დაიხურა თუ არა გიორგი მარშანიასთვის მსახიობობის კარი და რა მსხვერპლის გაღება უწევს მას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 10.06

იღბალი თუ შრომისმოყვარეობა, რას მიუძღვის უფრო მეტი წილი გიორგი მარშანიას წარმატებაში – ამაზე ის თავად მოგვიყვება.
გიორგი მარშანია: თავს უიღბლო ადამიანად ნამდვილად არ მივიჩნევ. საერთოდ, როგორც წესი, იღბალი გამართლებად აღიქმება, თუმცა, მე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ. ჩემი აზრით, იღბალი იმის შედეგია, რასაც შენ აკეთებ. არის რაღაცები, რაც შენზე არ არის დამოკიდებული. მაგალითად ის, თუ როგორი ხარ ფიზიკურად, როგორი მშობლები გყავს და ასე შემდეგ და როცა ამაში გიმართლებს, ეს ცალსახად იღბალია, მაგრამ სხვა, რაც მიღწევადია, ის უკვე ადამიანის შექმნილია.
– საქმიანი კუთხით თუ შევხედავთ, წარმატება უფრო იღბალმა მოიტანა თუ გადადგმულმა ნაბიჯებმა?
– იღბალია, რომ ცხოვრებაში ძალიან კარგი პედაგოგები შემხვდნენ. ჩემი ცხოვრების მთავარი პედაგოგი შალვა გაწერილიაა და ძალიან გამიმართლა, რომ თავის დროზე სწორედ ის ავირჩიე. მადლობელი ვარ ამის გამო, თუმცა, გარკვეული წარმატებები ჩემმა გადადგმულმა ნაბიჯებმა მოიტანა. რომ არა ეს ნაბიჯები, იღბლამდე ვერ მივიდოდი – მე ასე ვუყურებ. როცა ადამიანები სხვების წარმატებას ხედავენ, ხშირად ამბობენ, „როგორ გაუმართლა“. შესაძლოა, ბოლო მომენტში მართლა გაუმართლა, მაგრამ გამართლებამდე რომ მისულიყო, მანამდე რამდენი გააკეთა, ამას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რა შრომა დგას ამ იღბლის უკან. ასე რომ, იღბალი ღმერთისა და ბუნების საჩუქარია, რომელსაც ფრთებს შენ ასხამ – მე ასე მჯერა.
– შრომისმოყვარეობა რა დოზით არის შენში?
– ალბათ, ზედმეტად დიდი დოზით. შრომა არ მეზარება და არც მეთაკილება. პირიქით, ეს პროცესი ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს. თუ ადრე, ადამიანების მთავარი გამოწვევა იყო, როგორ ემუშავათ ეფექტურად, დღევანდელ ეპოქაში სხვა საფიქრალი აქვთ – როგორ დაისვენონ ეფექტურად. მათ შორის, ჩემი გამოწვევაც ეს არის. ისეთ საქმეს ვაკეთებ, რომელსაც შეიძლება, ყოველი წამი დასჭირდეს, გრაფიკი უკონტროლოა და დასვენების საშუალება ძალიან იშვიათად მაქვს. რაც ცოლი მყავს, ის მაძალებს. მაგალითად, ახლა ერთი კვირით ვიყავით სამოგზაუროდ წასული. თვითონ მაჩუქა ბილეთები და ეს რომ არ გაეკეთებინა, ამ დროსაც ჩემს სტუდიაში გავატარებდი.
– არ არის მომენტი, როცა საკუთარ თავს სიზარმაცის უფლებას აძლევ?
– ასე ვერ ვიტყოდი, უბრალოდ, ასეთ რეჟიმში მუშაობამ განაპირობა ის, რომ თუ ვიღაცისთვის ეს სხვა საქმით დაკავებას, მოგზაურობას, კლუბში წასვლას ან დაბადების დღეზე გართობას ნიშნავს, ჩემთვის დასვენება მხოლოდ და მხოლოდ არაფრის კეთებასთან ასოცირდება. სიზარმაცეს ჰგავს, მაგრამ არა მგონია, ეს იყოს. ბევრი ცუდი თვისება მაქვს, მაგრამ სიზარმაცეს ვერ დავიბრალებ. ეს, უბრალოდ, „რესტარტია“ ჩემთვის. მუდმივად რაღაცას ვაკეთებ, ამიტომ ზოგჯერ მჭირდება არაფრის კეთება.
– წარუმატებელ პერიოდებში რა გეხმარება ფეხზე მყარად დგომაში?
– ბავშვების დამოკიდებულება. არ მიყვარს ამაზე ხშირად ლაპარაკი, არ ვიცი, როგორ გამოჩნდება, მაგრამ რაც არ უნდა რთული პერიოდი იყოს, უცხო ადამიანი რომ მიგზავნის ვიდეოს, რომელშიც მისი შვილი ბედნიერია და ჟოზეს სიმღერის მოსმენისას სიხარულისგან ხელ-ფეხს იქნევს, ეს ნამდვილად არის სტიმული. ასევე, მეხმარება საკითხისადმი რაციონალური მიდგომა. რომ არ გავაგრძელო, რა შეიცვლება?! კარგი, ცხვირი წავიტეხე და წარუმატებელი პერიოდი მაქვს, მაგრამ უნდა გავაგრძელო მცდელობები, თორემ გაუგრძელებლობა ისევ 100-პროცენტიან წარუმატებლობას მოიტანს. გაგრძელებით ერთი პროცენტი მაინც მაქვს შანსი. გაჩერებაში აზრს ვერ ვხედავ. შეიძლება, ცოტა ხნით გავჩერდე, ამოვისუნთქო და მერე გავაგრძელო. ბევრჯერ მდგარა ჩემი სტუდია გაკოტრების პირას. მიფიქრია, ერთი თვეც და დამთავრდება ეს საქმე-მეთქი, ყოფილა ასეთი შემთხვევები. არც ამ წამს გვაქვს კარგი მდგომარეობა. ზოგადად, დღევანდელ სიტუაციაში, რაც ქვეყანაში ახლა ხდება, ბიზნესის მხრივ არ არის სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ საქმის კეთებას. ემოციურად რთულია, მაგრამ სულ ჭიდილია – ხან ემოცია იმარჯვებს, ხან რაციონალური გადაწყვეტილება. ვერ ვიტყვი, რომ არ ვნერვიულობ და ფარ-ხმალს არ ვყრი, მაგრამ თუ ეს მოხდება, ცოტა ხანში ისევ გონება იმძლავრებს და ვაგრძელებ. ხან ისეა, ხან ასე.
– არის რამე, რაშიც თავს უიღბლოდ მიიჩნევ, რაც მცდელობების მიუხედავად არ გამოვიდა?
– უიღბლობას ვერ დავარქმევ, მაგრამ ბოლო წლებში სამსახიობო მიმართულებით ცოტა დავნებდი. ჯერ ერთი, დრო არ მრჩება, მერე მეორე – ძალიან ბევრი წელი დავკარგე. მსახიობობა მხოლოდ ნიჭს არ მოითხოვს, ყოველდღიური მუშაობა და განვითარებაა საჭირო. მე ძალიან ჩამოვცილდი ამ სფეროს და მავიწყდება ხოლმე, რომ ოდესღაც მსახიობიც ვიყავი. ჩემს ადგილს ამ პროფესიაში ვეღარ ვხედავ და ვამჩნევ, რომ მაინცდამაინც, ვერც სხვები ხედავენ. ცოტა სევდიანი დანებება გამოვიდა. ტელევიზიას რაც შეეხება, იქიდან ჩემი ნებით წამოვედი, მივხვდი, რომ ჩემი ადგილი არ იყო. ეს არ იყო დანებება, უბრალოდ, მივხვდი, რომ საჩემო არ იყო. მსგავს მოვლენებს ტრაგიკულად არ აღვიქვამ. ისედაც ბევრი პრობლემაა გარშემო და არ არის საჭირო კიდევ უფრო გამწვავება.
– სამომავლოდ მსახიობობასთან დაკავშირებით რას ფიქრობ, უკვე დახურული კარია თუ შეიძლება, გაგრძელება?
– მე თავს მსახიობად მივიჩნევ, ასეთი თვითგანწყობა მაქვს. შინაგანად მგონია, რომ მსახიობი ვარ. კარის დახურვა მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული, ის ავტომატურად იხურება, როცა ამ საქმეში არ ხარ და ყოველდღიურად შესაბამისი აქტივობები არ გაქვს. ეს პროფესია მუდმივ ვარჯიშს მოითხოვს. მე დღეს ამაზე ვერ ვზრუნავ. ყოველთვის ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ დროისთვის შეგუებული ვარ, რომ „აფსაიდში“ მოვხვდი.
– სასურველი მიზნისთვის მსხვერპლის გაღება შეგიძლია? თუმცა, ალბათ, მსახიობობაც მსხვერპლია...
– მგონი, შემიძლია. მე ასე არ ვუყურებ, მაგრამ შეიძლება, ეს შეფასება მივცეთ. კი, მე ჩემი საყვარელი საქმე გადავდე, რომ მეკეთებინა ის, რასაც ახლა ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ჟირაფ ჟოზეს ვგულისხმობ. მსხვერპლს ვერ დავარქმევ იმ მხრივ, რომ ჩემი ახლანდელი საქმე ძალიან მიყვარს.
მსხვერპლს დავარქმევდი უდროობას, რაც ფაქტობრივად, მეათე კლასიდან მოყოლებული დღემდე ჩემი პრობლემაა. ანუ, მას შემდეგ, რაც მუშაობა დავიწყე, ბევრი დრო მოვიკელი და მოვაკელი ოჯახის წევრებს, მეგობრებს. ასევე, საქმემ გარკვეულწილად შეიწირა ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ხომ შეიძლება, დღეს არ მქონდეს ის სანერვიულო, რაც მაქვს, არ ვათენო ღამეები და ასე შემდეგ?! უბრალოდ, ყველაფრის მიუხედავად, მე ამას მსხვერპლს არ ვუწოდებ, რადგან ეს ჩემი არჩევანია, სხვისი ბრალეულობა არ არის. თუ ამ სიტყვას თავდადებით ჩავანაცვლებთ, მაშინ – კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ შემიძლია საქმისთვის თავდადება. მგონია, რომ ეს წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან