრ რამეზე არ მეხარჯება თანხა. თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, არასდროს ვარეკლამებ ისეთ რამეს, რაც ჩემს თავზე არ გამომიცდია და არ მომწონს. სტარტაპებს - ნიჭიერ და შრომისმოყვარე ახალგაზრდებს აუცილებლად გავურეკლამებ პროდუქციას, რადგან მათ შრომას ვაფასებ, მაგრამ კომპანიებმა ზუსტად იციან, თუ პროდუქცია არ მომეწონა, სხვებს არ ვურჩევ მის გამოყენებას.
- პატარა აღიარებას ველოდები თქვენგან - ყველაზე მეტად როდის გინანიათ ფულის დახარჯვა, ან რაში?
- მაგას არასდროს ვნანობ, ჩემთვის ფული მართლა ჭუჭყია, ის უნდა დაიხარჯოს (იცინის). თუმცა ერთი კარგი თვისება მაქვს, თუ ვყიდულობ, ვყიდულობ აუცილებლად ძალიან კარგი ხარისხისას, რომელიც მრავალი წელი მასიამოვნებს ხოლმე. ყოველთვის ასე ვიქცეოდი და მომავალშიც გავაგრძელებ. თუ იმის საშუალება არ მაქვს, რომ ძალიან კარგი ხარისხის ვიყიდო, საერთოდ არ ვიყიდი - ჯობია, არ მქონდეს, ვიდრე „ფეიქი“ ვიყიდო. დღეს უფრო მოდურია ძვირფასი ვინტაჟი, ვიდრე ახალი და „ფეიქი“.
ხარჯვას რაც შეეხება, ფულს რომ მეგობარს ან ოჯახის წევრს დაახარჯებ, შვილის განათლებაში რომ თანხას დააბანდებ, ამაზე როგორ უნდა ინერვიულო ან ინანო? ღმერთი მოგცემს, მე ამის მჯერა და მთელი ჩემი ცხოვრებაა ვგრძნობ, რომ ღმერთი არასდროს მტოვებს უიმედოდ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, გაცილებით მეტი მქონდეს, მეტი სიკეთე ვაკეთო, მაგრამ, რასაც მაძლევს, ამისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. სხვათა შორის, თუ მოვინდომე, ფულის გამომუშავებაც გამომდის, მთავარია, არ დამეზაროს.
- ძალიან პატარა ასაკში გახდით ფინანსურად დამოუკიდებელი, არა?
- კი, ჯერ ადრე გავთხოვდი, მერე ჩემი შვილი დაიბადა. არ მინდოდა, ფინანსურად მშობლებზე ვყოფილიყავი დამოკიდებული, საკუთარი შემოსავალი მინდოდა და ამისთვის წყაროს ყოველთვის ვპოულობდი. მერე ამერიკაში წავედი და ჩემი თავის ბატონ-პატრონი გავხდი. მეორედ რომ გავთხოვდი, დაღლილი ვიყავი ამაზე ფიქრით, თან შვილის განათლება საკმაოდ ძვირი მიჯდებოდა და ვთქვი, ახლა დავისვენებ - მეთქი (იცინის). ქალის და კაცის ურთიერთობის ყველაზე კარგი ინსტიტუტი ცოლქმრობაა, ბედნიერებაა, როცა ერთმანეთი გიყვართ და ერთმანეთის იმედი გაქვთ.
- მაგრამ უცხო გარემოში, ამერიკაში - მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნა და შვილის წინაშე პასუხისმგებლობა არ იქნებოდა მარტივი. რა თვისებები გამოავლინეთ ამ მდგომარეობაში?
- ამერიკაში ჩავედი თუ არა, ერთ კვირაში მუშაობა დავიწყე და სტაბილური შემოსავალი მქონდა. შვილი - სკოლაში, მე - სამსახურში და ეს იყო ნიუიორკული, მანჰეტენური ცხოვრება. წუთები კი არა, წამები მქონდა გათვლილი. იქ დრო ფული ღირს და მე ძალიან კარგად ვისწავლე მისი ფასი. მიუხედავად იმისა, რომ იქაც ყველგან ვაგვიანებდი, ეს სულ რამდენიმე წუთი გრძელდებოდა (იცინის). დროსთან ერთად, შრომის ფასიც ვისწავლე, რაც ძალიან გვაკლია ჩვენს ქვეყანაში. საქართველოში ჩამოსული ვხედავდი, რომ აქ ყველაფერი შენელებული კადრივით იყო და ძალიან მიკვირდა, ნეტა ასე როგორ ვცხოვრობდი - მეთქი. მაგრამ რომ დავბრუნდი, მეც ძველებური ტემპით გავაგრძელე ცხოვრება (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან