ბექნუ ქაფიანიძე: მამა გიგა ლორთქიფანიძის მეგობარი იყო და პირდაპირ უთხრა, თუ მასში ნიჭს ვერ ხედავ, ჩემი ხათრით არ ჩააბარებინო, არ დამღუპოო
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00
მსახიობ ბექნუ ქაფიანიძის ცხოვრებაში იყო ნათელი ფერები, უდიდესი ტრავმა, წარმატება, წარუმატებლობა, თუმცა, დღეს, 40 წლის ასაკში, მისთვის ცხოვრებამ სხვა ფერები შეიძინა. ცდილობს, სამი ქალიშვილისთვის კარგი მამა იყოს, პროფესიულ სფეროში ჩადოს თავისი ნიჭის მაქსიმუმი – რადგან მამის კვალს გაჰყვა, გზა, რომელიც მან აირჩია, ღირსეულად გაიაროს.
ბექნუ ქაფიანიძე: ძალიან მხიარული და ლაღი ბავშვი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში, 90-იანებში, ყველაფერი გვაკლდა, არ იყო დენი, გაზი და პური ტალონებით გაიცემოდა, ჭირდა ფინანსები, მაინც ბედნიერი ბავშვობის წლები გამოვიარე და ეს, ჩემი მშობლების დამსახურებაა. გულში დიდი სინათლის სხივივითაა დარჩენილი ის ჩემი ბავშვობა, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც ქვეყანაში იყო. მეგობრებს ძალიან დიდი სიყვარული და ჯანსაღი ურთიერთობები გვქონდა, აქტიურად ვატარებდით დროს, იყო ფიზიკური დატვირთვა და არა ეკრანთან მიჯაჭვულობა. კალათბურთს ვთამაშობდით, სახურავებზე დავხტოდით... მართალია, ხშირად წავქცეულვარ, მაგრამ ეს იმ აქტიურობის შედეგი იყო და არა პრობლემა.
– მეოცნებე ბავშვი თუ იყავი და რა გინდოდა, გამოსულიყავი, რომ გაიზრდებოდი?
– ძალიან მიყვარდა ქართული ხალხური ზღაპრები, ბევრი წიგნი მქონდა, ვკითხულობდი და თავი ზღაპრის გმირად წარმომედგინა. ზღაპრის გმირებს, ურჩხულებთან და ცხრათავიან დევებთან მებრძოლ პერსონაჟებს ჩემს თავთან ვაიგივებდი (იცინის). ეს იყო ჩემი ჯადოსნური სამყარო. ზოგადად, ბავშვობის მერე, დიდობაშიც მიყვარდა ლიტერატურის კითხვა და იმ ნაწარმოებებითა და მოთხრობებით ვცხოვრობდი. მშობლების დიდი დამსახურებაა, რომ კითხვა მიყვარდა, თან მაშინ სხვა გასართობი საშუალება, პლანშეტები, მობილურები და ასე შემდეგ არ იყო. ვკითხულობდი ლიტერატურულ ნაწარმოებებს და ნებისმიერი პერსონაჟის ადგილას წარმოვიდგენდი საკუთარ თავს. გარემოს აღქმის, შეფასების, გაანალიზების, წარმოსახვისა და წარმოდგენის უნარი ძალიან გამძაფრებული მქონდა და როგორც რეჟისორი ხედავს ნაწარმოებს, ისე აღვიქვამდი ჩემ გარშემო გარემოს.
– ლექსების კითხვის საოცარი ნიჭი გაქვს და ეს სიამოვნებას თავად განიჭებს. ბავშვობაში, როცა სკამზე გაყენებდნენ და სტუმრისთვის ლექსის წაკითხვას გთხოვდნენ, როგორი რეაქციები გქონდა?
– არავითარ შემთხვევაში არ წავიკითხავდი, თუ მეტყოდნენ: აბა, სკამზე დადექი და ლექსი წაიკითხეო (იცინის). არ დამავიწყდება, დედა კონსერვატორიაში მუშაობდა. ნოდარ ანდღულაძესთან მეგობრობდა. პირველ სკოლაში ვსწავლობდი და გაკვეთილების მერე დედასთან მივდიოდი სამსახურში, ფაქტობრივად, კონსერვატორიაში გავიზარდე. მოკლედ, დედამ ნოდარ ანდღულაძეს სთხოვა, ხმა შეუმოწმე, როგორ მღერისო. ბატონი ნოდარი აუდიტორიაში, როიალთან იჯდა და რომ მითხრა, აბა, რას მიმღერებო, ვუპასუხე, არ გიმღერებ-მეთქი. აბა, რას იზამო? ლექსს წავიკითხავ-მეთქი. და, სწორედ მაშინ წავიკითხე პირველად ლექსი ხმამაღლა. ძალიან ბევრი იცინა ბატონმა ნოდარმა და დედას უთხრა: ჯერ ძალიან პატარაა, რომ წამოიზრდება, გარდატეხის ასაკში რომ შევა, მერე მოვუსმინოთო.
– დედამ რომ მოუყვა მამას, ბატონ ზურა ქაფიანიძეს, მან რა თქვა?
– დედამ ეს ამბავი მამას რომ მოუყვა, მას ჩაეღიმა. ყოველთვის დიდი იმედი ჰქონდა ჩემი და ამბობდა: ვიცი რა ჭკუისა და გონების მატარებელია ჩემი შვილიო.
– როგორ ფიქრობ, გაამართლე მამის იმედები? და, შენი აზრით, მამას რაში ჰგავხარ?
– რთული სათქმელია რამდენად გავამართლე მამის იმედები, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ არ გავაკეთო ის, რაც მას არ გაუხარდებოდა და გავაკეთო ის, რაც მას გაუხარდებოდა. ზოგადად, მამას ბევრი რამით ვგავარ – ხასიათით, გულწრფელობით, სიალალით, ემოციურობით. საქმესთან და პროფესიასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ზურა საერთოდ სხვანაირი ფიგურა იყო, არაჩვეულებრივი და არ ვცდილობ, კარგი გაგებით ვამბობ, რაიმეში დავემსგავსო, რადგან პროფესიული თვალსაზრისით, ეს არასწორია და შეუძლებელიც.
– სკოლა რომ დაამთავრე და პროფესია უნდა აგერჩია, მშობლები ჩაერივნენ შენს გადაწყვეტილებაში და თუ გაითვალისწინე ოჯახის წევრების აზრი?
– მამა სრულ თავისუფლებას მაძლევდა პროფესიის არჩევისას და გამოცდებამდე ერთი კვირით ადრე გადავწყვიტე თეატრალურში, სამსახიობოზე ჩაბარება. გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში ვიყავი, არაჩვეულებრივი ადამიანის, რომელიც დღეს ჩემი არა მარტო პედაგოგი, არამედ, უფროსი მეგობარია. მაშინ გიგა ლორთქიფანიძე იყო რექტორი. ყოველთვის მხიბლავდა და მომწონდა მსახიობობა, მაგრამ ეს პროფესია მანამდე არჩეული არ მქონდა. მოკლედ, თამამად შემიძლია ვთქვა, მამა საერთოდ არ დამხმარებია, პირიქით, გიგას მეგობარი იყო და პირდაპირ უთხრა: თუ მასში ნიჭს ვერ ხედავ, ჩემი ხათრით არ ჩააბარებინო, არ დამღუპოო. მახსოვს, გამოცდებზე ისე ვნერვიულობდი, ვცახცახებდი. არ დამავიწყდება, გავიგონე ბატონმა გიგამ გადაულაპარაკა ერთ-ერთ გამომცდელს: ახლა რომ მამამისი, ზურა გვიყურებდეს, როგორ ნერვიულობს მისი შვილი, რა დღეში ჩაგვყრიდა, ალბათ, დაგვხოცავდაო (იცინის). ჩავაბარე, გავყევი მამის კვალს და ასე დაიწყო ჩემთვის სტუდენტობის ბედნიერების წლები.
– დადექი სცენაზე, მაყურებლის სიმპათია და სიყვარული დაიმსახურე. ცხოვრებაში რამდენად გიყვარს სიახლეები და გამოწვევები და როგორ მიიღე შემოთავაზება, ყოფილიყავი ერთ-ერთ არხზე გადაცემის თანაწამყვანი?
– წარმატებით დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი, სხვადასხვა თეატრში ვითამაშე სპექტაკლები, ვიღებდი მონაწილეობას შემოქმედებით საღამოებში და მათ შორის ხშირად ვიყავი ტელევიზიებში, შემოქმედებით გადაცემებში. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა ტელევიზიასთან გადაკვეთა და უცხო ნამდვილად არ ყოფილა ის გარემო, სადაც დღეს გადაცემაში თანაწამყვანად ვმუშაობ. არაჩვეულებრივად თბილი გარემოა, არაჩვეულებირი ადამიანების გარემოცვა, დადებითი ფორმატი და დიდი სიამოვნებით შევითავსე ეს საქმეც, ნამდვილად არ გამჭირვებია.
– დედა საკმაოდ ადრეულ ასაკში გარდაგეცვალა. ეს იყო ცხოვრებისგან მოყენებული პირველი დიდი ტკივილი?
– 14 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა და ეს იყო უზარმაზარი ტკივილი, ენით აღუწერელი. ვერ გამოვხატავდი, რაც ჩემს გულში ხდებოდა და დღეს ვიცი, ყველა უდედო ადამიანის გონებასა და გულში რა ხდება. ამიტომ, დედებს ხშირად მოეფერეთ, უთხარით, რომ გიყვართ და აფასებთ. ეს ნამდვილად იყო ცხოვრებისგან პირველი დიდი დარტყმა, ტრავმა და ტკივილი. ეს იყო ყველაზე რთული მომენტი ჩემს ცხოვრებაში. რომ ამბობენ, ერთი სიკვდილი განვიცადეო, ჩემთვის სწორედ მაშინ იყო ეს მომენტი, როცა დედა გარდამეცვალა. უდედოდ ცხოვრება ძალიან გამიჭირდა, ურთულესი წლები გამოვიარე.
დღემდე რთულია ჩემთვის უდედოდ ცხოვრება. ყოველთვის მინდოდა და ვნატრობდი, მყოლოდა შვილი გოგო და დამერქმია მისთვის დედის სახელი, ნინო. პირველი ქალიშვილი რომ შემეძინა, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება, რომელსაც ნინო, დედის სახელი დავარქვი და მერე, კიდევ ორი ქალიშვილის – მარიამისა და ლილეს დაბადება. ნინო ახლა 14 წლისაა, მარიამი – 12-ის, ლილე კი – 5-ის. მოკლედ, სამი გოგოს მამა ვარ და წლების მერე, სამჯერ სიმამრი რომ უნდა გავხდე, ამაზე ფიქრი დაბლოკილი მაქვს, ტვინში სისხლი მექცევა (იცინის). ზოგადად, რაც შეეხება ოცნებას, რეალური ოცნებები მაქვს, ზედმეტ ფანტაზიებში არ გადავდივარ. უფრო, ყოფითად ვუყურებ ყველაფერს, ადამიანს ბევრი რამის სურვილი აქვს, მაგრამ მე არარეალუზე არასოდეს ვოცნებობ. ახლა რომ ვფიქრობ, ცხოვრების გზა ბევრი დადებითი და უარყოფითი თანმდევი პროცესებით გამოვიარე. ვეცადე, სიმართლით მევლო, ჯანსაღი შეხედულებებით და უკან მიხედვის არ მრცხვენია. საერთოდ არაფერს ვნანობ, იმავე გზას გავივლიდი. მადლობა ღმერთს, საქმე სანანებლად არ მაქვს, არ გამივლია ისეთი გზა, რომ რაიმე ნაბიჯი ვინანო. თუმცა, შეიძლება, ელემენტარული რაღაცები შემეცვალა. მაგალითად, რაღაც კონკრეტულ მდგომარეობაში და მოცემულ სიტუაციაში ნამდვილად სხვანაირად მოვიქცეოდი, ვიქნებოდი უფრო თამამი, გაბედული, მომთხოვნი, რადიკალური, რაც მე მეტად წამადგებოდა. ძალიან მიმნდობი ვარ, ადამიანი რომ თვალებში მიყურებს და მესაუბრება, მისი მჯერა და ვერ წარმომიდგენია, რომ შეიძლება, მომატყუოს. ასე რომ, ერთი სიტყვით, ჩემი გულწრფელი მიდგომა, რაღაც საკითხებში, ჩემთვის ზიანის მომტანი ყოფილა და ეს საწყენია და არა, დასანანი. ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტკივილიანი ეტაპი მქონდა ბევრი – სიხარულით სავსეც. მოკლედ, ტკივილითა და სიხარულით დახუნძლული ცხოვრება მაქვს გავლილი. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ადამიანები, რაც ჩაემინერგეს ბავშვობიდან მოყოლებული ჩემმა მშობლებმა და სანამ ცოცხალი ვარ, მინდა, ჩემს ქვეყანას ვემსახურო, სადამდეც შევძლებ. ასევე, ჩემს შვილებს გვერდში ვედგე ძლიერი მამა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაეყრდნობიან, ისეთი ძლიერი, ბავშვობაში ზღაპრის გმირად რომ წარმომედგინა ჩემი თავი, ცხრათავიან დევს რომ შევეჭიდებოდი და მოვუგებდი ბრძოლას (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





