შოუბიზნესი

ბესო ზანგური: ამპარტავნების საკეტის კონტროლი კარგად უნდა შეგეძლოს

№44

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:46 07.11, 2022 წელი

ბესო ზანგური
დაკოპირებულია

– ვინ არის ბესო ზანგური?

ბესო ზანგური: ბესო ზანგური არის მსახიობი, რომელიც ცხოვრობს ერთგულებისთვის, ოჯახისთვის, მეუღლისთვის, საკუთარი პროფესიისთვის, მეგობრებისთვის. ჩემი დევიზია: ერთგულება და მხოლოდ და მხოლოდ ერთგულება!

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ისეთი, როგორიც მაქვს, რადგან ჩემი ყველა ოცნება არის არამატერიალური, არის სულიერი და რაც სულიერი მდგომარეობის სრულყოფისთვის მაკლდა, ახლა ყველაფერი მაქვს – ეს არის ჩემი ოჯახი, დედ-მამა და ჩემი წარმატებული პროფესია.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– 2012 წელს, ჩემს პროფესიასთან შეთავსებით, თავდაცვის სამინისტროში, პიარის განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. ვინაიდან მსახიობებს დაბალი ხელფასები გვაქვს, მე კი ბევრი შვილი მყავს, ყოველთვის ვეძებ დამატებით სამსახურს. ისე მოხდა, რომ თავდაცვის სამინისტროში კულტურის განხრით გავაგზავნე „სივი“ და დამიბარეს. მეგონა, რომ პლეხანოვზე ვიმუშავებდი, იქ, სადაც კულტურის სამინისტროა, მაგრამ 31-ე ქარხანაში აღმოვჩნდი, სადაც აწყობენ იარაღებს, ტანკებს და ასე შემდეგ. სხვა გზა არ იყო, ქალაქის ერთი ბოლოდან, მეორეში უნდა მევლო. უცებ მოვხვდი იქ, სადაც ყველაზე ცუდ ვარიანტში უნდა მოვხვედრილიყავი. მსახიობი მკაცრ რეჟიმში აღმოვჩნდი. რუსთაველის თეატრში, თავისუფალ სივრცეში რომ ღიღინით შედიხარ, გხვდებიან ადამიანები და გიღიმიან, შენც უღიმი და აქ უცებ, ადამიანების ნაცვლად, შესასვლელში გხვდება აპარატი, რომელსაც „კარტას“ ადებ, რაც ნიშნავს იმას, რომ შენი სამუშაო დღე დაიწყო. ჩარჩოებში ჩაბეჭდილ „ვაიმე, დედა, მიშველე სამყაროში“ აღმოვჩნდი. ზუსტად ექვსი თვე „გავქაჩე“ და შემდეგ კონტრაქტი შემიწყვიტეს.

– თუ მოგიპარავთ რამე?

– მაქვს ასეთი ჩვევა, მაღაზიაში აუცილებლად რამე ტკბილი უნდა ავიღო და დავაგემოვნო. კანფეტი ან რამე მსგავსი. სოლოლაკში ერთ-ერთ მაღაზიაში სურსათი შევიძინე და წონით რომ იყიდება, ისეთი კანფეტი ავიღე რამდენიმე ცალი. ერთი დავაგემოვნე და მეორე ჯიბეში ჩავიდე. ძალიან ჩვეულებრივი კანფეტი იყო, წონით რომ 3 ლარი ღირს. მაღაზიაში ძალიან ბევრი ხალხი იყო. გამოვდივარ და ამდენი ხალხის წინაშე, ქალბატონი მაჩერებს. მეუბნება, ძალიან დიდი სირცხვილია, რასაც თქვენ აკეთებთო. მანამდე რაღაც ამბები იყო მომხდარი ჩემს თავს და მეგონა, იმაზე მეუბნებოდა. ვეუბნები: ქალბატონო, თქვენ იცით, რომ უფლება არ გაქვთ ჩემი ცხოვრება ასე საჯაროდ განიხილოთ-მეთქი?! მპასუხობს: არა, მე მაქვს ამის უფლება, ვინაიდან მე აქ ადმინისტრატორი ვარო. მე კი ვეკითხები: რადგან ადმინისტრატორი ხართ, შეგიძლიათ, ვიღაცამ რაღაცაში ბრალი რომ დამდო, დადგეთ და იმის გამო, საჯაროდ პასუხი მომთხოვოთ-მეთქი. ის, თურმე, მელაპარაკება კანფეტზე, რომელიც ჯიბეში მიდევს და მე კი სრულიად სხვა თემისკენ წავედი. გარშემო ხალხი დაიბნა. ეს ქალბატონი აგრძელებს: არა, თქვენ უნდა წარმოადგინოთ ის, რასაც უმალავთ საზოგადოებასო. ეგ 11 წლის წინანდელი, მოგონილი ამბავია და მე ახლა ვერ წარმოვადგენ დამამტკიცებელ საბუთს-მეთქი, ვუთხარი და ის მეუბნება, იძულებული გავხდები, გამოვიძახო პატრული და გამხილოთ ყველაფერშიო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ჩაიყავით ჯიბეში ხელი და ამოიტრიალეთო, მითხრა და ინსტინქტურად ასეც მოვიქეცი. ჯიბიდან კანფეტი ამოვიღე და... აი, ხომ ვამბობდიო (იცინის). მერე გაიცინა, ის ქალბატონიც მიხვდა, რომ არ გამოუვიდა კარგად და მე ხომ არ გამომივიდა და არ გამომივიდა.

– რა მოიტყუეთ ბოლოს?

– დღეს დილით მამაჩემს მოვატყუე. რა – ამას საჯაროდ ვერ ვიტყვი (იცინის).

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– გუშინ ვიტირე, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად ველაპარაკე დედას. დედა ცუდად მყავს და ვერ ლაპარაკობს. მეგობრებთან ერთად ვიყავი მანქანაში, როცა მისმა მომვლელმა დამირეკა. დედა ვერ ლაპარაკობდა და ამის გამო, მეც და მასაც ემოციები მოგვაწვა და ვერ შევძელი თავის შეკავება. კიდევ კარგი, ჩემს მანქანასთან ახლოს ვიყავით, გადავჯექი და გულიანად ვიტირე, მთელი ემოციებით.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?

– ვიყიდდი სახლს, რომელიც არ გამაჩნია, რომელიც დავკარგე და ჩემს შვილებს საკუთარი ჭერი ექნებოდათ. დანარჩენს სულ ქველმოქმედებაში გავუშვებდი.

– მსოფლიოზე რომ სერიოზული გავლენა გქონდეთ, რას გააკეთებდით?

– ვითამაშებდი ფილმში. სამწუხაროდ, რატომღაც, ეკრანზე არ მეღირსა ის, რაც რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუასთან – მთავარი როლების თამაში. თეატრში ყველა საოცნებო როლი ვითამაშე, კინოში კი ეპიზოდების თამაშის საშუალებაც არ მომეცა. მხოლოდ სერიალში შევასრულე რამდენიმე ეპიზოდური როლი. ძალიან მინდა, ვითამაშო რომელიმე ფილმში.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რაც თავს გადაგხდენიათ?

– როდესაც დედა ძალიან ცუდად გამიხდა, ჩემი პირველი შვილის დედა და ჩემი მოქმედი მეუღლე, ერთად ისხდნენ პალატაში დედაჩემთან. შევედი და ორივე იქ დამხვდა, დედაზე ნერვიულობდნენ. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი.

– ყველაზე სასტიკი როდის ყოფილხართ?

– სასტიკი ვხდები, როდესაც მღალატობენ. ღალატი არ ნიშნავს მხოლოდ სხვასთან დაწოლას, ღალატი არის სერიოზული ტყუილი. ვგიჟდები, როდესაც ადამიანი მატყუებს. მაგ დროს ძალიან დაუნდობელი ვხვდები და შემიძლია, ძალიან ცუდად მოვექცე. შემიძლია, სამუდამოდ დავუნგრიო ცხოვრება. ძალიან ბევრი ადამიანისთვის ამიწყვია ცხოვრება. მიკითხავს, რა გააბედნიერებდა, როცა თავს უბედურად გრძნობდა. უთქვამს, აქა და აქ რომ ვმუშაობდე, ასეთი ხელფასი რომ მქონდეს, ამას და ამას გავაკეთებდიო. ვუყურებ და ვხედავ, რომ ნულია და მისთვის შანსი მიმიცია. ყველაფერი გამიკეთებია, რაც უნატრია, მაგრამ შემდეგ თუ მოვუტყუებივარ, ერთ წამში დამინგრევია ეს ყველაფერი, ერთ წამში წამირთმევია ყველაფერი. თუ ადამიანი მომატყუებს სასტიკი შურისძიება ვიცი, არ შემიძლია ამის პატიება.

– თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვება?

– ჩემი ყველაზე დიდი მარცხი? დამაბრალეს რაღაც და ვერ გავეცი პასუხი, რადგან ძალიან ცუდი მდგომარეობა მქონდა. ძალადობა დამაბრალეს, მაშინ, როცა დედა ავად მყავდა, მიკვდებოდა, მაშინ, როცა სახლი წამართვეს და ქუჩაში დავრჩი პატარა შვილებით. ძალიან დათრგუნული ვიყავი და ამ მდგომარეობაში ჟურნალისტები მოდიოდნენ კითხვებით, რომელსაც მაშინ ვერ გავეცი პასუხი. ახლა აბსოლუტურად სხვანაირად მოვიქცეოდი. ჩემს ყველაზე დიდ გამარჯვებად ის მიმაჩნია, რომ გამოვედი ამ მდგომარეობიდან, ფეხზე დავდექი და თეატრალური სტუდია გავხსენი. ამ სტუდიას ჰქვია „Actor’s Space“ და აქ ჩვენ ნამდვილი ბრილიანტები გვყავს – ერთმანეთზე უკეთესი სტუდენტები. ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემთვის ეს – ყველაზე დიდი დაცემის შემდეგ ფეხზე წამოდგომაა.

– რისი კეთება გიყვართ ყველაზე მეტად?

– შვილების მოვლა. შემიძლია, გადაჭრით ვთქვა, რომ დედას არ ჰყავს იმდენჯერ დაბანილი ჩემი სამივე შვილი, რომლებიც ჩემთან ერთად ცხოვრობენ, რამდენჯერაც მე. მე ვუვლი ბავშვებს და ეს ძალიან მიყვარს. ძალიან მიყვარს მეუღლის მოვლა. ოჯახის კაცს რასაც ეძახიან, რაც მისთვის არის დამახასიათებელი, ყველაფერი ძალიან მიყვარს. ზოგს „უტყდება“ „დედიკოს ბიჭობა“, მე „დედიკოს ბიჭიც“ ვიყავი და ძმაკაცებიც ძალიან ბევრი მყავდა. ოჯახში ყოფნა ძალიან მიყვარს. საჭმელსაც ხშირად ვამზადებ და არც თეფშის გარეცხვა „მიტყდება“.

– მეუღლის მოვლაში რას გულისხმობთ?

– ყველაფერს, რაც ქალს სჭირდება იმისთვის, რომ იგრძნოს, რომ ქალია, რომ მეუღლეა, რომ კაცის ცოლია, რომ კარგია, რომ ქალად დაიბადა და არა კაცად.

– რომ გაიგოთ, მეგობარს პარტნიორი ღალატობს, ეტყვით თუ არა?

– აუცილებლად, პირში მივახლი. მქონია ასეთი შემთხვევა და პირში მითქვამს. ეს აუცილებელი მგონია. პირდაპირ ვუთხარი, შენი ცოლი გღალატობს შენს ძმაკაცთან-მეთქი. სხვათა შორის, იმ გოგომ წლების შემდეგ მადლობა გადამიხადა. გაბედნიერდა. მანამდე ცხოვრობდა კაცთან, რომელიც არ უყვარდა.

– კაცი იყო თქვენი მეგობარი თუ ქალი?

– ჩემი მეგობარი კაცი იყო და სიმართლე რომ ვუთხარი, დამკარგა. მაგრამ მგონია, რომ ჯობს, დაგკარგოს და სიმართლე იცოდეს, ვიდრე რქებით იაროს. როცა ვუთხარი, პირველად არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა – სიცილი დაიწყო, მერე უცებ ხელი დამარტყა და მითხრა, რომ წავსულიყავი. წავედი. მერე ოჯახიც დაინგრა. მერე გოგო იმ ბიჭს გაჰყვა ცოლად.

– მეგობრები, ახლობლები, ვინც ყველაზე კარგად გიცნობთ, რის გამო გაკრიტიკებენ და რის გამო გაქებენ?

– რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ უზომოდ ერთგული ვარ. ამის გამო სულ მაკრიტიკებენ. ამ თვისების გამო ყველას ბოლომდე ვენდობი და მერე ძალიან მტკენენ გულს. ჩემი ახლო მეგობრები სულ მეუბნებიან, რომ არ ვიცი ჩემი თავის ფასი და შემიძლია, ნებისმიერის ტყუილი დავიჯერო, ყველაფერი გავცე უცხო ადამიანის გამო და ხშირად აღმოვჩენილვარ მოტყუებული. ქება? ქებას რა უნდა? ქება არაფერია, ეს ჩემთვის ტყუილია. სასიამოვნოა, მაგრამ როცა ადამიანები გაქებენ, ამ დროს შენში რაღაც უნდა გადაკეტო, იმისთვის, რომ შემდეგ „თავში არ აგივარდეს“. ფსიქიკაში „საკეტები“ უნდა გქონდეს, ამპარტავნების საკეტის კონტროლი კარგად უნდა შეგეძლოს. ყველაფერს თავის ზომა-წონა აქვს და ზღვარს არ უნდა გადახვიდე.

– პაემანზე უხერხული შემთხვევა გადაგხდენიათ?

– ჩემი ყველა პაემანი ქორწინებით დასრულდა (იცინის). ანუ, უხერხული არა, სულ ბედნიერება იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი