შოუბიზნესი

ბესო კალანდაძე: „ჭაობში“ ვცხოვრობდი, ისეთი ხალხი იყო ჩემ გარშემო

№45

ავტორი: ეთო ხურციძე 11:00 16.11, 2021 წელი

ბესო კალანდაძე
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ბესო კალანდაძესთან 👇

სახელი: ბესო.

გვარი: კალანდაძე.

პროფესია: მომღერალი, ეკონომისტი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– მშობლებისგან როგორც ვიცი, მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. საბავშვო ბაღში შუადღით არ ვიძინებდი და თურმე, არც სხვა ბავშვებს ვაძინებდი. ამის გამო ცალკე ოთახში განმათავსეს, დაიბარეს ჩემი მშობლები და უთხრეს, რომ ბაღმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. ერთხელ ბიძამ მკითხა, რატომ ხარ ცალკე ოთახშიო და ვუპასუხე: ბავშვები მიშლიან ხელს დაძინებაში-მეთქი – ჩემი სიცელქე სხვებს გადავაბრალე (იცინის).

– ადამიანში ვაფასებ...

– ზომიერებას. რისკის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ ზომიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ფრთხილი ადამიანი ვარ და შესაბამისად, ურთიერთობებსაც ვუფრთხილდები. ცხოვრებაში საჭიროა ზომიერება და რაღაც საკითხების მიმართ ჭკუით მიდგომა. ვაფასებ, ვისაც ეს გათავისებული აქვს.

– წარმატებული ადამიანი არის...

– მშრომელი, მაგრამ არ ვგულისხმობ მხოლოდ ფიზიკურ შრომას. ცოდნის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ, ცოდნა რომ მიიღო, საჭიროა შრომა და გარკვეული დროის დათმობა, რაც ახალგაზრდებს არ უყვართ ხოლმე. მეც არ მიყვარდა, მერჩივნა, სპორტით ვყოფილიყავი დაკავებული, ვიდრე მესწავლა.

– მეშინია...

– საერთოდ არაფრის. ისე ვცხოვრობ, ვცდილობ, ადამიანებს ზიანი არ მივაყენო. შეუმცდარი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ვაფასებ მას, ვინც ხვდება დანაშაულს და ალალად იხდის ბოდიშს. არც შრომის მეშინია, რადგან ზარმაცი არ ვარ, თუ საჭიროა, ფიზიკურადაც ვიმუშავებ – ახალგაზრდობაში ბლოკიც მიზიდია და სახლის მშენებლობაშიც მიმიღია მონაწილეობა.

– მწამს...

– ღმერთის. ადამიანების არ მწამს, თუმცა ყველას მიმართ არ მაქვს ეს დამოკიდებულება. ვინც ჩემს ირგვლივაა, ვისაც კარგად ვიცნობ, რა თქმა უნდა, მწამს მათი გულწრფელობისა და მეგობრობის. უბრალოდ, ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დამანახვა, რომ ადამიანის ნდობა ნაკლებად შეიძლება – ცხოველს უფრო ენდობი, ვიდრე ადამიანს, რადგან ბევრად ადეკვატურები არიან. შენ თუ არ შეუქმნი წინაპირობას, ცხოველი არ დაგესხმება თავს, ხოლო ადამიანს რა აქვს გულში, ღმერთის გარდა არავინ იცის.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– ღმერთი ისეთი რამაა, ისეთი განზომილებაა, რთულია, სიტყვებით გადმოსცე და მასზე ისაუბრო. ადამიანის გონება ვერ ჩასწვდება ბოლომდე და ვერ იტყვის, რა არის, ისევე, როგორც უსასრულობას ვერ ავხსნით, რა არის. სწორედ ისაა ღმერთი, რაც ამოუცნობია, ის, ვინც, ყველგანაა, მაგრამ არავინ ვიცით რა ფორმის და როგორია. ღმერთი არის ძალა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება.

– მაკვირვებს...

– საქართველოში რაციონალურ ადამიანს თუ შევხვდები, ეს მიხარია და მიკვირს კიდეც. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანების ნაკლებობა გვაქვს. ამბობენ, ხალხი გონიერიაო, ვერ დავეთანხმები ამ გამონათქვამს, რადგან ჩვენ გონიერი ერი არ ვართ, გონიერი ერი ისეთ დღეში არ უნდა იყოს, როგორშიც საქართველოა. უდავოდ, არიან ჩვენთან გონიერი, ჭკვიანი ადამიანები, მაგრამ არარაციონალური ადამიანები ჭარბობენ. ამ ყოველივეს დიდი გულისტკივილით ვამბობ...

– ვერიდები...

– ადამიანების წყენას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმესი მეშინია. თუ ადამიანს პატივს არ სცემ, არც თავად უნდა გქონდეს იმაზე პრეტენზია. არც მკაცრად თქმა მიჭირს, მთლად რბილი კაციც არ ვარ, უბრალოდ ვცდილობ, არ ვაწყენინო ვინმეს.

– ბედისწერა...

– გარკვეულწილად, არსებობს. როგორც მოიქცევა ადამიანი, ბედისწერაც შესაბამისი ექნება. ყველა თავად ჭედავს საკუთარ ბედს, უფალი გაძლევს არჩევანის საშუალებას. მან მოგცა მხედველობა, სმენა, გემოს შეგრძნება, სიხარულის, ტკივილის განცდის უნარი... ეს ყველაფერი უნდა აღიქვა, ტვინმა გადაამუშაოს და შესაბამისი დასკვნა გამოიტანო. ის, ვინც ტვინს არ ავარჯიშებს, არ სწავლობს, არ კითხულობს, შესაბამისი ბედისწერაც ექნება.

– სიცოცხლე არ ღირს...

– ბევრი რამის გარეშე. ძველი თაობის კაცი ვარ და შეიძლება, ამიტომ, მაგრამ მომენატრა ოჯახური ვახშმები – ნათესავები რომ შეიკრიბებოდნენ ხოლმე და იყო ჟრიამული. ამ შეკრებებს როგორი ურთიერთობებიც სდევდა თან, აი, ეს მენატრება და მიმაჩნია, ურთიერთობების გარეშე სიცოცხლე რთულია. ადრე, თბილი, ადამიანური ურთიერთობები იყო, ეს მენატრება, მაგრამ დროს უკან დაბრუნება არ მინდა.

– რთული პერიოდი...

– ბევრი ყოფილა, თუმცა წინააღმდეგობების არასოდეს შემშინებია. ჩემი ცხოვრების შავ ლაქად მოსკოვში ცხოვრების პერიოდს მივიჩნევ. იმიტომ არა, რომ რამე დავაშავე, უბრალოდ, „ჭაობში“ ვცხოვრობდი, ისეთი ხალხი იყო ჩემ გარშემო. ახლა რომ ვუკვირდები, თითქოს განათლებული, მაგრამ შინაგანად ძალიან ცარიელი და პრიმიტიული ადამიანები იყვნენ.

– სიყვარული არის...

– ყველაფერი, მის გარეშე არ შეიძლება, ადამიანმა იცოცხლოს. ღმერთია თავად სიყვარული და აქედან აქვს დასაბამი ამ გრძნობას. მოძღვარი, პირველ რიგში, სიყვარულს ქადაგებს. ის ღვთის მსახურია და ღმერთის სახელით გველაპარაკება.

– დრო და სიყვარული...

– ქალვაჟურ სიყვარულზე თუ ვისაუბრებთ, დღევანდელი ცხოვრების რიტმმა, ფულისა და მომხვეჭელობის მიმართ სწრაფვამ, ქალისა და კაცის როლები შეცვალა. დღეს ბევრი ქალი უფრო წარმატებულია, ვიდრე კაცი. ისეთი შთაბეჭდილებაც გვრჩება, კაცს აღარ აქვს სამოძრაო არეალი და წარმატებული ბიზნესმენებიც ქალები უფრო ხშირად არიან – ყველაფერი შემოტრიალდა. ადრე როგორც იყო, ტრადიციულად – კაცი ინიციატორი, ასე აღარაა. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, ქალი კაცს რომ დაუწყებს დევნას, არ ჩანს კარგად, მამაკაცი უნდა იყოს ინიციატორი, ქალი ქალია და თავისი სინაზე უნდა ჰქონდეს, ხოლო ღირსეულ ქალბატონს ვერც ერთი ლაზღანდარა მამაკაცი ვერ შეჰკადრებს რამეს.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– ღალატი, ოღონდ მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის ღალატს არ ვგულისხმობ. აფერისტები, მატყუარები და კრიმინალები ყველა ერშია, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ქართველს ასეთი თვისება აქვს: უნდა შენთან კაი ბიჭი გამოვიდეს, შენზე ფული გააკეთოს და თან მთელი ცხოვრება მასთან ვალში დარჩე. ეს ბოლო – ვალში რომ იყო, მარტო ქართველებს გვახასიათებს, ყოველი შემთხვევისთვის, სხვა ერში არ შემიმჩნევია.

– ვნანობ...

– შეიძლება, ბევრი რამე ინანო ადამიანმა, მაგრამ ის უკვე წავიდა, წარსულია, რაც გამოსასწორებელია, გამოასწორებ და რასაც ვერა – მორჩა და ეგაა. ჯობს, წინ გაიხედო და არაფერი ინანო. უკან ყურება მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, მომავალში გამოგადგეს. მეც ძველ დროს იმისთვის ვიყენებ, რომ შეცდომა არ დავუშვა. არც კარგს მივტირი და არც ცუდს.

– სამაგიეროს გადახდა...

– არ მახასიათებს. ახალგაზრდობაში თუ ჩხუბი მომსვლია, იქვე დამიმთავრებია ყველაფერი. მერე ვიღაცას ჩავსაფრებოდი და ბოროტება გამეკეთებინა, ასეთი რამ ჩემში არ არის. თუ ადამიანს შეეშლება ვპატიობ, ისე, რომ სამაგიეროს არ ვუხდი, უბრალოდ, გამარჯობა-გაგიმარჯოს დონეზე ვაგრძელებ ურთიერთობას.

– თავისუფლება არის...

– ყველა ნორმალური ადამიანისთვის მთავარი რამ ცხოვრებაში – მთელი კაცობრიობა დღემდე თავისუფლებისთვის იბრძვის. იმდენად ძვირფასია ადამიანისთვის თავისუფლება, სამუდამო პატიმრობას რომ მიუსჯიან, ზოგი მათგანი სიკვდილით დასჯასაც კი ითხოვს.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– 9 აპრილმა. საკმაოდ დიდი ვიყავი, 30 წელს გადაცილებული, როცა ეს ამბავი მოხდა და ძალიან იმოქმედა ჩემზე. 1986 წელს თავი დავანებე მუსიკას, ბევრი კონცერტი მქონდა და იმდენად დავიღალე, უარი ვთქვი სცენაზე, კატეგორიულად აღარ გამოვდიოდი კონცერტებზე, მაგრამ იმდენად იმოქმედა 9 აპრილის მოვლენებმა, დამაბრუნა ამ სფეროში. ჯემალ სეფიაშვილის კლიპში მივიღე მონაწილეობა და მას შემდეგ, სიმღერაზე უარი აღარ მითქვამს.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– დიდი ბებია მყავდა გურული და მისი რჩევა მახსოვს დღემდე. ასეთი ამბავი გადამხდა: პატარა ბიჭი ვიყავი, მეგობარს უნდა შევხვედროდი და კინოში წავსულიყავით. ისე მოხდა, რომ დავაგვიანე და ისიც წასული დამხვდა, მაშინ კიდევ მობილურები არ იყო, რომ დამერეკა. ძალიან შევწუხდი ამ ამბავზე, სახლში დაღონებული მივედი, ვფიქრობდი, მეგობარს ეგონებოდა, მოვატყუე-მეთქი. ბებიამ მკითხა, რა მჭირდა. მოვუყევი ეს ისტორია, ჩაიხითხითა და გურული კილოთი მითხრა: ეჰ, შე აბდალა შენა, დეიმახსოვრე: იგი ტყუილი ტყუილად არ ითვლება, რომელიც სხვას ზიანს არ მიაყენებსო. რომ დავუკვირდეთ, ასეა, შეიძლება, ადამიანი მოატყუო, მაგრამ ამით ვიღაცას სიცოცხლე შეუნარჩუნო, ვიღაცის ოჯახი გადაარჩინო და ასე შემდეგ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი