ბუბუ კოშკელიშვილი: სულ მეშინია, ჩემს გენეტიკას რამე არ მოუვიდეს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 09.02, 2022 წელი

ბუბუ (ელენე) კოშკელიშვილი სოციალურ ქსელებში აქტიური და პოპულარული გოგოა. თუმცა მისი პოპულარობა „ინფლუენსერობიდან“ არ დაწყებულა. ბუბუ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ნუკი კოშკელიშვილის და არის და ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როცა საზოგადოებამ გაიცნო.
ბუბუ კოშკელიშვილი: ნუკი დიდი ხანია, ცნობილია და მისგან გამომდინარე, მეც ბევრი მცნობდა. შესაბამისად, სოციალურ ქსელში თავიდანვე ბევრი გამომწერი მყავდა. შემდეგ მეტი ყურადღება მივაქციე ჩემს ფოტოებს და ჩემი კონტენტის შექმნა დავიწყე, რამაც გამომწერების რაოდენობის ზრდა გამოიწვია. ბოლო პერიოდში უფრო აქტიური და ცნობილი „ტიკ ტოკზე“ გავხდი. ამერიკელ ინფლუენსერებს მივბაძე და ხშირად ვიღებ ვიდეოებს სახლიდან გასვლის წინ იმის შესახებ, თუ როგორ ვემზადები. რაც საკმაოდ პოპულარული გახდა.
– ეს მხოლოდ „ტიკ ტოკისთვის“ ხდება თუ ისედაც პრანჭია გოგო ხარ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევ, რა გაცვია?
– ძალიან პრანჭია ვარ, ტანსაცმლის შეხამება ჩემი ჰობია. ხშირად ვიცვლი სტილს. შესაბამისად, ჩემი გვერდი ჩემს რეალურ ინტერესებს ასახავს. საერთოდ, არ მიყვარს, სოციალურ ქსელებში ხელოვნურები რომ არიან და იმის გამო, რომ მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ, შენიშვნებსაც ვიღებ. მაგალითად, გამართულად რომ არ ვსაუბრობ და ხშირად ვუშვებ შეცდომას.
– როგორია შენი და ნუკის ურთიერთობა?
– ასაკობრივი სხვაობის გამო, ჩვენ შორის ადრე უფრო დედაშვილური დამოკიდებულება იყო, მაგრამ ახლა, მეც რომ გავიზარდე, მეგობრები გავხდით. ჩემი საუკეთესო დაქალი ნუკია, მან ყველა ჩემი საიდუმლო იცის და რჩევა რომ მჭირდება, აზრს პირველ რიგში, მას ვეკითხები.
– ადრე აქვს ნათქვამი, კარგ ბიჭს რომ დავინახავ, ბუბუს ვაჩვენებ, ნახე, რა კარგი ბიჭიაო.
– ახლა შეყვარებული მყავს, რომელიც ნუკის ძალიან უყვარს, ამიტომ სხვა ბიჭებზე აღარაფერს მეუბნება (იცინის). ჩემი შეყვარებული და ნუკი მეგობრობენ.
– როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?
– ერთმანეთი წვეულებაზე გავიცანით, საერთო მეგობრების წრეში და უკვე ერთი წელია, ერთად ვართ. თავიდან ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, მერე სიყვარული ამიხსნა. ის მხატვარია, ახლა აკადემიაში სწავლობს. მგონია, რომ ერთმანეთს ვავსებთ. რომანტიკული არცერთი არ ვართ, უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ბევრს ვსაუბრობთ და ყველა საკითხს ერთად განვიხილავთ.
– აქვს შენიშვნები ჩაცმასთან, სოციალურ ქსელში აქტიურობასთან და ასე შემდეგ?
– არა და მსგავსი მომენტები ძალიან არასასიამოვნოა. გოგოებს ვურჩევ, თუ ბიჭი მათ აკონტროლებთ, ჯობს, ასეთ ბიჭს დაშორდნენ.
– რა ხდება სოციალურ ქსელს მიღმა, რა პროფესიას ეუფლები?
– კავკასიის უნივერსიტეტში ჩავაბარე, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. მგონია, რომ ჯერ ძალიან პატარა ვარ იმისთვის, რომ ვიცოდე, რა მინდა სამომავლოდ. ფსიქოლოგია კი ისეთი სფეროა, რომელიც ყველაფერში გამომადგება, მასზე ამიტომაც შევაჩერე არჩევანი. როცა გავიზრდები და ზუსტად მეცოდინება, რა მინდა, ცხოვრებაში ვაკეთო, მჯერა, რომ ჩემი ეს გადაწყვეტილება ძალიან გამომადგება.
– ნუკის და ხარ და ეკრანი შენთვისაც არ არის უცხო. არ გინდა, მას დაუკავშირო მომავალი?
– არა, მე უფრო სამოდელო სფერო მაინტერესებს. ტელევიზია არასდროს მიყვარდა, სტუმრად წასვლაც არ მიყვარს, საუბარიც მიჭირს, არ მომწონს ეს ამპლუა. სამოდელო სააგენტოში რომ მივედი, აი, იქ მივხვდი, რომ ეს სფერო ჩემთვისაა, თავს ყველაზე კომფორტულად იქ ვგრძნობ.
– როგორ დაიწყო ეს ამბავი?
– მოდელობა საერთოდ არ მინდოდა, ვფიქრობდი, ეგ რა სამსახურია-მეთქი. ერთ-ერთმა სააგენტომ ჩემი დის „ფეისბუკზე“ ჩემი ფოტოები ნახა და სთხოვეს, მათთან მივეყვანე. ძალიან ბევრი ჩხუბის შემდეგ ნუკიმ დამითანხმა. პირველივე ჩვენება და ფოტოსესია ძალიან მომეწონა. მახსოვს, რომ ძალიან დავიღალე, მაგრამ სასიამოვნოდ. მას შემდეგაც ასეა და მგონია, რომ ამ მხრივ, მომავალშიც აქტიური ვიქნები. წლების შემდეგ რა პროფესიაც არ უნდა ავირჩიო, ამ საქმეს შევუთავსებ. საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა გქონდეს მაინცდამაინც ერთი საქმე.
– როგორი ბიჭია შენი შეყვარებული?
– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იუმორის გრძნობა. თუ ადამიანს კარგი იუმორი აქვს, ესე იგი, კარგი ადამიანია. ვიზუალს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას. მთავარია, კარგი ადამიანი იყოს, კარგი ხასიათი ჰქონდეს. თუმცა, მე გამიმართლა და ჩემს შეყვარებულს ვიზუალიც ძალიან კარგი აქვს.
– შენ როგორ ზრუნავ ვიზუალზე?
– სულ ვცდილობ, ვირბინო, მაგრამ მეზარება. უფრო გენეტიკის დამსახურებაა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იმდენს ვჭამ, მთელი ოჯახი დამცინის. სულ მეშინია, ჩემს გენეტიკას რამე არ მოუვიდეს, მე გემრიელად ჭამის გარეშე არ შემიძლია და ვარჯიშიც ძალიან მეზარება (იცინის). იმასაც ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ ვიმატებ. შეიძლება, ერთი კილოგრამი მოვიმატო და მერე ისევ დავიკლო. კარანტინის დროს სახლში რომ ვიჯექი და არ ვმოძრაობდი, ათი კილოგრამი მოვიმატე. თუმცა, კარანტინი რომ დასრულდა და მოძრაობა დავიწყე, ზედმეტი კილოგრამები ისე წავიდა, როგორც მოვიდა. ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით და ალბათ, ეს მეხმარება ფორმის შენარჩუნებაში.
– სტუდენტობასთან ერთად, ორი საქმე გაქვს, ხარ „ინფლუენსერი“ და მოდელი. ფინანსურად რამდენად დამოუკიდებელი ხარ?
– არც ისე (იცინის). „ინსტაგრამზე“ ძალიან ბევრს ვმუშაობ ბარტერით. მინდა, ქართველ დიზაინერებს და კომპანიებს გვერდში დავუდგე და განსაკუთრებულ პირობებს არ ვითხოვ ხოლმე. ამიტომ, ჯერჯერობით, მშობლებზე ვარ დამოკიდებული.
– როგორი გოგო ხარ სოციალური ქსელის მიღმა?
– ნუკისგან განსხვავებით, ძალიან სერიოზული ადამიანი ვარ. ნუკი ძალიან მხიარულია, მე – არა. რადიკალურად განსხვავებული დები ვართ. ნუკი უფრო ცანცარაა, მე საერთოდ არა. მეგობრებთან ერთად რომ ვართ, ნუკი აუცილებლად ყურადღების ცენტრში იქნება. ყველა მის გარშემო შეიკრიბება, მე სადღაც კუთხეში ვიჯდები, ჩემთვის და უბრალოდ ვუყურებ, რა ხდება.
– როგორც ვხვდები, ეს დისკომფორტს არ გიქმნის.
– პირიქით. ჩემი კომფორტი ეს არის, მომწონს, როცა ჩემთვის ვარ ცალკე და საყვარლად. ძალიან მიყვარს გარეთ სეირნობა და მუსიკის მოსმენა.
– რას ამბობენ ბუბუზე მშობლები და უფროსი და?
– ყველა იმას ამბობს, რომ ოჯახში მე ვარ ყველაზე სერიოზული და მოწესრიგებული ადამიანი. ყოველთვის ამაზე დამცინიან (იცინის). ორი დაქალი მყავს და მათთან ერთად შემიძლია, ყველანაირად გავერთო, რადგან ერთად თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ, მაგრამ ახალ ადამიანებს რომ ვიცნობ, ახალ სამეგობრო წრეში რომ აღმოვჩნდები ხოლმე, იქ მირჩევნია, ჩემთვის წყნარად ვიჯდე და ვუყურო, სხვები როგორ ერთობიან, მათ საუბარს ვუსმინო. ამ შემთხვევაში აქტიურობას მირჩევნია, მსმენელი ვიყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან